ექსპერტები და ოპოზიციის დიდი ნაწილი ამტკიცებენ, რომ საქართველოში გაზის ტარიფი არნახულად მაღალია. მათი მოსაზრებით, გაზის ტარიფი, სულ ცოტა, უნდა განახევრდეს. ამის საფუძველს, მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება იძლევა. მოძრაობა „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული აქვს.
„თეთრების" ლიდერის თქმით, საქართველოში ელიტური კორუფცია ყვავის და ბიზნესის 80 პროცენტს დეპუტატები აკონტროლებენ. რა ბიზნესს აკონტროლებენ დეპუტატები, სად დასაქმეს მინისტრებმა ოჯახის წევრები, რატომ არის გასაიდუმლოებული აზერბაიჯანთან ხელმოწერილი შეთანხმება, ამ თემებზე თემურ შაშიაშვილი „ახალ თაობას" ესაუბრება.
- ჩვენ ვიცით, ამერიკა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია ვისგან და რა ფასად იღებენ ბუნებრივ აირს. სამაგიეროდ, არ ვიცით, რა ფასად იღებს საქართველო გაზს. ორ წელიწადზე მეტია ვითხოვთ, საჯარო გახადონ აზერბაიჯანთან დადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მაინტერესებს გაზის ფასი, მისი კალორიულობა და რა წნევით მოგვეწოდება. ეს ყველაფერი, როგორც აღვნიშნე, გასაიდუმლოებულია. კორპორაციის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ ამ თემაზე საუბარი. ალბათ, არც აქვთ ინფორმაცია და ამ თემაზე საუბარსაც გაურბიან. ჩვენ როგორც კი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ, ვანო მერაბიშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა. დარწმუნებული ვარ, ეს სწორედ გაზის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც ასე საგულდაგულოდ არის გასაიდუმლოებული.
რატომ ასაიდუმლოებს ხელისუფლება ამ შეთანხმებას?
- იმიტომ რომ, ამ შეთანხმების თანახმად, ტარიფი ჩვენთან ბევრად იაფი უნდა იყოს. ამის გარდა, ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენად იყენებს ჩვენი სახელმწიფო ადრინდელ სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებებს.
რომელ ხელშეკრულებაზე საუბრობთ?
- შაჰ-დენიზზე მოგახსენებთ. საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ სწორედ აზერბაიჯანული გაზის შემოსვლამ და ტრანზიტმა საქართველოს ტერიტორიაზე, შაჰ-დენიზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებამ და საქართველოს გაზის უწყვეტად მომარაგებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში. საქართველომ მიიღო ისეთი შესაძლებლობები, რომელთა გონივრულ გამოყენებას უნდა უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის რეალურად შეღავათიანი ფასი როგორც მოსახლეობის, ასევე წარმოებისათვის, რაც მძლავრი ბიძგი უნდა გამხდარიყო ეკონომიკის განვითარებისათვის.
რითი ასაბუთებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბუნებრივ აირში გაცილებით ნაკლები უნდა გადაიხადოს?
- ეს რამდენიმე მომენტით არის განპირობებული. 1. საქართველოს მიეცა უფლება, გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ შეიძინოს 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სპეციალური ტარიფით - 55 აშშ დოლარად. 2. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 10%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ჩრდილოეთის მარშრუტით რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს. ეს დაახლოებით საშუალოდ 200 მილიონი კუბური მეტრია. ესეც ე.წ. ვარდების რევოლუციამდე ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. 3. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 5%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს - ეს დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრია. მარტივი არითმეტიკით, საქართველოს 1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უჯდება დაახლოებით 27,5 მლნ აშშ დოლარი. გამოდის, რომ 1 კუბური მეტრის ფასია 2,7 ცენტი, რაც დაახლოებით 5 თეთრია. ცხადია, გაზის ეს მოცულობა საკმარისი არ არის საქართველოსთვის. დამატებით შესაძენი გაზის მოცულობა, ალბათ, 200-470 მლნ კუბური მეტრის დიაპაზონში იქნება. აქ იმალება სწორედ ძაღლის თავი.
რატომ გგონიათ, რომ სწორედ აქ იმალება ძაღლის თავი?
- იმიტომ რომ არ ვიცით, რა უჯდება ქვეყანას გაზის ეს დამატებითი მოცულობა. როდესაც მომხმარებელს ეუბნებიან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, რომ გაზის შეწონილი ფასი 167-169 აშშ დოლარია, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა დამატებით გაზში, დაახლოებით 500 მლნ კუბურ მეტრში, არნახულად მაღალ ფასს იხდის, დაახლოებით 400 დოლარზე მეტს კუბურ მეტრზე და მისი ღირებულება საგრძნობლად აღემატება რეგიონში გაზის არმქონე ქვეყნების ფასებს.
პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ საქართველო გაზს ყველაზე იაფად ყიდულობს.
- სააკაშვილი მატყუარაა. მისი ყველა სიტყვა ტყუილია. სომხეთს მისი მოძმე რუსეთი გაზს 180 დოლარად აძლევს. თურქეთისგან აზერბაიჯანი ჯერჯერობით მხოლოდ 120 დოლარად იღებს გაზს. სომხეთიც და თურქეთიც გაზს ტრანზიტით საქართველოს გავლით იღებენ. საქართველოს მოსახლეობა კი 1 000 კუბურ მეტრ გაზში იხდის 510 ლარს ანუ 292 აშშ დოლარს, რაც ძალიან გაბერილი თანხაა! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა არნახულად გაზრდილ ტარიფს იხდის ბუნებრივ გაზში და ესაა დამსახურება დღევანდელი ხელისუფლების, მათ მიერ ჩატარებული საიდუმლო და საეჭვო გარიგებებისა. ქვეყანამ ვერ მიიღო, ვერ გამოიყენა და ვერ იყენებს იმ დიდ შესაძლებლობებს, რომლებიც უნდა მიეღო ისეთი მეგაპროექტის განხორციელების შემდეგ, როგორიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენია. ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში გაზის, საწვავისა და საკვები პროდუქტების ფასების განახევრება შეიძლება.
თუ შეიძლება, რატომ არ ნახევრდება?
- იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებს. ქვეყანაში, სადაც კონკურენტული გარემო არ არსებობს, ყვავის კორუფცია. რომელ კონკურენტულ გარემოზეა საუბარი, როცა დეპუტატების ხელშია საქართველოს ბიზნესის 80%. ეს დეპუტატები პარლამენტში ერთხელაც არ მინახავს სიტყვით გამოსული. პარლამენტმა უკვე კარგა ხანია დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია. ის გადაიქცა პრეზიდენტის მეგობრების ბიზნესკლუბად. თუ გინდა, გახდე ხელისუფალი, ახლოს უნდა იყო პრეზიდენტის ოჯახთან ან იმ ვიწრო წრესთან, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. არავინ იფიქროს, რომ გადაწყვეტილებებს დღეს პარლამენტი ან მინისტრები იღებდნენ. ქვეყანას სულ სხვა ადამიანები მართავენ.
ვინ არიან ეს სხვა ადამიანები?
- თავისუფლების ინსტიტუტი და გიგა ბოკერია.
გიგა ბოკერია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანია. თქვენ კი თქვით, რომ გადაწყვეტილებებს მთავრობაში მყოფები არ იღებენ.
- უშიშროების საბჭოს მდივანი მთავრობა არ არის. წლების განმავლობაში ის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მერე - საგარეო საქმეთა მინისტრისა. ამის მიუხედავად, ყველა გადაწყვეტილებას ის იღებდა. პარლამენტს რა გადაწყვეტილების მიღება უნდა მოსთხოვო, როცა იქ ხალხი დასამალავად მიდის. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, მხედველობაში დემოკრატიული ქვეყნები მყავს, პარლამენტში ფულიანი ხალხი არ შედის.
რატომ არ შედიან?
- იმიტომ, რომ პარლამენტის წევრზე ყველამ ყველაფერი იცის. დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტარი ხალხისგან ვერაფერს დამალავს. საქართველოში პარლამენტში მიდიან იმიტომ, რომ ხალხს დაემალონ და ხალხი გააკოტრონ. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოში არის ელიტური კორუფცია. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი დეპუტატები არიან, რომლებიც თითქმის ყველაფერს აკონტროლებენ.
მაშინ გვითხარით, რა ბიზნესს აკონტროლებენ დეპუტატები?
- მაგათი გაუკონტროლებელი არაფერი აღარ დარჩა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ციხეში პურის შეტანასაც პარლამენტის წევრი აკონტროლებს. პარლამენტში ზის მარგანეცის მომპოვებელი და მადნეულის ხელმძღვანელი. ბოლო დროს დიდი ამბები ატყდა „მარშრუტკებთან" დაკავშირებით. ამ ბიზნესს აკონტროლებს ხერხეულიძე.
აქამდე არავის უთქვამს, ხერხეულიძე თუ იდგა „მარშრუტკების" ბიზნესის უკან.
- მხოლოდ ეკა ხერხეულიძე არა დგას. ის და მისი ოჯახი აკონტროლებენ ამ ბიზნესის სერიოზულ ნაწილს. საქართველოში არის საყოფაცხოვრებო და ელიტური ბიზნესი. მსოფლიოში კი ელიტური ბიზნესია. საქართველოში იმით აკეთებენ ფულს, რაც ყოფით საკითხებს უკავშირდება. მხედველობაში მაქვს წყალი, გაზი, ტელეფონი, სამარშრუტო ტაქსები, საკვები პროდუქტები. ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა, რაზეც ხმას ბევრი არ იღებს. მე ძალიან მწყდება გული საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე.
იმათზე რატომ?
- ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოში კორუფცია ყვავის, მაგრამ ხმას არ იღებენ, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პენსიონერების პენსია 5-ჯერ გაიზარდა, გამგებლებისა და გუბერნატორებისა კი - 100-ჯერ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამას ისინი ვერ ან არ ამჩნევენ. გულდასაწყვეტია ისიც, რატომ არაფერს ამბობენ ისინი დენისა და გაზის ასეთ მაღალ ტარიფებზე.
ამ ტარიფებს ისინი ხომ არ ადგენენ. ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომპანია.
- გურამ ჩალაგაშვილზე თუ საუბრობთ, ის გაზისა და წყლის ტარიფების გაგებაში არ არის. არც ტარიფების დადგენაა მისი საქმე.
აბა, რა არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საქმე?
- ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ტარიფების დადგენა იქნებოდა მარეგულირებლის საქმე. ჩალაგაშვილის ფუნქცია კი არჩევნების დროს დასავლეთ საქართველოში ნაციონალებისთვის ხმების მოგროვებაა. მასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული განცხადება უნდა გავაკეთო. მე პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. თუ ჩემი ნათქვამი არ გამართლდა, პოლიტიკიდან წავალ.
რა უნდა თქვათ ამისთანა?
- ყველას კარგად გვახსოვს, რომ ადრე სააკაშვილი გაიძახოდა, ხელისუფლებაში მყოფები თანამდებობებზე სულ თავიანთ ნათესავებს ნიშნავენო. ახლა მე მოგახსენებთ, ვინ და სად ნიშნავს თავის ნათესავებს. როგორც უკვე გითხარით, ჩალაგაშვილმა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფების შესახებ არაფერი იცის. მისი ინტერესთა სფერო მარეგულირებელში, სემეკის ლიცენზიანტებში მხოლოდ საკუთარი ახლობლების დასაქმებაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მისი მეუღლე და სიძე თბილისის წყალკანალში დღევანდელ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში" (ესეც რუსული კომპანიაა, დასავლეთევროპული არ გეგონოთ) მოაწყო სამუშაოდ. დიახ, ასე გულიანად ზრუნავს მოსახლეობის წყლის ტარიფებსა და, ზოგადად, „გონივრულ" ტარიფებზე, მის რეალურობაზე ბატონი გურამ ჩალაგაშვილი. ხუმრობა იქით იყოს, ეს კანონის დარღვევა და აშკარა ინტერესთა კონფლიქტია, გნებავთ, ფარული კორუფციაა და აქ ორივე მხარეა დამნაშავე, მათ შორის, „წყალკანალიც" და მისი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი იორგ მატიასი, რომლის ხელფასი, როგორც ამბობენ, 45 000 ევროს შეადგენს! აი, წყლის გაზრდილი ტარიფი მოსახლეობისათვის! თუმცა, „რეგულირებად" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ეს მიღებული პრაქტიკაა. ენერგეტიკის მინისტრის, ბატონი ხეთაგურის მამა რუსული „ინტერ რაოს" კუთვნილ „თელასში" მუშაობს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ბატონი მინისტრის მეუღლე დეპარტამენტის დირექტორად მუშაობს გურამ ჩალაგაშვილის სემეკში. მეტიც, ხეთაგურმა თავისი ძმა ასევე რუსულ „ინტერრაოს" ჰიდროელექტროსადგურ „ხრამზე" მოაწყო. მოკლედ, ჩვენ რუსული მუსიკის: ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, სტრავინსკის მოსმენას გვიკრძალავენ, თორემ თვითონ ზღაპრულად შეხმატკბილებულნი არიან რუსულ კაპიტალთან, პუტინის რუსეთის კაპიტალთან.
ოპოზიციონერები ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზულ პრეტენზიებს უყენებთ. ისინი კი ამ ბრალდებებზე რეაგირებას არ ახდენენ. ეს რისი ბრალია? ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, ხელისუფლება ხმას იმიტომ არ იღებს, რომ მართალია.
- იგნორირება ამ ხელისუფლების პოლიტიკაა. ეს მათ ხელში საკმაოდ სერიოზულ იარაღად იქცა. ამის წყალობით გაზეთებში გადაჭარბებული კრიტიკაა. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა რომ ვიყოთ, გაზეთებში დაწერილი სტატიების საფუძველზე ბევრ მინისტრს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ევროპაში ასეთი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება. მარტო ამ ერთი კვირის განმავლობაში ორმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიების გამო. ჩვენთან კი ხელისუფლება იგნორირების გზას ადგას.