„სახელმწიფო ირიბად თუ მიზანმიმართულად კერძო კომპანიებს საავადმყოფოებს უშენებს“

„სახელმწიფო ირიბად თუ მიზანმიმართულად კერძო კომპანიებს საავადმყოფოებს უშენებს“

[დავით კირვალიძე]

ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სტრატეგიაზე, სადაზღვევო სექტორის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, სოლომონ პავლიაშვილთან.

 

რამდენად რეალურია პრეზიდენტის დაპირება, რომ ოთხ წელიწადში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდება?

- გაორმაგება ნიშნავს ეკონომიკის 100%-იან ზრდას. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე თუ შევაფასებთ 2010 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 4,5-5%, 2011 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია, რომ მშპ გახდეს 22 მლრდ ლარი. ე.ი გამოდის, რომ ეკონომიკის საშუალოდ წლიური ზრდა უნდა იყოს 23-25% და მშპ უნდა გახდეს 4 წელიწადში დაახლოებით 45 მლრდ ლარი, რაც ეკონომიკური საზომით, თითქმის, წარმოუდგენელია და არც ერთ ქვეყანას არ ქონია ასეთი „ნახტომი“. 

 

აქვე მინდა დავამატო, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს თან ერთვის 2011-2014 წლების საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, სადაც 3 წელიწადში, ჯამურად დაახლოებით 20 პროცენტის მატებაა ნავარაუდები. შესაძლებელია ისიც, რომ განსაკუთრებული სტრატეგია ჰქონდეს ჩვენს პრეზიდენტს  შემუშავებული, რომელიც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

რაც შეეხება ვაუჩერებს, ნუთუ ჩვენ მოსახლეობას ეს 50 ლარი ჯამში რამეს შეუმსუბუქებს?

- იმის თქმა, რომ ამ დახმარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უაზრობა იქნება. გასაგებია, რომ ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ გარკვეული ცდა და პატარა ნაბიჯი უდაოდ არის, ეს 50 ლარი საბოლოო ჯამში, ერთი ტომარა ფქვილია. პრობლემა უფრო ის არის, რომ ამ ვაუჩერების მიმღები კონტიგენტის განსაზღვა იყო ნაჩქარევი და ვიტყოდი არასწორი. როგორ შეიძლება ერთნაირად მიიღოს ეს ვაუჩერი იმ ოჯახებმა ვისაც წლიური შემოსავალი პირობითად 20 ათას ლარზე მეტი აქვს, იმათ ვისაც 2 ათასი ლარი აქვთ. ალბათ ნამდვილად სჯობდა, რომ ამ თანხების ფოკუსირება მომხდარიყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებზე. ვფიქრობ ეს ნამდვილად ეფექტიანი იქნებოდა. 

 

ასევე გაუგებარია როგორ შეიძლება ვაუჩერი არ მისცე იმ ოჯახებს ვინც ფინანსური უსახსრობის გამო 200 კილოვატზე ნაკლებს მოიხმარენ. ეს ხომ ის კონტიგენტია, რომლებიც მარტოხელები და ყველაზე გაჭირვებულები არიან, ესე იგი გამოდის, რომ ეკონომიურობის გამო ოჯახები უნდა დაისაჯონ.

 

ასევე, ალბათ, აჯობებდა ეს თანხები ოჯახებისთვის გადაგვეცა პირდაპირ თანხით, როგორც ვაპირებთ სასურსათო ვაუჩერის გადაცემას. არ იყო საჭირო მოგვეხდინა კერძო ენერგო კომპანიების (რაოესი, ენერგოპრო) ირიბი დაფინანსება. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ვაუჩერის გადაცემ-გადმოცემით ზოგიერთებმა ქველმოქმედის ნიღაბი გაიკეთეს, რაც პირველ რიგში, იმ ადამიანების დამცირებაა ვისაც ეს ვაუჩერი საქვეყნოდ გადასცეს. ხომ შეიძლებოდა თავიდანვე სწორად შერჩეულიყო კონტიგენტი და მიეღო მას, ვისაც ეს ყველაზე ძალიან ჭირდება.

 

მახსენდება ხუთ ლარიანი დაზღვევის პაკეტი, რომ შემოიღეს მაშინაც ყველა არწმუნებდა პრეზიდენტს, რომ 5 ლარიანი დაზღვევა შესაძლებელი იყო, მათ შორის ჯანრმთელობის სამინისტროს ხელმძღვანელები და სადაზღვევო კომპანიის მეპატრონეები.

 

მათ ილუზია ჰქონდათ, რომ ამ პაკეტით შეძლებდნენ 300 000 ადამიანის დაზღვევას, რაც საბოლოოდ კრახით დამთავრდა. ამ ვაუჩერების მიმღები კონტიგენტის განსაზღვრის დროსაც არაპროფესიონალიზმის და გამოუცდელობის გამო დაშვებულია სერიოზული შეცდომა. სხვა შემთხვევაში, ამ თანხების განაწილებას გაცილებით დიდი ეფექტი ექნებოდა.  

 

ცოტა ხნის წინ სადაზღვევოების ირგვლივ სკანდალი ატყდა, როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი?

– ამის გამომწვევი მიზეზები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად, ეს არის: სუბიექტური და მეორე ობიექტური - რაშიც მე ვგულისხმობ სახელმწიფო მოწყობის პრობლემას - წმინდად ინსტუტიციონალიზმის საკითხებს. ყველაზე დიდი წვლილი ამ პრობლემების შექმნაში სწორედ ამ უკანასკნელს მიუძღვის. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, რომ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები თავიანთი მოქმედებების დროს გამოდიოდნენ წმინდა კორპორაციული კერძო ინტერესებიდან. ზოგადად სადაზღვევო კომპანიების თემა არ არის ახალი და ამის შესახებ არა ერთხელ მისაუბრია.

 

ანალოგიურად ასეთივე მაღალი მოგების მაჩვენებელი ჰქონდათ მათ 2007, 2008, 2009 წლებში და ა.შ. თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ მათ მიღებული მთლიანი შემოსავლიდან – 284 მილიონი ლარიდან სადაზღვევო შემთხვევებს მოახმარეს მხოლოდ ამ თანხის 40% დანარჩენი დაილექა კომპანიის შემოსავლებში. ცნობისათვის ეს მაჩვენებელი 2007 წელს უფრო დაბალი იყო, დაახლოებით 38%. ეს გარკვეული ტრადიციაც არის, ცუდი გაგებით, როდესაც სადაზღვევო კომპანიები იღებენ გარანტირებულ სახელმწიფო დაფინანსებას გარანტირებული მაღალი მოგებით. ჩვენ ისიც გვახსოვს, როდესაც სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ ინტერესების სფეროში იჯდა ეგრედ წოდებული ავტოდაზღვევა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა კლასიკურ დაზღვევასთან. პირდაპირ გადადინება ხდებოდა მოსახლეობის ჯიბიდან სადაზღვეო კომპანიაში.

 

გარანტირებული როგორ გავიგოთ, მათ სახელმწიფო არ უსაზღვარავს თუ რა ვალდებულებები უნდა შეასრულონ მათ სადაზღვეო კონტიგენტისმოსახლეობის მიმართ?

- გარანტირებული ვახსენე იმიტომ, რომ ამ ხუთმა მსხვილმა სადაზღვეო კომპანიამ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, თითქმის, ტენდერების გარეშე, ერთმანეთში გარკვეული შეთანხმებით გადაინაწილეს სახელმწიფოს მიერ დაზღვეული კონტიგენტი – უმწეოთა კატეგორიის სახით. ყოვლად გაუგებარია, რომ ტენდერებში გამარჯვება მოხდა რეგიონალური პრინციპით, მაგალითად ერთმა კომპანიამ მოიგო იმერეთი, მეორემ თბილისი და ა.შ. სადაზღვეო პაკეტის ღირებულება თავიდან განისაზღვრა 180 ლარით. ხოლო შემდგომ, თუ არ ვცდები 144 ლარით. 800 ათას უმწეოზე მათ ეს თანხები სახელმწიფოსგან სრულად მიიღეს, მიუხედავად იმისა მათ განახორციელეს თუ არა სადაზღვეო შემთხვევის ანაზღაურება, რასაც ჩვენი ქართული კომპანიები გაუგებარ ტერმინს ზარალს ეძახიან. 

 

სადაზღვეო კომპანიების შემოსავლების სტრუქტურას თუ გადავხედავთ, პირველ ადგილზეა სწორედ სამედიცინო დაზღვევიდან მიღებული შემოსავალი. ეს სწორედ სახელმწიფოდან მიღებული გარანტირებული დაზღვევის „დამსახურებაა“. ძალზე გასაკვირია, რომ დღემდე არც ერთ სადაზღვეო კომპანიას არ მოუვიდა თავში, რომ დაეზღვია სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულება. თუ კი, სახელმწიფოსგან მათ ასეთი უზრუნველი დაზღვეული კონტიგენტი „ჩაიგდეს ხელში“ ხომ შეიძლებოდა, რომ გარკვეულად საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით თავიანთი საქმიანობის სფერო განევრცოთ სოფლის მეურნეობაშიც, მაგრამ არ გააკეთეს არა მარტო იმიტომ, რომ სოფლი მეურნეობა გარკვეულად სარისოკოა, არამედი იმიტომაც, რომ მათ დიდი შრომა დაჭირდებოდათ რაიონებში მოეძიათ აღნიშნული დაზღვევის მსურველები.

 

მხოლოდ ახლა, ისიც გარკვეულად პიარის თვალსაზრისით, ამ გახმაურებულ ფონზე „ალდაგი ბისიაის“ ხელმძღვანელობამ მოსახლეობას შესთავაზა სოფლის მეურნეობის დაზღვევის გარკვეული პაკეტი. თუმცა რამდენად გააკეთებს ეგ სხვა საკითხია.

 

თქვენ ახესნეთ სახელმწიფო მოწყობისინსტუტიციონალიზმის პრობლემა იქნებ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ?

- დავიწყებ იმით, რომ შეცდომა ჯერ კიდევ 2004 – 2005 იქნა დაშვებული, როდესაც ყოვლად გაუგებარი მიზეზებისა და ზოგიერთი მაშინდელი ჩინოვნიკის ახირების გამო გააუქმეს სახელმწიფო დაზღვევისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდები. ეს იყო დილეტანტური არაპროფესიონალური გადაწყვეტილებები, ფაქტიურად ამით „მოკლეს“ დაზღვევის ის ელემენტები და ის ინსტიტუტები, რომლებიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. 

 

ესე იგი გააუქმეს სოციალური ანარიცხები - შენატანი, სამედიცინო დაზღვევის ანარიცხები - შენატანი და ყველა ეს მათ მიერ ჩათვლილო როგორც ჩვეულებრივი გადასახადი მიმართული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეკონომიკური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ თავისი შინაგანი იმანენტური ბუნებით არ შეიძლება ერთმანეთს მიუმატო სოცალური შენატანი და ისეთი სახელმწიფო გადასახადები როგორიც არის მოგების გადასახადი, დღგ, აქციზი და სხვ. აღარ ვლაპარაკობ ქონების გადასახადებზე და ა.შ.

 

ეს ფონდები თავის დროზე დამოუკიდებლად შედიოდნენ სახელმწიფოს კონსოლიდირებულს ბიუჯეტში. რაც დაზღვევის კლასიკური მაგალითი იყო. სხვათაშორის ჩვეულებრივ ნორმად იქცა, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი - სისტემა ვერ მუშაობს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ხშირ შემთხვევაში სპონტანურად აუქმებენ უშუალოდ ამ ინსტიტუტს. ასე მოხდა ანტიმონოპოლიური სამსახურის, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის,თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის, წიგნის პალატის და სხვათა შემთხვევაში.

 

მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ქვეყანა ვისაც არ გააჩნდეს სოციალური, სამედიცინო, უმუშევრობის და სხვა სახელმწიფო ფონდები. ეს არის დამოუკიდებელი საფინანსო – საკრედიტო სისტემები, რომელიც შედის კონსოლიდირებულ ბიუჯეტში (ასევე იყო საქართველოში 2003 წლამდე) როგორც არასაბიუჯეტო ფონდები. ეს ფონდები გარკვეულ როლს ასრულებენ ეროვნული შემოსავლების გადანაწილების საქმეში. ეს არის ქვეყნის სოციალური გარანტიის, სოციალური უზრუნველყოფის, სადაზღვევო საპენსიო და ჯანმრთელობის სისტემების ეკონომიკური საფუძველი, მნიშვნელოვანი სტაბილურობის გარანტი.

 

გამოდის, რომ ამ ქმედებებით საკანონმდებლო და ორგანიზაციული თვალსაზრისით ქვეყანამ უკან დაიწია?

- უდაოდ. ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1995 წელ მიღებული იქნა ჩარჩო კანონი დაზღვევის პრინციპების შესახებ, ასევე მიღებული გვქონდა კანონები ჯანმრთელობის დაზღვევის, კერძო საპენსიო ფინდების და სხვა. დაწყებული იყო მნიშვნელოვანი სამუშაოები მოსახლეობის პერსონიფიცირებული აღრიცხვისათვის. ამ მხრივ ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშრის ქვეყნებში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით. შემდგომ რა მოხდა ყველამ დავინახეთ, როდესაც ჯერ პირველ ეტაპზე სოციალური შენატანი დაუმატეს საშემოსავლო გადასახადს, ხოლო შემდგომ საერთოდ გააქრეს ცნება სოციალური გადასახადი.

 

თქვენი აზრით სახელმწიფო სადაზღვევო სისტემას უნდა განეხორციელებინა უმწეო ოჯახების დაზღვევა?

- რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასეთი საჯარო ფუნქციების გადაცემა კერძო სექტორისათვის. ეს უშუალოდ სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა, თავიდან ბოლომდის უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და ქმედებებიც უფრო გამჭრივალე იქნებოდა. ვის მოუვიდა თავში აზრად 300 მილიონამდე ფინანსური ნაკადები კერძო სექტორში გადაესროლა. უფრო მეტიც  ვფიქრობ სწორედ ამ თანხების ხარჯზე ხდება სადაზღვევო კომპანიების მიერ სავადმყოფოების აშენება. ესე იგი გამოდის, რომ სახელმწიფო ირიბად თუ მიზანმიმართულად კერძო კომპანიებს საავადმყოფოებს უშენებს. 

 

სადაზღვევო კომპანიებმა კეთილი ინებონ, მოიძიონ კორპორატიული და იდივიდუალური კლიენტები. სწორედ ამ ბაზარზე გამოჩნდება მათი კონკურეტუნარიანობა და მათი სადაზღვევო პროდუქტების ეფექტიანობა.

 

ამ მხრივ როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

- თავიდანვე მინდა გითხრად, რომ ისეთ სისტემას თუ ამას სისტემა ჰქვია, როგორც საქართველოშია ვერსად ვერ ნახავთ, არც ერთი ქვეყნის ანალოგი არ არის. ბელორუსია და ტაჯიკეთსაც კი, (რომლებსაც ჩვენ ხშირად ვთვლით ქვეყნებს სადაც რეფორმები ნაკლებად ხორციელდება) გააჩნია სადაზღვევო სისტემა არასაბიუჯეტო და სადაზღვეო ფონდების სახით. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სოციალური დაზღვევის არასაბიუჯეტი ფონდები ან სააგენტოები ფონდებთან ერთად. სოციალური უზრუნველყოფა პირველ რიგში ეს არის სოციალური დაზღვევა, ხოლო სოციალური დაზღვევის ძირითადი საფუძვლები არის საპენსიო დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, უბედური შემთხვევების დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა. ხოლო ამ ფონდების შევსების ძირითადი წყარო არის ფიზიკური და იურდიული პირების სავალდებულო შენატანები. 

 

ასევე შესაძლებელია სახელმწოფო ბიუჯეტის სახსრები სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესასრულებლად (დახმარებები, სუფსიდიები და სხვა) ნებაყოფლობითი შენატანები. ეს ფონდები არის დამოუკიდებელი საფინანსო საკრედიტო სისტემები, ეს არის ერთგვარი ფორმაც ეროვნული შემოსავლის გადანაწილების. ამ ფონდის მუშაობის პრინციპებია თვით ზრდა (შესაძლებელია ფინანსური ოპერაციები, ფასიანი ქაღალდები და სხვა) სოლიდარობა (დასაქმებული კონტიგენტი უხდის პენსიონერებს, უმუშავრებს და სხვა) და ეკონომიკური სტაბილურობა.

 

ესე იგი გამოდის, რომ პენსიები შრომითი სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით ოცნებად რჩება?

- რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ასეა. კიდევ დიდხანს იქნება თუ არ შევცვალეთ რადიკალურად დღეს არსებული საბიუჯეტო სისტემა და არ ჩამოვაყალიბეთ შესაბამისად მსოფლიოში აპრობირებული სადაზღვევო მოდელი. დღესვე დასაწყებია თითოეული დასაქმებული ადამიანისთვის სადაზღვევო ბარათების გახსნა და მათი პერსონიფიცირებული აღრიცხვა. სწორედ ამ სადაზღვევო ბარათებზე უნდა აისახოს როგორც თითოეული დასაქმებული ადამიანის ასევე დამსაქმებლის შენატანები სადაზღვევო ფონდში რათა შემდგომში მათი პენსიის დანიშვნის საფუძველი გახდეს შესაბამისად ეს გადახდილი თანხები. თუ არ დავიწყეთ დღესვე ხვალ გვიან იქნება.

 

რაც შეეხება ტარიფებს, იგი დიფერენცირებულია. მაგალითად აშშ–ში არსებობს კომბინირებული გადასახადი (დამსაქმებულის და დასაქმებულის) 15,3% - ის ტოლია. განსაზღვრულია დასაბეგრი ხელფასის მაქსიამლური ოდენობა 50 ათასი დოლარი თვეში. რაც შეეხება გერმანიას, აქ მოქმედებს რამდენიმე ფონდი, ესენია: მუშების და მომსახურების საპენსიო დასზღვევის ფონდი, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი და უმუშევრობის დაზღვევის ფონდი, ამიტომ აქ ტარიფები სხვადასხვაა და ჯამში დასაბეგრი ხელფასის 20 – 25% შეადგნს.

 

რაც შეეხება იაპონიას, იაპონიაში მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევის, საპენსიო დაზღვევის, საწარმოო ტრამვის დაზღვევის და უმუშევრობის დაზღვევის ფონდები. ანალოგიური ფონდები არსებობს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში. საბოლოოდ ყველა დაზღვევის შენატანი ჯამში 15 დან 25%-ამდე მერყეობს ქვეყნების მიხედვით. რაც შეეხება ყოფილი საპჭოთა კავშირის ქვეყნებს, მაგალითად: აზერბაიჯანში 30 – 1 (ხელფასის 30%-ს იხდის დამსაქმებელი ხოლო 1%-ს დასაქმებული), ბელორუსიაში 36 – 1, ყაზახისტანში 26 – 10, ყირგიზისტანში 29 – 8, რუსეთი 35 – 0, უზბეკეთი 40 – 2,5, უკრაიანა 37 – 5 და სხვა. თუმცა ამ ტარიფების გადახედვა და ცვლილება პერიოდლუად ხდება.

 

აი ნათელი სურათი იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანას გააჩნია არასაბიუჯეტო სადაზღვევო სახელმწიფო ფონდები. აი სისტემა და სტრუქტურა რითაც სახელმწიფოები ახორციელებენ, როგორც მთლიანად მოსახლეობის, მათ შორის, უმწეოთა კატეგორიის დაზღვევასაც. ასეთი სახელმწიფო სისტემა, რომ ყოფილიყო ჩვენთან აღარ დაგვჭირდებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა და ამხელა ფინანსური ნაკადების, თითქმის 300 მილიონის გაშვება კერძო სექტორში. ხოლო რაც შეეხება ამ სოციალური დაზღვევის შენატანის წყაროს, ეს უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე. უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი და თითოეულ დასაქმებულ ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება თვითონ შექმნას თავისი სოციალური – საპენსიო გარანტია. დღეისათვის ფაქტიურად არანაირი საკანონმდებლო ბაზა და პერსპექტივა არ არსებობს, რომ ჩვენ მივიღოთ პენსიები შრომითი სტაჟისა და შესაბამისად გადახდილი შენატანების მიხედვით.