ორიოდე კვირის წინ კახეთში გახლდით. დინჯი კახელები ამჯერად გულისტკივილსა და აღშფოთებას ვერ მალავდნენ, -„ახალგაზრდობა თვალსა და ხელს შუა გვეღუპებაო“.
„მთელი ცხოვრება მიწაზე შრომას შევალიე, მუდმივად ცას შევყურებთ, იქნებ გაგვიმართლოს დედაბუნებამ და მოსავალი შევინარჩუნოთ. ხომ ხედავთ, ახლაც სეტყვამ წყალში ჩაგვიყარა ნაამაგარი. ეს რა ძნელია, მხოლოდ გლეხმა იცის, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ისეთი უსუსური, როგორიც საღამოობით სოფელში გავლისას, როდესაც ვხედავ, დევებივით ზორბა ჩვენი ნაშიერები როგორ იღუპავენ თავს ათასნაირი წამლებით!“ - აღელვებას ვერ ფარავს ლაგოდეხელი ძია სანდრო. მის თვალებში მთელი კახეთის გულისტკივილი ჩანს:
„თუ თავს არაფერი ვუშველეთ, ცოტა ხანში კახეთში ღვინის დამლევი აღარავინ დარჩება, რა მტერი გვყავს, ასე რომ გვებრძვის, შვილო?“
ძია სანდროს ამ პასუხგაუცემელმა კითხვამ ცნობილი იტალიელი მზვერავის ამპლეტო ვესპას სიტყვები გამახსენა. იგი ჯერ კიდევ 1939 წელს წერდა:
„დახოცო მტერი ტყვიებითა და ბომბებით, დიდი ფული ღირს, მაგრამ თუ მას ბოლოს მოუღებ ნარკოტიკით და ამასთან ერთად დიდ შემოსავალს ნახავ, ეს არა მარტო სარფიანი საქმეა, არამედ სამხედრო სტრატეგიის ბრწყინვალე მეთოდი".
7 აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში ნარკოტიზაციის ახალი ტალღა აგორდა. საომარი მოქმედებების შედეგად ათასობით კაცი დევნილად იქცა და უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნანახისა თუ განცდილის გამო სტრესისგან თავის დაღწევას ასობით ლტოლვილი იაფფასიანი ნარკოტიკით ცდილობდა!
ეს პროცესი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლებსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა, დაბალი დონისა და, შესაბამისად, უეფექტო გამოდგა. ვინაიდან დევნილი მოსახლეობის ერთ ნაწილს (მეტწილად ახალგაზრდობას) ხელი ძვირად ღირებულ ნარკოტიკზე არ მიუწვდებოდა, გორის რაიონში კუსტარულად დამზადებული „ვინტის" (ფსევდო ეფედრინის) მოხმარება დაიწყეს. ცოტა ხანში „ვინტის" მომხმარებელთა რიცხვმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია.
ორიოდე თვეში „ვინტი" ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი გახდა საქართველოში. მის პოპულარობას ფასი და ადვილად ხელმისაწვდომობა განაპირობებდა. მიუხედავად იმისა, რომ „ვინტი", ისევე როგორც სხვა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი, ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია და სტაბილურად მისი მოხმარების შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილი გარდაუვალია, ქვეყნის ნარკოლოგიურ სამსახურებს განგაში არ აუტეხავთ. ექიმები მხოლოდ პირად საუბრებში თუ გამოთქვამდნენ შეშფოთებას. გორის შემდეგ, ყველაზე დაზარალებულ რეგიონად კახეთი ითვლება, სადაც „ვინტის" მოხმარებამ ასევე პიკს მიაღწია. გარდა ამისა, გაიზარდა აივ-შიდსის ახალი შემთხვევების რიცხვი, განსაკუთრებით თელავის რაიონში.
კახეთში ნარკოტიკის მოხმარების ფართოდ გავრცელებას მოსახლეობა ძირითადად ერთი მიზეზით ხსნის:
ქალბატონი ნათელა (გურჯაანი): - მიწაზე მუშაობა ბებრების გარდა არავის უნდა. აგერ, ჩემს მეზობელს 3 შვილი ჰყავს, სამივეს უმაღლესი დაამთავრებინა, მაგრამ სამუშაო ვერ იშოვეს. გოგო იძულებული გახდა საბერძნეთში წასულიყო, მოხუცს უვლის. ბიჭები კი შინ არიან უსაქმოდ. ერთი რაღაცა წამალს იკეთებდა თურმე, სულ აფთიაქის წინ იდგა, ახლა ქუჩაში ვერ გამოდის, ვეღარ დადის თურმე. ამბობენ, წამალმა უყოო. ამ ოჯახის საცოდაობით აღარა ვართ მეზობლები. ერთი კვირის წინაც გავიგეთ, ვარდისუბანში ბიჭი მომკვდარა, ხმები მოვიდა - წამლისგანო.
ნარკოტიკის მომხმარებლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ „ვინტს" კახეთში, კარძოდ თელავში, ისე აღარ იკეთებენ, როგორც ადრე. ამის მიზეზი „უეცრად" გამოჩენილი ჰეროინია, რომელიც საეჭვოდ დაბალ ფასში იყიდება და ადგილობრივი ნარკომანებისთვისაც ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა. ანალოგიური სიტუაციაა ლაგოდეხის რაიონში. ამ ფაქტისადმი საკმაოდ ფრთხილი პოზიცია უჭირავს თელავის ნარკოლოგიურ სამსახურს.
ლია კირვალიძე, შპს „თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის" დირექტორი: - ამ ეტაპზე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ნარკოლოგიური შემოწმებისას მოქალაქეებში ოპიუმის ჯგუფის გამოვლინება ხშირია. ეს შეიძლება იყოს ჰეროინი ან ოპიუმის ჯგუფის სხვა ნივთიერებებიც“.
როგორც ამბობენ, ჰეროინი მოსაზღვრე აზერბაიჯანიდან შემოდის. მისი გადმოტანა საბაჟო გამშვებ პუნქტზე პრობლემას არ წარმოადგენს. არის შემთხვევები, როდესაც წამლის საყიდლად საზღვარზე დღეში რამდენჯერმეც გადადიან.
ცნობისათვის: 90-იან წლებში ჰეროინი ძირითადად აზერბაიჯანის საზღვრის სწორედ ამ მონაკვეთიდან შემოდიოდა (სოფლები: კაბალა, ვახტანგისი), თუმცა შემდგომ წითელი ხიდისკენ გადაინაცვლა. დღეს რა პროცესთან გვაქვს საქმე? ეს შეიძლება ერთი მხრივ ერთჯერადი ცვლილება იყოს ადგილობრივ ნარკობაზარზე. მეორე მხრივ, კახეთში აზერბაიჯანული ჰეროინის ასე მასობრივად გამოჩენა, რომლის დაბალი ფასი და შედარებით მაღალი ხარისხი მას ერთიორად მიმზიდველს ხდის, შესაძლოა, იყოს ნიშანი მავანთა მცდელობისა, აღდგეს ძველი ნარკოარხი.
ჰეროინი ძირითადად წითელი ხიდისა და სარფის საბაჟოს გავლით შემოდის. ზღვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ეს მიმართულება უფრო პოპულარული ხდება ნარკომომხმარებელთათვის. ვინაიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არ არსებობს ნარკოტიკის აღმომჩენი სპეციალური სკანერები, მისი შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა ამისა, მებაჟეები და მესაზღვრეები ინიციატივის გამოჩენას ერიდებიან.
ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, ფოთის პორტის საბაჟო სამსახურის თანამშრომელი მიყვებოდა, - ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ დიდი რაოდენობის ვარდისფერი ტაბლეტები (ლაპარაკია ამერიკული წარმოების სუბოტექსზე), რომელიც ძირითადად აშშ-იდან ჩამოყვანილ მანქანებში აღმოვაჩინეთ, ხმა არ ამოგვიღია, რა ვიცით, ვისია(?!), სამსახური რატომ უნდა დავკარგოთო.
სამწუხაროდ, საქართველო მხოლოდ ამით არ გამოირჩევა სხვა ქვეყნებისგან. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევრაზიის კონტინენტზე, სადაც ნარკოტიზაციის ასეთი მასშტაბების ფონზე ნარკოტიკებს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი სამმართველო (სოდი) ებრძვის. ამ სამმართველოს მუშაობის ეფექტიანობა ხშირად დამოკიდებულია ოპერატიული ინფორმაციის სიმრავლესა და ხარისხზე. თუმცა კვალიფიციური კადრების სიმცირის გამო (განსაკუთრებით, რეგიონებში) მუშაობის მაჩვენებელი სასურველზე ბევრად დაბალია.
პოლიციის მცდელობა, ჩაერთო საზოგადოება საუკუნის სენთან ბრძოლაში, ჩაიშალა. პოლიციისადმი უნდობლობისა და გამეფებული სტერეოტიპის (ნარკორეალიზატორებს ლობირებს პოლიციაო) გამო მოსახლეობამ უარი თქვა თუნდაც დიდი ფულადი ჯილდოს (1.000 ლარი) საფასურად დაესახელებინა ნარკორეალიზატორები. იმავე აქციამ, რომელიც მიმდინარეობდა მეზობელ რუსეთში, სახელწოდებით - „გვითხარით, სად ყიდიან სიკვდილს!“ - ნარკოტიკებთან ბრძოლის იქაურ სამსახურებს საშუალება მისცა წლის განმავლობაში ამოეღოთ ტონამდე სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება.
7 აგვისტოს, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავი აღნიშნა. ცოტამ თუ იცის, რომ აგერ უკვე 20 წელია, საქართველო კიდევ ერთ ომშია ჩაბმული, ომში, რომელმაც წლების განმავლობაში ათიათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე ასეულ ათასს მომავლის რწმენა დაუკარგა, ხოლო ქართველი ერი გენოციდის „პერსპექტივის“ წინაშე დააყენა. სამწუხაროდ, ამ ომმა ჩვენ ვერ შეგვკრა და ვერ გაგვაერთიანა, ჩვენი დამარცხების მიზეზი ჩვენსავე გულგრილობაში უნდა ვეძიოთ. ამ ომს სხვაგვარად „ყაყაჩოს ომიც“ ჰქვია.