დედაქალაქის ვიცე-პრემიერ თემურ ქურხულის განცხადებით, თბილისის მერია არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში ქალაქში მდებარე მსხვილი ობიექტების აქციათა იმ პაკეტების გასხვისებას, რომლებიც მას ეკუთვნის. იგულისხმება ისეთი ობიექტები, როგორიცაა „შერატონ-მეტეხი პალასი“, „თბილისი-მერიოტი“, „დინამოს“ სტადიონი და სპორტის სასახლე, აგრეთვე, „თბილისი-სიტის“ აქციათა პაკეტი.
აქციათა რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად, სპორტის სასახლეში (100 პროცენტი) და „შერატონ-მეტეხი პალასში“ (85 პროცენტი) მერია საკონტროლო პაკეტებს ფლობს, სხვა ობიექტებში - უფრო ნაკლებს.
თავისთავად, აქციათა გასხვისება სავსებით ნორმალური მოვლენაა და ამაში არაჩვეულებრივი არაფერი იქნებოდა, ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ. მაგრამ შექმნილი მღელვარე და ბევრის მომასწავებელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ პრივატიზებას უეჭველად უდიდესი ვნებათაღელვა მოჰყვება როგორც რეგიონულ, ასევე „ფედერალურ“ დონეზე.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ვანო ზოდელავა ცდილობს, მოიშოროს ყბადაღებული „თბილისი-სიტის“ აქციათა პაკეტი, რომელმაც აუტკივარი თავის ატკივების მეტი არაფერი მოუტანა. მთავრობის ბოლო გაფართოებულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა კიდეც „წამოაძახა“ ქართული სიტის იდეის განსახოციელებლად ქალაქის ცენტრის მიზერად გაყიდვა. თუმცა, ვანიკო ზოდელავა აქ არაფერ შუაშია - ჰოლდინგი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც იგი არათუ თბილისის, არამედ ფოთის მერიც არ იყო.
რაც შეეხება „ქართული სიტის“ შექმნას, ეს იმთავითვე ჩასაფუშად განწირული პროექტი იყო, რომელ „სიტიზეა“ ლაპარაკი, როდესაც ხელისუფლება ქუჩაში ვაჭრობის პრობლემასაც ვერ აგვარებს აჯანყების შიშით. აბა, სად ნახავთ ლონდონის, ტოკიოს ან ამსტერდამის „სიტიში“ ქათმის უმი ბარკლები ქუჩაში იყიდებოდეს? ხოლო „წილებს“ (ქართულად „აქციებს“) რაც შეეხება, თბილისის მერიის კუთვნილ წილებზე მეტად იქ სხვა წილების კუთვნილება თუ წარმომავლობაა უფრო საინტერესო.
ჯერ დანამდვილებით ვერავინ ამბობს, როდის შედგება ტენდერი (ან აუქციონი) აქციათა პაკეტების გასაყიდად. გადაწყვეტილება არათუ საბოლოოა, არამედ ოფიციალურად არც გაფორმებულა. ჯერჯერობით, არსებობს მხოლოდ იდეა ამგვარი პრივატიზების მიზანშეწონილობის თაობაზე, თუმცა, იდეა, შესაძლოა, არც განხორციელდეს, ვინაიდან ამ ამბავს ისეთი პოლიტიკური გნიასი და ურთიერთბრალდებები მოჰყვება, „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“.
უპირველეს ყოვლისა, დაისმება კითხვა, „რატომ“ - რატომ უნდა გასხვისდეს მერიის (მაშასადამე სახელმწიფო) კუთვნილი აქციები. არგუმენტაცია საკმაოდ საფუძვლიანი ჩანს: ვის რაში სჭირდება დოტაციური და წამგებიანი ობიექტები? მართლაც, „დინამოს“ სტადიონი და „სპორტის სასახლე“ დოტაციურია. მათი მოვლაც საკმაოდ ძვირი ჯდება. იგულისხმება, რომ ტენდერის (აუქციონის) პირობებში, მეპატრონე სპორტის სასახლეს ბაზრობად ვერ გადააკეთებს (როგორც ბევრი საცურაო აუზი გადაკეთდა თავის დროზე სიგარეტის საწყობად) და პროფილს შეუნარჩუნებს. „დინამოს“ პრივატიზებამ კი შეიძლება ის სასიკეთო შედეგი გამოიღოს, რომ ახალმა მეპატრონემ ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟოს ყველა სექტორში და ეგება კიდევ შეიკრიბოს ეროვნულზე 75-80 ათასი გულშემატკივარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდასაჭერად.
სხვა საკითხია, „შერატონ-მეტეხი პალასი“ და „თბილისი-მერიოტი“. რასაკვირველია, სასტუმროები დოტაციური არ არის, მაგრამ ორივე შემთხვევაში მერია მათ პრივატიზებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, სწორედ ეკონომიკური თვალსაზრისით. „შერატონში“ ქალაქს 85 პროცენტი ეკუთვნის, მაგრამ ჯერ კიდევ 1987 წლიდან, როდესაც ეს სასტუმრო ავსტრიელებმა ააშენეს, მას დიდძალი ვალი მოჰყვება „კუდად“, აქციათა გასხვისება კი ვალის გასხვისებასაც ნიშნავს.
რა თქმა უნდა, ასეთი ობიექტის ყიდვას „ძველბიჭობის“ პერიოდში (1991-94) „წილში ჩამჯდარი ტიპები“ ვერ შეძლებენ, ანუ „შერატონ-მეტეხი პალასის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს ისევ „შერატონი“ თუ იყიდის, ხოლო „თბილისი-მერიოტიდან“ სახელმწიფო მოგებას 15-20 წლის შემდეგ მიიღებს, იდეის შესაბამისად, დღევანდელი „კვერცხი“ სჯობს 15 წლის შემდგომ „ქათამს“. მით უმეტეს, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები სასტუმრო ბიზნესში. დღეს ეს ბიზნესი კიდევ „იყიდება“. გარდა ამისა, დედაქალაქის საბიუჯეტო ციებ-ცხელების ფონზე, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი „უჭირო“ ნამდვილად არ იქნებოდა. ამდენად, ის, რაც მერიისა და საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ვერ გაბედა, დღეს შეიძლება სავსებით რეალური იყოს.
ოღონდ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პროექტი არსებობს იდეის დონეზე - ჯერ შეიკრიბება ქალაქის მთავრობა (რა თქმა უნდა, მერის თავმჯდომარეობით - იგი ხომ ინარჩუნებს პოსტს და მის გარეშე ასეთი დავა ვერ გადაწყდება), შემდეგ კი საკითხი საკრებულოში შევა განსახილველად და იქ დაიწყება, რაც დაიწყება!