რა ვერ გააგებინა ცოტნე ბაკურიამ ჯორჯ ბუშს

რა ვერ გააგებინა ცოტნე ბაკურიამ ჯორჯ ბუშს

ხანგრძლივი გაუჩინარებისა და რამდენიმეწლიანი ტაიმ-აუტის აღების მიუხედავად, ყველას კარგად გვახსოვს აქტიური პოლიტიკოსი და ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი, ცოტნე ბაკურია, რომელიც უკვე ექვსი წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც. მის შესახებ ბევრი დაუჯერებელი ამბავი თქმულა, თუმცა ზოგს ეჭვიც შეჰპარვია მის თავბრუდამხვევ კარიერულ წარმატებაში. ამიტომ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მას ლოს-ანჯელესში დავუკავშირდით.

- მე დღეს ამერიკაში ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. მადლობა ღმერთს, რომ ეს ქვეყანა მაძლევს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას. თუ ხმამაღალ ნათქვამად არ გამომივა, ვწერ ძალიან ბევრს, ვასწავლი, მინდა, ისეთ საქმეს ვაკეთებდე, რომ ქართველებსაც გამოადგეთ შემდგომში და ამერიკელებსაც. ძირითადად, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში ვმუშაობ. მთელი მსოფლიოს გარშემო დავდივარ. საკმაოდ კარგ პროექტს ვაკეთებ ფილმის სახით, ერთი თვალით ორი სამყაროა დანახული, თუ როგორ ხდება მათი დაკავშირება ერთმანეთთან. ამ საქმეს, ცხადია, იმ ადამიანების დახმარებით ვაკეთებ, რომლებიც ჩემი ბიზნესპარტნიორები არიან.

თქვენზე ათასი ჭორ-მართალი ირეოდა ერთმანეთში: ამბობდნენ, ცოტნე ბაკურია ჰოლივუდში ფილმებს იღებს, მეგობრობს მეგავარსკვლავებთან და გავლენიანი კაცი გახდაო. მართალია?

- დიახ, მე თანამშრომლობის პროექტები მაქვს დადებული ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ წამყვან სტუდიასთან, როგორებიცაა: „უნივერსალ ფიქჩერსი“, „პარამაუნთ ფიქჩერსი“ და სხვა. მსახიობური ნიჭით არ გამოვირჩევი, მიუხედავად იმისა, რომ იყო არაერთი მცდელობა, ჩემში ეს ნიჭი გაეღვივებინათ. ამიტომ, პროდიუსერობას დავჯერდი. რაც შეეხება მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობას, ეს საქმე საკმაოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი ოცნებაა, ოდესმე გადავიღო ისეთი ფილმი, რომელიც მილიონობით ჩვენნაირ ადამიანს სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

თქვენი პროდიუსერობით აქამდე თუ გაქვთ გადაღებული ჰოლივუდში ფილმი?

- დიახ, ოთხი ფილმი გადავიღე, მაგრამ ისინი მცირებიუჯეტიანი, უცნობი ფილმებია. მაგალითად, ერთის სათაურია „სამოთხის ჩრდილები“, რომელიც არის ძალადობის თემაზე, თუ რა შეიძლება მას დაუპირისპიროს ცივილიზებულმა კაცობრიობამ, ასევე, უსამართლობაზე, გაუნათლებლობაზე, ადგილობრივი რეჟიმების თავგასულობაზე და ასე შემდეგ. თუმცა, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მსგავსი თემებით ვინტერესდები. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ამ პროექტებში დაკავებული და ამით ძალიან ვამაყობ. ერთი ფილმის ბიუჯეტი გახლდათ 4,5 მილიონი დოლარი, მეორის კი - 6 მილიონამდე.

როგორც გავიგე, თქვენ გეგმაში გაქვთ ფილმის გადაღება თამარ მეფეზე. ამ პროექტს ხომ არ გულისხმობდით?

- ესაა არაჩვეულებრივი პროექტი, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოში ყურადღება არავინ მიაქცია. თამარ მეფეზე ფილმის გადაღება ჩაფიქრებულია, რომლის სცენარის მოსამზადებელი იდეა მოიწონა უკვე სამმა წამყვანმა სტუდიამ, ეს გახლავთ ას-მილიონდოლარიანი არნახული მასშტაბების ეპიკური პროექტი. საკმაოდ ცნობილი სახეები მზად არიან, მიიღონ ამ ფილმში მონაწილეობა. ეს იქნება გაკეთებული ქართულ სიბრძნეზე, ქართულ სულზე, ძლიერებაზე, აღმშენებლობა-აყვავებაზე, დემოკრატიაზე, შემწყნარებლობაზე, ქართულ კულტურაზე, რაშიც ხაზგასმული უნდა იყოს ქართული ეკლესიის განსაკუთრებული როლი, მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული სულიერი მიმდინარეობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი ამერიკული კულტურისთვის.

ამ ფილმში დავით სოსლანის როლზე დავითანხმეთ ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო. გიორგი რუსის როლზე კი, რამდენიმე ცნობილ ქერა მსახიობ მამაკაცზეა საუბარი. მხოლოდ თამარის როლის შემსრულებლის ვინაობა არაა გადაწყვეტილი. ამ ფილმის სცენარის ადაპტირება პრაქტიკულად უკვე დამთავრებულია. არის მიღწეული მეორე შეთანხმება ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა: „პარამაუნთ ფიქჩერსი“, „ვორნერ ბრაზერსი“ და ხუთ წამყვან რეჟისორთან. მიმდინარეობს კონსულტაციები. უკვე დამტკიცებულია ქასთინგის დირექტორი და ორი სცენარის ავტორი. ამ სტადიაში ვართ ჯერჯერობით და, იმედია, დიდ პროექტს ხორცი მალე შეესხმება.

ძალიან კარგ ნოვაციებს ვისმენ და მართლაც სასიხარულოა. თუმცა გვაინტერესებს, როგორ მიაღწიეთ წარმატებას სრულიად უცხო ქვეყანაში ემიგრანტმა კაცმა, არ გაგიჭირდათ?

- ჯერ ერთი, მე არ გახლავართ პროფესიონალი პროდიუსერი. ჩემი მეგობრების დახმარებით, სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში და შემიყვარდა კიდეც ეს საქმე. ამას გარდა, ამერიკა ჩემთვის უცხო ქვეყანა არ იყო, მიწევდა ხოლმე პერიოდულად ჩამოსვლა, მეგობრები მყავდა აქ და სწორედ მათ გადამალახვინეს ის ბარიერი, რასაც ნებისმიერი ემიგრანტი ხვდება. რაც შეეხება წარმატებას, იმას მივაღწიე, რომ ჩემი სახელობის საქათმეა გახსნილი სტუდია „უნივერსალში“.

რას ბრძანებთ, ალბათ, ხუმრობთ?

- გაგეცინათ, მაგრამ, სიმართლეს გეუბნებით. ეს კი ასე მოხდა: ერთი ცნობილი პიროვნებაა - ფრენსის მაისლერი, რომელიც ფილმში გადასაღებად მსახიობებს არჩევს. ინგლისურად „ჩიქენ“ ნიშნავს ქათამს. არის მეორე გამოთქმაც - „ჩიქ“ ამერიკულ სლენგში „ამერიკელ ლამაზ გოგონებს“ ნიშნავს. ერთ-ერთი გადაღების დროს, მასობრივი სცენებისთვის საჭირო იყო 100-120 ლამაზი გოგონა და მე მითხრა ფრენსისმა, რომ სჭირდებოდა 100 „ჩიქენ“. სან-დიეგოში არის ქათმების არაჩვეულებრივი ფერმა, იქ წავედი, ვიშოვე 120 ქათამი, წამოვიყვანე და პავილიონში დავაბინავე. ეს რომ ფრენსისმა დაინახა, კარგად იხალისა, მერე შემოფარგლა ის ადგილი და დაარქვა „ცოტნე ბაკურიას სახელობის საქათმე“. ასე რომ, ვინც ჩამოვა ამერიკაში, სიამოვნებით ვაჩვენებ სტუდია „უნივერსალში“ გახსნილ ჩემი სახელობის საქათმეს.

ბატონო ცოტნე, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამერიკაში გყავდათ მეგობრები და მათი დახმარებით ადვილად გადალახეთ სიძნელეები. თუ არ ვცდები, თქვენი მეგობრები ამერიკაში გავლენიანი და ცნობილი სახეები არიან. იქნებ, ჩამოგვითვალოთ, ვინ არიან ისინი?

- მე მართლაც ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ფართო წრეებში იცნობენ, დაწყებული კონდოლიზა რაისიდან, დამთავრებული დიკ ჩეინით, ჯორჯ ბუშით, ნენსი ფელოსით, ბარაკ ობამათი - რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, მაგრამ, არ მსურს ამ თემით სპეკულირება, ან მიკროფონში ამის გამოცხადება. ზოგადად, მინდა, გითხრათ რომ, თუ ადამიანი უშნო ხარ და არ ვარგიხარ, ვერანაირი მეგობარი ვერ გიშველის. ჰოლივუდში არაჩვეულებრივი ქართველი მსახიობი მოღვაწეობს - დათო ბახტაძე, რომელიც, წესით, სიამაყე უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ქართველები არ ინტერესდებიან მისით და ეს ძალიან დასანანი ფაქტია. დათომ ანჯელინა ჯოლისთან ერთად ითამაშა ფილმ „საშიშ დამნაშავეებში“. ამ ფილმმა „ოსკარიც“ კი აიღო. ჩემი აზრით, ის არის მართლაც ღირსეული კაცი, რომელიც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით უკეთებს რეკლამას.

გარდა პროდიუსერობისა, კიდევ რა საქმით ხართ დაკავებული?

- ვწერ ძალიან ბევრს, ხელშეკრულებები მაქვს გაფორმებული რამდენიმე გამოცემასთან. ხანდახან ვკითხულობ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას. დავამთავრე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, გავიარე სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ თეორიულად მიღებული განათლება პრაქტიკაში განვახორციელო. ჩემი ძირითადი თემა პოლიტოლოგიის სფეროა. ვარ მრჩეველი, კონსულტაციებს ვატარებ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, მისი ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა და ასე შემდეგ.

საინტერესოა, ამერიკელი მაღალჩინოსნებიდან თუ აძლევთ ვინმეს რჩევას?

- ვისაც მოუნდება, ყველას ვაძლევ რჩევას, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული კონგრესმენით. წინა ხელისუფლების ადმინისტრაციაში მქონდა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური შეხვედრები. საუბარი რომ ჩამოვარდა საქართველოზე, თავს უფლება მივეცი, მასზე ორიოდე სიტყვა მეთქვა. დიკ ჩეინთან მქონია რამდენჯერმე საუბარი. ჯორჯ ბუში კი დაინტერესდა, საქართველოში რომელი სპორტი იყო უფრო პოპულარული. მე ვუპასუხე, ფეხბურთი-მეთქი და თავი დამიქნია. შემდეგ კიდევ ორჯერ შევხვდი მას და კვლავ იგივე კითხვა რომ გამიმეორა, მივხვდი, ავტომატურად მეკითხებოდა, ანუ, ამით ვალი მოიხადა და ჩვენი ქვეყნის მიმართ ვითომ რაღაც ინტერესი გამოიჩინა. ბარაკ ობამას ძალიან ბევრჯერ შევხვდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. პატივად მიმაჩნდა, რომ მისი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და გავაკეთე მაქსიმუმი, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული: კარდაკარ დავდიოდი და ვარიგებდი ბარაკ ობამას ბროშურებს, ასევე, საარჩევნო კამპანიის იდეების მოფიქრებაში ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას. ფანჯრებზე მისი სურათი მქონდა გაკრული და ჩემს მანქანაზე დღემდე მაქვს წარწერა - „ბარაკ ობამა“. ის ნამდვილად თავმდაბალი ადამიანია. მერგო პატივი მისთვის ხელის ჩამორთმევისა, როცა ახალი არჩეული იყო სენატში. გარდა ამისა, მაქვს რამდენიმე კერძო პროექტი, რომელიც გარკვეულ შემოსავალს მაძლევს. ვარ 21-მდე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ექსპერტი სხვადასხვა საკითხში. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელია ჩემი ქალიშვილი სოფუნა, რომელიც ჩემი ცხოვრების სტიმულია აბსოლუტურად ყველაფერში.

თქვენ, ოჯახთან ერთად, ძირითადად ვაშინგტონში ცხოვრობთ?

- იცით, როგორაა? ნახევარი წელი ვარ ვაშინგტონში და ნახევარი - ლოს-ანჯელესში. ამ წუთში ვიმყოფები მარტო, მაგრამ, პერიოდულად ჩამოდიან ნიკა და სოფო, რომლებიც არანორმალურად მენატრებიან და, როცა მათ ვნახულობ, ჩემზე ბედნიერი კაცი იმ წუთში არავინ მეგულება.

არგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ გამოხვედით პირდაპირ ეთერში და სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვით. სავარაუდოდ, იმიტომ ვერ ჩამოხვედით, რომ თქვენი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული?

- რასაკვირველია, ჩემი სამშობლო ძალიან მენატრება, მაგრამ, მანდ არ არის ის პირობები, რომ უსაფრთხოდ ვიცხოვრო და ჩემი შესაძლებლობები გამოვამჟღავნო. ვფიქრობ, უპრიანი იქნება, ჩემი საქმიანობა გავაგრძელო აქ, რისი საშუალებაც საქართველოში არასდროს მექნება. არავის ეგონოს, რომ აქ მხართეძოზე ვიყო წამოწოლილი: გამოქვეყნებული მაქვს 165-ზე მეტი პუბლიკაცია აქაურ ჟურნალ-გაზეთებში, თითოეულ მათგანში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნათლად მაქვს გაშუქებული ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობს და ამით დიდ საქმეს ვუკეთებ ჩემს ქვეყანას.

ბატონო ცოტნე, დღევანდელი გადასახედიდან თუ ნანობთ თქვენს პოლიტიკურ წარსულს?

- გულახდილად გეტყვით, ხანდახან ვნანობ, საერთოდ რომ ჩავყავი ცხვირი პოლიტიკაში, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია, ადამიანმა გამოცდილება მიიღოს. თუ ცხოვრებაში შეცდომა არ დაუშვი, თუ ცხვირი არ მოიტეხე სადმე, ვერ დადგები სწორ გზაზე. მე არც ამბიციური ადამიანი გახლავართ და არ გეგონოთ, თავი პროფესიონალ პროდიუსერად მომქონდეს. ჩემ ირგვლივ გაცილებით ნიჭიერი ადამიანებიც არიან, თუნდაც საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, უფინანსობის გამო, შეზღუდულნი არიან ბევრ რამეში. მე „მწვანე ბარათის“ მფლობელი ვარ და ძალიან მალე გავხდები ამერიკის მოქალაქე. ვცხოვრობ თავისუფლად, ვმოგზაურობ. ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი ანტარქტიდის ჩათვლით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც აკეთებს თავისთვის სასიამოვნო საქმეს და მიმაჩნია, რომ ეს კარგია. არანაირი ცენზურა და შეზღუდვა აქ არაა და ვარ ფრთებგაშლილი ადამიანი. პროდიუსერობის გარდა, ჩემი ჰობია ისიც, რომ ძალიან ვარ დაინტერესებული ასტრონომიით -  ამერიკის ასტრონომიის ასოციაციის წევრი გახლავარ, მაგრამ, ფული ვერ შევაგროვე, რომ ტელესკოპი ვიყიდო. ჩემი ოცნებაა, იმ ტელესკოპით, რომელსაც ვქირაობ ქალაქის ობსერვატორიაში, აღმოვაჩინო ახალი ვარსკვლავი ან რომელიმე სხვა გალაქტიკა, რომელიც ჯერ კიდევ არაა დანახული და მას დავარქვა საქართველო.

რადგან გავარკვიეთ თქვენი ჰობი, ახლა გვითხარით, როგორ იწყება და მთავრდება ცოტნე ბაკურიას ერთი ჩველებრივი დღე...

- მე ძალიან ადრე ვდგები - დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვარ. ვცურაობ ყოველდღე 2-3 საათს, შემდეგ, გააჩნია, რა პროექტში ვარ დაკავებული, იმის მიხედვით ვაწყობ გეგმას. ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ალბათ, ამან გადამალახვინა ის მძიმე ავადმყოფობა, რასაც კუჭის სიმსივნე ჰქვია. ექიმმა რომ გამსინჯა, მხოლოდ ორი წელი მიწინასწარმეტყველა სიცოცხლე და ისღა მირჩია, რომ დარჩენილი ცხოვრების თითოეული წუთით დავმტკბარიყავი. იმ დღემ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. პირადი მტრობა, გაუტანლობა, ყოველგვარი წყენა დამავიწყდა, რადგან სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და ამად არ ღირს. საბედნიეროდ, მას შემდეგ უკვე 3 წელი გავიდა, შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, სრულიად გამოვჯანმრთელდი. ეს შემთხვევა შეადარეს ანომალიურ მოვლენას და საოცრებად მონათლეს, მე კი იმ ადამიანად დამასახელეს, ვინც დაამარცხა უკურნებელი სენი.

მართლაც დაუჯერებელი ამბავია. ახლა ის გვითხარით, როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ქართველების კვალობაზე შეძლებულ ადამიანად მიიჩნევთ თავს თუ საშუალო ფენის წარმომადგენლად?

- ბინები მაქვს ვაშინგტონში. მართალია, დიდი სახლი არაა, მაგრამ, კომფორტულია. როგორც ჩემი ახლობლებისგან მაქვს ინფორმაცია, აქ ბინები გაცილებით იაფია, ვიდრე თბილისის პრესტიჟულ უბნებში. ლოს-ანჯელესის ბინა კრედიტით მაქვს აღებული და გარკვეული დროის მერე, სესხს რომ დავფარავ, ჩემი საკუთრება გახდება. ალბათ, ამერიკაში საშუალო ხელფასი წელიწადში 50 000-დან 100 000 დოლარამდეა.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ თქვენგან? ხომ არაა მოსალოდნელი, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის სენატში ან კონგრესში გიხილოთ?

- ახლა ველოდები ამერიკის მოქალაქეობას. რაც შეეხება ჩემს შემდგომ საქმიანობას, არანორმალურად კარგი პროექტები მაქვს, ამას თუ განვახორციელებ და მე ჭანჭიკის ფუნქციას მაინც თუ შევასრულებ, ვფიქრობ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი მეორე აღარ იქნება. ყოველდღიურად უამრავი გეგმა ირევა ჩემს თავში, წინასწარ ამის განსაზღვრა ძნელია. მე აქაურ გაზეთში დავწერე, როცა ერთ-ერთ სენატორზე ვლაპარაკობდი, რომ მას თავისსავე შტატში მოწყვეტილი ერთი ეკალმოტეხილი კაქტუსი უფრო უყვარს, ვიდრე მთელი საქართველო ერთად-მეთქი, და ამაში გადაჭარბებულად არაფერი მითქვამს - მე, მაგალითად, მშობლიური ხიდან ჩამოვარდნილი ერთი ფოთოლი, შეიძლება, მთელ ამერიკას მერჩიოს, რადგან ის ჩემია. აქ დარჩენას სამუდამოდ არ ვაპირებ, ის კი უდავოდ ვიცი, რომ პოლიტიკაში არასოდეს დავბრუნდები. ამ სფეროში მე ჩემი შესაძლებლობები უკვე ამოვწურე. ალბათ, მოვა დრო და საქართველოც იქნება ისეთი თავისუფალი და განვითარებული, როგორიც სხვა ბევრი წამყვანი ქვეყანაა. როცა ჩემი თავისუფლების ხარისხი საქართველოში ისეთივე იქნება, როგორიც აქ არის, მხოლოდ მაშინ ვიფიქრებ დაბრუნებაზე.