დიქტატორები, რომლებსაც ფეხბურთი უყვარდათ

დიქტატორები, რომლებსაც ფეხბურთი უყვარდათ

მეოცე საუკუნის პირსისხლიან დიქტატორებსაც კი უყვარდათ ფეხბურთი. მაგალითად, ლავრენტი ბერია მოსკოვის "დინამოს" ფანი იყო და ეს გუნდი პავლოვიჩის ზეობის პერიოდში საბჭოთა იმპერიის საუკეთესო გუნდი გახლდათ. ადოლფ ჰიტლერი გელზენკირხენის "შალკეს" თამაშებს სიამოვნებით უყურებდა, ხოლო ფეხბურთით ყველაზე მეტად "დაავადებულნი", ესპანეთისა და იტალიის დიქტატორები - ფრანსისკო ფრანკო და ბენიტო მუსოლინი იყვნენ.

ფრანსისკო ფრანკო

 

ერთხელ, ხანშიშესულ კატალონელ ქალბატონს ჰკითხეს, ფეხბურთი არ გაინტერესებთ, მაგრამ "ბარსელონას" მიერ მადრიდის "რეალის" დამარცხება მაინც პატარა ბავშვივით გიხარიათო. წელში მოხრილი და ნაოჭებისგან დაღარული სახის მოხუცს თვალები გაუფართოვდა და რიხიანად უპასუხა:

- ფრანკო ჩვენ მამებს, ძმებსა და შვილებს კლავდა, მას კი "რეალი" უყვარდა.

ესპანელთა კაუდილიო მართლაც გიჟდებოდა "რეალზე" და მისი მმართველობის პერიოდში მადრიდელებმა მართლაც ფენომენალურ შედეგს მიაღწიეს. საშინაო არენაზე მიღწეულ წარმატებებს თავი რომ დავანებოთ, კასტილიელებმა ხომ ექვსჯერ მოიპოვეს ჩემპიონთა თასი. ამბობენ, ფრანკომ ნებისმიერ მატჩში "რეალის" შემადგენლობა "ზეპირად" იცოდა და ორგანულად ვერ იტანდა სეპარატისტულ "ბარსელონას". ეს გასაგებიცაა. მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, კატალონია კი კარგა ხნის განმავლობაში ფრანკოსთვის აუღებელ ბასტიონად რჩებოდა. თანაც, წინააღმდეგობას სათავეში "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიოლი ედგა.

ფრანკომ, ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ, კატალონიელთა ავტონომია და მასთან ერთად, კატალონიური ენის ოფიციალური ხმარებაც აკრძალა, მაგრამ "ბარსელონას" ვერაფერი მოუხერხა. იმ დროს "კამპ ნოუ" კატალონიელთათვის თავისუფლების ერთადერთი "კუნძული" გახლდათ. მარტო ამ სარბიელის ფარგლებში იყო შესაძლებელი ეროვნული დროშის აფრიალება და მშობლიურ ენაზე საუბარი. ერთ–ერთი მატჩის დროს კი, პატრიოტებმა ფრანკოს გულის გასახეთქად ტრანსპარანტი - "კატალონია ესპანეთი არაა" გამოფინეს ტრიბუნაზე.

ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გენერალ ფრანსისკო ფრანკოზე არაერთი "საფეხბურთო ანეკდოტი" შეითხზა. ერთხელ დიქტატორმა ქუჩაში ფეხშიშველა ბიჭუნა შენიშნა. ფრანკომ მანქანა გააჩერებინა, ბიჭთან მივიდა და ნებისმიერ საჩუქარს დაჰპირდა. "ორი ავტოგრაფი მომეცით, კაუდილიო", - უპასუხა მოზარდმა. გენერალი დაინტერესდა, თუ რატომ ითხოვდა ბიჭი ორ ავტოგრაფს და დამამცირებელი პასუხიც მიიღო: "თქვენ მიერ ხელმოწერილ ორ ქაღალდს ალფრედო დი სტეფანოს ავტოგრაფში გავცვლი!"

ფრანკოს რეჟიმის ზეობისას პოლიტიკა საფეხბურთო საქმეებში უხეშად და უაპელაციოდ არაერთხელ ჩარეულა. კონტინენტის 1960 წლის პირველობის მეოთხედფინალში, ესპანელებმა სსრკ–ის დედაქალაქში ჩასვლაზე უარი ბოლო წუთს განაცხადეს და დისკვალიფიკაციაც არ ასცდათ. თურმე, კომუნისტების მოძულე ფრანკოს, თავისი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტ ალფონსო დე ლა ფუენტესთვის მოგების გარანტია მოუთხოვია და რადგანაც მოსკოვში გამარჯვებას არ დაჰპირდნენ, ფრანკომ რუსეთში გასაფრენად გამზადებული ესპანელთა ნაკრები მადრიდის აეროპორტიდან უკან გააბრუნა.

დიქტატორული ქვეყნების, ესპანეთისა და საბჭოთა კავშირის "საფეხბურთო ურთიერთობა" ამით არ ამოწურულა. ამ სახელმწიფოთა ნაკრებები ევროპის 1964 წლის პირველობის ფინალში ერთმანეთს მადრიდში დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკოს დასწრებით, პირენელებმა უქართველებოდ მოთამაშე საკავშირო ნაკრებს 2:1 მოუგეს, რამაც კაუდილიო ძალიან გაახარა, ხოლო კომუნისტური პარტიის ლიდერებმა ნაკრების მთავარ მწვრთნელ კონსტანტინ ბესკოვს დაუძინებელ იდეოლოგიურ მტერთან მარცხი არ აპატიეს და იმის ნაცვლად, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მოპოვებისთვის დაეჯილდოებინათ, დაკავებული პოსტიდან მოხსნეს.

ბენიტო მუსოლინი  

გასული საუკუნის 20–იან წლებში, იტალიელი ფეხბურთელები ავსტრიელსა და უნგრელ მოთამაშეებს ჩამორჩებოდნენ და იმპერიის მობურთალები აპენინელ კოლეგებს მედიდურად ზემოდან უცქერდნენ. მდგომარეობა რადიკალურად მალე, მომდევნო ათწლეულში შეიცვალა. ამის თავი და თავი კი, ფაშისტი ბენიტო მუსოლინი გახლდათ, რომელმაც საკუთარ ხალხს ათასი უბედურება კი დაატეხა თავს, მაგრამ იტალია მართლაც მძლავრ საფეხბურთო ქვეყნად აქცია. დუჩე მალე მიხვდა, ფეხბურთს უდიდესი სოციალური მნიშვნელობა რომ ჰქონდა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას არ დაზარდა. თანაც, ხშირად მუსოლინი საფეხბურთო მატჩებზე ტრადიციული სამხედრო კიტელით კი არ ცხადდებოდა, არამედ ჩვეულებრივი მაისურათი წარსდგებოდა ტრიბუნების წინაშე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა საინფორმაციო მუშაობას და ამის წყალობით მუსოლინის მმართველობის პერიოდში იტალიის სტადიონები პირთამდე ივსებოდა, "სკუადრა აძურა" კი ორჯერ გახდა პლანეტის უძლიერესი ნაკრები.

დუჩე იტალიაში მსოფლიოს პირველობის ჩატარების იდეით იყო შეპყრობილი და საბოლოო მიზანს მეგობრის, ფიფა–ს ვიცე–პრეზიდენტის, ჯოვანი მაურას მცდელობის შედეგად მიაღწია. ქვეყანამ 1934 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება დაიბევა და მუსოლინიმაც ბრძანება გასცა - იტალიელებს რადაც უნდა დაჯდომოდათ, ტურნირი მოეგოთ. არადა, იმ დროს აპენინელებს არც თუ ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები ჰყავდათ, სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კი ეროვნული გუნდის სამხრეთ ამერიკელი იტალიელი ფეხბურთელ–რეპატრიანტების გაძლიერებით სცადეს. ბენიტო მუსოლინის "დიდი იტალიის" შექმნის იდეით გულანთებული არგენტინელი და ურუგვაელი ფეხბურთელები, ისტორიული სამშობლოს სპორტული ღირსების დაცვას დათანხმდნენ.

- თუკი ბიჭებს იტალიისთვის თავის დადება შეუძლიათ, რატომ არ უნდა ითამაშონ სამშობლოს სადიდებლად ფეხბურთი, - ეს ლეგენდარული ფრაზა "სკუადრა აძურას" მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, ვიტორიო პოცოს ეკუთვნის.

თუმცა, სამხრეთ–ამერიკელ ფეხბურთელთა გადაბირება არც თუ იოლი საქმე აღმოჩნდა. მხოლოდ მოთამაშეთა და იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობის დასტური საკმარისი არ იყო. ფიფას წესის მიხედვით, ამა თუ იმ მოთამაშეს მხოლოდ იმ ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვის უფლება ჰქონდა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამავე პერიოდში არც სხვა სახელმწიფოს ნაკრებში ეთამაშა. დუჩეს თავნებობას საზღვარი არ ჰქონდა. მან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაწესი არად ჩააგდო და მწვრთნელები აიძულა, ოკეანესგაღმელები სამუნდიალო განაცხადში შეეყვანა. ფიფა იმხანად ორგანიზაციულად ძლიერი არ იყო, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წინააღმდეგობა ვერ გაუწია იტალიელთა კანონდარღვევას და საბოლოოდ, "სკუადრა აძურამ" პლანეტის უძლიერესი ნაკრების ტიტული "დაისაკუთრა".

მეოთხედფინალში არბიტრმა აპენინელთა ხშირი უხეშობა რეაგირების გარეშე დატოვა, რის გამოც მწყობრიდან ესპანელთა ერთბაშად შვიდი მოთამაშე გამოვიდა. საქმე მაინც გადათამაშებამდე მივიდა, თუმცა, იტალიელებმა დაქანცულ პირენელებს პატიოსან ორთაბრძოლაში მაინც ვერ აჯობეს - მატჩის ერთადერთი გოლი ჯუზეპე მეაცამ წესის დარღვევით გაიტანა, ესპანელებს კი ორი ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. ყველაზე კურიოზული მაინც ავსტრიელებთან ჩატარებული ნახევარფინალი გამოდგა. მსაჯი მთელი მატჩის მსვლელობისას დაუფარავად ემხრობოდა აპენინელებს. ერთხელ კი, შემთხვევით ბურთი მიუგორდა და მანაც მოხდენილი პასით იტალიელთა შეტევა წამოიწყო.

მუნდიალის ფინალიც მუსოლინის მიერ შედგენილი სცენარით წარიმართა. ტრიბუნების ზეწოლას 28 წლის შვედმა არბიტრმა, ივან ეკლინმა ვერ გაუძლო. თანაც, მსაჯი გადამწყვეტი მატჩის წინ სამთავრობო ლოჟაში შენიშნეს, როდესაც დუჩე "ინსტრუქტაჟს" უტარებდა. რას ითხოვდა მუსოლინი ეკლინისგან, ძნელი მისახვედრი არაა.