„მსოფლიოში თამასის დაბლა დაწევას არ ვაპირებთ“

„მსოფლიოში თამასის დაბლა დაწევას არ ვაპირებთ“

მათი მოთხოვნით, ცეკვისას ბიჭები წელს ზევით შიშვლები უნდა ყოფილიყვნენ და გოგონების სამოსშიც უნდა შეეტანათ კორექტივები.

ამ საკითხზე, ანსამბლის პროგრამასა და გეგმებზე "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს ვესაუბრეთ.

ჯემალ ჭკუასელი: ყველაზე დიდი სიახლე ფოლკლორში კარგად დავიწყებული ძველი არის და კარგად დაბრუნება სიძველესთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს სიახლე მივიტანოთ მაყურებლამდე გარკვეული შეფუთვით.

საერთოდ, ფოლკლორში სიახლე ცოტა ზოგადი ცნებაა. ახლა ისევ ისე ვმღერით "ხასანბეგურას" და შემდეგშიც ასევე ვიმღერებთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის და როგორაა მიწოდებული ესა თუ ის შოუ-პროგრამა თუ საკონცერტო პროგრამა, მაგრამ ვრჩებით პირველწყაროს ერთგულები.

არ არსებობს დღე, რომ სიახლე არ შევიტანოთ და არ არსებობს ისე, რომ არ გადაახალისო რამე. მაგრამ ამას მხოლოდ პროფესიონალი მაყურებლები ხვდებიან. ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე უცხოელები. რუსთაველზე "ერისიონის" აბრას რომ დაინახავენ, შემოდიან და გვთხოვენ, რომ რეპეტიციას დავასწროთ. ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე - რამდენი რამე შეგიცვლიათო.

ჩვენ გვაქვს სანახაობითი, ანუ შოუ-პროგრამა. ეს არის სცენაზე ასული ხალხური სიმღერა და ცეკვა. რომელიც უკვე სხვა ფუნქციას იძენს. ეს არის უკვე კომერცია. უნდა შეავსო ოთხ-ხუთათასიანი დარბაზი. ამას სულ სხვა რაღაც სჭირდება.

ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა პროგრამას, სხვადასხვა ვარიანტებით და ამას ვუსადაგებთ თანამედროვე განათებას და გახმოვანებას. გახმოვანების გარეშე დიდ დარბაზში მყოფ მაყურებელს ვერაფერს ვერ გააგონებ. ამას გარდა გვაქვს ეკრანი, რომელზეც წარსულს ვაცოცხლებთ.

ერთი სიტყვით, თანამედროვე ტექნიკა ჩართული გვაქვს ბოლომდე. მაყურებელს შემჩნეული ექნება, რომ ჩვენი კონცერტების მსვლელობისას საქართველოს სხვადახვა კუთხეს ვაჩვენებთ ეკრანზე ვიდეო-ეფექტებით. ეს ყველაფერი ქმნის სანახაობას, რასაც შოუ ჰქვია.

"ქართული საგანძური" ფაქტობრივად ახალი პროგრამაა, რომელიც იანვარში წარადგინეთ. ამავე პროგრამით აპირებთ წარდგენას მაყურებლის წინაშე, თუ ახალ პროგრამაზე მუშაობა?

- ჩვენ ყოველთვის ვცვლით პროგრამას. "ქართული საგანძური" კი ახალი პროგრამაა, მაგრამ უკვე სხვა პროგრამაზე ვფიქრობთ. შეიძლება იმ ახალ პროგრამას სხვა სახელი ჰქონდეს.

ჩვენ "ქართული საგანძურით" გამოვედით ბაქოში, მოსკოვში, გერმანიაში, კიევში. "ქართული საგანძური" მაყურებელზე გამოვცადეთ. ახლა ეს პროგრამა დაიხვეწა და საბოლოო სახე მიიღო.

მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ერთი ფოლკლორული ქართული სიმღერა ათ "ერისიონს" გადაწონის. რაც გააკეთოს "ერისიონმა", ერთი უბრალო ხალხური სიმღერა ჯობია ჩვენს ნაკეთებს, იმიტომ, რომ ის არის ფუძე, ყველაფრის საფუძველი და თუ დავივიწყებთ ნამდვილ ხალხურ სიმღერასა და ნამდვილ ქართულ ცეკვას და ბოტასებით ცეკვას დავიწყებთ, ეს არ ივარგებს.

არ შემიძლია რომ არ ვთქვა: ბოტასებით როკ-ენ-როლი შეიძლება იცეკვო. ქართული ცეკვის შესრულება ბოტასებით არ შეიძლება. რატომ უნდა გამოვხატოთ ასეთი უცნაური ფორმითა და შინაარსით? ყველა ჩვენს ხალხურ საქრესტომათიო სიმღერას დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს. შენ რატომ იგონებ ახალ ველოსიპედს, არ ვიცი, და თუ იგონებ, იმაზე უკეთესი უნდა გამოიგონი, ვიდრე არის.

უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ ისეთივე გრანდიოზული კონცერტის ჩატარებას საქართველოში, როგორიც იანვარში გქონდათ?

- ახლა გვექნება, ალბათ, ისევ იანვარში. საკონცერტო დარბაზი იხსნება და ალბათ გავმართავთ კონცერტებს, მაგრამ ვინაიდან ხალხის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია საქართველოში, ბილეთების ფასი ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ გრანდიოზული შოუ გავაკეთოთ, თუ არ დაგვაფინანსეს.

საქართველოში ჩვენი ყველა შოუ აუცილებლად დამყარებულია იმაზე, დოტაციაზე იქნება თუ არა ეს შოუ-პროგრამა. შარშან ასე დაგვეხმარნენ და ახლაც ვცდილობთ, რომ მოვნახოთ ადამიანები, რომ ხალხმა შეძლოს ბილეთების ყიდვა და მოსვლა. შარშან თუ არა დავით ბეჟუაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ავთანდილ წერეთელის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, "პირველი არხისა" და გია ჭანტურიას დიდი თანადგომა, ვერ შევძლებდით ამ დიდი შოუ პროგრამის ჩვენებას მაყურებლისვის. წელსაც ვცდილობთ, რომ იმ ხალხის დახმარებთ, ვისაც ქართული ფოლკლორი უყვარს, ვაჩვენოთ იანვარში განახლებული პეროგრამა. თუმცა ოპერაში შარშან თხუთმეტი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები საქართველოსთვის ძალიან ძვირი ღირდა.

ჩვენთან კიდევ ის არის სიახლე, რომ უკვე ამერიკელი პროდიუსერის გარეშე ვმუშაობთ. იმ ხალხთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთეს. ჩვენ კიდევ შვიდ წელიწადს უნდა გვემუშავა ერთად, მაგრამ აღარ ვიმუშავებთ.

რა გახდა კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი?

- რაღაცების გადაკეთება მოინდომეს, რაზეც ვერ შევთანხმდით.

კერძოდ?

- წელსზევით გახდა მოგვთხოვეს. გამოდიოდა, რომ ბიჭებს ჩოხები უნდა გაეხადათ, გოგონებს დეკოლტეები უნდა ჩაეცვათ. ისინი ყველაფერზე აკეთებენ ფსონს, ისინი, შედეგზე ორიენტირებული ხალხია და არ ენაღვლებათ ხელოვნება.

ზოგჯერ ბრაზდებიან ხოლმე, რომ ქვეყანას, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის, ასეთი მაღალი კულტურა აქვს. ამაზე ბრაზდებიან ხოლმე. ცდილობენ, როგორმე თავისი შემოიტანონ და მერე თქვან: ეს ჩვენიც ხომ არისო. აი, ასეთი რაღაც ხდება.

მე შეიძლება ამაზე საერთოდ არ დამეწყო ლაპარაკი და დღის სინათლე არ ენახა ამას, მაგრამ მე ვაფრთხილებ ქართველებს, რომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ათასწლეულებში გამოტარებულ ხალხურ სიმღერას, ცეკვას და შემოქმედებას ძალაუნებურად ნუ გადააქცევენ რაღაც სუროგატად. ის, რაც გვაქვს ჩვენ და რაც მთელ მსოფლიოს მოსწონს, ის თუ არ შევინარჩუნეთ, ხვალ ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. ერთი დღით არ ვცხოვრობთ.

ახლა ქართულ კულტურას და ქართულ ფოლკლორს ძალიან უჭირს. ამას ხელს უწყობს კრიზისი, მეტადრე ჩვენისთანა დიდი ანსამბლებისათვის. არსებობს მრავალი პრობლემა და თუ არ ხარ ძალიან ძლიერი და ორიგინალური, არ არსებობს სხვანაირად გაიკვლიო გზა. მითუმეტეს, ხალხურ შემოქმედებას როცა ახსენებენ, სკეპტიკურად გვიყურებს, ვინც არ გვიცნობს.

მსოფლიოს ყველა ხალხს აქვს საკუთარი ფოლკლორი და რაღაცას ეჭიდებიან. მაინც ის არ გამოსდით, რაც უნდა იყოს. ჩვენ კი ის გვაქვს, რაც უნდა იყოს. ეს არის უმაგალითო სიმღერა და ცეკვა, რომელიც ოცდამეერთე საუკეუნეში "იუნესკომ" აღიარა მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური აზროვნების შედევრად. ამაზე მეტი რა უნდა გვქონდეს? თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ვეძებდეთ.

პროდიუსერის გარეშე დამოუკიდებლად აპირებთ მომავალი გეგმების შესრულებას, თუ სხვა პროდიუსერის ძიებაში ხართ?

- დამოუკიდებლად ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მოწვევა. "ერისიონს" იცნობენ, ნახულობენ და დაინტერესებულები არიან, რომ კვლავ ნახონ. მაგრამ ამ მიწვევებში არსებობს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ როცა გვიწვევენ, კარგი კონცერტის ჩასატარებლად ორმოცდაათი ან სამოცი ადამიანით მაინც უნდა წავიდეთ. ისინი კი გვეუბნებიან, რომ ოცდახუთი ადამიანით წამოდითო. ეს უკვე ნახევრად შესრულებული საქმეა და ამას დიდ შოუს ვეღარ დაარქმევ.

ჩვენ გუნდები გვაქვს. საზეიმო, სარიტუალო, საფერხულო ცეკვები და სიმღერები გვაქვს. ოცდახუთი ადამიანი არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას, კერძოდ პოლიფონიას, ასრულებს სამი კაცი და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, დამატებით ადამიანებია კიდევ საჭირო.

მაგალითად, "ჩაკრულოს" ორი სოლისტი მღერის, მაგრამ ოცი ბანი მაინც სჭირდება, რომ ნორმალური გამოვიდეს. გამარჯვების სიმღერას რომ მღერი და რომ ცეკვავ, ფერხულია ეს თუ ხორუმი, კოშკების აღების იმიტაციას რომ ათი კაცით ვერ გააკეთებ, გასაგებია. არადა ქართული ხალხური შემოქმედების ყველაზე დიდი შედევრი არის სწორედ ეს საფერხულო სიმღერები და ცეკვები.

დამფინანსებელს უნდა, რომ ფული გააკეთოს და ხვალ შენ არ ენაღვლები. მაგრამ ჩვენ ისეთი გეზი გვაქვს აღებული და ისე გაამართლა ამან, რომ მსოფლიოში თამასის დაბლა დაწევას არ ვაპირებთ, ან უნდა ვიყოთ - ან არა.

"ერისიონის" საგასტროლო გეგმები როგორია?

- საგასტროლო გეგმები გვაქვს ძალიან დიდი. დღეში ორი მოწვევა მაინც გვაქვს, მაგრამ ათიდან შეიძლება ერთმა გაამართლოს მხოლოდ. ჩვენ ჩვენი კრიტერიუმი და საზომი გვაქვს. რაც უნდა ვილაპარაკოთ იმპროვიზაციაზე, მაინც არსებობს ჩარჩოები, რომელსაც ვერავინ ავცდებით.

ახლა, 23 რიცხვში, კიევში მივდივართ. იქ ორ კონცერტს ჩავატარებთ მხოლოდ. იმიტომ, რომ შემდგომში უფრო გრძელვადიან გასტროლებს ვგეგმავთ უკრაინაში. იგეგმება გასტროლები ევროპაშიც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სანამ ხელი არ მოეწერება, არ ვამბობთ ხოლმე.

დღეს ჩინელებიც იყვნენ. მიწვეული ვართ შანხაიში. ხელშეკრულებას ვაფორმებთ ახლა. კაცი აღფრთოვანებული იყო - რაც შეიძლება მალე მინდა რომ ჩამოხვიდეთო.

ჩვენი მიზანია, რომ სადაც წავალთ, იქ ყველგან გრანდიოზული შოუ ჩავიტანოთ და ამით მაინც დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს.