ციხის პირობებმა გიორგი დემეტრაძე თვითმკვლელობის ზღვრამდე მიიყვანა

ციხის პირობებმა გიორგი დემეტრაძე თვითმკვლელობის ზღვრამდე მიიყვანა

ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის საქმეს მისი ადვოკატები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. მანამდე დემეტრაძე საკასაციო საჩივრის განხილვისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ცნობილი ფეხბურთელი გასულ წელს დააკავეს და ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა წაუყენეს. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასჯელს ამჟამად რუსთავის 6-ე საპყრობილეში იხდის. რამდენიმე ხნის წინ მისი ადვოკატი მარიკა ფხალაძე იუწყებოდა, რომ დემეტრაძე თვითმკვლელობის ზღვარზე იყო მისული იმ არაადამიანური პირობების გამო, რომელშიც 3 კვირის განმავლობაში ციხეში იმყოფებოდა. ასეთი დასჯის მიზეზი დღემდე, როგორც ბრალდებულისთვის, ასევე მისი ადვოკატისთვის, უცნობია.

"სარკეს" დემეტრაძის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე ესაუბრება.

- ამჟამად გიორგი დემეტრაძე რუსთავის 6-ე დაწესებულებაში იმყოფება. დღევანდელი მონაცემებით, მისი მდგომარეობა ნორმალურია. მას უკვე აქვს პირადი საკერდიტო ბარათით სარგებლობის უფლება, რისი საშუალებითაც პირადი ჰიგიენის ნივთებს და საკვებს ყიდულობს. მისი ყოველი დილა ლოცვით და ვარჯიშით იწყება. დღეში 1 საათი ჰაერზე გამოსვლის და სეირნობის საშუალება აქვს. შემდეგ საკანში ბრუნდება. კითხულობს გაზეთებს, წიგნებს. ასეთია მისი ყოველდღიური ყოფა. საკანში მარტო არ გახლავთ, მასთან ერთად კიდევ ორი პატიმარი იმყოფება. როდესაც გლდანის საპყრობილეში იყო, აქტიურად ვარჯიშობდა, მაგრამ რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, 3 კვირა საკვებს ვერ იღებდა, ჰაერზე ვერ გადიოდა, ამიტომ ასეთ პირობებში ვერ ივარჯიშებდა, ფიზიკურად ვერ გაუძლებდა. მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოეხსნა, საშუალება აქვს, ივარჯიშოს. ურთულეს და უმძიმეს პირობებს გაუძლო.

 ამდენიმე ხნის წინ თქვენ იუწყებოდით, რომ გიორგი დემეტრაძეს შეიძლებოდა, თავი მოეკლა. რის საფუძველზე ავრცელებდით ამ ინფორმაციას?

- როგორც გითხარით, გლდანის საპყრობილიდან რუსთავის 6-ე დაწესებულებაში რომ გადაიყვანეს, მას მთელი 3 კვირის განმავლობაში საშუალება არ ჰქონდა პირადი ბარათით ესარგებლა, რითაც შეეძლო პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენა და საკვების ყიდვა. ის ციხის საკვებით ვერ იკვებება, ერთი–ორჯერ მიიღო ის საკვები და ცუდად გახდა. ამიტომ 3 კვირის განმავლობაში მხოლოდ ხილს ჭამდა. ახლობლებს ციხეში მხოლოდ ხილის და წვენის შეტანის უფლება აქვთ. 3 კვირა კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდიც კი არ ჰქონდა, პირს ვერ იპარსავდა.  დემეტრაძე ამბობდა, რომ ის ძალიან ცუდ მგომარეობაში იყო და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აპირებდა, რადგან ასეთ სიტუაციას დიდხანს ვერ გაუძლებდა.

რატომ დასაჯეს ასე, რატომ არ ჰქონდა ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობის უფლება?

 -  მოტივი და მიზეზი, თუ რატომ არ აძლევდნენ გიორგის ბარათით სარგებლობის უფლებას, უცნობი იყო. მიზეზს არ ასახელებდნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სახელზე დავწერეთ განცხადება, რომ მას ბარათით სარგებლობის უფლებას უზღუდავდნენ. ციხის ადმინისტრაციასაც მივმართეთ, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მასთან საკანში მყოფი ორი პირიც ანალოგიურ რეჟიმში ცხოვრობდა. შემდეგ დემეტრაძეს უთხრეს, რომ თურმე საკანში აღმოაჩინეს თოკი, ამის გამო იყვნენ დასჯილნი და ერთი კვირის განმავლობაში ბარათით ვერ ისარგებლებდნენ.

ისმის კითხვა: საკანში თოკი საიდან უნდა მოხვედრილიყო, როცა პატიმრები სრულ იზოლაციაში არიან?! ერთკვირიანი დასჯის რეჟიმი 3 კვირა გაგრძელდა. თუ ვინმეს ამით მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა სურდა, რომ მას დანაშაული ეღიარებინა, ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან ახლა მისი საქმე ისეთ სტადიაშია, აღიარებას არანაირი აზრი არ აქვს.

თავად რას ამბობს, რის გამო დასაჯეს?

- თვითონაც ვერ ხსნის, ეს რის გამო მოხდა. ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება ვილაპარაკოთ. სამდღიანი საკარანტინო რეჟიმის გამო გიორგი ძალიან აღშფოთებული იყო. მაშინვე მიმართა დეპარტამენტს და თავისი უფლებების დაცვა ითხოვა. შესაძლებელია სწორედ მის ამ განცხადებას მოჰყვა ასეთი რეაქცია.

რა სტადიაშია ახლა დემეტრაძის საქმე? როგორ აპირებთ მისი უფლებების დაცვას?

- ამჟამად საქმე საკასაციო სასამართლოშია. უზენაეს სასამართლოს საქმის განხილვის ექვსთვიანი ვადა აქვს, მან უნდა გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა საჩივრის მიღებას და განხილვას საჭიროდ. დიდი ალბათობა არსებობს, რომ როგორც საქმეების 90 პროცენტზე ხდება, უზენაესმა სასამართლომ ეს საჩივარი დაუშვებლად ცნოს. ამჟამად მის გადაწყვეტილებას ველოდებით. ამის შემდეგ გიორგი დემეტრაძის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ. გამოძიების განმავლობაში ბევრი დარღვევა მოხდა. ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა გარემოებების გათვალისწინებით ედება დემეტრაძეს ბრალი.

ის დაახლოებით, წელიწადი და 4 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფება. 6 წელი აქვს მისჯილი. თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის მასალების მიხედვით, ელემენტარული მტკიცებულება არ არსებობს, სასამართლომ ჩათვალოს, რომ დემეტრაძე ქურდული სამყაროს წევრია. საუბარი აღარ მაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს.

ბრალის აღიარების შემთხვევაში გათავისუფლება შესთავაზეს?

- არა, ბრალის აღიარების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებაზე იყო საუბარი. მან ბრალი არ აღიარა იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმებაც არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემთხვევაში დემეტრაძე ერთწლიან პატიმრობას მოიხდიდა. ეს ვადა უკვე გასულია და დღეს თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან ქურდული სამყაროს წევრად თავს არ თვლის.

სატელეფონო ჩანაწერები ხომ აჩვენეს? თავად რა კომენტარს აკეთებს ამაზე?

 -  იმ სატელეფონო საუბრების მიხედვით, რაც საქმეშია, ვახტანგ ყიფიანის მეგობარი, დავით გაგნიძე, რომელიც ახლა დემეტრაძესთან ერთად არის დაკავებული, გიორგის შეხვედრას სთხოვს. გიორგი მას ეკითხება, რასთან დაკავშირებით სურს შეხვედრა, რაზეც გაგნიძე პასუხობს, რომ ამას მაშინ გაიგებს, როცა შეხვდება. ვახტანგ ყიფიანი კიევში დემეტრაძესთან ცხოვრობდა. მოკლედ, ის გიორგის უნდა შეხვედროდა იმისათვის, რომ თანხა გადაეცა, რომელიც მას ვინმე ფეიქრიშვილისთვის უნდა მიეცა. ერთ–ერთ პოლიციელს პროცესზე დავუსვი კითხვა, თანხის გადაცემა ითვლება თუ არა დანაშაულად. მიპასუხა, მარტო თანხის გადაცემა დანაშაული არ არისო. სამწუხაროდ, სასამართლომ შეკითხვა მოხსნა. ბუნებრივია, პასუხიც არ დაფიქსირდა.

სატელეფონო საუბრიდან კარგად ჩანს, რომ დემეტრაძემ არ იცოდა, გაგნიძეს რატომ უნდა შეხვედროდა. როგორც კი მივიდა მასთან შესახვედრად, მაშინვე დააკავეს. ასევე დააპატიმრეს გაგნიძეც. რამდენიმე პოლიციელიც დაიკითხა, მაგრამ მათგან არავის უთქვამს, რომ დემეტრაძეს, როგორც კრიმინალს, ისე იცნობდნენ. პირიქით, ისინი ამბობდნენ, რომ მას იცნობდნენ, ოღონდ, როგორც კარგ ფეხბურთელს. ქურდული სამყაროს წევრობისათვის დამახასიათებელი ნიშანია დაშინებით, მუქარით, შანტაჟით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებით რაიმეს გამოძალვა, დემეტრაძის საქმეში კი მსგავსს ვერაფერს ნახავთ.

ფეხბურთელის ოჯახის წევრები რას ამბობენ?

- ოჯახის წევრები გაოცებულები და გადარეულები არიან. მთელი ძიების განმავლობაში უცნობი იყო, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით წაუყენეს გიორგის ბრალი. გიორგის დედა გარდაცვლილია. მას მამა და და ჰყავს. ოჯახის წევრებს თვეში ერთხელ ნახულობს. დარეკვის საშუალება კი ორ კვირაში ერთხელ აქვს. ის, თუ რატომ მოხდა მის თავს ეს ყველაფერი, ბევრჯერ გვიკითხავს მისთვის. გიორგის კი ასეთი პასუხი აქვს - რაღაც ეჭვები, ვარაუდები მაქვს, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ასე ხელაღებით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვიო. ყველა სიტყვას მტკიცებულება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, დემეტრაძეს არ აქვს.