მას საზოგადოება იცნობს, როგორც მედია-ბიზნესმენს, ახლა უკვე ოპოზიციაში გადაბარგებულ ყოფილ დიპლომატსა და პოლიტიკოსს. ჩამოთვლილი რეგალიების გარდა, იგი კიდევ ბევრ პროფესიას ითავსებს. მისი მთავარი პრინციპი ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. ჩვენი რესპონდენტია „ფონდ 2020-ის“ პრეზიდენტი, ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის მფლობელი, ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც გამონაკლისი გააკეთა და პირად საკითხებზეც ალაპარაკდა.
ბატონო ეროსი, გარეგნულად საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება გაქვთ, ამავდროულად, კონსერვატორის შთაბეჭდილებასაც ტოვებთ. ხომ არ ვცდები?
- ძნელია საკუთარ თვისებებზე საუბარი, იმას კი გეტყვით, რომ ხასიათით, ალბათ, უფრო მაქსიმალისტი ვარ, ვიდრე კომფორმისტი. არის საკითხები, რაც, შემიძლია, დავთმო, ან, პირიქით გააჩნია - შემთხვევას. ისე, გირჩევთ, თუ ჩემი დახასიათება გაინტერესებთ, ჩემს მეგობრებს ჰკითხოთ.
ის მაინც მითხარით, კარიერაზე წინ ოჯახს აყენებთ, თუ - პირიქით?
- ერთი მხრივ, კარიერისტობა ცუდია, თუ სახელმწიფო სამსახურში აღმასვლის გზით სიარულს გულისხმობთ. მე სახელმწიფო სამსახურში ორჯერ ვიყავი, ხანმოკლე დროით და ამაზე გული არ მწყდება, რადგან ვცდილობ, ვიყო თავისუფალი ადამიანი. რასაც ვაკეთებ, ჩემი შექმნილი ბიზნესია - თავად ვქმნი იმ სივრცეს, რომელშიც მინდა ცხოვრება და მიჭირს ისეთი ტიპის ურთიერთობა, რასაც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა ჰქვია.
უკვე ახსენეთ, რომ სახელმწიფო სამსახურში თქვენი მოღვაწეობა ხანმოკლე გამოდგა. ეს იმით ხომ არაა გამოწვეული, რომ არასანდო პარტნიორი ხართ?
- მე ვარ იმ პრინციპის მომხრე, რომ უნდა ეძებო სიახლე, ცხოვრებაში ყველაფერი გაინტერესებდეს - მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს შესაძლებლობა, აღმოაჩინო ახალი სივრცეები, როცა შენი შესაძლებლობის ზღვარს ხედავ. მე 30 წლის განმავლობაში დავდიოდი მთაში - ალპინიზმით ვიყავი გატაცებული. ახლაც, თავისუფალი დროის გამონახვისას, სიამოვნებით ვუბრუნდები ძველ გატაცებას. ამიტომ თანამდებობის ცვლა ბუნებრივია და ეს არასტაბილურობასთან კი არა, ცნობისმოყვარეობასთან უფროა კავშირში.
ბატონო ეროსი, თუ ხართ ბუნებით ერთგული ადამიანი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ, როცა ოპოზიციაში გადაბარგდით, ზოგმა მოღალატის იარლიყი მოგაწებათ...
- მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა „მოღალატე“ - ერთგვარად გაცვითეს და საღეჭ რეზინად გადაიქცა. კანონმდებლობით, ეს სიტყვა უმძიმეს დანაშაულთანაა დაკავშირებული. ხელისუფლება უმსგავსოდ იქცევა, როცა ამ სიტყვას ჰაიჰარად იყენებს, ცუდად წააჩვია ენა. ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოება, როცა მიისწრაფის ტოლერანტულობისკენ, ევროინტეგრაციისკენ, ლიბერალიზმისკენ, ეს სიტყვა ძალიან მახსენებს 1937 წლის ინკვიზიციას. ეს სიტყვა დამახასიათებელია ავტორიტარული, ტოტალიტარული რეჟიმებისთვის. როცა სააკაშვილმა დაინახა, რომ ვეღარ მოახდინა განვითარების შემდეგი ეტაპის უზრუნველყოფა, გადაწყვიტა, ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მათ შორის, იმგვარი უსინდისო ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფსევდოპატრიოტიზმი, რომლითაც იწამლება ახალგაზრდა თაობა.
ნათქვამია, ადამიანი კარგად რომ გაიცნო, მასთან ერთად ცხრა ფუთი მარილი უნდა შეჭამოო. თქვენ არ გემუქრებათ ამის გაკეთება, რადგან ადამიანის გასაცნობად მთაში მოგზაურობა იდეალური ვარიანტია. მახსოვს, როცა გია თორთლაძე სააკაშვილის მეგობარი იყო, მას სამოგზაუროდ ევერესტზე ეპატიჟებოდა. თქვენ ვის დაპატიჟებდით მთაში?
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ერთხელ მაინც უნდა ავიდეს მთაში. ჩვენ გვაქვს უამრავი მწვერვალი, ვართ მთის ქვეყანა, ალპინისტობა კარგია ჯანმრთელობისთვის, სულიერი სიმშვიდისთვის და, სულ მცირე, კაცი იქ ცნობისმოყვარეობის გამო მაინც უნდა წავიდეს. ასე რომ, მთაში ყველას წავიყვანდი, არ ღირს გულნატკენი დავტოვო ვინმე. ამით ორ კარგ საქმეს გავაკეთებდი: დამსვენებლები იქნებოდნენ კარგ ფიზიკურ კონდიციაში და ხელს შევუწყობდი ტურიზმის შემოდინებას. სამთო ტურიზმი ძალიან პოპულარული სახეობაა ევროპაში.
თუ მიგიღწევიათ ალპინიზმში წარმატებისთვის, კერძოდ, რომელი მწვერვალი გაქვთ დაპყრობილი?
- მე ბევრ მწვერვალზე ავსულვარ. კავკასიონის ბევრ მწვერვალზე და პამირის 7 000 მეტრის პიკზეც ვარ ნამყოფი, აფრიკაში კილიმანჯაროზე, ჩრდილო ამერიკაში სხვადასხვა მწვერვალზეც გახლდით, მხოლოდ ევერესტზე ასვლაღა მაკლია და ამ ოცნებასაც უსათუოდ ავისრულებ.
ცხოვრებაში რა მწვერვალი გაქვთ დაპყრობილი?
- უკვე ვახსენე, რომ ჯერ ევერესტზე არ ავსულვარ - ეს ჩემი ოცნებაა. ახლა ისეთ ასაკში ვარ, როცა ადამიანები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აღწევენ ფიზიკური, ინტელექტუალური კონდიციის თვალსაზრისით. ამიტომ, მაცადეთ, ბატონო, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, სულ რაღაც 45 წლის ვარ.
გემჩნევათ, გურმანიც უნდა იყოთ...
- მე მიყვარს გემრიელი კერძები, საკმაოდ კარგად ვიცნობ მსოფლიო სამზარეულოს, რადგან წლების განმავლობაში ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და მრავალნაირი კერძის დაგემოვნება მიწევდა. ასევე, მიყვარს კარგი ღვინოც.
თავად თუ გიცდიათ რომელიმე კერძის მომზადება?
- კერძების კეთება ალბათ შემიძლია, მაგრამ, ძალიან დიდი ხანია, კერძი არ მომიმზადებია - არ მქონია ამის საშუალება. არსებობენ ამ საქმეში დიდოსტატები და, ჯობია, მათი მომზადებული საჭმელი დავაგემოვნო. შეგახსენებთ, მთამსვლელი ვიყავი და ამიტომაც თავს ყველა მიმართულებით უზრუნველვყოფ: თუ საჭიროა, კერძსაც მოვამზადებ და შარვალსაც დავიუთოებ - ჩემთვის ეს საპრომლემო საქმე არაა. მე არსად ყოფნა არ გამიჭირდება - არც მთაში, არც ზღვაზე, არც ქვაზე, არც უდაბნოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ანტარქტიდაზეც კი.
ძალიან საინტერესოა. გამახსენდა ერთი ცნობილი გამონათქვამი: კუჭს გააღორებ ღორია, გააქორებ - ქორიაო. ამ მხრივ როგორ ხართ?
- მე მშვიდად ვრეაგირებ საჭმელზე. მთაში რისი ჭამის საშუალებაც მქონდა, იმას გეახლებოდით. ჩემი დისკომფორტის საგანია არა საჭმელი, არამედ საქმიანობაში წარუმატებლობა. რაც შეეხება კვებას, მიყვარს კარგი სამზარეულო, ძირითადად, ვცდილობ, დავიცვა ბალანსი ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების წესს შორის. ჩემი ცხოვრების რიტმით სრულიად კმაყოფილი ვარ - ესაა დღის განმავლობაში 3 საათი ფიზიკური აქტივობა: ერთ საათს ცხენით ვსეირნობ, მერე კი, მაგიდის ჩოგბურთის თამაშს ორ საათს ვანდომებ, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს.
გამოდის, აქტიურად მისდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს...
- დიახ, ვცდილობ. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია, რადგან ძირითადად არაჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ. ვეწევით სიგარეტს (თუმცა, მე არასოდეს მომიწევია), რომელსაც მიაქვს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის 15 პროცენტი. ამას გეუბნებით, როგორც ყოფილი ექიმი. უხარისხო ალკოჰოლი და სასმლის არასწორად მიღება, ცხიმიანი და ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე საკვები, ჰიპოდინამია, სტრესები - ეს ყველაფერი ქმნის იმ სიტუაციას, როცა საქართველოში მცხოვრები მამაკაცების დიდი ნაწილის საშუალო ასაკი 55 წლამდეა დასული, რაც კატასტროფაა. ჩემი მიზანია, საკუთარი მაგალითით ვუჩვენო ყველას, როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება. ასევე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ესაა გარკვეულ ტონუსში ყოფნა, რომ კარგად გააკეთო საქმე. თუ ჩვენ სწორად დავაბალანსებთ საკუთარ აქტივობას, მოსალოდნელ საფრთხეებს ნამდვლად ავიცილებთ თავიდან. სპორტი ჩემთვის არის ჯანმრთელობის შენარჩუნების ინსტრუმენტი. მინდა, ვიცოცხლო დიდხანს, რადგან კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ამიტომ, თუ სპორტს მისდევ, ცხენი და ჩოგბურთი ამ თვალსაზრისით ჯანმრთელი ცხოვრების მაგალითია.
ცხენზე კარგად ჯირითობთ?
- კარგად - ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, ვზივარ, რა, არა მიშავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მწვრთნელი ამბობს, რომ პროგრესი მქონდა. ადრე, როცა რაჭაში ექიმად ვმუშაობდი, მაშინ შემეძლო, სოფლებში ცხენით მემოძრავა, ახლა უფრო აქტიურად ვზივარ, რეგულარულად. 365 დღის განმავლობაში რომ მოახერხო ვარჯიში, ამისთვის ხან პირობები არაა, ხან კი - შესაფერისი ამინდი. სპორტის ეს ორი სახეობა, პლუს ალპინიზმი ის სივრცეა, რომელშიც დიდ სიამოვნებას და ახალ ენერგიას ვიღებ, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება.
სიგარეტს რომ არ ეწევით, ეს უკვე ვიცით, ღვინოსაც არ ეტანებით?
- მე მიყვარს კახური ღვინო, მაგრამ, კარგად ვიცნობ ევროპულ, სამხრეთაფრიკულ, ავსტრალიურ და ამერიკულ ღვინოებსაც. დღეში ერთი ჭიქა კარგი ღვინის დალევა ჯანმრთელობისთვის გადასარევია. რაც შეეხება თამადობასა და ჭიქების ჭახუნს, ამგვარი „კლასიკური სმის“ პროცედურასა და უხარისხო ღვინოების მიღებაზე მომენტალურად უარს ვამბობ. ქართული ღვინოებიდან მიყვარს „საფერავი“ და „მუკუზანი“, ასევე „ქისი“, „ცოლიკაური“, თუმცა, დღეს ჩამოსასხმელი ღვინოების დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია.
არადა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართული ტრადიციული სუფრა ღვინის, დუდუკისა და ქალების გარეშე ეშხს კარგავს...
- ეს ვარიანტი ძალიან ყარაჩოღლურია, ამიტომ, მე მაგ ეშხს ვერ გავიზიარებ.
მაინც, ამ სამი ვარიანტიდან რომელი უფროა მისაღები თქვენთვის?
- მოდი, სერიოზულ თემებზე გავაგრძელოთ საუბარი... მუსიკიდან მიყვარს ჯაზი - ცოცხალი შესრულებით ბევრი გამოჩენილი ჯაზმენი მყავს მოსმენილი.
მართალია, მშვენიერი მეუღლე გყავთ, რომელიც ასევე მშვენიერი მოდელების გარემოცვაში ტრიალებს, თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ, მაინც საინტერესოა, გაგვანდოთ - როგორი ქალები გხიბლავთ?
- მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ სამი უმშვენიერესი ქალის გარემოცვაში ვტრიალებ - ვგულისხმობ ჩემს მეუღლესა და ორ ქალიშვილს. შესაბამისად, სხვა ინტერესი ამ მიმართულებით არ მაქვს. ესთეტიკურ სიამოვნებას ქალი ყოველთვის მანიჭებს - ამ მხრივაც ბედნიერი ადამიანი ვარ და კმაყოფილი იმ ქალით, რომელიც გვერდით მყავს. იღბლიან კაცად მიმაჩნია თავი, რადგან მყავს ფანტასტიკური მეუღლე, ნორმალური შვილები, ბედნიერი ოჯახი და სხვა მხრივაც არ ვუჩივი ბედს, რადგან, რაც დავისახე მიზნად, იმას მივაღწიე.
როგორი იყო თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია?
- ჩვეულებრივი, ალბათ ბანალური, რადგან არაბანალური ისტორია მხოლოდ რომეო და ჯულიეტასია და ასეთი ტრაგიკული სიყვარული, საბედნიეროდ, არ გვქონია - გავიცანით ერთმანეთი და ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით.
ურთიერთობებში რომელი მათგანი უფრო აქტიურობდა?
- მეც და იაც ლიდერები ვართ, ჩემო კარგო და, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ერთმანეთის ფუნქციებში არ შევიჭრათ. უკვე 19 წელია, ერთად ვართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იღბლიანი გამოდგა ჩვენი ქორწინება.
მოდი, ახლა თქვენი აზარტულობის კოეფიციენტი შევამოწმოთ...
- ინტელექტუალური თამაშები ძალიან მიყვარს, როგორიცაა ჭადრაკი და პრეფერანსი, სამაგიეროდ, კაზინო არ მხიბლავს, მსოფლიოს ყველა ცნობილ კაზინოში ვარ ნამყოფი, მათ შორის, ლოს-ანჯელესის, ბელაჟიოს, მონტე კარლოს გრანდიოზულ კაზინოებშიც, მაგრამ, არა იმიტომ რომ მომეგო, არამედ იმისთვის, გამეგო, რა ხდება იქ. როცა აპრიორი ვიცი, რომ კაზინომ უნდა მომატყუოს და წამართვას ფული, რატომ უნდა ვითამაშო, ვერ ვხვდები.
თქვენ ხართ გურული, შესაბამისად, ფიცხიც უნდა იყოთ და, არცთუ მწყრალი იუმორთან...
- მე ვარ კლასიკური გურულისთვის დამახასიათებელი ყველა თვისების მქონე ადამიანი: სხარტი აზროვნება მაქვს, სწრაფად ვღიზიანდები, თუმცა, მალევე მავიწყდება წყენა და გაღიზიანება. მაგრამ, მე უფრო სტაერი ვარ, ვიდრე სპრინტერი. მიყვარს გრძელი თამაში, როცა პროცესი დიდხანს გრძელდება, როცა უფრო შუალედური კულმინაციებია.
დღეს ბევრი პოლიტიკოსი რელიგიის თემით სპეკულირებს. ვინ როგორ ახერხებს ამას - ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ბუნებრივია, მაინტერესებს, თქვენ თუ ცხოვრობთ ისე, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი?
- მე მართლმადიდებელ ქრისტიანად მივიჩნევ თავს, მაგრამ, ყველა ტრადიციის დაცვას, ქრისტიანული წესით ცხოვრებას ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა, უამრავ ცოდვას ჩავდივარ, თუმცა, ვცდილობ, ნამუსიანად ვიცხოვრო. მაგრამ მე საერო ცხოვრების მომხრე უფრო ვარ, ვიდრე ეკლესიის როლის გაძლიერებისა საქართველოს საზოგადოებაში. მე ვარ სეკულარიზმის მომხრე და გაყოფა საერო და საეკლესიო ცხოვრებისა ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული.
ამ ცხოვრებაში რამის თუ გეშინიათ?
- სერიოზულად მეშინია ზვავისა და მიწისძვრის - იმის, რაც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება, არ შეგიძლია მის წინააღმდეგ წასვლა და ამიტომ, ამ დროს ყველაზე მეტად უსუსური ხარ.
და, ბოლო კითხვა მექნება თქვენთან: ეროსი კიწმარიშვილი დიპლომატიაში უფრო არის წარმატებული თუ მედია-ბიზნესში?
- მე ცოტა ხნით მომიწია რუსეთში ელჩობამ, ამიტომ, ვერ მოვახერხე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში აზრების, იმ ცოდნის რეალიზება, რომელიც მქონდა განსახორციელებელი - ამის საშუალება სააკაშვილმა არ მომცა. დღესაც მინდა, ორი მეზობელი ერის ურთიერთობებში შევასრულო ის, რა როლის თამაშიც შემიძლია. გულისტკივილს განვიცდი ამ საკითხში არარეალიზების გამო. უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა გვაძლევს, ეს საფრთხედ კი არა, შესაძლებლობად უნდა დავინახოთ. როგორც ჩანს, მედია-სფეროში უფრო წარმატებული გამოდგა ჩემი მოღვაწეობა, ვიდრე დიპლომატიაში, თუმცა, ეს მხოლოდ ამ ეტაპზე.