ბაჩო ახალაიას განათლების მისაღებად გერმანიაში უშვებენ?

ბაჩო ახალაიას განათლების მისაღებად გერმანიაში უშვებენ?

თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა, მინისტრის სავარძელს დაემშვიდობოს. "რეზონანსის" ინფორმაციით, ახალაიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. თუმცა, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გახმოვანებას სააკაშვილი ჯერჯერობით არ აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არა აქვთ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ გამორიცხული არაფერია.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ახალაიას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასავლეთში სწავლის გაგრძელების სურვილს დაასახელებს, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა გვარამიას შემთხვევაში მოხდა. აღსანიშნავია, რომ კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალაია გერმანიაში მიდის სასწავლებლად.

ახალაიას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით, დასავლეთი, განსაკუთრები აშშ და ნატო, კატეგორიულად ითხოვდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირისგან ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებას.

"თუ განათლების მინისტრი მიდის სასწავლებლად დასავლეთში, რატომ გიკვირთ, რომ თავდაცვის მინისტრიც წავიდეს სასწავლებლად? დასავლეთში მინისტრების სასწავლებელი არ არსებობს. თავდაცვის მინისტრობა სამოქალაქო ანუ პოლიტიკური თანამდებობაა და დააკონკრეტონ, რომელ სასწავლებელში მიდის ბატონი ახალაია. შემთხვევით, პოლიტოლოგიის განხრით ხომ არ აპირებს სწავლას. ისე, კარგი იქნება, რომ მინისტრთა კაბინეტს მივცეთ მოსამზადებელი კურსების სტატუსი და შემდეგ წავიდნენ მინისტრები სასწავლებლად დასავლეთში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამისტროდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს. მათ სამინისტროში შესასვლელი სპეციალური საშვებიც კი ჩამოართვეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდანაა გაშვებული. ამის მიზეზად ახალაიას უწყებაში ტესტირების წარუმატებლად გავლა სახელდება.

სამინიტროში ამბობენ, მათ ექნებათ საშუალება, ხელმეორედ გაიარონ ტესტები, რის შემდეგაც წარმატებულებს სამუშაოებს შესთავაზებენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, თავდაცვის სამინისტროს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათი დათხოვნის სრული უფლება ეძლევა.

სამხედროები პირად საუბარში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ტესტირების შედეგები დაუსახელეს. თუმცა, ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ სამინისტროში ტესტირება ტარდებოდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო მმართველობის ის სტილი, რომელსაც უწყებაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ატარებენ.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სამხედრო პირების პირადი საქმეების გადახედვის პროცესი დაიწყო. გარდა ამისა, მათ სპეციალური გასაუბრება უტარდებათ იმის დასადგენად, თუ რამდენად აკმაყოფილებენ დაკავებული თანამდებობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. "აღნიშნული პირები მუშაობას პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში გააგრძელებენ და ახალ მონაცემთა ბაზაში შევლენ", - აცხადებს მახარაძე.

წმენდის პროცესში მოყვნენ დაბალი რანგის ოფიცრები და რიგითი სამხედრო მოსამსახურეები. როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, მათ აბსურდული და ხშირ შემთხვევაში შეთითხნილი ბრალდებით ათავისუფლებენ.

"ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ მომართა დახმარებისთვის. ისინი ამბობენ, რომ მოხდა გარკვეული ინციდენტი, რა დროსაც საქმეში უშუალოდ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ჩაერია. იგი მივიდა სამხედრო ნაწილში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოითხოვა 25-მდე ჯარისკაცისა და უმცროსი ოფიცრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რაც მასმა ქვეშევრდომებმა უსიტყვოდ შეასრულეს", - აცხადებს სესიაშვილი.

როგორც ირკვევა, საახალწლოდ ინციდენტი მოხდა სამხედრო მეთაურსა და რიგით სამხედროს შორის, რასაც ქართველი ტელევიზიები საგულდაგულოდ მალავენ. სამხედრო მოსამსახურემ პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ მას არასწორად უფარდებდნენ დისციპლინარულ სასჯელს. ამან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა აღშფოთება გამოიწვია და სხვების დასანახავად მთელი სამხედრო ნაწილის სამაგალითო დასჯა მოხდა.

"მათ საქმეები შეუთითხნეს და მიუთითიეს, რომ სხვადასხვა დარღვევების გამო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ წარმატებული კარიერა, მათ პირად საქმეში არის ჯილდოები. ეს ადამიანები დღეს აღდგენას ითხოვენ. მათი სამსახურიდან დათხოვნა აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა. თავდაცვის სამინისტრომ უნდა ახსნას, რა ხდება და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თუ რატომ აკეთებს ამას. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის დროს ჩატარებულ წმენდას. არადა, დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტია", - აცხადებს სესიაშვილი.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ ის, რაც თავის დროზე გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილმა და რაც ერთმნიშვნელოვნად შეცდომად არის შეფასებული, შეიძლება, ახლაც განმეორდეს.

ოქრუაშვილის პერიოდიდან დაიწყო სამხედროების გაშვება სამსახურიდან. მერე პოლიციელებით ხდებოდა მათი ჩანაცვლება. ამ შემთხვევას რაც შეეხება, არ ვიცი მიზეზი, რატომ უშვებენ ამ ადამიანებს სამსახურიდან, თუმცა ინფორმაცია მაქვს, რომ უნდათ საკუთარი ხალხით ჩანაცვლება. როგორც ვიცი, სამხედროების საქმეების გადახედვა მიმდინარეობს. თავიანთ საქმეებში ჩაიხედონ, რა. კადრების დეპარტამენტმა ზეპირად უნდა იცოდეს, პირად საქმეში ვის რა უწერია. მაგრამ, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი და მეტი არაფერი. კადრების დეპარტამენტიდან ორი პროფესიონალი ოფიცერი გაათავისუფლეს, ფანტასტიკური ოფიცრები იყვნენ - გერმანიაში აქვთ განათლება მიღებული.

თუკი არსებობს კადრების დეფიციტი, მაშინ რატომ ხდება მათი გათავისუფლება?

 

- ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა თავდაცვის სამინისტროსთვის, როდესაც ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ხდება პროფესიონალი კადრების გათავისუფლება. ნატოს ქვეყნებში, სულ მცირე, ორი წლით ადრე ოფიცრებმა იციან, როდის უწევთ როტაცია, ანუ შემდეგ სად გადაიყვანენ. საქართველოში ასეთი რამე არ არსებობს. აქ მთავარი პრინციპია "შენიანი-ჩემიანი". სწორედ ამ პრიციპით ხდება დღეს თავდაცვის სამინისტროში ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა. უგულვებელყოფილია ოფიცრის როგორც პროფესიონალური თვისებები, ასევე მისი განათლება და პრაქტიკა. ყველა ახალი მინისტრი შეიარაღებულ ძალებში ცვლის მთელს მომსახურე პერსონალს, რაც უარყოფითად მოქმედებს შეიარაღებულ ძალებზე.

როგორც ამბობენ, სამინისტროდან დათხოვნილი პოლკოვნიკის და ვიცე-პოლკოვნიკის ჩანაცვლება მოხდა შსს-თანამშრომლებით, ამ შემთხვევაში საუბარია კუდ-ის თანამშრომლებზე...

 

- მასიური გაშვება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილის დროს, ერთ თვეში 1200 ოფიცერი გაუშვეს და მათი ჩანაცვლება მოხდა პოლიციელებით. იგივე მეორდება დღესაც, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებით ხდება მათი დაკომპლექტება.

რა არის ამის მიზანი?

 

- ჯარის პირად კონტროლზე აყვანა. თუ ამ გათავისუფლებულ ადამიანებს რამე დანაშაული მიუძღვით, მაშინ ბრალი უნდა წაუყენონ. ასეთი დიდი ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში ძალიან ცუდია, მერწმუნეთ. ასეთი მიდგომა ანგრევს შეიარაღებულ ძალებს. დიდი ხანია, თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალი კადრები ჩანაცვლებულია შსს-ს ოფიცრებით. ახალაიას უნდა თავისთვის სანდო ხალხის დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობებზე. საერთოდ, ოფიცრის მომზადება დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. მარტო ჩემს განათლებაში 500 ათასი ევროა დახარჯული, რამდენიმე ეგეთი ჰყავთ გაშვებული? რითი აპირებენ ჩანაცვლებას? თავდაცვისუნარიანობას ანადგურებს ასეთი პროცესები.