საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. კულუარული ხმები, რაზეც "სარკის" წინა ნომერში იყო საუბარი, გამართლდა და ლაშა ჟვანიას შემდეგ პრეზიდენტმა თანამდებობა თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძეს დაატოვებინა, რომელზეც კარგა ხანია ამბობდნენ, რომ განცხადება დაწერილი ჰქონდა, მაგრამ სააკაშვილი მის შემცვლელს ვერ პოულობდა. საბოლოოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც ოპოზიცია და ექსპერტები ამბობენ, "ვიწრო პოლიტიკური" გადაწყვეტილება მიიღო და პოსტი ბაჩო ახალაიას გადასცა, რომელიც მანამდე სიხარულიძის მოადგილე იყო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილის სავარძელში რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ აღმოჩნდა. მაშინვე ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება განაწყენებულ და დემორალიზებულ ჯარში კონტროლის დასაწესებლად იქნა მიღებული. დავით სიხარულიძე პროფესიონალი კი იყო, მაგრამ პარტიული კონტროლისთვის - გამოუსადეგარი. თქვა კიდეც სააკაშვილმა ახალაიას დანიშვნისას, ჯარს ახლა ძლიერი ხელი სჭირდება, ასეთი ძლიერი ხელის პატრონი ახალაიაა, მან შეძლო ის, რაც იუსტიციის მინისტრობისას მეც ვერ შევძელი - კანონიერ ქურდებზე კონტროლი დააწესაო.
კონტროლის დაწესება რომ შეუძლიათ ძმებ ახალაიებს, ძლიერი ხელიც აქვთ და ზურგიც, ამაში ქართველი საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა. ახალაიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან მართლა შეძლო საქართველოში კანონიერი ქურდებისთვის ადგილის მიჩენა. ე.წ. ავტორიტეტები სიტუაციას ვერც ციხის გარეთ მართავენ და ვეღარც - ციხეში. ამისთვის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დიდი ოფლის დახარჯვა დასჭირდა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები ირწმუნებოდნენ, ხშირად პირადი ფიზიკური ძალით და ცემა–ტყეპითაც კი. თქვა კიდეც სოზარ სუბარმა, თადაცვის მინისტრად დამნაშავე დაინიშნა, 2006 წლიდან მან არაერთხელ გამოიჩინა თავი იმით, რომ კანონს არაფრად აგდებსო. სახალხო დამცველმა თავისი ყოფილი მოადგილის, ახალაისადმი ასეთი მკვეთრი განცხადება არაერთხელ გააკეთა. მის ანგარიშებში პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა ყოველთვის წინა პლანზე იდგა.
ახალაიამ კანონიერი ქურდები მართლაც "მოსვა". ამის გამო დაინიშნა ის თავდაცვის მინისტრადაც (და კიდევ იმის გამო, როგორც პრეზიდენტმა თქვა, განათლება უცხოეთში მიუღია და რამდენიმე უცხო ენა სცოდნია), თუმცა კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამოცდილება რამდენად გამოადგება ახალ მინისტრს თავდაცვის უწყებაში, ცოტა გაუგებარია.
როგორც არის, არის. დავით სიხარულიძე პრეზიდენტის მრჩეველი იქნება საგარეო საკითხებში. როგორც სააკაშვილმა თქვა, ეკასთან (ტყეშელაშვილთან) და სხვებთან ერთად იმუშავებს, ბაჩო ახალაია კი – ჯარის მოდერნიზებასა და ნატო–სთან ინტეგრაციაზე, დაიცავს მშვიდობას, მაგრამ საამისოდ მოემზადება ომისთვის.
ოპოზიციამ, როგორც სჩვევია, ახალი საკადრო გადაადგილება დაუწუნა, თან ბევრად კატეგორიულად, ვიდრე ოდესმე. ახალმა მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის საკმარისი, სააკაშვილისთვის ხალხს და ოპოზიციას რომ გაუსწორდეს და ამ მექანიზმის ასამუშავებლად ჯარში ისეთი ტიპის ოდიოზური ფიგურა სჭირდება, როგორიც ბაჩო ახალაიააო. ეკა ბესელიამ - ბაჩო ახალაიას მინისტრობა პირდაპირი გზავნილია, რომ ხელისუფლებისთვის ქართული ჯარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გარანტი კი არა, საკუთარი ხელისუფლების, სააკაშვილის დაცვის გარანტი იქნებაო. სალომე ზურაბიშვილმა - ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუსვას ბოლო წერტილი ქართულ ჯარს და ამას რისთვის აკეთებს, ჩემთვის სრულიად გაუგებარიაო. გიორგი გუგავამ – სააკაშვილი მთელ ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარებას ცდილობს, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად მკვლელების ესკადრონის ცნობილი უფროსი ბაჩო ახალაია დანიშნა, რომელიც ჯარს აუცილებლად აქცევს სააკაშვილის პირად სპადო.
ბაჩო ახალაია ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტიდან მოვიდა. ჯერ სოზარ სუბარის მოადგილე იყო, მერე პენიტენციალურ სისტემას დაუპირისპირდა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი შოთა კოპაძე ციხეში დაგროვილი ფულების მეწილეობაში დაადანაშაულა. შემდეგ მის ადგილას დაინიშნა. შემდეგ იყო გაუგებარი ბუნტი ციხეში, რომელსაც დღემდე ზოგი ხელისუფლებას აბრალებს, ზოგიც ახალაიას დისკრედიტაციისკენ მიმართულ ქმედებად თვლის. გაზაფხულზე მუხროვანის ე.წ. ამბოხის დროს ამბოხებულებთან თავდაცვის მინისტრი სიხარულიძე კი არ მიიყოლა პრეზიდენტმა, არამედ ახალაია და მოლაპარაკებებიც მას დაევალა. ბუნტის ამბავი და შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციაც დღემდე ბურუსითაა მოცული. 6 მაისს ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამმართველოს რომ მიადგა და იქიდან პლატსმასის ტყვიებით გაუმასპინძლდნენ, მაშინ ითქვა, ეს ბაჩო ახალაიას ხალხმა გააკეთა თავად ბაჩოს ბრძანებითო. სხვათა შორის, 7 ნოემბრის დარბევის დროსაც ამოტივტივდა კულუარებში ახალაიას გვარი - მერაბიშვილი დარბევის ასეთი ფორმების წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხვებმა, ახალაიას ინიციატივით, თავისი გაიტანესო.
ექსპერტი უშიშროების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას პრეზიდენტის ვიწროპარტიული ინტერესებით ხსნის.
ირაკლი სესიაშვილი:
- თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა ამ ხელისუფლებაში ყოველთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მინისტრის თანამდებობაზე ყოველთვის მოდიოდნენ ისეთი პირები, რომელთაც ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ. ვისაც გამოცდილება ჰქონდა, მაგალითად, ბეჟუაშვილს და ბარამიძეს, სამი თვეც არ მოუწიათ სამსახური, ხოლო სხვები, ვისაც ხელისუფლებისგან მეტი ნდობა და ნაკლები კომპეტენცია ჰქონდათ, დიდხანს იყვნენ თანამდებობაზე - დაწყებული ოქრუაშვილიდან, დამთავრებული კეზერაშვილით. დავით სიხარულიძის წასვლა ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო. ერთი, იმიტომ, რომ იყო საკმაოდ გამოცდილი და განათლებული ამ საქმეში, მისი კომპეტენცია სრულიად მისაღები იყო ამ უწყებისთვის. ამის გარდა, ჰქონდა იმიჯი უცხოელებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატებთან. ყველა კმაყოფილი იყო მასთან ურთიერთობით. თავდაცვის სამინისტროში კომპეტენტური კადრების დეფიციტია. ამ მხრივ სიხარულიძე ბალანსს ქმნიდა და ხელს უწყობდა კომპეტენტური კადრების საქმიანობას. 2009 წლის დასაწყისში მის მიერ გამოქვეყნებული "მინისტრის ხედვა - 2009", როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ერთ–ერთი საუკეთესო დოკუმენტი იყო.
რღვევა თავდაცვის სამინისტროში და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაჩო ახალაიადაინიშნა მოადგილედ. ეს არ იყო მინისტრ სიხარულიძის გადაწყვეტილება, არამედ იყო ვიწრო პოლიტიკური კონტროლი პრეზიდენტის მხრიდან.
რატომ?
- იმიტომ, რომ ომამდე ჯარი პრეზიდენტ სააკაშვილისა და ხელისუფლებისთვის ერთგვარად სავიზიტო ბარათი იყო. წინა წლის 8 აგვისტომდე ხელისუფლება ყოველთვის ამაყობდა ჯარში განხორციელებული რეფორმებით და წარმატებებით. ასევე ჯარს ჰქონდა თავისი ფუნქცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. აგვისტოს მარცხის შემდეგ, როცა გამოჩნდა, რომ ჯარი ფაქტობრივად არ გვყოლია, უფრო სწორად ჯარის მართვა არ არსებობდა, როცა ჯარმა დაკარგა ფუნქცია - ოდესმე ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო, პრეზიდენტ სააკაშვილს გამოეცალა ის ძირითადი კოზირი, რითაც ამაყობდა და ჯარისადმი მისი მიდგომა შეიცვალა. ამის გარდა, ჯარში გაჩნდა გარკვეული პროტესტი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ, იმის მიუხედავად, ჯარისკაცები და ოფიცრები კარგად იყვნენ მომზადებული, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ადეკვატური მართვა, რის გამოც ჯარმა ძალიან სწრაფი მარცხი განიცადა. შეილახა მათი ღირსება. ღირსების შელახვა ჯარისკაცისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ღირსებაშელახული ჯარისკაცები და ოფიცრები ლოიალურები ვერ იქნებიან მათი მთავარსარდლის მიმართ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიღაცეებს დეზერტირობა დაბრალდათ, ვიღაცეები სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგს რაღაცეები დასწამეს. როცა შეცდომის ჩადენისას პასუხისმგებელ პირს არ სჯი და ჯოხს სხვაზე ტეხ, ცხადია, ეს პროტესტს იწვევს. პროტესტის შედეგად შეიძლება დასახელდეს მუხროვანის ინციდენტიც. ამ ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხი არ გაცემულა. ამიტომ ახალი მიდგომა შეიქმნა, რომ ჯარის გაუქმება არასერიოზული იქნება, მაგრამ ის ვეღარ გამოიყენება, როგორც კოზირი პოლიტიკური პიარკამპანიებისთვის. ამიტომ, როცა ჯარი აქტიურად ვეღარაა ჩართული პიარკამპანიებში და გარკვეული შიშიც არსებობს, რომ შეიძლება ის უკმაყოფილო იყოს ხელისუფლებით, პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა მასზე ვიწრო პოლიტიკური კონტროლის დაწესება და ეს ახალაიას დაევალა.
დაინიშნა თუ არა ახალაია, მაშინვე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაწერა განცხადება გადადგომაზე, რაც მანიშნებელი იყო იმისა, რომ ახალაიამ ვიწრო პოლიტიკური კონტროლის განხორციელება დაიწყო და შეეწინააღმდეგა პროფესიონალებს. გვაქვს ინციდენტი მუხროვანში, სადაც, როგორც ვთქვი, ბევრი კითხვაა და პასუხები არ არსებობს. მეტიც, სასამართლო დახურულია, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. კრიალაშვილის გარდაცვალების საკითხი ასევე ბევრ კითხვას ბადებს, განსაკუთრებით მაშინ, რომ სპეცოპერაციის ადგილას იმ ღამესვე ასფალტი დააგეს. ეს ყველაფერი, როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, ასევე ბაჩო ახალაიას უკავშირდება. ისიც გვახსოვს, რომ დავით სიხარულიძე არ ჩანდა კადრში, როცა პრეზიდენტი მუხროვანში მივიდა. ამიტომ კულუარებშიც, პრესაშიც გაჩნდა ინფორმაცია, რომ დათო სიხარულიძეს დაწერილი ჰქონდა განცხადება გადადგომაზე. არ მინდოდა ამის დაჯერება, ვფიქრობდი, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში სიხარულიძის კანდიდატურა საუკეთესო იყო.
ანუ დავით სიხარულიძე ვერ ჩაჯდა ხელისუფლების თამაშებში?
- არ ვიცი. ფაქტები მოგახსენეთ და ანალიზისთვის დიდი სივრცე დავტოვე. ამის შემდეგ არის საინტერესო მომენტი. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პირებს შესთავაზეს თავდაცვის მინისტრობა და ყველამ თქვა, თუ იქ ბაჩო ახალაია იქნება, არ წავალო. ერთ–ერთი ასეთი გელა ბეჟუაშვილი იყო. პრეზიდენტი საბოლოოდ ალბათ მივიდა დასკვნამდე, რომ ახალაიას თავდაცვის სამინისტროში ვერ შეელევა, რადგან იქ ვიწრო პოლიტიკურ კონტროლს კარგად ახორციელებდა და მისი მინისტრად დანიშვნა გადაწყვიტა.
ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც ცდილობს ნატო–ში ინტეგრაციას და არ აქვს დრო, ვიღაცამ თან სწავლა–განათლება დაიწყოს, თან მინისტრი იყოს, ამ ვითარებაში აუცილებელია ზეპროფესიონალი მინისტრის არსებობა, რადგან მას უახლოეს საათებშიც შეიძლება მოუწიოს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. ბაჩო ახალაიაგადაწყვეტილებს ვერ მიიღებს. არ აქვს ცოდნა, გამოცდილება. განათლება ამ მიმართულებით საერთოდ არ გააჩნია. ვერ იქნება ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან არ იცნობს სისტემას. კიდევ ერთი მომენტი: თავდაცვის მინისტრისთვის აუცილებელია ურთიერთობა დასავლეთთან, ნატო–სთან და შეერთებულ შტატებთან. ბაჩო ახალაიას მისამართით საერთაშორისო გამოცემებში ბევრი კრიტიკული წერილი დაიწერა. სოზარ სუბარის არაერთ მოხსენებაში არაერთხელ გაიჟღერა მისმა სახელმა და გვარმა. რამდენად სიხარულით შეხვდება მის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას დასავლეთი, ესეც საკითხავია. უფრო მეტიც, მას მოუწევს სხვადასხვა მინისტერიალებზე მონაწილეობის მიღება, მაღალი ჩინის სამხედროებთან ურთიერთობა და მისი დაბალი კომპეტენცია ამ სფეროში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დიალოგსა და ურთიერთობებში.
როგორც ჩანს, პრეზიდენტი თვლის, რომ ამ შემთხვევაში მისთვის ჯარის კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება. სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი და ხელისუფლება უფრო მეტად საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების გზების ძიებით არის დაკავებული, ვიდრე ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების დაცვით.
ეთანხმებით თუ არა ოპოზიციის შეფასებას, რომ ამის შემდეგ ჯარი უფრო პოლიტიზირებული გახდება?
- ამ შემთხვევაში ჯარის არათუ პოლიტიზირება, არამედ ვიწრო პოლიტიკური კონტროლის დაწესება გაფორმდა ოფიციალურად, რაც მთლიანად ვარდება დემოკრატიული სისტემიდან.
რაში შეიძლება ეს გამოიხატოს?
- ასეთ ვიწროპოლიტიკურ კონტროლს აწესებდა ჯარზე საბჭოთა კავშირი, ინდოეთი, პაკისტანი. თავის დროზე ვთქვი, რომ თავდაცვის სამინისტროში ბალანსი შეიქმნა. ახალაია ვიწრო პოლიტიკურ კონტროლს ახორციელებს, რომელთანაც სააკაშვილს და მერაბიშვილს პირდაპირი კავშირი აქვთ. სიხარულიძე კი თავდაცვის სამინისტროს განვითარებისთვის მუშაობდა. ისინი ერთმანეთის საქმეში არ ერეოდნენ, მაგრამ, ეტყობა, სადღაც მაინც მოხდა შეჯახება.
პრეზიდენტმა სიხარულიძის მიმართ საყვედური გამოთქვა, რომ შეიარაღებული ძალები სათანადოდ არ არის მომზადებული იმისთვის, რაც ზაფხულში გველოდა და გველოდებაო.
- რაც შეიძლება გველოდებოდეს, იმისთვის მომზადება დაკავშირებულია კოლოსალურ თანხებთან და პროფესიულ კადრებთან. პროფესიულ კადრებს დღეს ვერ შევქმნით. ვინც გვყავდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველა დაითხოვა სამსახურიდან. ერთ–ერთი მათგანი, გენერალი კობა კობალაძე, ციხეში ზის. ჯარს დაფინანასება შეუმცირეს და სიხარულიძე ანტისაჰაერო "რაგატკებს" ვერ გამოიგონებდა. ჯარი მზად იყო, როცა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აგვისტოს მოვლენების დროს? ჩვენი ჯარი არ არის მზად, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას. შეკავებით შეაკავებს, მაგრამ ეს ვერ იქნება საკმარისი, არა იმიტომ, რომ ცუდი ჯარი გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არ გაგვაჩნია.
ხელისუფლება ხომ არ გეგმავს რაიმე სამხედრო მოქმედებას და ამიტომ უნდა მინისტრად ისეთი კაცი, როგორიც ახალაიაა და არა ისეთი, როგორიც სიხარულიძე იყო?
- გითხარით, რომ ჯარისადმი მიდგომა პრეზიდენტმა შეცვალა, მათ ჯარი ფაქტობრივად აღარ სჭირდებათ. ჯარი სჭირდებათ მხოლოდ ფურცელზე და ამისთვის საჭიროა კონტროლი, რომ ჯარმა თავისი ფუნქციების აღდგენა არ მოითხოვოს. ამის გარდა, ხელისუფლებაში სერიოზული პოლიტიკური დისბალანსი შეიქმნა. თუ აქამდე ოქრუაშვილი აბალანსებდა მერაბიშვილს, თუ კეზერაშვილი გარკვეულ ბალანსს ქმნიდა ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში ბალანსი დარღვეულია. მერაბიშვილიახალაიას ქვეშევრდომობით მთლიანად აკონტროლებს ძალოვან უწყებებს, რითაც პრეზიდენტმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამ დისბალანსმა შეიძლება მის წინააღმდეგაც იმოქმედოს, ანუ სააკაშვილი ძალოვნების გავლენის ქვეშ მოექცეს.