„ვიღაც პელეს როგორ მადარებთ?!“

„ვიღაც პელეს როგორ მადარებთ?!“

ორშაბათს, 11 დეკემბერს, თბილისში ღამის თორმეტის ნახევარი რომ შესრულდება, ტელევიზორების ჩართვას არ გირჩევთ: ამ დროს რომში ფიფა წლის, ათწლეულისა და საუკუნის გუნდების და ფეხბურთელების დასახელებისა და დაჯილდოვებისადმი მიძღვნილ დიდ შოუს დაიწყებს...

ჩვენში კი, მოგეხსენებათ, ყველაზე საინტერესო მომენტში დენს გამორთავენ.

საუკუნის ფეხბურთელობის კანდიდატთა შორის დიეგო მარადონა და პელე დიდი უპირატესობით უსწრებენ სხვებს და ჯილდოს ამათგან ერთი მიიღებს.

ფიფას ამგვარი მექანიზმი მოუგონია: საინტერნეტო გამოკითხვა მოაწყვეს, რომლის შედეგების გათვალისწინებით ფიფას სპეციალური ჟიური საბოლოო სიტყვას იტყვის. სათქმელია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ჩინოსნები არ ამბობენ, თუ დიადთა შორის უდიადესის გამორჩევისას რა კრიტერიუმებს მიანიჭებენ უპირატესობას. სამაგიეროდ ვიცით, რომ ნახსენებ საინტერნეტო გამოკითხვაში ქომაგებმა პელეს მარადონა ამჯობინეს. ვნებათაღელვა ბრაზილიასა და არგენტინაში ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.

ბოლო დღეებია, მთელი ბრაზილია გამოკითხვის შედეგების სამართლიანობაზე ბჭობს და ტელევიზიაში, რადიოსა თუ პრესაში საგანგებო რეპორტაჟებს უძღვნიან.

ბრაზილიელთა ლოგიკა ასეთია: ინტერნეტის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდობაა, რომელთაც პელეს თამაში არ უნახავთ, სამაგიეროდ, მარადონა კარგად ახსოვთ. ამასთანავე, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ თადარიგი ადრევე დაიჭირა და მოსახლეობა იმგვარად დარაზმა, რომ ინტერნეტით ხმის მიცემა არავის დაზარებოდა და დავიწყებოდა. ჩვენი ფედერაცია კი უსაქმოდ იყო და პელეს მხარდასაჭერად არაფერი გაუკეთებიაო - ჩივიან ბრაზილიელები.

ამ მოსაზრების პასუხად დიეგო არმანდომ ესპანური გაზეთი „ოლეს“ ფურცლებიდან თქვა, ჩემს ყურამდე მოაღწია, რომ ბრაზილიელები რაღაცას ჩალიჩობენ და ფიფას ჟიურის მოსყიდვა სურთ, რათა მე და პელეს საუკუნის ფეხბურთელობა ერთად მოგვანიჭონო.

„რას ჰგავს ეს - ეშხში შევიდა მარადონა - ახალი კოსტუმი შევაკერინე, ჩემოდანი ჩავალაგე და რომის ბილეთიც ავიღე. ბრაზილიელთა ეშმაკობის ამბავი რომ შევიტყვე, ისე აღვშფოთდი, ჩალაგებული ჩემოდანი ამოვალაგე“.

ჩემოდნის ხელახლა ჩალაგებას რა უნდა, მაგრამ დიეგო მოცდას აპირებს და მისი ეჭვი თუ დადასტურდა (საკითხავია, კონვერტის გახსნამდე როგორ უნდა დადასტურდეს?), რომში აღარ გაემგზავრება.

„კატეგორიულად მოვითხოვ, ნუ მადარებთ პელეს, მე უფრო დიდი ვარ! - განაცხადა მარადონამ - რომ ამბობენ, პელემ ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშაო, ცნობარებში ჩაიხედონ: 1962 წელს მხოლოდ ორ ჯგუფურ მატჩში მონაწილეობდა, ეგ იყო და ეგ, ოთხი წლის მერე კი სამი ტაიმი ითამაშა. აბა, ეგაა ოთხი მსოფლიოს ჩემპიონატი? განაცხადში რომ იყვნენ და არ უთამაშიათ, ეგეთი ხალხი რამდენიც გინდა, იმდენია. თან ისიც გაიხსენეთ, მაგის დროს ბრაზილიას რა ხალხი ჰყავდა, მე კი მარტოკა ვიგებდი ყველაფერს. კიდევ ის, რომ მე თორმეტი წელი ევროპაში, ძალიან მაგარ გუნდებში ვთამაშობდი. ერთი გამახსენეთ, პელე სად იყო? ნიუ იორკის „კოსმოსში“! სასაცილოა“.

თუ დიეგო მარადონას ფიფამ საუკუნის ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო უბოძა, ეს მისთვის თავისი მნიშვნელობით მეორე საჩუქარი იქნება. პირველი? „ფიდელ კასტროს ნაჩუქარი კეპი“ - აცხადებს არგენტინელი.