მინისტრი დავით ტყეშელაშვილი "რეზონანსთან " საუბრისას აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მოსაცდელების აშენებაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
დავით ტყეშელაშვილი: წელს სხვადასხვა მცირე თუ დიდი პროექტებისთვის მილიარდ 235 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს ის თანხაა, რომელიც არასდროს არცერთ პერიოდში ამ მიმართულებით არ დახარჯულა. ეს გაკეთდა იმის მიუხედავად, რომ ჩევნმა ქვეყანამ გამოიარა რუსეთის აგრესია, ეკონომიკური კრიზისი, რომელის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. მიუხედავად ამისა, არცერთ დაპირებაზე, რომელიც წლის დასაწყისში გავეცით, უარი არ გვითქვამს.
კმაყოფილები ვართ იმ ნაწილში რა ნაწილშიც დაპირება შევასრულეთ.
რაც შეეხება სოფლის პროგრამას, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროგრამა, რომელიც საქართველოში ოდესმე განხორციელებულა. ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. რაც შეეხება აჭარას, მოსაცდელებს ოპოზიცია ხედავს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ხედავს გრემონტებულ კულტურის სახლს, სკვერს, თავშეყრის ადგილს, საბავშვო ბაღს, გზას, წყალმომარაგებას და ასე შემდეგ. ამას გარდა, მოსაცდელებში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მითუმეტეს, როცა საუბარია აჭარაზე, სადაც კარგად იცით, როგორი კლიმატური პირობებია. ნებისმიერ ამ პროექტს აქვს კონკრეტული დატვირთვა არა თქვენთვის, ჩემთვის ან ოპოზიციისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
წლის პროგრამის მიხედვით, არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. ოპონენტები კი გსაყვედურობენ, რომ არჩევანს ხალხი კი არა, თქვენ აკეთებთ. მოსახლეობას აზრს ეკითხებით?
- ეს არის ვალდებულება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ. ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პროექტზე გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ეს პროექტი იყო ექსპერიმენტი და ვფიქრობ, გაამართლა.
გადაწყვეტილებას მოსახლეობა ღებულობს თუ თქვენ?
- ჩემი ინფორმაციით, არჩევანს მოსახლეობას აკეთებს.
ოპოზიცია სოფლის პროგრამის დაფინანსების 4-ჯერ გაზრდას ითხოვს. შესაძლებელია თანხები გაიზარდოს?
- რომის პაპზე მეტი კათოლიკე ნურავინ იქნება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ პროგრამის შეჩერებას არ ვაპირებთ, ამ მიმართულებით რესურსების მობილიზება გაიზრდება. რა რაოდენობით, ამაზე ბიუჯეტის ფორმირების დროს ჩამოვყალიბდებით, თუმცა, საქართველოს მთავრობაში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფლის პროგრამა მინიმუმ გაორმაგდება.
ბატონო დავით, როცა საუბარია პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანაზე, ოპონენტები კრიტიკულად გპასუხობენ - თუ თანხები აუცილებელი საჭიროებებისთვის არ არის საკმარისი, მინიმუმ 60 მილიონის დახარჯვას არ ჯობდა ეს თანხა სოფლის პროგრამაში ჩაგედოთ?
- არსებობს სხვადასხვა გათვლები, პარლამენტის ქუთაისში გადატანა რა დაჯდება. მთავარი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო. მთავრობას უკვე აქვს შესაძლებლობა, დაითვალოს სინამდვილეში რა დაჯდება პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანა. მე ვიცი რა დაჯდება ეს ქუთაისელებისათვის. ეს იქნება უკეთესად რეაბილიტირებული ქალაქი, უკეთესი წყალმომარაგება, უკეთესი გზები, უკეთესი ინფრასტრუქტურა.
პარლამენტის ქუთაისში გადატანა აღნიშნულთან რა კავშირშია?
- იმ კავშირშია, რომ ეს არის დამატებითი იმპულსი და სტიმული ქუთაისის განვითარებისთვის.
რაჭაზეც უნდა გკითხოთ. მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება ჯერჯერობით არ დაწყებულა. უსახლკაროდ დარჩენილებს რას უპირებთ?
- მდგომარეობა მართლაც რთულია. 313 სახლი ისე დაზიანდა, საერთოდ არ იცხოვრება. 1500-მდე სახლმა კი მეორე კატეგორიის დაზიანება მიიღო, რომელსაც მიხედვა სჭირდება. ამ დღეებში მთავრობაში კონსულტაციებს გავმართავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, დაზარალებულებს როგორ დავეხმარებით. ამოცანა მარტივია - ზამთარი მოდის და ზამთრის პირას არცერთი ოჯახი კარავში არ დარჩება.
პრობლემებია სამცხე-ჯავახეთსა და კახეთშიც. ამ მომენტისთვის 7 სოფელი წყალმომარაგების გარეშეა. ეს ის სოფლებია, რომელთა წყალმომარაგების საკითხი წელს მოგვარდა, თუმცა, სამწუხაროდ, სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა. თქვენი სამინისტრო პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციებთან. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "სითი პარკს", რომელსაც ხელშეკრულებაც კი გაუფორმა, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის გამო პირგასამტეხლოს გადახდაც გვიწევს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პრეცენდენტი ინვესტორებს დააფრთხობს?
- ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება ინვესტორებს არ დააფრთხობს. თუ ისინი ვალდებულებებს არასწორად ასრულებენ, კონტრაქტი უნდა გაუწყდეთ. "სითი პარკმა" აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. შესაბამისად, თბილისელები ინტერესებიდან გამომდინარე, ქალაქის მერიამ კონტრაქტი გაუწყვიტა.
ხომ არ ცდებით? კონტრაქტის დარღვევა არავის არსად უხსენებია და აღნიშნული პირობები სწორედ მათ კონტრატში იყო დაფიქსირებული...
- მგონია, რომ არ ვცდები.