საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების ხელმოწერა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს. როგორც გერმანიის შს მინისტრმა , თომას დე მაიზირემ განაცხადა, გერმანიის ფედერაციულ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა უსაფრთხოების სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"თავისუფლება და უსაფრთხოება ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არ არსებობს უსაფრთხოება და უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს თავისუფლება. დღესდღეობით უსაფრთხოების ორგანიზება არც ერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია და ამისათვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა. მე ვგულისხმობ უსაფრთხოებაში არამარტო კრიმინალთან ბრძოლას, არამედ ეს ეხება უსაფრთხოებას ძალიან ფართო გაგებით, გნებავთ ფრენის უსაფრთხოებას, გნებავთ საზღვრების უსაფრთხოებას, გნებავთ დოკუმენტების უსაფრთხოებას, გნებავთ დახმარებას პოლიციელთა თანამშრომლობაში. ჩვენი დღევანდელი შეთანხმების მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო მაღალხარისხობრივ საფეხურზე ავიყვანოთ. დღევანდელ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრებმა. ეს მხოლოდ ხელმოწერაა, მაგრამ ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ამ შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას", - განაცხადა მაიზირემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას და საქართველოს შსს-სთვის გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, გერმანიის მთავრობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ევროპასთან დაახლოებისთვის. გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რაც შეიძლება მრავალი ვისწავლოთ პრაქტიკაში, გამოცდილებაში. გერმანია ხდება სტრატეგიული თანამშრომელი ჩვენი ქვეყნის არა მარტო კრიმინალთან ბრძოლაში, უსაფრთხოებაში და სხვადასხვა იმ მნიშვნელოვან ასპექტებში, სადაც ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გამოადგება გერმანიის ცოდნა და პრაქტიკა. მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები", - განაცხადა ჭიკაიძემ.