გოგი თოფაძე საქართველოში ყველასთვის კარგად ცნობილი და პოპულარული ბიზნესმენია. მის სახელს საზოგადოების დიდი ნაწილი კომპანია „ყაზბეგს“ უკავშირებს. მისი დამფუძნებელი და მეპატრონე სწორედ გოგი თოფაძეა. თუმცა, მისი მოღვაწეობა გაცილებით ადრე დაიწყო და ბევრ სხვა სფეროსაც მოიცავს. ქართულ პრესაში თოფაძის გვარი უმდიდრეს ქართველთა შორის ფიგურირებს, მისი ქონება კი ბოლო წლებში 50 მილიონ დოლარად ფასდებოდა.
გოგი თოფაძე 1940 წლის 18 აპრილს თბილისში დაიბადა. 1957 წელს მან თბილისის 51-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო კვებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 1962 წელს მუშაობა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მეცნიერ-თანამშრომლად. 1967 წლიდან თოფაძე მოსკოვის ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაშია და 1969 წელს დაიცვა დისერტაცია. მას ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიენიჭა. 2003 წელს, უკვე ცნობილმა ბიზნესმენმა, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო. ჰყავს მეუღლე მარინა ბეჟანიშვილი, 2 შვილი და 5 შვილიშვილი. მისი მესამე შვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
თოფაძე პროფესორია, 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 3 წიგნის ავტორი. წიგნისათვის – „თხილამურებით მთაში“ 1999 წელს ცნობილ ბიზნესმენს, სპორტის ზამთრის სახეობების დიდ მოყვარულსა და სპონსორს სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.
1970-1975 წლებში გოგი თოფაძე თბილისის საპნის ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 1975-დან 1986 წლამდე კი საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ დირექტორი იყო. 1986 წლიდან ის ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორია. 1994 წელი თოფაძის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია – მან თანამოაზრეებთან ერთად კომპანია „ყაზბეგი“ დააარსა.
1999 წლიდან გოგი თოფაძემ აქტიური პოლიტიკოსის იმიჯი მოირგო, პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დააფუძნა და მისი თავმჯდომარეც გახდა. 1999-2003 წლებში ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.
ის უკვე დიდი ხანია, აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. 1995-დან 2008 წლამდე სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი; 1999-2008 წლებში კი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2005 წელს ის საქართველოს ევროპული სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. 1997 და 1998 წლებში გოგი თოფაძე საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად დასახელდა, 2005 წელს კი მეცენატის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
გოგი თოფაძემ და მისმა თანამოაზრეებმა 1994 წელს კომპანია „ყაზბეგის“ დაფუძნების შემდეგ აუქციონზე თბილისის ლუდის მეორე ქარხანა შეიძინეს და საწარმოს სრული რეკონსტრუქცია დაიწყეს. ქარხანაში 4,5-მილიონდოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა. 1995 წელს კომპანიამ პირველი ქართული ლუდი „ანანური“ გამოუშვა. 1996 წლიდან ორი სახეობის ახალი ლუდი – „ფშავი“ და „ყაზბეგი“ გამოდის და იმავდროულად, კომპანია საქართველოს ბაზრის ლიდერი ხდება. იმავე წელს „ყაზბეგის“ ლუდის ბარებისა და რესტორნების ფართო ქსელი შეიქმნა. 1997 წელს კომპანია გაფართოვდა და სააქციო საზოგადოება „რუსთავის ლუდის“ აქციები შეიძინა. მალევე სააქციო საზოგადოება „ყაზბეგი“ შეიქმნა. 1998 წლიდან „ყაზბეგის“ სადისტრიბუციო ქსელი ამოქმედდა, რომელმაც ასეულობით რეალიზატორი გააერთიანა მთელი საქართველოს მასშტაბით. 1999 წელს სააქციო საზოგადოება „ყაზბეგმა“ ორიგინალური სასმლის, „ცივი ჩაისა“ და ლიმონათის წარმოება დაიწყო.
1999 წლიდან კომპანიამ თანხები ტურიზმის სფეროშიც დააბანდა – დაიწყო სასტუმროების მშენებლობა ყაზბეგსა და ბაკურიანში.
2000 წელს კომპანია „ყაზბეგი“ წარმოებული პროდუქციის მოცულობით საქართველოს ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ბაზრის ლიდერი გახდა. „ყაზბეგი“ ამ მომენტისთვის ათამდე სახეობის ლუდს, თორმეტი სხვადასხვა სახეობის ცივ ჩაის, ექვსი სახეობის ლიმონათსა და არომატიზატორებს აწარმოებს.
2001 წელს შეიქმნა კომპანია „ყაზბეგი-ტობაკო“, რომელმაც უმაღლესი და პირველი კლასის ხუთი დასახელების სიგარეტი გამოუშვა. 2003 წელს თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე, სოფელ ეწერში შპს „ყაზბეგი-თერჯოლა“ იქმნება. გაჩერებული წარმოების აღდგენისთვის კომპანია „ყაზბეგმა“ 450 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
2003 წელს დაფუძნდა კომპანია „ყაზბეგი-ფშაველი“. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ხე-ტყის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია, ხე-ტყის მასივის აღდგენა იყო. 2005 წელს თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, რომელშიც 3,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატი, რომელშიც პარკეტსა და ფიცარს ამზადებდნენ, პრობლემების გამო რამდენიმე წლის წინ ჩინელებს გადასცეს იჯარით.
2003 წელს კომპანია „ყაზბეგი“ დაბა ბაკურიანში, დიდველის მთაზე ტურისტულ-სპორტული კომპლექსის მშენებლობის ოპერირებას იწყებს. დღესდღეობით იგი ბაკურიანში სასტუმრო „თრიალეთის“ მფლობელია. 2005 წელს დაფუძნდა კომპანია „ფშაველი-ყაზბეგი“, რომლის საქმიანობაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებას, სანადირო მეურნეობის მოწყობას მოიცავს. 2006 წელს „ყაზბეგი ჯგუფის“ შემადგენლობაში შევიდნენ „ქართუ უნივერსალი“ და კომპანია „ზამექსი-პრინტი“. „ქართუ უნივერსალი“ ნაყინისა და გაყინული ნახევარფაბრიკატის, პელმენის მწარმოებელი კომპანიაა. ეს საწარმო თავის დროზე „ქართუ ჯგუფმა“ დააფუძნა და 3 წლის წინ გადავიდა „ყაზბეგის“ მფლობელობაში.
გოგი თოფაძის ერთ-ერთი გატაცება ნადირობა და თევზაობაა. მისმა კომპანია „ყაზბეგმა“ სამონადირეო მეურნეობა „იორის ჭალები“ შექმნა საგარეჯოს რაიონში.
თოფაძისთვის, როგორც წამყვანი ქართველი ბიზნესმენისთვის, გარდამტეხი 1994 წელი აღმოჩნდა, როცა კომპანიამ „ყაზბეგი 1881“ აუქციონზე თბილისის ლუდის ქარხანა შეიძინა, საწარმო, რომელიც იმ დროისთვის თითქმის მთლიანად გაძარცული იყო. საინტერესოა ის, რომ ლუდის ქარხნული წესით წარმოება საქართველოში 1859 წელს სწორედ ამ ქარხანაში დაიწყო. ლუდის პირველი საწარმო თბილისში დიდი მთავრის ქუჩაზე (ამჟამინდელი უზნაძის ქუჩა) გერმანელმა მეწარმემ, ვენცელმა დააარსა და გოგი თოფაძემ ამ საფუძველზე ქართული წარმოების აღორძინება გადაწყვიტა. შემუშავდა რესტრუქტურიზაციისა და წარმოების განვითარების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც წარმოების თანამედროვე ევროპული აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებდა. ამ მიზნით 16 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. საუკეთესო ხარისხის ლუდის წარმოებისთვის „ყაზბეგმა“, შესაბამისი ნედლეულის საქართველოში არარსებობის გამო, უნგრეთიდან ალაოს, ხოლო გერმანიიდან სვიისა და საფუარის იმპორტი დაიწყო.
"ყაზბეგის“ პროდუქციის ექსპორტი უცხოეთის ქვეყნებში 1998 წლიდან წარმოებს ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში – რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. კომპანია პროდუქციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, კვიპროსში, გერმანიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში აგზავნიდა გასაყიდად – სულ 16 ქვეყანაში.
ცალკე თემაა თოფაძის საქველმოქმედო საქმიანობა. „ყაზბეგს“ არსებობის განმავლობაში ქველმოქმედებაზე მილიონობით ლარი აქვს დახარჯული. 1998 წელს ოფიციალურად დაარსდა გოგი თოფაძის საქველმოქმედო ფონდი. ბიზნესმენისთვის პრიორიტეტი განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და ჯანდაცვის სფეროებია. სხვადასხვა სასწავლებელში თოფაძის სახელობითი სტიპენდია დაწესდა. მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა სკოლების რეკონსტრუქციის მიზნით. გოგი თოფაძე ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემიის დაფუძნების ინიციატორია. ეს პრემია ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების დარგში გაიცემა. ამ პრემიის მფლობელები რობერტ სტურუა, ჯანსუღ კახიძე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები არიან. თოფაძე კონსერვატორიის მზრუნველთა საბჭოს წევრიცაა, რომელიც 2002 წელს შეიქმნა.
როგორც ამბობენ, თოფაძემ ჯერ კიდევ 70-80-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა „დინამოს“ ლეგენდარული საფეხბურთო გუნდის დაფინანსებაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ყველაზე მძიმე წლებში „ყაზბეგი“ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო. გოგი თოფაძემ დააფინანსა საქართველოს ზამთრის სახეობათა ოლიმპიური ნაკრების გამგზავრება ნაგანოსა და სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიურ თამაშებზე. ზამთრის სახეობათა ფედერაციის გარდა, თოფაძის ფონდის თანადგომით კრივის, რაგბის, საწყალოსნო სახეობათა და მთამსვლელთა ფედერაციებიც სარგებლობდნენ, სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად თუ მათში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. თოფაძე მიიჩნევს, რომ კერძო ბიზნესია ის ძალა და ხერხემალი, რომელზეც სახელმწიფოს ძლიერება უნდა აღმოცენდეს ნებისმიერ სფეროში.
2009 წლის ოქტომბერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმან, რომ გოგი თოფაძე არც საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზენტაციაზე არ ჩანდა. თოფაძემ მოგვიანებით გაახმაურა საკუთარი პოზიცია მის შექმნასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციაში ნომენკლატურული კომპანიების ხელმძღვანელები ერთიანდებიან. ამიტომაც მსგავსი ორგანიზაციები ვერაფრით დაეხმარებიან ქართული ბიზნესის განვითარებას“, – აღნიშნა ბიზნესმენმა. მისი აზრით, დღესდღეობით საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივ ბიზნესს არავინ უწყობს ხელს. „სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი უცხოელების რეკომენდაციით კეთდება, რომლებიც არ ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს. ჩვენს ქვეყანას ყველა საკუთარი ინტერესებიდან უყურებს. ამან სავალალო შედეგები მოიტანა. ეს „ფიარკამპანიები“, რომ რაღაც მე-11 ადგილზე ვართ მსოფლიოში და სხვა ქვეყნებს გავასწარით, საბავშვო ბაღის თემაა. საგარეო და საშინაო ვალები იზრდება, იმპორტ-ექსპორტს შორის უარყოფითი სალდო კატასტროფულად იმატებს. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ეკონომიკა კვდება“, – ამბობს თოფაძე.
ამ ეტაპზე ბიზნესმენი აცხადებს, რომ საკუთარი ბიზნესის წარმოების არეალს აფართოებს იმ დროს, როდესაც საქართველოში წარმოების გაზრდაზე აღარ ფიქრობს – „უახლოეს ხანებში ჩვენი წარმოების პირველ ფილიალს გავხსნით უკრაინაში, შემდეგ კი რუსეთზეც ვაპირებთ გასვლას“. ახალი გეგმების განხორციელებისას მისი პარტნიორი „პრემიერ-ფინანსია“, მრავალპროფილიანი კომპანია, რომელმაც განსაკუთრებით ხიდებისა და გვირაბების მშენებლობით გაითქვა სახელი. „პრემიერ-ფინანსი“ საბანკო ბიზნესშიც საქმიანობს, ფლობს მინერალური წყლის რამდენიმე ქარხანას, მათ შორის, ცნობილ კომპანია „რეგინას“.
თოფაძე აცხადებს, რომ კომპანიონები დაახლოებით, 800 მილიონი ბოთლის გაყიდვას ვარაუდობენ უკრაინაში და ამავე რაოდენობის პროდუქციის გატანას რუსეთშიც აპირებენ. განზრახულია უკრაინაში „ქართული სავაჭრო სახლის“ შექმნა, სადაც ქართული ღვინო, კონიაკი, შამპანური, ციტრუსები და საკონსერვო ნაწარმი გაიყიდება.
საინტერესო დეტალია ის, რომ როგორც „ყაზბეგის“ მეპატრონე აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე მათ საკმაოდ მყარი პოზიციები ჰქონდათ მოპოვებული რუსეთშიც. მისი განცხადებით, „ყაზბეგი“ კრემლის ოფიციალური მიმწოდებელიც კი იყო, თუმცა შემდეგ ვითარება გართულდა.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ გოგი თოფაძე საქართველოში საკუთარი ბიზნესის გაყიდვას აპირებდა. მას 2009 წლის დასაწყისში მართლაც ჰქონდა შეთავაზებები „ყაზბეგის“ მიყიდვის თაობაზე. ბიზნესმენი რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ კომპანია „ყაზბეგს“ არ გაყიდიდა, ვიდრე მსოფლიო კრიზისი არ დასრულდებოდა, რადგან, მისი განმარტებით, ფინანსური კრიზისის ფონზე მკვეთრად დაეცა ცოცხალი აქტივების ფასი. „ყაზბეგის“ ყიდვის სურვილი ცნობილმა თურქულმა კომპანია „ეფესმა“ გამოთქვა, რომელიც საქართველოში კომპანია „ლომისის“ მფლობელი გახდა. თითქმის ბოლომდე მისული მოლაპარაკებები გადაიდო. იმ შემთხვევაში, თუ „ეფესი“ მომავალში მაინც შეძლებს „ყაზბეგის“ შეძენას, ის მონოპოლისტი გახდება საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ „ლომისი“ და „ყაზბეგი“ საქართველოს ლუდის ბაზრის უდიდეს ნაწილს იკავებენ.
„ყაზბეგის“ დამფუძნებელს თავის დროზე სერიოზული პრობლემები შეექმნა ყოფილ პარტნიორებთან, ფრანგულ „კასტელი-ჯგუფთან“, რომელიც სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებდა „ყაზბეგში“. თოფაძემ ნაწილობრივ კი მოახერხა „კასტელთან“ დავაში თავისი პოზიციების დაცვა, მაგრამ ბიზნესმენი აცხადებს, რომ „კასტელს“ პირადად მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მისი შვილი გადაეფარნენ. რომ არა ისინი, „კასტელთან“ დაპირისპირებაში ქართული მხარე ბოლომდე დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს და გამარჯვებულიც გამოვიდოდა.
როგორც საქმეში ჩახედული პირები აღნიშნავენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გოგი თოფაძეს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი და მისი განვითარების პერსპექტივა ჰქონდა რუსეთში და შეეძლო, იქ გამხდარიყო ოლიგარქი, მაგრამ მან საქართველოში დაბრუნება და ბიზნესის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა არჩია. თოფაძის გარემოცვაში ამბობენ, რომ მისი წარმატების საიდუმლო ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათია, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ პირობად ჩამოყალიბდა.
2005 წელს ჩატარებული ცნობილი კომპანიების რეიტინგში „ყაზბეგი“ მსოფლიო ათეულში მოხვდა. გამოკითხვა ჩატარდა რუსეთში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ხორვატიასა და საქართველოში.
გოგი თოფაძე შევარდნაძის ეპოქაშიც და დღესაც ხელისუფლების ეკონომიკურ სტრატეგიას აკრიტიკებს და ეწინააღმდეგება. „როცა ქვეყანა საგარეო ვალებში იხრჩობა, როცა ამდენი უმუშევარი გყავს, როცა ამდენი კაცია გაქცეული ქვეყნიდან და სარჩო-საბადებელს უცხოეთში ეძებს, შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარი საქციელი გაამართლოს?“, – კითხულობს თოფაძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. ამბობს, რომ თუ სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, მისი პარტია აუცილებლად მიიღებს მასში მონაწილეობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის აზრს ვერ ხედავ.