„პრეზიდენტმა სისულელეები არ უნდა ილაპარაკოს

„პრეზიდენტმა სისულელეები არ უნდა ილაპარაკოს"

კითხვაზე, გაქვთ მიზანი, რაც ჯერ არ განგიხორციელებიათ? ედუარდ შევარდნაძემ ჩვვეული იუმორით მიპასუხა: ჩაფიქრებული მაქვს გამოვუშვა წიგნი, რომელშიც ჩემი ყველა ინტერვიუ, გამოსვლა, მოხსენება შევა. ძალიან ბევრი მასალაა. დიდი წიგნი გამოვა. მაგრამ დრო იქნება საჭირო, ასე რომ ჯერ ჩემი ჩამოწერა ადრეა.

ბატონი ედუარდი იხსენებს, როგორ გაიცნეს და დაოჯახდნენ ის და ქალბატონი ნანული. როგორი იყო მათი თანაცხოვრება. გული სწყდება, რომ ნანული მის გვერდით არ არის. მაგრამ მოხარულია, რომ საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა ერთადერთი თხოვნა, ქალბატონი ნანულის ეზოში დასაფლავებასთან დაკავშირებით, შეუსრულა. თუმცა პარტრიარქი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დაიტანჯებიო, უთქვამს ბატონი ედუარდისთვის. მაგრამ "ყოველ დილას გავდივარ, პირჯვარს გადავიწერ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს არც წასულა".

ედუარდ შევარდნაძე:

- ნანულის ოჯახი დატანჯული და გაწამებული იყო. მამა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს. ოჯახის დანარჩენი წევრები კი სახლიდან გამოასახლეს. ნანულის დედა, და ავადმყოფობდნენ. მთელ საქართველოში დახეტიალობდნენ. ცხოვრობდნენ მამიდებთან, ბიძებთან, ნათესავებთან. ბოლოს თბილისში დაბინავდნენ ერთ–ერთ ბიძასთან, რომელიც გადასახლებიდან იყო დაბრუნებული. მატერიალურად ძალიან უჭირდათ. ჩვენი გაცნობა წაღვერში მოხდა.

რამდენი წლის იყო?

- ალბათ 20–21 წლის იქნებოდა. მისი მეგობარი იყო ნაზი თარგამაძე, ის ახლაც ცოცხალია. ნანული პიონერთა ხელმძღვანელი გახლდათ. ჩემი სიძე - დის ქმარი, იმავე ბანაკში მუშაობდა. საღამოს, როცა ბავშვები იძინებდნენ, უფროსები დასხდებოდნენ და საუბრობდნენ. ჩემი სიძე გოგოებს ეხუმრებოდა, გინდათ, ცოლისძმა გაგირიგოთო, - ჯერ შენ რა ხარ და შენი ცოლისძმა რა იქნებაო, - ასე პასუხობდნენ ნანული და ნაზი. მე და ჩემი და წავედით წაღვერში დასასვენებლად. დაგვხვდნენ ნაცნობები, რომელთაც მივესალმე. ნანულის და მის დაქალსაც ხელი ჩამოვართვი. მაშინ უთქვამთ, ვაიმე, ეს რა კაი ბიჭი ყოფილაო. სადაც მე და ჩემი და ვცხოვრობდით, იმ სახლიდან პიონერთა ბანაკი 50 მეტრში, მაგრამ უფრო მაღლა იყო და რა ხდებოდა მოედანზე, ეზოში ყველაფერს ვხედავდი. ჯერ გარკვეული სიმპათიები, მერე კი სიყვარული გაჩნდა. ბორჯომში ჩასვლა შევთავაზე. ორნი ვიყავით. უკვე უნდა მეთქვა, რომ არსებობს რაღაც გრძნობა. მაშინ მითხრა, სულ მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა, სად სწავლობო. მე ვუთხარი, ცენტრალური კომიტეტის პარტიულ სკოლაში. ვაიმე, მეგონა ისტორიულზე სწავლობდიო. მერე რა მოხდა–მეთქი და მაშინ მომიყვა მამამისის დაპატიმრების ისტორია: "მოვიდნენ" ქამარი შეხსნეს, წაიყვანეს სახლიდან და ძროხასავით დაკლეს. იმის მერე გაწამებული ვართ". მაშინ ასეთი წესი იყო, თუ ახლო ნათესავი გყავდა პატიმრობაში ან პასუხისგებაში მიცემული, პარტიული მუშაკი ვერ იქნებოდი. ჩვენი საქმიდან არაფერი გამოვაო, მითხრა. ასე რატომ ამბობ–მეთქი. შენ ალბათ პარტიული კარიერა უნდა გაიკეთო, აბა ტყუილად ხომ არ სწავლობო.

გავიდა ერთი წელი, განკარგულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც შვილები და ნათესავები თავიანთ ნათესავზე პასუხს არ აგებენ. მე და ჩემი და ფასანაურის ქუჩაზე ვცხოვრობდით, 9 კვ.მ ოთახში. როცა მე და ნანული შევუღლდით, იმავე ეზოში დავიქირავეთ 4 კვ.მ. ფართობის ბინა. მეტი ფული არ გვქონდა. მერე თავისი სპეციალობით დაიწყო მუშაობა, პედაგოგი იყო. რადგან წერა ეხერხებოდა, ვიღაცამ რეკომენდაცია გაუწია და ჟურნალ "საქართველოს ქალში", რომელსაც მარიკა ბარათაშვილი რედაქტორობდა, წერდა წერილებს. ბევრი წერილი შემონახულია, კალამი უჭრიდა.

ქორწილი თუ გქონდათ და ჯვარი თუ დაიწერეთ?

- ქორწილისთვის ფული უნდა გადაიხადო, რაღაცა იყიდო, სტუმრები დაპატიჟო, ამის თავი არ მქონდა და არავითარი ქორწილი არ ყოფილა. მაშინ არ იყო ჯვრისწერა. იმ დროისთვის ხელმოწერა იგივე ჯვრისწერას ნიშნავდა.

რთად ცხოვრებისას რაზე გექმნებოდათ პრობლემები?

- სხვათა შორის, იშვიათი გამონაკლისია, ჩვენს ცხოვრებაში პრობლემა არ ყოფილა. ჯერ აქ ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობებზე, მერე ქუთაისში და იმდენად თანამოაზრეები გახლდით, რომ ჩხუბი და კინკლაობა საჭირო არ იყო.

არასდროს გიკამათიათ?

- შეიძლება ყოფილიყო კამათი რაღაც საგანზე, ძირითადად განყენებულ თემებზე - ლიტერატურულ გმირებზე, ისტორიულ ამბებთან დაკავშირებით. ხანდახან არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს და მერე წიგნების მიხედვით ვარკვევდით, ვინ იყო მართალი.

თუ არსებობს ლექსი ან წერილი, ქალბატონ ნანულისადმი მიძღვნილი?

- ნანულისთვის არ მიმიძღვნია, მაგრამ ლექსებს ბავშვობიდან მოყოლებული ვწერდი. ჩემს დასთან რომ ვცხოვრობდი, ადგილი არ იყო. ჩავიტანდი სარდაფში და იქ დავალაგებდი. ერთხელაც ჩავედი, წავიკითხე რამდენიმე, არ მომეწონა და ყველა ლექსი დავწვი.

ქალბატონი ნანული როგორი დიასახლისი იყო?

- როცა ნანულის ძმა კიტა ჯარიდან დაბრუნდა, დებს ის ეხმარებოდა - დედა გარდაეცვალა, და ავადმყოფობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნატანჯ ოჯახში გაიზარდა, შესანიშნავი დიასახლისი იყო. ძალიან გემრიელ კერძებს აკეთებდა. საცივს, ლობიოს. ლობიო ძალიან მიყვარს. ჩახოხბილს. ტკბილეულსაც აკეთებდა, მაგრამ მე დიდი მოყვარული არ ვარ. ცოტას გავსინჯავდი და მერე ჩვეულებრივად ვსადილობდი.

თქვენ დიდი იუმორის ნიჭი გაქვთ, ქალბატონი ნანული თუ ხუმრობდა?

- იუმორს გამგები უნდა, იუმორი ესმოდა. თვითონ დიდი იუმორის ნიჭით არ იყო დაჯილდოებული, მაგრამ მე თუ რაღაცას ვხუმრობდი, თვითონ იცინოდა, ხარხარებდა 

ბატონო ედუარდ, თქვენს შვილებზე მოგვიყევით.

- თბილისიდან ქუთაისში გადავედით. ჯერ ნანულის დეიდასთან ვცხოვრობდით, მერე ქირით, შემდეგ სახელმწიფო ბინა მოგვცეს. იქ ოთხნახევარი წელი ვცხოვრობდით. მანანა ქუთაისში დაიბადა. შევარდნაძეებში ძირითადად ბიჭები არიან. მამაჩემს 1 და და 3 ძმა ჰყავდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი გაჩნდებოდა. სამსახურში დამირეკეს და მომილოცეს, შვილი გაგიჩნდაო. ვიკითხე, გოგოა თუ ბიჭი–მეთქი? გოგოა, მითხრეს და გამოსაყვანად არ წავედი. ჩემი ქალიშვილი ამის გამო ახლაც მსაყვედურობს. ქუთაისში დეიდა ჰყავდა და ის პატრონობდა. პაატა თბილისში დაიბადა. როცა ბიჭის გაჩენა გავიგე, ფულები ჩამოვისხესხე და დიდი პურმარილი გადავიხადე, მაშინ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე 2 ოთახიან ბინაში ვხოვრობდით. იმდენი ხალხი მოვიდა, ფართი ვერ გვეყო და სუფრა სამზარეულოშიც გავშალეთ.

პაატა ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, თვისებებითაც ბევრი რამით მგავს. ის 14 წელი იუნესკოში მუშაობდა. დიდ პატივს სცემენ. იუნესკოში ერთხელ მეც გამოვედი მოხსენებით, პაატაც ესწრებოდა. ჩემმა გამოსვლამ დიდი ტაში და აღფრთოვანება გამოიწვია. ახლაც პარიზში მუშაობს. მანანა ფიზიკურადაც მგავს და ხასიათითაც, ის მუსიკათმცოდნეა. დედამისივით მასაც კალამი კარგად უჭრის. ნეოსტუდიაში მუშაობს.

ვილიშვილებიდან უმეტესობა გოგონები არიან, მათი დაბადება გაიხსენეთ.

- ზოგი თბილისში დაიბადა, ზოგიც - პარიზში. სოფო ახლა მოსკოვშია, "რაშენ თუდეის" და "ეხო მოსკვის" წამყვანია. ჭკვიანი გოგოა, მაგრამ გასათხოვარია. მე ხომ არ ვუშოვი ქმარს. მანანა ადრე გათხოვდა, 19 წლის იყო. ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა. შემდეგ გია ჯოხთაბერიძეს გაჰყვა. შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. ჩემი უფროსი შვილიშვილი თამუნა გათხოვილია, ძალიან კარგი ქმარი ჰყავს, ეროვნებით ბერძენი. პაატას ბიჭი ლაშა უკვე დაქორწინდა. მეუღლე - თათია შარანგია, ძალიან კარგი გოგოა, ნიჭიერი პიანისტი. ყველაზე პატარა შვილიშვილი ნანული 10 წლისაა. პარიზში სწავლობს. შესანიშნავად ხატავს, ცეკვაზე დადის. ოჯახურ ურთიერთობას არ ვემდური. ყველანი კარგები და წესიერები არიან. არც ერთი გალანძღულა არასდროს.

როდის იკრიბება მთელი ოჯახი?

- ყოველთვის ვერ ხერხდება ეს. 25 იანვარს, ჩემს დაბადების დღეს, როგორ წესი, ყოველთვის მოდიან, საზღვარგარეთ თუ არიან, ჩამოდიან. მაგრამ სოფო ყოველთვის ვერ ახერხებს.

როგორი მამამთილი ხართ?

- ძალიან მშვიდი, არ მიყვარს ჩხუბი, შენიშვნის მიცემა, ამას არ იმსახურებენ.

ქალბატონ ნანულის თქვენი თვისებებიდან რომელი მოსწონდა განსაკუთრებით?

- ჩვენ ჩვულებრივი ცოლქმრობა გვქონდა. ხასიათებით ერთმანეთს ძალიან ვგავდით, ინტერესებიც საერთო გაგვაჩნდა. საკმაოდ დიდი განათლება ჰქონდა და ეს ძალიან ეხმარებოდა.

2003 წელს, სანამ გადავდგებოდი, დარბაზში შემოიჭრნენ მომიტინგეები, დეპუტატები გავიდნენ, დაცვამ მეც გარეთ გამიყვანა. მომხდარი სახელმწიფო გადატრილების მცდელობად შევაფასე და საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვარ. სახლში მივდიოდი და მანქანაში ჩემთვის ვფიქრობდი, არმიის გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. ჩემს თავს ვეუბნები - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, სისხლი ხომ დაიღვრება, ორივე მხრიდან ქართველები არიან. მანქანიდან კანცელარიაში დავრეკე და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოვითხოვე. ასე გადავრჩით სისხლისღვრას.

ქართველი კაცის სისხლი არ უნდა დაღვარო. არც არასდროს დამიღვრია. სახლში რომ მივედი, ნანული გამომეგება და მეუბნება, მე კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა. შენ რა, სისხლი გინდა დაღვარო? მე ვუპასუხე, სისხლს არ დავღვრი, მაგრამ ხვალიდან მე პრეზიდენტი არ ვიქნები. გადამეხვია, გადამკოცნა, შენი ყოველთვის მჯეროდა და ახლაც ბრძნული ნაბიჯი გადადგი, მთლად უმუშევარი რომ დარჩე, მაინც მადლიერი ვიქნებიო. მერე პაატა მირეკავს იმავე კითხვით, მამა, სისხლი დაიღვრებაო? არ დაიღვრება–მეთქი.

ბატონო ედუარდ, ახლაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, ხალხი ქუჩაში გამოდის, არ წყდება აქციები, როგორ უნდა მოიქცეს პრეზიდენტი?

-ჭკუით უნდა იყოს და სისულელეები არ ილაპარაკოს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ასეთი რაღაც თქვა: კოკოითამდე პრეზიდენტი ჩიბიროვი იყო, შევარდნაძეს კი არ ეყო შნო, რეალურად მას მოლაპარაკებოდაო. სინამდვილეში არა მხოლოდ დაველაპარაკე, ხშირადაც ვხვდებოდი. ბოლოს ბორჯომში შევხვდი და იქ მითხრა, არჩევნების შემდეგ დავსხდეთ და ვისაუბროთ ერთად ცხოვრებაზეო.

აფხაზებმა და ოსებმა რადგან ბოლშევიზმი აღიარეს, სანაცვლოდ მათგან ავტონომიის სტატუსი მიიღეს. მე ავტონომიის შენარჩუნების მომხრეც ვიყავი, რადგან რასაც მისცემ, იმას არ ართმევენ ხოლმე. ჩიბიროვი არ აირჩიეს, ეს მოულოდნელობა იყო. მოვიდნენ სხვები და მათ საქმე სხვანაიად წაიყვანეს.

აგვისტოში შეიძლებოდა სისხლისღვრის თავიდან აცილება?

- ცხინვალში არ უნდა შევსულიყავით. როცა კონდოლიზა რაისმა გაიგიო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ცხინვალში შესვლა გადაწყვიტა, დარეკა და გვითხრა: - არ გირჩევთ ცხინვალში შესვლას  მაშინ დანაშაული ჩავიდინეთ. ამ საქმეში ევროპა და აშშ რომ არ ჩარეულიყვნენ, საქართველო მთლიანად ოკუპირებული იქნებოდა.

თქვენი აზრით, ოსეთსაც ვერ დავიბრუნებთ?

- როცა პრეზიდენტი ვიყავი, აფხაზეთიც ოკუპირებული იყო, მაგრამ რუსები არსად წერდნენ, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს ნაწილი. ახლა გაერომ აფხაზეთთან დაკავშირებით განიხილა საკითხი და საქართველო ამოვარდა. თუ ასეთი კრიზისული სიტუაცია იყო, პირველი პირი უნდა ჩასულიყო და თავის კოლეგებზე გავლენა მოეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ოკუპირებული იყო, რუსები აფხაზეთს და ოსეთსაც ყოველთვის საქართველოს შემადგენელ ნაწილად ცნობდნენ.

ამერიკელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყველანაირ დახმარებას გვიწევდნენ, და, ამავე დროს, ვმეგობრობდი პუტინთან. ამ მეგობრობამ ბევრი რამ გააკეთა. გალის რაიონში მოსახლეობის დაბრუნება ჩემი თხოვნით მოხდა. პუტინმა თავის განკარგულებით ეს პროცესი დააკანონა. ახლა მედვედევი ამბობს, რომ სანამ სააკაშვილი იქნება, ჩვენ მას არ დაველაპარაკებითო. ცხინვალში რომ არ შევსულიყავით, რუსეთს არ ექნებოდა საბაბი მოეხდინა ოკუპაცია. რუსებმაც დაუშვეს შეცდომა, როცა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ამით მათ საკუთარი ქვეყნისთვის მიუღებელი პრეცედენტი შექმნეს. ჩეჩნეთი აფხაზეთთან შედარებით ბევრად მეტია, მათ არ უნდათ დამოუკიდებლობა?

ოპოზიციის ლიდერები დღეს ბევრს საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება?

- ვფიქრობ, ოპოზიციის მოთხოვნა დასაბუთებულია. ძალიან ძლიერი ოპოზიციაა. საქართველოში ასეთი ოპოზიცია ჯერ არ ყოფილა. მრავალრიცხოვანია, ლიდერები სხვადასხვა ღირსებებითაც გამოირჩევიან. ჯერჯერობით დაშლის საფრთხე არ ემუქრებათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეიძლება დაიწყოს კინკლაობა, პოსტებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს პოლიტიკისთვის ჩვეულებრივი ამბავია.