მიუძღვის თუ არა ბრალი დუტა სხირტლაძეს მსახიობის გარდაცვალებაში

მიუძღვის თუ არა ბრალი დუტა სხირტლაძეს მსახიობის გარდაცვალებაში

ბოლო დროს თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში დიდი არეულობაა. დასის წევრები თეატრის მმართველს, დუტა სხირტლაძეს უპირისპირდებიან. ბრალდებები მრავალგვარია - ის, რომ თეატრი თავისი ნათესავებით გაავსო, რომ თეატრის ფული ჯიბეში ჩაიდო, არ დგამს სპექტაკლებს, იშვიათად ჩადის თელავში, კრებებზე მსახიობებს შეურაცხყოფას აყენებს.

ყველაზე მძიმე ბრალდებად კი მისი მიზეზით მსახიობის გარდაცვალება გაისმის. ერთ-ერთ კრებაზე დუტასა და დასის წევრებს შორის სერიოზული შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. კრებას დასის წევრი, ავთო გულიაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობ პაატა გულიაშვილის მამა) ესწრებოდა, რომელიც გულით ავადმყოფი გახლდათ. შეხლაშემოხლის დროს ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს სწორედ თეატრის მმართველს აბრალებენ მისი მოწინააღმდეგეები.

დუტა სხირტლაძეს სასამართლოში თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლების გამო უჩივლეს და პროცესი მოიგეს კიდეც. დუტა ახლა უკვე თავად აპირებს სარჩელის შეტანას მათ წინააღმდეგ. მანამდე კი პოპულარულმა მსახიობმა და შოუმენმა ჩვენთან ისაუბრა თეატრში აგორებულ სკანდალზე.

მოდით, საუბარი დავიწყოთ იმით, რა მდგომარეობაში დაგხვდათ თეატრი და თქვენ რა რეფორმები გაატარეთ.

- ოფიციალურად შარშან, 22 ივლისს, დავინიშნე თეატრის მმართველად. მე რომ მივედი, თეატრში რემონტი მიმდინარეობდა. ჩემებურად რაღაცეები შევცვალე. კაფე გავაკეთე და ამით თეატრს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა. ასევე გავაკეთე საგამოფენო დარბაზი, ბავშვთა გასართობი ოთახი. ეს ყველაფერი საკმარისი არაა, კიდევ ბევრი რამ დარჩა, მაგრამ ამას ფული სჭირდება. მე კი დღეს საამისო სახსრები არ გამაჩნია. ილუზიაა, მკვდარი თეატრი რამდენიმე თვეში აღვადგინო.

თეატრს მაყურებელი დაკარგული ჰყავდა. დამიჯერეთ, მათი დაბრუნება არც ისე იოლია. მე რომ ჩავედი, იქ მომუშავე პერსონალი სახლში იჯდა და მხოლოდ ხელფასებს ითხოვდა. ვერ ხვდებიან, როცა მაყურებელს 3 წლით კარგავ, მისი დაბრუნება ხანგრძლივი პროცესია. მინდოდა, რომ თელავის თეატრის მაყურებელი კულტურულად, ზნეობრივად გამეზარდა. ბევრ რამეს ვაკეთებ, რომ თელაველები თეატრის შენობას შევაჩვიო და რეალურად ამ ყველაფერს ნულიდან კი არა, მინუსებიდან ვიწყებ. ამას იქ რომ ვამბობ, მეკითხებიან, როგორ, მაშ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია აქო! მეც ვეუბნები, რომ დიახაც, არაფერი გაუკეთებიათ!

მთელი საქართველო მაქვს მოვლილი და ვიცი, რომელი თეატრი რა მდგომარეობაშია. სენაკში ხორავას სახელობის თეატრში საშინელი სიტუაცია დამხვდა. ხალხმა არ იცოდა, რა იყო სპექტაკლი. არადა იმ თეატრს 125 წლის ისტორია აქვს. მაყურებელი რომ მოვიდა, ეგონათ, სპექტაკლზე კი არა, კონცერტზე იყვნენ მოსული. მე სცენა დავტოვე და სპექტაკლი ჩავშალე. მეორე შემთხვევა თელავის თეატრში მოხდა. მაყურებელი მთელი 20 წუთის განმავლობაში ვერ გავაჩუმე. ამიტომაც თეატრის მმართველობა გავაკრიტიკე. ვთქვი, რომ თეატრში, სადაც ალექსი კუპატაძე, თინათინ ბურბუთაშვილი მოღვაწეობდნენ, სირცხვილია, ასეთი მდგომარეობა იყოს, ამაში დამნაშავეები თქვენ ხართ-მეთქი. დიდი მადლობაო, ირონიით მითხრეს. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემ მიმართ ანტიპათიით განეწყვნენ.

იმ კრებაზე გვიამბეთ, რომელზეც ტრაგიკული ფაქტი მოხდა - მსახიობი გარდაიცვალა.

- ბოლო კრებაზე მე და რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე ხმამაღლა ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მაგრად ვიჩხუბეთ. მე ჩემი პრეტენზია გამოვთქვი. წამომიხტა გოგი და მიყვირა, შვილო, აქეთ გაქვს პრეტენზიებიო?

მოხდა ისე, რომ ბოლო ორი თვე ყველა თავის ნებაზე მივუშვი. მათი მხრიდან პატარ–პატარა ფეხის დადებები იყო, მაგრამ მშვიდად ვაბიჯებდი დაგებულ მახეებს და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი. თეატრში საჭირო ინვენტარი შევიტანე. ამფითეატრი გავაკეთე, ასევე მინდა, მოწვეული რეჟისორებისთვის ექსპერიმენტული სცენა გავაკეთო... რა თქმა უნდა, მათ ეს არ ესიამოვნათ. ეშინიათ, რომ სტუმრად მოსული რეჟისორები მათზე გაცილებით უკეთეს სპექტაკლებს დადგამენ. ბატონ გოგი ჩაკვეტაძეს კრებაზე გამოვუცხადე, რომ მისი რეჟისურა არ მომწონს. რა თქმა უნდა, ამაზე გაბრაზდა.

ყველას თვალწინ რომ არ დაგემცირებინათ, არ ჯობდა, ცალკე გეთქვათ?

- მან ყველას თვალწინ მითხრა, ცუდი მმართველი ხარო და მეც ამ სიტყვებით ვუპასუხე.

მართლა ასე ფიქრობთ თუ უბრალოდ, გაბრაზებულ გულზე უთხარით?

- მართლა ასე ვფიქრობ. შეიძლება ის განათლებული კაცია, მაგრამ, როგორც რეჟისორი, ცუდი კი არა, საშინელია! მისი გემოვნება ჩემსაში არ ჯდება.

როგორ ფიქრობთ, თეატრში მისვლისთანავე რატომ არ მოუხვედით თვალში?

- ზუსტად ვიცი, ეს რატომაც მოხდა. თეატრში ახალი ჯგუფი მივიყვანე. ისინი ჩემთან უხელფასოდ მუშაობენ. თუმცა მათთან ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, სადაც მათი ხელფასის რაოდენობაცაა მითითებული. ჩემი პირობები წავუყენე - ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ ფული ვიშოვოთ და, თუ ვიშოვით, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ ანაზღაურებას. ამის შემდეგ გუნდური მუშაობა დავიწყეთ. მოხდა ისე, რომ მე გოგის მოყვანილი დაცვის წევრები სამსახურიდან გავუშვი. თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ვაღიარებ, რომ გაწეული სამსახურისთვის ფული ვერ გადავუხადე. ამის გამო მიჩივლეს. მათ ბატონი გოგი დაუდგათ მოწმედ. ეს პროცესი წავაგე. ახლა მე შემაქვს სარჩელი. მათ სპონსორის დაკარგვის გამო ვუჩივი. ჩემთვის 6.000 ლარის გადახდა მოუწევთ. ვთხოვე, წყნარად წასულიყვნენ, მაგრამ არ წავიდნენ. ამის შემდეგ ნახავენ, რას ნიშნავს მკაცრი მმართველი! ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს!

თეატრში მისვლისთანავე ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე. დავინტერესდი, რამდენად გამომყვებოდა მაყურებელი. ამიტომ ერთ–ერთი სპექტაკლის დროს ხალხს ჭორის დონეზე მივაწოდე ინფორმაცია ახალი სპექტაკლის შესახებ, აფიშა არ გამომიყენებია. ამ მიდგომამ გაამართლა და იმ სპექტაკლის პრემიერაზე დარბაზი გაივსო. მე სხვადასხვა გზას ვეძებ, რომ თეატრს მაყურებელი დავუბრუნო. ამ ყველაფერზე მათთან არ ვლაპარაკობ, რადგან ვერ გამიგებენ.

თქვენი, როგორც მმართველის, შეცდომებად რას მიიჩნევთ, რომლებიც აუცილებლად გექნებოდათ, როგორც ყველა ხელმძღვანელს?

- იქ მისვლისთანავე თეატრი იმ ხალხისგან უნდა გამეთავისუფლებინა. კომუნისტურ წყობას არიან მიჩვეული და არ იციან, სიტყვა „მმართველი“ რას ნიშნავს. ისინი ვალდებულები არიან, ჩემთან შემოვიდნენ და მითხრან: „ვდგამ სპექტაკლს და, მაგალითად, მჭირდება 40 ტონა ბანანი და ტანკი, რომ ამ ბანანებს გადაუაროს“. მე ვალდებული ვარ, ამ ყველაფერზე ვიზრუნო, ტანკიც ვიშოვო და 40 ტონა ბანანიც. მე ვარ მათი შემოქმედებითი „ხუშტურების“ შემსრულებელი.

მაგრამ ისინი ამბობენ, დუტა აქ არ არის და ვისთან შევიდეთ, ვის მოვთხოვოთ რამეო.

- დუტამ რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს, საჭიროა, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ბიზნესმენებთან. მე სპონსორებს ვეძებ. სათავო ოფისები თბილისშია და დედაქალაქში უნდა მოვაგვარო ეს პრობლემები.

რამდენ ხანში ერთხელ ჩადიხართ თელავის თეატრში?

- კვირაში 3-4 დღე იქ ვიყავი. ბოლოს, როცა მივხვდი, რაღაც შედეგს მივაღწიე, ცოტა მოვუკელი იქ სიარულს. ჩემი ბრძანებით, გოგი ჩაკვეტაძეს 25 ნოემბერს პრემიერა უნდა გაემართა. კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული ვიყავი. გოგიმ ჩათვალა, რომ თუ ამ პრემიერას გადადებდა, არაფერი დაშავდებოდა. მოვიდა პრემიერის დღე და აღმოჩნდა, რომ სპექტაკლის დადგმა დაწყებულიც კი არ ჰქონდა. არადა კულტურის სამინისტრომ ამ სპექტაკლისთვის თანხა გამოყო.

ვაჟა–ფშაველას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა გაგვეკეთებინა რამე, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ, არაფერი ვიცოდით, გარდა ერთისა, რომ სპექტაკლი უშუალოდ ვაჟა-ფშაველაზე უნდა ყოფილიყო. იმის გამო, რომ ჩემი დავალება არ შეასრულეს, კულტურის სამინისტრომ პასუხი მე მომთხოვა. სწორედ ამ ინციდენტის გამო გადავწყვიტე, რომ ამ სპექტაკლის ავტორებისთვის ხელფასის მიცემა შემეჩერებინა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადავიფიქრე და ხელფასები მაინც გავეცი. რომ გაიგეს, ხელფასებს დროებით ვაჩერებდი, მთლად გადაირივნენ. ზუსტად გეტყვით, რატომ გადაირია და გაგიჟდა ბატონი გოგი. მე ჩავიყვანე ბატონი ოთარ ბაღათურია, რომელსაც რეჟისორის დიპლომი არ აქვს, მაგრამ მას, როგორც მსახიობს და რეჟისორს, ბევრი გრან პრი აქვს აღებული. გოგი ერთ–ერთ თავის ინტერვიუში ამბობს, ოთარს დიპლომი არ გააჩნია და ამიტომ ვერ იქნება ჩვენთან რეჟისორიო. მე ვამბობ, რომ დიახაც, იქნება ჩვენს თეატრში რეჟისორად!

ბატონი გოგი იმასაც ამბობს, დუტას არ შეუძლია თეატრის მმართველობა, თუმცა ძალიან ნიჭიერი შოუმენი და მსახიობიაო.

- კი, ბატონო, მეც ვამბობ, რომ ბატონი გოგი ძალიან განათლებული ადამიანია, მაგრამ თავის საქმეში არ მომწონს. რადგან ბატონმა გოგიმ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ბიძაჩემს ვთხოვე, ვაჟა–ფშაველაზე სპექტაკლი მას დაედგა. ერთი თვე მივეცი ვადა. ზუსტად სამ კვირაში ყველაფერს მოაბა თავი და არაჩვეულებრივი სპექტაკლი „გამოაცხო“. მოკლედ, საახალწლოდ თელაველები კარგად ვასიამოვნეთ.

თქვეს, რომ თქვენ აფიშიდან ვაჟა-ფშაველას სურათი ჩამოხსენით და მას მონსტრი უწოდეთ. რითი ახსნით ამას?

- მე არ მითქვამს, რომ ვაჟა მონსტრია. მე ვთქვი, რომ ვაჟა ბუმბერაზია და ის ბრენდია. ვაჟა არის ვაჟა და ის თელავის თეატრთან ნამდვილად არ ასოცირდება. მისი პორტრეტი სწორედ ამიტომ ჩამოვხსენი. ვაჟა-ფშაველა თელავის თეატრს ვერ წარმოადგენს, მის ხსენებაზე თელავის თეატრი ნამდვილად არავის გაახსენდება. მე ე.წ. რებრენდინგი ჩავატარე. მოვიფიქრე ახალი ტიპის აფიშები, ბილეთები, ლოგო. ვაჟა-ფშაველას პორტრეტის ნაცვლად ლურჯი ხე ჩამოვკიდეთ. ეს ხე იქნება მხოლოდ ჩვენი თეატრის და ნამდვილად არაა ცუდი. კიდეც რომ მეთქვა, ვაჟა მონსტრია-მეთქი, რა, არ არის?! ის ბრენდია და ჩვენს თეატრს ჩაყლაპავს. მე ვლაპარაკობდი მარკეტინგული ენით და მათ ვერ გაიგეს.

კიდევ რომელი ნათესავი მიიყვანეთ თეატრში?

- გოგიმ თქვა, რომ მე თეატრის მმართველად მამიდაშვილი, ლილი ბურბუთაშვილი დავნიშნე. მოდით, დავფიქრდეთ. თუ ის მართავს თეატრს, მე სად ვარ, რას წარმოვადგენ იმ თეატრში? თქვენი საშუალებით ვეტყვი გოგის: გოგი, შენ რაღაც სისულელეებს ლაპარაკობ! მთელი ჩემი ოჯახის წევრები ამ თეატრის კედლებში დავიბადეთ და გავიზარდეთ. უფრო მეტიც, ეს თეატრი მათი აშენებულია. მე ბატონ გოგის კრებაზე პირდაპირ ვუთხარი, თქვენ ვის დაკარგვიხართ, რომ აქ ენა დაიგრძელეთ და რაღაცეებს მელაპარაკებით–მეთქი. დედაჩემი მთელი ცხოვრება იქ მუშაობდა მხატვრად. თეატრში იმას მივიყვან, ვისაც გული შესტკივა. ვისაც სულ არ აინტერესებს, რა ხდება თეატრში, იმას სახლში გავუშვებ! აქამდე ძალიან დიპლომატიური, დინჯი ვიყავი და ყველაფერს ვითმენდი, მაგრამ ახლა მკაცრი გავხდები. თვეში ერთხელ კი არა, სამ თვეში ერთხელ ჩავალ და გაკეთებული დამხვდება ყველაფერი ის, რასაც მე დავავალებ!

თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თელავში მხოლოდ ხელფასის, 700 ლარის ასაღებად ჩადიხართ.

- 700 ლარი პლასტიკურ ბარათზე მერიცხება და სულაც არ მჭირდება თელავში მაგის გამო ჩასვლა. მაგას რომ ამბობს ბატონი გოგი, ისიც თქვას, რომ თეატრში ყველაზე მაღალი ხელფასი სწორედ მას აქვს. როცა თეატრის მმართველობა შემომთავაზეს, ვუთხარი, რომ არ მინდოდა მათი ხელფასი და ისე ვიმუშავებდი, მაგრამ მითხრეს, იურიდიულად არ შეიძლებაო. თუ დამიჯერებთ, ტექნიკური რეჟისორის ხელფასი მაქვს და არა - მმართველის. მათ ხელფასს კიდევ გავუზრდი, ოღონდაც თეატრზე იფიქრონ. ვინც ბევრს აკეთებს, ბევრ ფულსაც აიღებს.

მასაც გიყენებენ ბრალდებად, რომ სპექტაკლებისთვის გამოყოფილ თანხას ჯიბეში იდებთ.

- მაგაზე არ ინერვიულოთ. მე ლარსაც კი არ ვხარჯავ ისე, ყველაფერს ბანკის საშუალებით ვაგვარებ და ვისაც დასჭირდება, შემიძლია ქვითრები ვაჩვენო. საგადასახადოს აქეთ ვეპატიჟები თეატრში. წარმოგიდგენიათ? თეატრს არც ერთი კომპიუტერი არ ჰქონდა! რთულია ასეთი რაღაცეების გაკონტროლება. ამიტომ მოვიყვანე კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ასეთ საქმეებში. ესაა ჩემი მამიდაშვილი. გამოვაცხადე, რომ ის არის ჩემი თანაშემწე. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა მათგან. ჯერჯერობით მას ფულს ვერ ვუხდი, ისე მუშაობს. რა ვქნა, მყავს ასეთი ნიჭიერი სანათესაო და არ გამოვიყენო?! დედაჩემი 36 წელია თელავის თეატრის მხატვარია. სანამ იქ რემონტი იყო, მარჯანიშვილში მუშაობდა. ახლა თელავის თეატრში დავაბრუნე, რა პრობლემაა?!

გულიაშვილის გარდაცვალებაში პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც გადანაშაულებენ. დუტა კრებაზე ისეთ უწმაწურ სიტყვებს ხმარობდა, ჩვენც რომ სუსტი გული გვქონოდა, ვერ გავუძლებდითო.

- როგორც კი შეფარვით კი არა, ხმამაღლა გამოაცხადებენ მსგავს რამეს, სასამართლოში ვიჩივლებ და მოწმედ ბატონი ავთოს მეუღლეს მოვიყვან. იმ კრებას ბატონი ავთოს მეუღლეც ესწრებოდა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. ეს ქალბატონი დაკრძალვის დღეს მოვიდა და მითხრა, დუტა, შვილო, შენზე ათას რაღაცას ამბობენ და ძალიან გთხოვ, არ ინერვიულოო. აქეთ მაწყნარებდა.

ბატონ ავთო გულიაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვთანამშრომლობდი. მე და ბატონმა ავთომ გადავწყვიტეთ, თოჯინების თეატრიც გაგვეკეთებინა. ახლა, როცა ბატონი ავთო ჩვენთან აღარაა, მე და მისმა შვილმა, პაატამ, გადავწყვიტეთ, ავთო გულიაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი დავაარსოთ. მაგ თეატრში ერთადერთი კაცი იყო, რომელიც მომავალ თაობაზე ზრუნავდა.

მართალია, რომ კრებებზე უცენზურო სიტყვებს ხმარობთ?

- კრებაზე მე ორჯერ ვიხმარე გამოთქმა: „ეს დედაარღნიანი, ესა“. ამაზე გაიგიჟეს თავი.

ფაქტი ერთია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი არ გაღიარებენ მმართველად და ვერც თქვენ ითანამშრომლებთ მათთან. რას აპირებთ?

- არ მაღიარებენ და წავიდნენ, ვინ უშლით?! მხოლოდ გოგი ჩაკვეტაძით და ნინო კურტანიძით არ მთავრდება და არ იწყება თეატრი. ამ ორმა ძალიან შეტოპა და ღიად თუ ირიბად მე დამადანაშაულეს ბატონი ავთოს გარდაცვალებაში. მე შემიძლია საწინააღმდეგო დავამტკიცო და თანაც საკმაოდ არგუმენტირებულად. რაც შეეხება მათთან თანამშრომლობას, მე მათთან ვერ კი არა, არ ვითანამშრომლებ! ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან. თუ არ გააკეთებენ იმას, რასაც მე ვიტყვი, დატოვონ თავიანთი თანამდებობები! ახლა ნახავენ, როგორია მკაცრი უფროსი!