ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი მომავალი წლის პირველი მარტიდან გაიხსნება. ამაზე თბილისსა და მოსკოვში ოფიციალური განცხადებები უკვე გაკეთდა. ვაშაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ საბაჟოს გახსნით ხელი ერევანს გაუწოდეს, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ ამისათვის მოსკოვს გარკვეულ დათმობებზე, უფრო ზუსტად კი დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე უარის თქმა მოუწია.
რა დათმო რუსეთმა, ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე კომენტარს არ აკეთებს. ექსპერტები კი თვლიან, რომ დათმობაზე წასვლა არა მოსკოვს, არამედ თბილისს მოუწია, მეტიც, ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლარსის გახსნას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დათანხმდა.
ცნობისათვის, სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2006 წლის ივლისში რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა. ეს სატრანზიტო გზა დაიხურა სომხეთისთვისაც. ამას წინ უძღოდა რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო. უკვე მიმდინარე წლის მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შეატყობინა თბილისს, ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნით ბოლო პერიოდში ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა სომხეთშიც. ოფიციალურმა ერევანმა შეამავლის როლის შესრულებისთვისაც კი მზადყოფნა გამოთქვა, რათა მისთვის რუსეთთან ერთადერთი სახმელეთო საზღვარი საბოლოოდ გახსნილიყო.
დღეს კი უკვე ცნობილია, რომ ლარსი აუცილებლად გაიხსნება და ეს მომავალი წლის მარტში მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე. მაგრამ არც ერთი არ საუბრობს იმაზე, თუ რა ტიპის წინაპირობის თანახმად ხდება აღნიშნული პუნქტის გახსნა.
ასევე უცნობია, მოხდება თუ არა ქართულ პროდუქციაზე რუსული ემბარგოს მოხსნა, ყოველ შემთხვევაში. ამაზე არც მოსკოვში და არც თბილისში ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობენ. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლარსის გახსნაზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დათანხმდა.
"ყაზბეგი-ზემო ლარსი საბაჟო პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ოთხშაბათს შვეიცარიული მხარის შუამავლობით მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ უახლოეს 2 კვირაში ოქმი შედგება, რომელშიც მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები გაიწერება. რაც შეეხება პუნქტის გახსნას, სავარაუდოდ, ეს მომავალი წლის მარტის დასაწყისში მოხდება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გახსნის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე ქართულ ტვირთსა და ქართულ სატრანსპორტო საშუალებებზე. კალანდაძის თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ სატრანზიტო მექანიზმი მეზობელი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
"ლარსის საბაჟოს გახსნის მოლაპარაკების განმავლობაში ქართული მხარე დათმობაზე წავიდა და სომხურ მხარეს დახმარების ხელი გაუწოდა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამაც ნათლად დაინახა. ამის გათვალისწინებით კი რუსეთმა ქართული მხარისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა, რომ საერთაშორისო არენაზე ისედაც შელახული იმიჯი კიდევ უფრო არ შეელახა", - აღნიშნა კალანდაძემ.
რამ გამოიწვია რუსული მხარის მიერ მსგავსი დათმობა? - ქართულ მხარეს ამაზე საკუთარი ვარაუდები აქვს. როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, თბილისი თვლის, რომ თავდაპირველად მოსკოვს იმედი ჰქონდა, რომ თუ ის დააყენებდა მკაცრ პირობებს მსგავს შემოთავაზებასთან დაკავშირებით, საქართველო უარს იტყოდა. თუმცა იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ქართული მხარე მზად არის სომხეთს დაეხმაროს ამ კუთხით და ხელი გაუწოდოს მას, უკვე ნათელი გახდა, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესებას აზრი არ ექნებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე თქვა უარი მოსკოვმა, ამას ვაშაძის უწყება არ აკონკრეტებს.
"ფაქტია, რომ ლარსის გახსნა ეკონომიკურად არანაირ შედეგს არ იძლევა. ძალიან ვწუხვარ, რომ ე.წ. ვაჟკაცური გამოსვლების შემდეგ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. თავი რომ დავანებოთ უსაფრთხოებას, პრობლემა ისაა, რომ ასეთ დროს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მიღებულია ვაჭრობა, ანუ რაღაცის სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღო. როდესაც შენ ამ საზღვარს, ფაქტობრივად, სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ხსნი, ეს იქნება რუსეთი თუ სომხეთი, შენ აქედან არაფერს იღებ. რამეს რომ ვიღებდეთ, დამერწმუნეთ, ამას მთავრობაში უკვე გვეტყოდნენ. არადა, შეგვეძლო ამის სანაცვლოდ მოგეთხოვა რუსეთის ბაზრის გახსნა, ემბარგოს მოხსნა, რათა ლარსის პუნქტს არა ცალმხრივად, არამედ ორმხრივად ემუშავა. ასევე მომხდარიყო იმ პირებისთვის სავიზლ რეჟიმის გამარტივება, რომელთა ნათესავები რუსეთში ცხოვრობენ.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩვენ მხოლოდ რიტორიკულ ომებში ვართ მაგრები, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ინტერესების დაცვაზეა საუბარი, ფაქტობრივად, ნულოვან შედეგს ვიღებთ. ყველა ომი - ეკონომიკაში იქნება, პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში - წინასწარ წაგებულია. ამ ყველაფრის უკან იმალება ის, რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო იმ ზეწოლის წინაშე, რაც რუსული თუ სომხური ლობის მხრიდან ხორციელდება. ისინი სიტყვიერად არიან მაგრები, სინამდვილეში საქმე საქმეზე რომ მიდგება, რუსეთისა და სომხების საქმეს ძალიან კარგადაც აკეთებენ. დაცულია რუსეთის და სომხეთის ინტერესები და საქართველოს ინტერესები არ არის გათვალისწინებული", - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი თვლის, რომ მარტამდე დიდი დროა და ყველაფერი ნათელი სამომავლოდ გახდება.
"მარტამდე ბევრი წყალი ჩაივლის და ალბათ, წინაპირობებიც გამჟღავნდება, რადგან ვერც ქართული და ვერც რუსული ხელისუფლება საიდუმლოს ვერ ინახავს. რომ ინახავდეს, ჩვენ ალბათ არ გვეცოდინებოდა, ხალხის ზურგს უკან როგორ მიაღწიეს ენგურჰესთან დაკავშირებით გარიგებას.
ამ შემთხვევაში ძნელია საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება. დღეს ჩვენს ხელისუფლებას აინტერესებს, რეალურად რა სიკეთე შეიძლება მიიღოს იმ განცხადებებიდან, რომელსაც პუტინი და მედვედევი ქართველების მისამართით აკეთებენ. შეიძლება ეს ეხებოდეს საჰაერო მიმოსვლას, ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნას და ა.შ. მაგრამ აშკარაა, რომ ეს თავად მოსკოვშიც კი არ იციან.
კიდევ ერთი - წინაპირობაზე საუბარი გახლავთ ორმხრივი მოლოდინის რეჟიმი. ფაქტობრივად, გამოცხადდა ვაჭრობის მზაობა ორივე მხრიდან. ვინ რას მოიგებს, ვის რას წააგებს და ვინ რაზე დათანხმდება, მომავალი 2 თვეში გაირკვევა", - მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს.
პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი კი წინაპირობად საახალწლოდ საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ასახელებს.
"ცხადია, რომ გარიგება იყო, რადგან ქართული მხარე ლარსის გახსნაზე ფეხს ითრევდა. რაკი დაფიქსირდა თანხმობა, ალბათ, ზეწოლა იყო სომხეთიდან. სომხებისთვის ეს საზღვარი არის სასიცოცხლო, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს პრობლემური რეგიონი - ჯავახეთი და ამ პუნქტის გახსნით იქ სიტუაცია დაწყნარდება. საბოლოო ჯამში კი, ამ პუნქტის გახსნა ჩვენთვის იქნება მომგებიანი როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სოციალურად", - აცხადებს კლიმიაშვილი.