იაპონიაში დატრიალებულ ტრაგედიას მთელ მსოფლიოში გამოხმაურება მოჰყვა. სამყარო შეძრულია 8,9 ბალიანი მიწისძვრით გამოწვეული დამანგრეველი შედეგებით. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც კუნძულელების უბედურებაზე ნიშნის მოგებით საუბრობენ.
ცნობილი ფაქტია, რომ ტოკიოს და მოსკოვს ბოლო ხანს დალხინებული ურთიერთობები არ აქვთ. მიზეზი კურილის კუნძულებია, რომლებზეც იაპონია პრეტენზიას აცხადებს. სხვათა შორის, ამ კუნძულებზე ამომავალი ქვეყნის სუვერენიტეტს ოფიციალური ვაშინგტონიც აღიარებს.
მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „დათრეული“ კუნძულების დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებს. პირიქით, ბოლო ხანებში სადავო ტერიტორიებს პირველად პრეზიდენტი მედვედევი ეწვია. ამას ტოკიოს მხრიდან უმწვავესი დიპლომატიური გამოხმაურება მოჰყვა.
იაპონელებმა რუსებს ღიად მოუწოდეს, რომ შემდგომში ასეთი ვიზიტებისგან „თავი შიკავონ“. იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა პრეზიდენტ მედვედევის ბოლო ვიზიტს კურილიის კუნძულებზე „უპატიებელი შეურაცხყოფა“ უწოდა. რუსეთის საგარეო მინისტრმა კი ეს განცხადება „არადიპლომატიურად“ მიიჩნია.
აი, ასეთი ფონი უსწრებდა დამანგრეველ მიწისძვრას იაპონიის კუნძულებზე. ამასთან დაკავშირებით კი ერთ–ერთი რუსი ბლოგერი წერს, რომ „იაპონიაში ხდება ის ექსპერიმენტი, რომელიც განხორციელდებოდა მაშინ, თუ იაპონია კურილიის კუნძულებს დაესხმებოდა“.
„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ღმერთმა ისინი დასაჯა რუსეთის წინააღმდეგ გამოხტომების გამო“, „არ იყო საჭირო კურილიის კუნძულებზე პრეტენზიის გამოცხადება“, „ეს მათ კუნძულებისათვის“, „ასე მოუხდებათ“, „აი ის იარაღიც რომელსაც მათ ჟირინოვსკი დაპირდა. არაა საჭირო ჩვენი კუნძულებისკენ თათების გამოშვერა“, - ეს რუსი ბლოგერების მიერ დატოვებული კომენტარების ერთი მცირე ნაწილია, დღეისათვის ბლოგსფეროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოგერ „დრუგოის“ ბლოგში, რომლის პოსტიც იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას ეხება.
მრავალი მომხმარებელი დაუფარავ სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რაც იაპონიაში ხდება.
„ახლა იაპონიაში ხდება ნატურალური ექსპერიმენტი იმისა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო იმ შემთხვევაში თუკი იაპონია კურილიის კუნძულებს დაესხმებოდა“, – წერს თავის ბლოგში მომხმარებელი სახელად „ელ-მურიდი“ და აგრძელებს:
„8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 მეგატონის ბირთვული ნაღმის აფეთქების ექვივალენტურია. თანამედროვე სტრატედიულ ნაღმს 0, 5 მეგატონის სიმძლავრე გააჩნია, ხოლო სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ახლა ხდება ის, რაც შეიძლება ელოდოს ქვეყანას, იმ შემთხვევაში თუკი მას ერთდროულად 20 სტრატეგიული საბრძოლო ნაღმი დაბომბავს. ხაზს ვუსვამ, არა ტაქტიკური, არამედ - სტრატეგიული“.
„არც გერმანულ და არც ინგლისურ კომენტარებში ან ბლოგებში მე არასოდეს მინახავს ასეთი მასობრივი სიხარული სხვისი ტრაგედიის გამო, არასოდეს“, – აღნიშნავს ბლოგერი „მაჰბრაუნი“ და აგრძელებს:
„აი რუსებთან კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომაცაა, რომ მე ყოველთვის ცახცახი მეწყება, როდესაც ვიღაც ახლოს იწყებს საუბარს რუსული სულის სიდიდეზე და განსაკუთრებულ რუსულ სულიერებაზე“.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა კურილიის კუნძულები 2010 წლის ნოემბერში მოინახულა. ამან იაპონიის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კუნძულები მიმდინარე წლის 4 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მოინახულა.
ასევე, ცნობისთვის, იაპონია კურილიის კუნძულებზე თავის პრეტენზიას საფუძვლად უდებს 1855 წელს გაფორმებულ ორმხრივ ტრაქტატს ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ. მოსკოვის პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კურილიის კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (სამართალმემკვიდრე კი, რუსეთის ფედერაციაა) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და რუსეთის სუვერენიტეტი ამ კუნძულებზე ეჭვგარეშეა.
გასულ წელს იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კურილიის კუნძულებს (რომელსაც რუსეთი აკონტროლებს), იაპონიის ტერიტორიად აღიარებს. კანონის მიხედვით, კუნძულები იტურუპი, შიკოტანი და კუნაშირი იაპონიის განუყოფელი ნაწილია. იაპონიის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ამ კუნძულების ოკუპაციას.