აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ვესაუბრეთ ”ლეიბორისტული პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დავით რობაქიძეს. იგი ირწმუნება, რომ ბათუმის მერის თანამდებობაზე რობერტ ჩხაიძეს თემურ დიასამიძით ჩაანაცვლებენ.
რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ბათუმის მერად დიასამიძე ინიშნება?
- თქვენი მედიასაშუალებისთვის მოცემული ერთი ინტერვიუ დამისახელეთ, რომელშიც რაიმე განცხადება გავაკეთე და არ გამართლდა?! დიასამიძის დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილია. დიასამიძის მერად დანიშვნის შესახებ უკვე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც ხმამაღლა (ოღონდ, საჯაროდ არა) საუბრობენ.
სად მუშაობს ამჟამად თემურ დიასამიძე?
- მთავრობის აპარატში, პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობს. იგი ამ თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ დანიშნეს და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო - ეს ადამიანი ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეობდა და აჭარის მთავრობაში ერთ-ერთი წარმატებული თანამდებობის პირი იყო. პროტოკოლის სამსახურის უფროსად გადაყვანა მისთვის ხელ-ფეხის შეკვრად შეიძლება ჩაითვალოს. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს საკადრო ცვლილება იმის გამო განხორციელდა, რომ დიასამიძემ რამდენიმე უცხო ენა იცის, კომუნიკაბელური და მართლა კარგი ბიჭია-თქო.
ამ საკადრო ცვლილებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექი მოვიდა. ბატონმა ვარშალომიძემ მთავრობის სხდომა მოიწვია, რომელიც ტელეეთერითაც გადაიცა. მან მინისტრები იმის გულისთვის გაკიცხა, რომ გზები თოვლისგან გასუფთავებული არ იყო - თქვე ასეთებო და ისეთებო, მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევთო.
აქ იმის ახსნას არ შევუდგები, რამდენად მართალი იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე. უბრალოდ, ერთი მინდა ვთქვა - ფირმა, რომელიც გზებზე სამუშაოებს აწარმოებს, არის ვარშალომიძის მრჩევლის, ემზარ ძირკვაძის ძმის საკუთრება. შეგახსენებთ, რომ ემზარ ძირკვაძე ახლო წარსულში აჭარის ა/რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.
ამ ფირმის მფლობელის ვინაობა ვარშალომიძემ შეგნებულად არ თქვა, თუ ის შეგნებულად მოატყუეს, ეს უკვე მათი პრობლემაა და არა მოსახლეობის, რომელმაც ყველაფერი კარგად იცის. ძირკვაძის მაგივრად საერთოდ სხვა გვარი, სხვა ფირმა ახსენეს, რამაც ვარშალომიძის მხრიდან გაღიზიანება გამოიწვია - უნდა დაისაჯოსო, მაგრამ ვის დასჯას აპირებდნენ, ეს გაურკვეველი იყო. აი, ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორიგი საკადრო კარუსელის დატრიალება დაიწყებოდა.
რა მოხდა ამ გაკიცხვის შემდეგ?
- არქივის დირექტორი, ბატონი სურგულაძე ბათუმის უნივერსიტეტის პრორექტორად გადაიყვანეს. ამ საკადრო გადაადგილებით ვარშალომიძემ დაიწყო მისი უშუალო გარემოცვის (მრჩევლების, სხვადასხვა სამსახურების უფროსების) ადგილების გამოთავისუფლება. სურგულაძის ნაცვლად, არქივის დირექტორად ვარშალომიძემ მისი უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, ბატონი ცინცქილაძე გადაიყვანა. სხვათა შორის, არქივში გადაყვანამდე სურგულაძეც ვარშალომიძის აპარატში მუშაობდა, საინფორმაციო განყოფილების უფროსად.
ახლახანს გათავისუფლებული მინისტრების მოადგილეები მთავრობის თავმჯდომარის აპარატში მრჩევლებად და სამსახურების უფროსებად გადაიყვანა. ფაქტიურად პენსიაზე გაუშვა - გაქვს დიდი ხელფასი და არაფერს აკეთებ.
ცენტრალურ ხელისუფლებაში გათავისუფლებულებს თუ დიპლომატიურ სამსახურში უშვებენ, აჭარის მთავრობაში გათავისუფლებულები მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლებად გადაჰყვათ, რომ ეს ხალხი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში არ აღმოჩდეს და იმ სიბინძურეზე არ ილაპარაკოს, რასაც ესენი სჩადიან.
კიდევ ერთი საინტერესო საკადრო გადაადგილება - ბათუმის საკრებულოდან ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. ეს საკადრო გადაადგილება ორმხრივადაა საინტერესო. ერთი ის, რომ აჭარის ა/რ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრზე, ლევან ანთაძეზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ მაქსიმუმ ათი დღე შეიძლება შეინარჩუნოს თანამდებობა. მინისტრად გიორგი დიასამიძის დანიშვნას აპირებენ, რომელიც ზემოთ ხსენებული თემურ დიასამიძის ძმაა.
საქმე იმაშია, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, ერთი ძმის ქალაქის მერად, ხოლო მეორის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოსერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელად მუშაობა შეუძლებელია. იგივეს გულისხმობს ორგანული კანონიც.
რას ერჩიან ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ თანამდებობის პირად ითვლება?
- ჩემი ინფორმაციით, ამჟამინდელი მინისტრი აქ არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად გადაჰყავთ. ზემოთხსენებულ საკადრო გადაადგილებებს ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - ან ძალიან ეშინიათ და ფიქრობენ ისეთი ხალხი დაიყენონ გვერდზე, რომლებიც არ უღალატებენ, ან - ის ხალხი, ვისთან ერთადაც დიდი ფული აკეთეს, უნდათ. რომ სუფთად გაიყვანონ გვერდზე, რათა მათ არ ილაპარაკონ როგორ კეთდებოდა ფული და ვის რამდენი მიჰქონდა...
რას უპირებენ ბათუმის ამჟამინდელ მერს, რობერტ ჩხაიძეს?
- ალბათ ვარშალომიძე გადაიყვანს თავის მრჩევლად, ან თანაშემწედ. დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა. თათბირის შემდეგ ამჟამინდელმა მერმა, რობერტ ჩხაიძემ თქვა, რომ ეს ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ.
ახლა ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას?! მაშინ, როცა წინა საკრებულოს უმცირესობის წევრები ზემოხსენებული სამსახურების უფროსების წინააღმდეგ გამოვდიოდით, ჩხაიძე მათ თავგამოდებით იცავდა - თავიანთ საქმეს წარმატებით უძღვებიანო.
რობერტ ჩხაიძეს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ და, როგორც ჩანს, ჩხაიძე, უკაცრავად ამ სიტყვისთვის და, თავის კუდებს ითავისუფლებს, რადგან ჩხაიძის შემდეგი გაჩერება პროკურატურა იქნება, იმდენი სისაძაგლე აქვს ქალაქისთვის გაკეთებული.
მაგალითად?
- სულ ბოლო მაგალითს გეტყვით - გასულ წელს ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ქართველებს ბუნგალოები ააღებინეს. ეს ის ტერიტორია სადაც ”ტარაბუა” იდგა. ახლა ეს ადგილი თურქებს 49-წლიანი იჯარით გადასცეს. ახლა იქ თურქები კაფეების, ე.წ. ბუტიკების და რესტორნის მშენებლობას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ძველ ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და იქ მშენებლობები დაუშვებელია.