"ნათლობის სახელი დავითი დავარქვით"
"ვკითხე, - ბატონო ლუის, რატომ გადაწყვიტეთ მართლმადებლად მონათვლა-მეთქი. მითხრა, მთელი მსოფლიო მოვიარე, ყველა ეროვნების და რელიგიური მიმდევრობის ადამიანებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ არსად ისეთი სითბო და სიყვარული არ მიგრძვნია, რაც ქართველი ხალხისგან მივიღეო..."
"მითხრა, იმდენად მიყვარს საქართველო, მინდა აქ დამასაფლავონო."
NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს გაქრისტიანებას, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. წარმოშობით პერუელი ნავარო უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს... ის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის მონასტერში მოინათლა და ნათლობის რიტუალი მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ აღასრულა, რომელსაც ჩვენც გავესაუბრეთ.
- მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი, როდესაც მრევლმა მითხრა, ლუის ნავაროს მართლმადიდებლად მონათვლა სურსო... რა თქმა უნდა, გაგონილი მქონდა ამ ადამიანზე, მაგრამ გაქრისტიანებას თუ გადაწყვეტდა, ვერ ვიფიქრებდი... როდესაც ჩემმა მრევლმა ამის შესახებ მითხრა, ავუხსენი, ასე ნაუცბათევად არ ვნათლავთ, უნდა შევამზადოთ-მეთქი. შემდეგ მითხრა, დიდი ხანია უნდოდა ქრისტიანად მონათვლა, ამის შესახებ ადრეც გვითხრა და რაღაც დონეზე შემზადებულია, რამდენიმე მოძღვარსაც ესაუბრაო...
- რა გითხრათ, რატომ გადაწყვიტა მართლმადიდებლად მონათვლა?
- როგორც მითხრეს, მას ნაფიქრი ჰქონდა ამაზე, მაგრამ როდესაც მოიყვანეს, მე მაინც ვკითხე, - ბატონო ლუის, რატომ გადაწყვიტეთ მართლმადებლად მონათვლა-მეთქი. მითხრა, მთელი მსოფლიო მოვიარე, ყველა ეროვნების და რელიგიური მიმდევრობის ადამიანებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ არსად ისეთი სითბო და სიყვარული არ მიგრძვნია, რაც ქართველი ხალხისგან მივიღეო. თავის წარმოშობის შესახებად მიამბო, - პერუდან ვარ და ეს ქვეყანა ძალიან მაგონებს სამშობლოსო. გავეცანი თქვენი ქვეყნის ისტორიას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სწორედ მართლმდადიდებლური სარწმუნოებიდან აქვს ქართველ ხალხს ამდენი სითობო და სიყვარულიო... ამ რელიგიის იდელოგიამ განაპირობა ამ ხალხის ასეთი სისუფთავე და მიმტევებლობაო. მათი მაღალი ზნეობის საფუძველი სწორედ მართლმადიდებლობაა, ეს ქვეყანა ხომ თავისი ისტორიის განმავლობაში ამ რელიგიას ეყრდნობოდაო. კიდევ კარგი, რომ ეს ყველაფერი აღმოვაჩინე და აქ ცხოვრების საშუალება მომეცა. მეც მინდა, ამ რელიგიის აღმსარებელი ვიყოო... გაოცებული ვუსმენდი ამ ადამიანს. მის გულწრფელ აღსარებას ემოციის გარეშე ვერ მოვუსმინე, ცრემლები მომადგა... ჩვენი საუბრის შემდეგ ვუთხარი, ნათლობისთვის ჭეშმარიტად მზად ყოფილხართ-მეთქი და მოვნათლე. მას ნათლობის სახელი დავითი ჰქვია.
- ნათლიები ვინ იყვნენ, მამაო?..
- ნათლიები იყვნენ გიორგი თარგამაძე და კიდევ ერთი ქართველი გოგონა, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, ჩვენს საუბარს თარგმნიდა. ლუისმა გვითხრა, ქართული საუბრიდან ბევრი რამ მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობო... ნათლობის შემდეგ მითხრა, იმდენად მიყვარს საქართველო, მინდა აქ დამასაფლავონო. მე დიდი ხანს სიცოცხლე და წარმატებები ვუსურვე.