საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ სანამ რუსეთი საქართველოს იურიდიულ საზღვრებზე თბილისის მიერ საბაჟო კონტროლს არ დათანხმდება, მანამდე ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ქართველების ხმას ვერ მიიღებს. ექსპერტები კი შიშობენ, რომ ამერიკის ჩარევით მთავრობამ შეიძლება რუსეთს ხმა მისცეს და მერე მოსახლეობას განუმარტოს, რომ ბიზნესის დასახმარებლად და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის შეტანის სანაცვლოდ გააკეთა.
თუ ეს ასე მოხდა, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის გაწევრიანებას უპირობოდ დაეთანხმა, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა რუსეთს ემბარგოს მოხსნას ისედაც ავალდებულებს. კერძოდ, თუკი ორგანიზაციის რომელიმე წევრი ქვეყანა სხვა წევრ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებს შეწყვეტს ორგანიზაცია მას მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ასე რომ, ემბარგოს მოხსნას მსო-ს წესდება ისედაც ითვალისწინებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ბერნში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მოსკოვის თხოვნით განახლდა.
“რუსეთის მხარიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მან.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით კი, ქართული მხარე თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხოლოდ საზღვრების საკითხის განხილვის შემდეგ დათანხმდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ირწმუნება, რომ საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს “მაქსიმალური სარგებლისა და საუკეთესო პირობების მიღების სანაცვლოდ დაუჭერს”. მისივე ინფორმაციით, “მოლაპარაკებების პროცესი უცხოელი პარტნიორების მაღალი პოლიტიკური ჩართულობით წარიმართება”.
“დღეს რუსეთს მსო-ში გაწევრიანება ძალიან სურს, რეალობა კი ასეთია: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები მისი თაოსნობით შავ ხვრელებად იქცა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნარკოტრანზიტის არსებობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, იქ იარაღით უკანონოდ ვაჭრობასაც აქვს ადგილი.
ბუნებრივია, რუსეთის მსო-ში გაწევრიანება ამ ყველაფრის აღმოფხვრის სანაცვლოდ უნდა მოხდეს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო მონაკვეთებზე საბაჟო კონტროლი უნდა აღდგეს, ხოლო ის, თუ ვინ განახორციელებს ამას - ქართველი მებაჟეები თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უკვე მოლაპარაკებების საგანია. მთავარია, ქართულმა მხარემ ამ პროცესში მისთვის საუკეთესო პირობებს მიაღწიოს”, - აღნიშნა წიკლაურმა.
ბერნში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პარალელურად კრემლში შეხვედრებს მართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. იგი აცხადებს, რომ ამერიკის მიზანია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების “გადატვირთვა”. რუსეთში მყოფი ბაიდენის ერთ-ერთი მისია რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე მსჯელობაა.
პრეზიდენტ ობამას სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ მსო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი საკითხია, რომელშიც ვაშინგტონი არ ერევა, თუმცა მისთვის რუსეთის ამ ორგანიზაციაში შესვლა ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სურვილია აქცენტი ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე გააკეთოს ისე, რომ საკითხი “უფრო ფართო დებატის” საგანი არ გახადოს.
ექსპერტის დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში საქართველოს ბოლომდე ხისტი პოზიციის შენარჩუნება გაუჭირდება. მისი შეფასებით, რუსეთის დიდი და მიმზიდველი ბაზრის დაკარგვა მართლაც სერიოზული იარაღია, რასაც მოსკოვი ეფექტიანად იყენებს კიდეც.
“ოფიციალურად თუ არაოფიციალურად სხვადასხვა ქვეყნები ეცდებიან ჩვენთან მოლაპარაკებების გამართვას, რათა გარკვეული საკითხები დავთმოთ რუსეთთან მიმართებაში და ნაკლებად ხისტი პოლიტიკა ვაწარმოოთ რუსეთის მსო-ში მიღებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს ნარმანია.
ნარმანიას აზრით, ქართველების მხრიდან საბაჟო კონტროლი სამართლიანი მოთხოვნაა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ქვეყნის ნებისმიერი საზღვრიდან რა პროდუქტი შემოდის. თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხმა დიდი ხანია პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მისი თქმით, თუ საქართველო მხარს დაუჭერს მას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
“საქართველომ რუსეთის წინაშე მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარი პოზიციები არ უნდა დათმოს. რუსეთისთვის ბევრი რამ გვაქვს მოსათხოვი. აუცილებელია, რუსეთი დათანხმდეს საზღვრების გახსნას კონფლიქტურ ზონებში და საქართველოს მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებას. თუმცა რუსეთი რომც დათანხმდეს ამ მოთხოვნას საქართველოს მთავრობამ მყარი გარანტია უნდა მიიღოს და მხარი შემდეგ დაუჭიროს. ყველასთვის კარგად ცნობილია, რუსეთი პირობებს როგორ ასრულებს”, - ამბობს დავით ნარმანია.
იგივე პოზიციას იზიარებს ექსპერტი ლევან კალანდაძე. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვისაც მისაღებია რუსეთი მსო-ში გაწევრიანება, თუ მოსკოვი თბილისთან მიმართებაში უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
“მაგრამ არის კი რუსეთის მსო-ში წევრობა იმის გარანტია, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის პირობებს საქართველოსთან მიმართებაში დაიცავს? მე ამ გარანტიებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კალანდაძემ.
ექსპერტთა განცხადებით, ემბარგოს მოხსნის შემთხვევაშიც კი, შეიძლება, რუსეთმა მიზეზად ფიტოსანიტარული ნორმები მოიმიზეზოს და ქართული პროდუქცია სრულიად თუ არა ნაწილობრივ მაინც აკრძალოს.