მითი „იალტა II”-ის შესახებ

მითი „იალტა II”-ის შესახებ

ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, ორივე ქვეყანაში გავრცელებულია აზრი იმის თაობაზე, რომ „გადატვირთვა“ მარცხისთვისაა განწირული. სკეპტიკოსთა აზრით, რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მთელ რიგ საკითხებზე ფუნდამენტური და გადაულახავი წინააღმდეგობები არსებობს, მათ შორის ისეთ საკითხზე როგორიცაა მათი დამოკიდებულება რუსეთის მეზობელი ქვეყნების მიმართ

ასეთი მოსაზრება მცდარ და მოძველებულ წარმოდგენებს ეფუძნება. ფაქტების ყურადღებით შესწავლის შემთხვევაში ირკვევა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიასთან გვაქვს საქმე.

„გადატვირთვისადმი“ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ორივე ქვეყნაში ცოტა რამ აქვთ საერთო და ისინი ამას პირველები დაგიდასტურებენ, მაგრამ როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ისინი ერთი არიან იმ მოსაზრებაში, რომ პოსტ-საბჭოთა რეგიონში რუსეთ-ამერიკის კონფრონტაციის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იალტის შეთანხმების მსგავსი „გრანდიოზული გარიგების“ მიღწევაა. ამ გარიგებით უნდა გაიმიჯნოს პასუხისმგებლობათა ზღვარი და მხარეებმა ერთმანეთის სფეროებში ჩაურევლობის ვალდებულება უნდა აიღონ.

რუსი სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ „გადატვირთვას“ აზრი არა აქვს მანამ, სანამ ასეთი გარიგება არ გაფორმდება. მათი ამერიკელი კოლეგები, რომლებმაც იციან, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ისტებლიშმენტის „მეინსთრიმი“ კატეგორიულად უარყოფს გავლენათა სფეროების იდეასაც კი და ამტკიცებენ რომ თუკი ობამას ადმინისტრაცია არ დაანგრევს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს, მოსკოვთან მეტოქეობის რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია.

არც ერთი მხარე არ იმჩნევს იმ ფაქტს, რომ დღევანდელ დღეს „გავლენის სფეროების“ გამიჯვნაზე „გრანდიოზული გარიგებები“ სუპერ-სახელმწიფოებს შორის შეუძლებელია.

ჯერ ერთი, იალტისგან განსხვავებით, სადაც სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ევროპას ინაწილებდნენ, დღეს რუსეთიც და შეერთებული შტატებიც უამრავი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეები არიან დაწყებული გაერო-ს წესდებით, დასრულებული ჰელსინკის შეხვედრის აქტით, რომლებიც ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკის სფეროში თავისუფალი არჩევანის გარანტიებს უქმნიან. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტუალური და გამოყენებადია 1990 წლის პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის, რომლის ყველა მხარემ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ შეეცდება „მიაღწიოს ახალ ხარისხს უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ისე, რომ სრულად სცემს პატივს ამ მხრივ სხვების არჩევანის თავისუფლებას“.

მეორეც, იმ შემთხვევაშიც თუკი ერთ-ერთი მხარე შეეცდება ამ რეგიონიდან რომელიმე სახელმწიფოს თავს მოახვიოს საკუთარი გადაწყვეტილებები მისი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, საეჭვოა აქედან რამე გამოვიდეს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც რუსულ-ამერიკული კონკურენცია განსაკუთრებულად მწვავედ მოსჩანს, მაგალითად - უკრაინაში. როგორი განზრახვებიც არ უნდა ჰქონდეთ მოსკოვს და ვაშინგტონს, არც შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს და არც მის მთავარ მოწინააღმდეგეს საარჩევნო კამპანიის დროს, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ დაუყენებიათ, რადგან ეს მათი კამპანიის მარცხის მიზეზი გახდებოდა (არჩევნებამდე ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ უკრაინელების მხოლოდ 19% ემხრობა ნატო-ში გაწევრიანებას).

მაგრამ მოსკოვს და ვაშინგტონს შორის გრანდიოზული გარიგება შესაძლებელიც რომ იყოს, ის დღეს საჭირო არ არის. ისტორიულად გავლენის სფეროებს შორის საზღვრებს შეურიგებელ მტრებს შორის ავლებდნენ ხოლმე, მაგალითად - ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს შორის. დღეს უთანხმოება მოსკოვს და ვაშინგტონს შორის პოსტ-საბჭოთა სივრცეში დიდწილად ერთმანეთზე არასწორი წარმოდგენებით აიხსნება და არა მათი ინტერესების ფუნდამენტური სხვაობებით.

ამაში დამნაშავე დიდწილად ცივი ომის პერიოდის აჩრდილებია, რომლებიც დღემდე არ ასვენებენ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას. მოსკოვში ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ ვაშინგტონი „ანტი-რუსული“ პოლიტიკოსების მხარდაჭერისკენ მიისწრაფვის, რათა შეზღუდოს რუსეთის გავლენა. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის შანსი მიიღოს აშშ-ს მხარდაჭერა დამოკიდებულია აქტიურობაზე, რომლითაც ის რუსულ ინტერესებს აზიანებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ის უბრალოდ მხარს უჭერს თავისუფლად არჩეულ ლიდერებს, მოსკოვი ამაში შეკავების საიდუმლო პოლიტიკას ხედავს.

ვაშინგტონისთვის მოსკოვთან ამ რეგიონის საკითხების განხილვაც კი მარცხისთვის განწირული საქმეა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ რეგიონში ერთობლივ ქმედებებზე. დიდწილად ეს გამოწვეულია იმით, რომ იალტის აჩრდილი ჩნდება: ამერიკელების პასუხისმგებლობის მტკიცე განცდა იმ შეთანხმებების გამო, რომლებიც რეალურად აძლევდნენ კარტ-ბლანშს საბჭოთა კავშირს, რომელსაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში მისი მსგავსი რეპრესიული რეჟიმების შექმნა შეეძლო და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს აღარ აქვს პრეტენზია მსოფლიო რევოლუციის ავანგარდისა და იდეოლოგიური ექსპანსიის მედროშის როლზე, რეგიონის პატარა ქვეყნებზე წარსული თავდასხმების ეს ფანტომები აშშ-ში ბევრს დღემდე არ ასვენებს.

მაგრამ ისტორიულ გამოცდილებას და მგზნებარე რიტორიკასაც რომ თავი დავანებოთ, უმალ ცხადი ხდება ის, რომ ორივე ქვეყანა აჩრდილებს ანუ წარმოსახვაში არსებულ მოწინააღმდეგეს ებრძვის.

რუსეთში პოლიტიკური გარდაქმნების ტრიუმფამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ დღეს უკვე აღარ არსებობს ევროპის გაყოფისთვის ფუძემდებლური მიზეზები. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის მოქმედებები ხშირად იმითაა ნაკარნახევი, რომ მოსკოვთან თანამშრომლობა მოითხოვს რუსეთის მეზობლების იძულებას ეს გადაწყვეტილებები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მიიღონ.

ბელორუსში ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს. პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახლა არჩევამდე, რასაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალადობა მოჰყვა, შეერთებული შტატები (ევროკავშირთან ერთად) მინსკს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სტიმულებს სთავაზობდა. ამავდროულად, მოსკოვი ლუკაშენკოსთვის შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებდა და იმუქრებოდა, რომ არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, რადგან ბელორუსის მეთაურის დაუსრულებელმა ხრიკებმა მოსკოვის წინადადებაზე რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ, კრემლს მოთმინება დააკარგვინა.

მაგრამ არც ბრიუსელს და არც ვაშინგტონს არ უცდია მოსკოვს პირდაპირ დალაპარაკებოდა ბელორუსიის სიტუაციაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალისხმევის კოორდინაციაზე. კრემლს როგორც ჩანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას ბელორუსს ართმევენ და ბოლო მომენტში მოულოდნელი სვლა გააკეთა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ლუკაშენკოს მხარი დაუჭირა. შედეგად ყველა დამარცხდა, რა თქმა უნდა ლუკაშენკოს გარდა.

პოსტ-საბჭოთა რეგიონისადმი ასეთი მოძველებული დამოკიდებულების შენარჩუნება პირდაპირ საფრთხეს უქმნის „გადატვირთვას“, მაგრამ ამ პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალი არც იალტის ახალი შეთანხმებაა. რეალობა ისაა რომ დღეს მოსკოვს და ვაშინგტონს შორის აღარ არსებობს ისეთი გადაუჭრელი კონფლიქტები, რომ მათი გადალახვისთვის „გრანდიოზული შეთანხმება“ იყოს აუცილებელი. გავლენის სავარაუდო სფეროები, რომლებიც ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებს ისტერიულ მდგომარეობაში ამყოფებს, დღეს მეტი არაფერია თუ არა ფუჭი რიტორიკა.

[foreignpress.ge]