მილიონერ მაჟორიტართა ათეული

მილიონერ მაჟორიტართა ათეული

ამასწინათ, “ლეიბორისტების” ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, თქვენი რაიონის მოღალატე დეპუტატები საკუთარი ოფისებიდან და რაიონებიდან გააძევეთო და ამ მოწოდებით შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარიზმის სამუდამოდ გასაუქმებლად ფართომასშტაბიანი ბრძოლა გამოაცხადა. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის მან დასავლეთსაც მიმართა... რამდენიმე დღის წინ კი, ბატონმა შალვამ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “უსაქმური და წურბელა” მილიონერი მაჟორიტარების სიაც გამოაქვეყნა... “წურბელებზე”, მათ ბიზნესებსა და მილიონებზე “ქართულ სიტყვას” “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი ესაუბრა:

 

- მაჟორიტარები არაფრის გამკეთებლები არიან, გარდა იმისა, რომ ყველაფერზე თავს უკანტურებენ პრეზიდენტს და რასაც დაავალებს, ყველაფერს მონური მორჩილებით ასრულებენ. “ნაცმოძრაობამ” მაჟორიტარები აიძულა, რომ მათ მანდატები ეყიდათ, ისინი ჯერ გვარიანად გაწეწეს, შემდეგ კი, ოთხი წლით მისცეს სრული უფლება, რომ გაატყაონ თავიანთი რაიონები და ის სფეროები, რომლებსაც ფლობენ, ზოგი ნავთობის სფეროს ფლობს, ზოგი - წამლის, ზოგიც - საკვები პროდუქტების. საქართველოში მაჟორიტარიზმის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ამან მიიღო მახინჯი ფორმა. მაჟორიტარები გახდნენ პატარა ფეოდალები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული წურბელები. მაჟორიტარები არ არიან პატიოსანი ბიზნესმენები. პატიოსან ბიზნესმენს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ.

 

ბატონო სოსო, ახლახანლეიბორისტებმამილიონერ მაჟორიტართა ათეული გამოაქვეყნეთ. ვინ არიან ისინი და რა გზით დააგროვეს ქონება?

- სიის ნომერ პირველი მილიონერი ახალგორის დეპუტატი ვინმე ოვაშვილია. ეს ადამიანი ახალგორის დეპუტატია და საერთოდ არ ნაღვლობს ამ რაიონის დაკარგვაზე და არც იმაზე, რომ მისი მოსახლეობა, რომელმაც ის აირჩია, დღეს გაუსაძლის პირობებშია. ოვაშვილმა წინასწარ იცოდა, რომ მოხდებოდა ახალგორის ოკუპაცია, მაგრამ თავისი მეზობლები და მოსახლეობა არ გააფრთხილა, რომ მათ ქონება გადაერჩინათ, თუკი რამე ფასეული ჰქონდათ, გაეტანათ რაიონიდან და თვითონაც გახიზნულიყვნენ. მან მხოლოდ საკუთარი ქონების გადარჩენაზე იზრუნა, შემდეგ, საკუთარ სახლში შეასახლა სეპარატისტების მილიციის უფროსი ვინმე ხუბულოვი, რომელიც დღეს ამ სასახლეში ცხოვრობს და ყარაულობს. ოვაშვილს უზარმაზარი სასახლე აქვს აშენებული ორთაჭალაში. სხვათა შორის, მას დეკლარაციაში უწერია, რომ ამ სახლის რემონტში 1 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. ხომ წარმოგიდგენიათ, სახლი რაღა დაუჯდებოდა? როგორც ჩანს, ეს კაცი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს იმიტომ, რომ რემონტის ფულს, როგორც წესი, დეკლარაციაში არ წერენ ხოლმე...

 

ავიღოთ ნაძალადევის რაიონის დეპუტატი მერაბ სამადაშვილი. ეს არის ცნობილი მილიონერი, ფულის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი პერსონა. როდესაც მასთან მიდიან ნაძალადევის რაიონის მოქალაქეები, არც კი ღებულობს. მას საკუთარი ამომრჩევლების გაგონება და დანახვაც კი არ უნდა.

 

მილიონერთა სიაში მოხვდა თემურ კოხოძეც, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი. იგი კომპანია “თეგეტა მოტორსის” მმართველია. ამასწინათ, ტელევიზიით, კერძოდ, “მაესტროზე” გამოქვეყნდა “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მიერ ჩადებული თანხები. “თეგეტა მოტორსმა” მმართველი პარტიის ბიუჯეტში, სხვადასხვა დასახელებით, ჩადო 400 ათასი ლარი. ეს ოფიციალურად, ვინაიდან შპს-ს, ანუ იურიდიულ პირს 100 ათას ლარზე მეტის ჩარიცხვის უფლება არ აქვს, კერძო პირს კი უფლება აქვს, 20 ათასი ლარი ჩარიცხოს.

 

როგორ ჩარიცხა კოხოძემ 400 ათასი ლარი?

- მან ეს თანხა ჩარიცხა “თეგეტა მოტორსის”, შპს “თეგეტას”, “თეგეტა ქარ-ს” და სხვა სახელით. იგი ჯერ მარტო ამიტომაა დამნაშავე და კრიმინალი. ეს, რაც ოფიციალურად დახარჯა, ის კი, რაც არაოფიციალურად - მხოლოდ  ღმერთმა უწყის.

 

თქვენს მიერ შედგენილ მილიონერთა სიაში აღმოჩნდა პსპ- მფლობელიც...

- ბატონი ოქრიაშვილი თვითონვე წერს დეკლარაციაში, რომ 2 მილიონნახევარი ღირს მისი კომერციული ფართი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, მილიონზე მეტი ღირს მისი ერთი ბინა ტაბახმელაში, მეორე, ასევე, ტაბახმელაში - 250 ათასი დოლარი. მას აქვს 17 მიწის ნაკვეთი და ეს ყველაფერი უწერია, გაფორმებული აქვს დეკლარაციაში, მაგრამ რა აქვს ამ ადამიანს უცხოეთში ნაყიდი და აშენებული, ეს არავინ იცის. ჩვენ მარტო ის ვიცით, რაც საქართველოში აქვს მას და სხვა მაჟორიტარებს.

არის ასეთი დეპუტატი კობა ნაყოფია, ბოლნისის მაჟორიტარი, რომელიც ოფიციალურად ნახევარი მილიარდის მფლობელია. მას ეს ოფიციალურად უწერია დეკლარაციაში. ნაყოფია გახლდათ ბოლნისის “კვარციტის”, ანუ ოქროს საბადოს დირექტორი. საბადოს მფლობელი ვიღაც რუსი, უშიშროების თანამშრომელი გენერალოვია, მაგრამ კობა ნაყოფია გახლდათ დირექტორი. თვითონ წამოვიდა და თავის ადგილზე ნათესავი დატოვა. ნაყოფია ამჟამად  დეპუტატია, თანაც - ჩაქცეული. დღევანდელ პარლამენტში, რომელიც მილიონერების საკრებულოა, თვითონ მილიონერები ამბობენ, რომ კობა ნაყოფია ჩაქცეულიაო. წარმოიდგინეთ, ამ მდიდარ ხალხს კობა ნაყოფიას ფული რომ გაუკვირდება?!

 

კანონის თანახმად, პარლამენტარს არ აქვს ბიზნესის კეთების უფლება, მაგრამ ვინ არის გამკითხავი? გუბერნატორი ჩოჩელი ერთადერთი კაცია, რომელსაც რასაც დაუწერთ, რომ ეს ქონება არის მისი, უარს არაფერზე ამბობს. გვეთანხმება, დიახ, ჩემია და თითებს იქნევს, აბა, მოდით და წამართვითო. სხვებთან შედარებით, ეს კაცი გულწრფელია, ნამუსი შერჩენია და არ უარყოფს თავის ქონებას. ამასთან, დაუსჯელობის სინდრომით არის დაავადებული, გათავხედებული და ამიტომაც აცხადებს, დიახაც, ჩემიაო.

 

და რა არის მისი?

- ცეზარ ჩოჩელისაა უზარმაზარი, გარედან მარმარილოთი მოპირკეთებული სასახლე, რომელიც მდებარეობს თბილისში, კერძოდ, სიხარულის ქუჩაზე, “ტოიოტა” ცენტრის უკან. ჩვენ შიგნით არ შეგვიშვეს და არ ვიცით, იქ რა ხდება, მაგრამ თვითონ ჩოჩელი გამოვიდა და თქვა, ეს რასაც გარედან ხედავთ, თქვენ შიგნით უნდა შემოხვიდეთ და ნახოთ, როგორი სხვადასხვა ფერის მარმარილოთი მოპირკეთებული აუზები, საუნა და სპორტული კომპლექსები მაქვსო. ჩვენ ეზოში მისი ერთი მარმარილოს აუზის გადაღება მოვახერხეთ. იქნებ დაუკავშირდეთ ჟურნალისტები და შეგიშვათ სახლში. ჩოჩელი უზარმაზარი ქონებისა და ბიზნესის პატრონია: “ნატახტარის” ქარხანა მისია, შოკოლადის ფაბრიკა “ბარამბო” მისია, პირუტყვის სასაკლაო მისია. გახსოვთ, ალბათ, ხალხს აუკრძალეს იმ ხორცის გაყიდვა, რომელიც ჩოჩელის სასაკლაოზე არ დაიკვლებოდა და იქ არ იქნებოდა დარეგისტრირებული. დარწმუნებული ვარ, მას მცხეთისა და დუშეთის რაიონებში უამრავი ობიექტი აქვს კიდევ საკუთრებაში.

კასპის მაჟორიტარ კურდღელაშვილს 15 მილიონი აქვს ანგარიშზე, ეს მას აღიარებული აქვს.

 

ბატონო სოსო, ეს ყველაფერი დეკლარაციების მიხედვით გაარკვიეთ თუ კერძო გამოძიების საფუძველზე?

- დიახ, დეკლარაციების მიხედვით, თუმცა ჩოჩელს დეკლარაცია არ აქვს შედგენილი, გუბერნატორია და არა - დეპუტატი. ერთ ამბავს გეტყვით: ერთადერთი საწარმო, რომელიც მუშაობდა, იყო რკინა-ბეტონის შპალების ქარხანა. ის რკინიგზის დეპარტამენტს ეკუთვნოდა. ამ ქარხანას, სხვათა შორის, თურქეთსა და ევროპიდანაც ჰქონდა შეკვეთები. აღნიშნული 25-მილიონიანი ქარხანა მილიონნახევრად მიჰყიდეს ჩოჩელის ძმას, იაგო ჩოჩელს და როდესაც მას უთხრეს, ქარხანა მეათედ ფასად მოგყიდესო, თქვა, მე რა შუაში ვარ, მე არაფერი ვიცი, ეგ ჩემს ძმას ჰკითხეთ, მას მიჰყიდესო.

 

მინდა, თქვენს მკითხველს სააკაშვილის სიტყვები გავახსენო, რომელიც ინაუგურაციაზე თქვა, მე ყველა გაჭირვებულის პრეზიდენტი ვიქნებიო. სხვათა შორის, ყველა დეპუტატი, ვინც ჩამოგითვალეთ, ცალ-ცალი კალოშით არის მოსული პოლიტიკაში. ამ “გაჭირვებულებს” დაეხმარა კი არა, ყველა მილიონერი და მილიარდერი გახადა სააკაშვილმა. მართალია, რომ თქვა, გაჭირვებულების პრეზიდენტი ვიქნებიო. პრეზიდენტმა თავისი კლანი, მშივრები, ცალ-ცალი კალოშით მოსულები, გაჭირვებული ადამიანები კაცებად აქცია. ოქრიაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ახლა აღარ იცის, ფული სად წაიღოს.

ხობის დეპუტატ გოდერძი ბუკიას 10 მილიონი დოლარის ქონება აქვს. მათ ისიც უწერიათ, რომ ხელზეც აქვთ ფული. მაგალითად, ოქრიაშვილს უწერია, რომ ხელზე, ანუ სახლში აქვს 2 მილიონი ლარი.

 

მაინც, რა გზით, როგორ მდიდრდება ეს ხალხი?

- ამას დიდი მკითხაობა და ჭკუა-გონება არ უნდა. მაგალითად, როდესაც „პსპ“-ს აქვს წამლის როგორც შემოტანის, ასევე, მისი საბითუმოდ და საცალოდ ვაჭრობის მონოპოლია, ამით მდიდრდება ოქრიაშვილი... რად უნდა კობა ნაყოფიას ამბავს დიდი მკითხაობა? როდესაც „კვარციტის“ გენერალურ დირექტორად დანიშნავ კაცს, რომელიც ქურდობაშია გაწაფული, რა თქმა უნდა, ის მოიპარავს იქიდან, მაგრამ როდესაც მოიპარავს, ეს ხომ შეუმჩნეველი არ დარჩება? ამიტომ მათ ეუბნებიან, თქვენ მიდით, მოიპარეთ, ჩვენ თქვენ არ დაგიჭერთ, ოღონდ, წილი უნდა მოგვიტანოთო... სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს ეუბნებიან, მოკალით, ხელი არ აგიკანკალდეთ, ნულოვანი ტოლერანტობაა და ყველაფერზე პასუხს ჩვენ ვაგებთო, მაგრამ ამათ არ იციან, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც სააკაშვილს ფეხი გადაუბრუნდება, მათ პასუხი მოეკითხებათ.

 

და ამის შემდეგ კიდევ იტყვის ჩვენი პრეზიდენტი, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია არ არისო? მილიონერ მაჟორიტართა სიის გამოქვეყნება, როგორც ვხვდები, “ლეიბორისტებისმხრიდან ამის პასუხი იყო...

- როგორ არ არის ელიტური კორუფცია?! ამასწინათ, თქვენმა მონა-მორჩილმა ჩავატარე ბრიფინგი, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეზუგბაიამ თავის მოადგილეებს 200-200 ათასიანი პრემიები გამოუწერა საახალწლოდ. მას ჰყავს 5 მოადგილე და, სხვათა შორის, პრემია თავისთვის არ გამოუწერია, როგორც ჩანს, „ინამუსა“ და მერე ეს თანხები წაართვა, ანუ მათ “ატკატის” სახით უკან მიატანინა. აი, ეს არის ელიტური კორუფცია, აბა, სხვა რა არის?

 

ლეიბორისტებმაბრძოლა გამოუცხადეთ მაჟორიტარულ სისტემას და  დავუშვათ, მართლა გაუქმდა, მაგრამ ეს ადამიანები, ანუ როგორც თქვენ უწოდებთ, „წურბელები“, ხომ ისევ დარჩებიან და გააგრძელებენ ძველ გზასა და საქმიანობას?

- არაფრის მფლობელებად არ დარჩებიან! მათი, როგორც კლასის „ლიკვიდაცია“ მოხდება. თუ მომავალი პარლამენტი ნორმალური იქნა და, საერთოდ, თუ ოდესმე ეღირსა ღირსეული პარლამენტი ჩვენს ქვეყანას, შეიქმნება საპარლამენტო კომიტეტი, ალბათ, ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით, შესაძლოა, სხვა პარტიებიც შემოგვიერთდნენ. შეიქმნება საგანგებო დროებითი კომიტეტი, რომელიც განიხილავს ამ ხალხის ნაძარცვი ქონების საკითხს. კომიტეტს საგამოძიებო უფლებაც მიენიჭება და მოიძიებს მასალებს, გადასცემს მათ სასამართლოს, რომელიც შემდგომ იმსჯელებს კანონის ენით, დაადგენს, ვინ რა გზით იშოვა ფული და, რა თქმა უნდა, ჩამოერთმევათ, მათ ქონებას ექსპროპრიაცია გაუკეთდება და მათი სასახლეები ხალხს დაურიგდება. მაგალითად, ჩვენ ძალიან მოგვწონს ჩოჩელის სასახლე და არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, ამ სასახლეში გავხსნათ ახალგაზრდული ცენტრი. დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიის ახალგაზრდებს არ აქვთ გასართობი დაწესებულებები და, ადრე თუ გვიან, ასეც მოხდება.