[ნინო მიქიაშვილი]
ახლადშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერს, კახა კუკავას შევხვდით და ვესაუბრეთ: საქართველოს ხელისუფლების შეცვლის გზებზე, ამ კონტექსტში რუსეთ-ამერიკის როლზე, ახლადშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის გეგმებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე.
ხელისუფლების რევოლუციით შეცვლას ემხრობით, თუ არჩევნების გზით წარმოგიდგენიათ ”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების სათავიდან წასვლა?
კახა კუკავა: ჩვენ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა გვინდა, მაგრამ არჩევნები რევოლუციის და საპროტესტო აქციის გარეშე არ დაინიშნება. საერთოდ, ასეთი ტიპის დავა, რაც მიმდინარეობს, მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს - ამ დავაში ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი მონაწილეობს; მსოფლიოში არ არსებობს რეპრესიული აპარატის მქონე სისტემა, რომელიც ქუჩიდან ზეწოლის გარეშე, თავისუფალი არჩევნებით შეიცვალა.
თქვენი აზრით, ახლა საქართველოში არის ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის წინაპირობა?
-ამის თქმა რთულია; მსოფლიოში არ არსებობს ხელსაწყო, რომლითაც რევოლუციის პროგნოზი შეიძლება გააკეთო, მაგრამ რევოლუციის წინაპირობები - დიდი პროტესტი და ღრმა სოციალური კრიზისი ნამდვილად არის. საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც ადამიანები იღუპებიან შიმშილის, მედიკამენტების უკმარისობის გამო (სხვა ტიპის კრიზისებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, რადგან ამასთან შედარებით დანარჩენი მეორეხარისხოვანია). მე არ ვსაუბრობ საზოგადოებისგან მოწყვეტილ ადამიანებზე; ჩვეულებრივი ოჯახების წევრებს ვგულისხმობ, რომლებიც არსებობენ ყველა ქალაქში, სოფელსა და უბანში.
ქვეყანაში შექმნილი ვითარება საზოგადოებას პროტესტისთვის განაწყობს. რამდენიმე სიმპტომატური მაგალითი უკვე იყო - მაგალითად დევნილებისა და მიკროავტობუსების მძღოლების აქცია. ეს ის ფენებია, რომლებიც წლების მანძილზე ხელისუფლების მიმართ ყველაზე უფრო ლოიალურები იყვნენ. მათი გამოსვლები რესპრესიებით შეაჩერეს, მაგრამ ამავე გზით ადამიანს ვერ აიძულებ შიმშილით მოკვდეს.
როგორ წარმოგიდგენიათ რევოლუცია საქართველოში - კომბლით და პარლამენტში შევარდნით, თუ წალდით და ნაჯახით?
-ძალიან მარტივად - საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ეს ეგვიპტეში მოხდა; არსად არავინ შევარდნილა და არც წალდი და ნაჯახი აუღიათ ხელში; ეს იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც ხელისუფლება გადადგა და ახლა იქ თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
თქვენი აზრით, ვინ იქნება რევოლუციის ავანგარდში?
-თუ ეგვიპტის ანალოგიებს ვაკეთებთ, ავანგარდში არავინ არ უნდა წარმოვიდგინოთ; იქ არ იყო არანაირი ავანგარდი და არც აქ არის ავანგარდი საჭირო. პოლიტიკური მოთხოვნა უნდა იყოს. საერთოდ, ჩვენ ვემხრობით რევოლუციით ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ არა მოსვლას. ანუ, სააკაშვილი რევოლუციის გზით უნდა წავიდეს, მაგრამ ახალი ხელისუფლება რევოლუციის გზით არ უნდა მოვიდეს.
სააკაშვილის წასვლის შემდეგ აქ ისეთივე, რამდენიმე თვიანი პაუზა უნდა იყოს, როგორიც ახლა ეგვიპტეშია. ამ პერიოდში არჩევნების მოსამზადებლად გადაუდებელი რეფორმები ჩატარდება; მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პოლიციის დეპოლიტიზაცია, მედიის გათავისუფლება, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და როცა ქვეყანაში ეიფორია აღარ იქნება, არჩევნები გაიმართება და ხელისუფლების სათავეში ახალი მთავრობა მოვა.
რევოლუციური ავანგარდი დამღუპველი იყო 2003 წელს, დამღუპველი იყო 1917 წელს და ყოველთვის დამღუპველი იქნება, რადგან რევოლუციური ავანგარდები იღებენ ხმათა 99%-ებს, რის შემდეგაც ადამიანს არ რჩება იმის უნარი, რომ ასეთ თავბრუსხვევას გაუძლოს.
როგორი იქნება რუსეთის და ამერიკის როლი, რევოლუციის შემთხვევაში?
-ვფიქრობ, რუსეთის როლზე საუბარი, საქართველოს შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში ძალიან გადაჭარბებულია. შორიდან დაგვაკვირდებიან, როგორც ეს ადრე მოხდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩემი ინფორმაციით, ისინი სააკაშვილის მიმართ ძალიან კრიტიკულად განწყობილები არიან, მაგრამ ამასთან, ძალიან ინდიფერენტულად ოპოზიციის მიმართ. ანუ, რუსეთის მსგავსად დააკვირდებიან და ხელისუფლების შეცვლას წინააღმდეგობას არ გაუწევენ.
ხედავთ მსგავსებას, აშშ-სა და ქართველი ხალხის განწყობებს შორის?
-შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას ქართველი ხალხის მსგავსი განწყობა აქვს. თუმცა, მათ საკუთარი პრაგმატული ინტერესები გააჩნიათ. მათვის სააკაშვილის რეჟიმი ძალიან მიუღებელია; რეჟიმის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე ძალიან მკაფიო ალტერნატივა არ იქნება, მაგრამ არც ხელს შეუშლიან.
რატომ დატოვეთ ”კონსერვატორები”?
-იყო აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის იმ საკითხზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ და სხვა საკითხებზეც. ეს ჩემი ინიციატივა არ იყო. ჩემი განსხვავებული მოსაზრებებიდან გამომდინარე მათ მთხოვეს უმჯობესი იყო საქმიანობა ცალკე გამეგრძელებინა და მე მათ უხერხულობა არ შევუქმენი.
რომელ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობთ?
-ჩვენ ამ ეტაპზე ”ქართულ პარტიასთან” ვთანამშრომლობ, თუმცა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში იქნებიან სხვა პარტიებიც, რომლებთანაც ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ.
ვინ აფინანსებს თქვენს პოლიტიკურ ძალას?
-ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჯერ არავინ აფინანსებს. ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ჩვენს ოფისში პირველივე სტუმრობის შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში შემომწირველები გვეყოლება.
როგორ აფასებთ ხელისუფლების განცხადებას, რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე?
-საერთოდ, საქართველოს ხელისუფლებას ძირეული რეფორმების გატარება, არც ერთ სფეროში არ შეუძლია; ისინი მხოლოდ ფასადურ ღონისძიებებს მართავენ და იგივე შეიძლება ითქვას რუსეთთან დიალოგის დაწყების კუთხით. სააკაშვილს ახლა ძალიან უნდა, რომ პუტინმა დაფინანსება შეუწყვიტოს ყველასთვის ცნობილ ერთ-ერთ ოპოზიციურ ჯგუფს. აი, ეს არის მისთვის რუსეთთან დიალოგი.
რომელ ოპოზიციურ ჯგუფს გულისხმობთ?
-რომელსაც აფინანსებენ. ეს ჩვენ გვინდა და არა სააკაშვილს, რომ რუსეთთან დიალოგის თემა შეეხოს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას. ეს მისთვის უინტერესო საკითხებია და ამ მიმართებით ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწევს. შეგახსენებთ იმ წერილის შინაარს, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა მედვედევს მისწერა და რომლის შინაარსზე ხმამაღა თავად ისაუბრა - კოდორზე უნდა გაეყვანათ საზღვარი.
სააკაშვილი ეროვნულ ინტერესებს მოწყვეტილი ადამიანია. ამიტომ, დღეს მისი მოლაპარაკებები იმას გულისხმობს, რომ რუსეთმა არანაირი მხარდაჭერა არ გაუწიოს სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილზოგიერთ ჯგუფს. სააკაშვილი რუსულ-ქართულ დიალოგს საკუთარი სკამის პრიზმაში ხედავს და არა ეროვნული ინტერესების პრიზმაში.
რა პირობებს წაუყენებთ რუსეთს, მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ დაჯდეთ?
-ჩვენი ორგანიზაციის, ”თავისუფალი საქართველოს” ხედვა ასეთია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ ნებისმიერი პირობის მისაღებად მზად ვართ.
თქვენი აზრით, უღირს რუსეთს ამ პირობის შესრულება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ?
-მან თავად უნდა თქვას რა უღირს. ამ საკითხთან მიმართებაში სპეკულაციები მიდის, მაგრამ ვერც საქართველოს და ვერც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განმარტებები ჯერ ვერ მოვისმინეთ. ვცდილობთ ეს პასუხები მივიღოთ; მაგალითად, უღირს თუ არა რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოს ნეიტრალიტეტი. ჩვენთვის ეს არის ძირითადი და საკვანძო საკითხი და არა რაიმე სხვა.