"მგონია, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებას "საბნის გადაქაჩვის" მცდელობა განაპირობებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. იგი გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში გადასვლას არარეალურად უყურებს, რადგან პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს. არც კოალიციის დაშლას ელოდება. მიაჩნია, რომ კოალიციაში შემავალი და ოპოზიციური პარტიებიც სუსტები არიან და ხელისუფლებაში მოსასვლელად რეალური ძალა არ შესწევთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ლაგაზიძე: ვისურვებდი, ასოცირებას ხელი პრემიერმაც მოაწეროს და პრეზიდენტმაც.
"გამიჭირდება იმის თქმა, მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა თუ მცირე წაკინკლავება. პროცესს შიგნიდან არ ვიცნობ და აქედან საუბარი ძნელია. მაგრამ შემიძლია გესაუბროთ მოსალოდნელ შედეგებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვირჩევთ. ეს ნორმა კონსტიტუციაში რჩება. პრეზიდენტს ქვეყნისთვის კრიტიკულ სიტუაციებში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია, მას ამ როლს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩევა ანიჭებს. მითუმეტეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ჯერ კიდევ დასაბალანსებელია. პრემიერის გადაყენების მექანიზმი ძალიან გართულებულია, ასეთი მოდელი ძალიან ცოტა ქვეყანაში შეგვხვდება. თუ ეს მოდელი დარჩა, ეს იმ წრეზე წაგვიყვანს, რომელზეც უკვე წლებია დავდივართ. რაც უფრო რთულია ქვეყნის პირველი პირის გადაყენების საკითხი, მით უფრო დიდია რევოლუციის ალბათობა", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.
"ეს დაპირისპირება საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის ძალიან დიდ მუხტს იწვევს, რაც სახელმწიფოს სტაბილურობის დეფიციტის ძალიან სერიოზული სიმპტომია. თუ ადამიანები პრეზიდენტისა და პრემიერის მიმართ ნდობას დაკარგავენ, ეს სახელმწიფო სტაბილურობას არღვევს, რაც ძალიან ცუდია, მით უმეტეს, რომ გარე მტერი ასეა გააქტიურებული. მისთვის დაქსაქსულობა საუკეთესო საჩუქარია. მეორე მხრივ, ქვეყანას არ ჰყავს კონკურენტუნარიანი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას შეცდომებისგან დააზღვევდა. ვფიქრობ, რომ ამ პირობებში ხელისუფლების შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მექანიზმი, რომ ხელისუფლებას ავტორიტარიზმისკენ სვლის სურვილი არ გაუჩნდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
"სადაც ასეთი კინკლაობაა, იმ ქვეყნის ხელისუფლების სერიოზულად აღქმა რთულია ხოლმე. ეს პრობლემა რეალურად დგას. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს გამოხატა თავის მოლოცვაში, როდესაც დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მოსახლეობას და პრემიერს. მან ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა პრეზიდენტისა და პრემიერის თანამშრომლობას. აზრთა სხვადასხვაობა კონცეპტუალურ საკითხებზე რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება უფლებამოსილების გადაცემას და ა.შ. ეს არასერიოზულობის განცდას იწვევს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ეს ეტაპი ქვეყნის განვითარებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვისურვებდი ორივეს მოეწერა ხელი. ასევე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები იყვნენ წარმოდგენილები. ეს არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების წარმატებაა, ეს საქართველოს ყველა ხელისუფლების დამსახურებაა. ეს რომ ვიღაცამ თავის თავზე მიიწეროს, სამართლიანი არ იქნება. არ იყო სასურველი, რომ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერაზე ასეთი გაწევ-გამოწევა ყოფილიყო. იგი საერთო სახალხო დღესასწაულად უნდა ქცეულიყო", - ხაზგასმით აღნიშნავს რესპონდენტი.
"მარგველაშვილის ოპოზიციაში გადასვლა ამ ეტაპზე არარეალურად მიმაჩნია, რადგან მას საკუთარი პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს. ერთი კაცის ოპოზიციაში გადასვლა არარეალურად მეჩვენება. ეს დაპირისპირება მარგველაშვილს მეტ ხიბლს სძენს, რაც შეიძლება მის პოლიტიკურ აქტივად იქცეს. საპარლამენტო არჩევნებამდე სულ მცირე ერთი წელი კოალიცია ერთიანობას შეინარჩუნებს", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.