«ნაცმოძრაობა» გარდაბანში ეთნოკონფლიქტს ამზადებს

«ნაცმოძრაობა» გარდაბანში ეთნოკონფლიქტს ამზადებს

2013 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთში გარკვეული ადამიანების ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც გარდაბნელი აზერბაიჯანელი, ვინმე სადიკოვი ხელმძღვანელობს და რომ გარდაბანში იგეგმება არეულობა, რომელიც, შესაძლოა, იმავე სცენარით განვითარდეს, როგორითაც ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში მოხდაო. იმხანად ეს სერიოზულად არავინ აღიქვა და, სავარაუდოდ, სააკაშვილი ვერც იფიქრებდა, რომ მისი განცხადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ გარდაბანში სიტუაციას მისი პარტიის თავმჯდომარე არევდა.

28 მაისს გარდაბნის რაიონში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ისეთი, როგორიც, ალბათ, საქართველოს ყველა კუთხეში ხდება ხოლმე, მაგრამ ინციდენტს საინტერესო გაგრძელება მიეცა. ჩხუბი ოთხ ახალგაზრდას შორის ღამის 12 საათზე დაიწყო და უკვე 2 საათში გარდაბანი ბრძოლის ველს დაემსგავსა _ ორასამდე ახალგაზრდა ერთმანეთისკენ იწევდა, შუაში კი რუსთავის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იდგნენ.

მეორე დღეს უკვე ხუთასამდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში და, თუ ისინი ჯერ ჩხუბის მონაწილეების დასჯას მოითხოვდნენ, შემდეგ ეს მოთხოვნა შეცვალეს,ავტომობილებზე აზერბაიჯანის დროშები გამოჩნდა და დემონსტრანტებმაც «აზერბაიჯან-აზერბაიჯან»-ის სკანდირებით ქალაქის ქუჩებში ჩაიარეს. გავრცელდა ინფორმაცია, აზერბაიჯანელები გარდაბანში სვანების დასახლების დარბევას აპირებენო და დასახლების შესასვლელთან უკვე სვანები შეიკრიბნენ. სპეცდანიშნულების რაზმმა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან არ მიუშვა. ამის შემდეგ აზერბაიჯანელები, რომლებსაც ხელში ხელკეტები და ხანჯლები ეჭირათ, «ქართული ოცნების» საარჩევნო შტაბისკენ დაიძრნენ, ითქვა, რომ ისინი შტაბის დარბევას აპირებდნენ. პოლიციამ «ქართული ოცნების» წევრებს შტაბის დატოვება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

«მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლები არ ვართ, არც ერთი ჩვენი აქტივისტი არც 28 მაისს, ღამით, და არც ახლა დაპირისპირებაში არ მონაწილეობს; ჩვენ გვჯერა აზერბაიჯანელების კეთილგონიერების და ამიტომ შტაბში ვრჩებით», _ ასეთი იყო პასუხი და... აზერბაიჯანელმა დემონსტრანტებმა «ოცნების» შტაბთან მშვიდად ჩაიარეს.

რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტსა და მის ორგანიზატორებს, არავინ მალავს, რომ ჩხუბი მართლაც მოხდა, მაგრამ ვერავინ ხსნის, საიდან გაჩნდა ღამის 12 საათზე ხელკეტებით შეიარაღებული 200 ახალგაზრდა და ერთ-ერთი ტელევიზია ინციდენტის ადგილზე. აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს წინ გარდაბნის «ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე და პროპორციული სიის პირველი ნომერი, ყოფილი პარლამენტარი რამინ ბაირამოვი მიუძღვოდა. მეორე დღესაც პროცესებს ბაირამოვი აკონტროლებდა და თბილისიდან გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას ჩასვლას ელოდა, მაგრამ...

«სიტუაცია უმართავი გახდა, ვერაფერს ვეღარ ვაკონტროლებ, მიშველეთ!» _ გაჰკიოდა ბაირამოვი ტელეფონში, როცა 500-მდე აქტივისტმა პოლიტიკური მოთხოვნა ფეხებზე დაიკიდა და «აზერბაიჯან-აზერბაიჯან»-ის ყვირილი დაიწყო.უგულავამ და ბოკერიამ, როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც «ივაჟკაცეს» და ავტომობილი რუსთავიდან მიაბრუნეს. გავეშებულ მოსახლეობას კი ბაირამოვი შერჩა ხელში, რომელსაც არავინ აღარაფერს ეკითხებოდა. შტაბის წინ ბაირამოვი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა თავის ხელმძღვანელობას, მერე კი გარდაბნის რაიონის გამგებლობის კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს დაურეკა, მაგრამ მდუღარე ქვაბში ჩახტომა არც კახაბრიშვილმა ისურვა და გარდაბნის ცენტრს არ გაეკარა. ამან ბაირამოვი სულ გააცოფა, ახლა კახაბრიშვილი «მოიკითხა» და ისიც გაიხსენა, _ ეგ კაცი ქურდობისთვის არის ნასამართლევი, ციხეში იჯდაო. საბოლოოდ, ახალგაზრდები ადგილობრივმა უხუცესებმა დაშალეს და მეორე დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობის გარეშე, 28 მაისის ჩხუბის მონაწილეები შეარიგეს.

ახლა კი რამინ ბაირამოვსა და ბესიკ კახაბრიშვილზე მოგახსენებთ. პარლამენტში ყოფნის პერიოდში მისი სახელი «ჰუმან რაითს ვოთჩის» ანგარიშშიც მოხვდა. საქმე რამინსა და მის მამას, გამბარ ბაირამოვს, შეეხებოდა. გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მცხოვრები მამედ რაჯაბოვი დღემდე ამტკიცებს, რომ ციხეში მყოფი შვილის შეწყალების სანაცვლოდ, გამბარ და რამინ ბაირამოვებს 18 ათასი დოლარი გადაუხადა, მაგრამ შვილი საპყრობილიდან ვერ დაიხსნა. ბაირამოვის სახელს უკავშირდება სოფელ ქესალოში არსებული მძიმე სიტუაციის გასაშუქებლად ჩასული პირველი არხის ჟურნალისტის ცემა, რასაც «ჰუმან რაითს ვოთჩის» წარმომადგენლები შეესწრნენ.

მამა-შვილ ბაირამოვების სახელს უკავშირდება რაიონის მასშტაბით არსებული მაღაზიებისა თუ სხვა ობიექტების დატერორება. აზერბაიჯანელი მეწარმეები დღესაც არ ფარავენ, რომ ბაირამოვის პარლამენტარობის პერიოდში, ყოველი არჩევნების წინ ხარკს იხდიდნენ და ამ ხარკის ამკრეფი პირადად გამბარ ბაირამოვი იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაირამოვს «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან საჭირო დროს ის, პრაქტიკულად, მარტო დატოვეს და მოსახლეობის რისხვის ობიექტად აქციეს. რამინი ხვდება, რომ არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, გარდაბნის ქუჩებში გასვლის პრობლემაც კი შეექმნას _ ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას აზერბაიჯანელები არ აპატიებენ. სწორედ ამიტომ ის «ნაციონალებს» უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს და საკუთარ ოფისში, პრაქტიკულად, აღარ ჩნდება. დაგეგმილი პროვოკაციის ჩავარდნის შემდეგ კი რამინს თბილისიდან აშკარად აღარ სწყალობენ.

რაც შეეხება კახაბრიშვილს. ის, რომ «ნაციონალური მოძრაობის» გამგებლობის კანდიდატი ქურდობისთვის არის ნასამართლევი, ყველამ კარგად იცის. სხვათა შორის, მან ნემსების დიდი პარტია მოიპარა და გამოთქმა: ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ორივე ქურდიაო, მასზე ზედგამოჭრილია; მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულის გამო მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კახაბრიშვილის სახელს უკავშირდება ახალ სოფელში მარჩენალდაკარგული ოჯახის დაწიოკება და ოთხი ბავშვის ქუჩაში დატოვება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ კახაბრიშვილი მოსახლეობას პირისპირ არ ხვდება და კულუარულად ცდილობს საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

რაც შეეხება დღეს გარდაბანში არსებულ სიტუაციას, ვითარება, ერთი შეხედვით, მშვიდია, აზერბაიჯანელი უხუცესები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ, იმის მიუხედავად, დამნაშავე აზერბაიჯანელია თუ ქართველი. მათი აზრით, ხალხს სამართლიანობის განცდა უნდა დაუბრუნდეს.