ქართველები აფხაზეთში მშენებლობებზე მასობრივად მიდიან

ქართველები აფხაზეთში მშენებლობებზე მასობრივად მიდიან

აფხაზეთში მშენებლობების ბუმია. სოხუმში, რომლის ჩართვას სოჭის ოლიმპიადის კულტურულ პროგრამაში აპირებენ, მშენებლობები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. სოხუმის რეჟიმი რუსული ინვესტიციების კვალდაკვალ ომს გადარჩენილი სახლების, ომამდელი ქალაქის იერსახის აღდგენასა და შენაჩუნებას ცდილობს. სამუშაოს შემსრულებლები კი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები და ენგურს გადმოღმა მცხოვრები დევნილები არიან.

 

ამის შესახებ “რეზონანსს” მშენებლობაზე წასულების ოჯახებმა და სოხუმიდან დაბრუნებულებმა უამბეს. მათი თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც მათ სოხუმში მშენებლობაზე წასვლა გადააწყვეტინა, ანაზღაურებაა; თვეში 1 000-2 000 დოლარი. იქ აღებული თანხებით ისინი თბილისში დატოვებულ ოჯახებს არჩენენ. ამბობენ, რომ მშენებლობაზე მომუშავე ქართველების რაოდებობა დღითიდღე იზრდება.

 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. ამის ერთ-ერთი ხელიშემწყობი ფაქტორი სოჭის ოლიმპიადაა; გარდა ამისა, აფხაზეთში მასობრივად მიმდინარეობს ქართველების სახლების გაყიდვა, მყიდველები რუსი კლიენტები არიან, რომლებიც შემდეგ რუსულ კომპანიებს აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად მიმართავენ.

 

ერთი მათგანი “სტროი სიტია”, ერთი-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია აფხაზეთში, რომელიც საინვესტიციო კომპანია “იმპერიალ გრუპთან” ერთად 10 წელია სოხუმში ინვესტირებას, პროექტირებას,მშენებლობასა და ბინების ყიდვას ახორციელებს.

 

“სტროი სიტი” 2000 წელს შეიქმნა. მოცემულ მომენტში კომპანია პროექტირებასა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობებს, აგრეთვე - კომერციული და საწარმოების მშენებლობას ახორციელებს. კომპანიის მიერ შესრულებული უკანასკნელი სამუშაო სოხუმში, დიდების პარკის მახლობლად აშენებული ახალი ელიტური სახლია. ასევე - საკურორტო კომპლექსი “ცარსკაია ალეია” (ახალ ათონში), ადმინისტრაციული შენობა “აპტეკოუპრავლენიე”.

 

გარდა კომერციულისა, კომპანია მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებსაც ასრულებს, რაც ქალაქის ფასადის რესტავრირებასა და მისი იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. აგრეთვე - ადმინისტრაციული დაწესებულებების რეკონსტრუქციას.

 

“სტროი სიტის” შეკვეთების 50% რუს კლიენტებზე მოდის, (როგორც იურიდიული, ასევე - ფიზიკური პირები). ძირითადი შეკვეთები, რომელსაც ისინი რუსებისგან იღებენ - კერძო სახლების, საკურორტო და კომერციული კომპლექსის (კაფე, სასადილო, მაღაზიები, კერძო სასტუმროები, ელიტური კერძო სახლები, კოტეჯები, საზაფხულო აგარაკები) მშენებლობაა.

 

სწორედ ამ მშენებლობებზე მუშაობენ ქართველები. მათ შორის არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებნი, ასევე - დევნილები.მათი თქმით, წამსვლელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამის მიზეზად კი მაღალი ანაზღაურება სახელდება.

 

28 წლის ნათია გ.-ს ძმა სოხუმში, მშენებლობაზე სამუშაოდ რამდენიმე კვირის წინ გაემგზავრა.

 

“აფხაზეთში მცხოვრები ნათესავებისგან შევიტყვეთ, რომ სოხუმში მშენებლობები მიმდინარეობს და ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალიაო -თვეში 1 000-2 000 დოლარი. მშენებლობაზე ბიძაჩემიც მუშაობს და გვითხრა, კვირაში ათასი ლარიც გამომიმუშავებიაო. ჩვენს სიტუაციაში, არათუ კვირაში, თვეში რომ გადაუხადონ 1 000 დოლარი, ესეც კარგია. სწორედ ამიტომ, ჩემს ძმას დიდ ხანს არ უფიქრია და სოხუმში გაემგზავრა. ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებით. გვითხრა, რომ სოხუმში გამალებით მიდის მშენებლობები. ჯერჯერობით, ომის დროს დანგრეული, დამწვარი სახლების, შენობების აღდგენა მიმდინარეობსო. თვითონ ერთ-ერთი კერძო სახლის მშენებლობაზე მუშაობს. როცა იქ დაასრულებს მუშაობას, შემდეგ სხვა ობიექტზე გადაჰყავთ. კვებაში ფული არ ეხაჯებათ. ისინი აჭმევენ. იქ ძინავთ, სადაც მუშაობენ. ამბობს, რომ აქ აღარ ჩამოვა. თბილისში სამსახური ვერ იშოვა, დიპლომიანი თუ უდიპლომო შავი სამუშაოს შესრულებას არ თაკილობს, მაგრამ ისიც არ არის. ამიტომ წავიდა,” - ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

 

45 წლის ავთო სოხუმიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა. იგი 6 თვის მანძილზე მუშაობდა მშენებლობაზე. ამბობს, რომ კვლავ აპირებს დაბრუნებას.

 

“ოჩამჩირიდან დევნილი ვარ. უკვე 19 წელია, რაც ოჯახან ერთად წყნეთში ვცხოვრობ. ამ ხნის მანძილზე თუ რამე სამსახური გამოჩნდებოდა, არ ვთაკილობდი, ვმუშაობდი. როცა გავიგე, რომ სოხუმში მშენებლებს დიდ თანხებს უხდიანო, არ მიყოყმანია, მაშინვე გავემგზავრე. არც ვნანობ. იქ აღებული ფული ჩემს ოჯახს მოვახმარე. საოჯახო ნივთები შევიძინეთ, შვილს სწავლის გადასახადს დავუფარე. ამდენს კი აქაურ მშენებლობაზე აღებული გასამრჯელო ვერ გასწვდებოდა. ახლა იმიტომ ჩამოვედი, რომ ოჯახი მომენატრა, რამდენიმე დღეში ისევ წავალ. მშენებლობებს რუსები აწარმოებენ. აბა, აფხაზებს მაგის ფული სად აქვთ? რუსები დიდ ინვესტიციებს დებენ აფხაზეთში. სულ ჩვენებურები მუშაობენ. აქედან ხომ ბევრნი წავედით, მაგრამ გალში მცხოვრებნიც მშენებლობაზე მუშაობენ,” - ამბობს ავთო ზ.