შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტში

შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტში

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საბერძნეთის პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინოს ციარასმა მიიღო. შეხვედრას პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისა და ფრაქციების წევრებიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა  ძალიან ინტენსიური იქნება.

საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პროცესს და თავდაცვის უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ასევე, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციასა და 2014 წლის შემდეგ  "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. ირაკლი ალასანიამ მასპინძლებს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  ქართული ასეულის გაგზავნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.