დაპირისპირება „ოცნებიდან“ გასარიცხ წევრსა და კანდიდატს შორის

დაპირისპირება „ოცნებიდან“ გასარიცხ წევრსა და კანდიდატს შორის

ლანჩხუთში პოლიტიკური ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს. „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა, ზაზა ურუშაძემ, პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ოპონენტთა ბრალდებებს უპასუხა.

ურუშაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიურომ პოლიტსაბჭოს მიმართა რვა წევრის გარიცხვის თაობაზე, დღის წესრიგში შესაძლოა, კიდევ ოთხი წევრის გარიცხვის საკითხი დადგეს. ამჯერად გასარიცხთა სიაში შესაძლოა, პარტიული სიის ორი და მაჟორიტარობის ორი კანდიდატიც მოხვდეს:

„ჩვენ მივმართეთ პოლიტსაბჭოს, 8 წევრის პარტიიდან გარიცხვის თხოვნით და ჩვენი ეს თხოვნა დასაბუთებულიც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები არღვევენ პარტიის წესდებას. გეტყვით, რომ კიდევ ოთხ ადამიანზე ვმსჯელობთ და მათი საკითხიც მალე გაირკვევა, საუბარია პარტიულ სიაში მყოფ ორ და მაჟორიტარობის ორ კანდიდატზე“, – აღნიშნა ურუშაძემ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადამიანი, ვინც დაარღვევს პარტიის წესდებას, ჩვენ გვერდით არ იქნება. უღირსი ადამიანები უნდა წავიდნენ და ეს თუ არ მოხდა, მაშინ მე წავალ აქედან. როგორც გამგებლობის კანდიდატი, ვაყენებ საკითხს – მაჟორიტარობის სიიდან ამოიღონ ისეთი კანდიდატები, რომლებიც არ მუშაობენ ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენი წარდგენილი კანდიდატი უნდა მუშაობდეს პარტისთვის და არა 8 ან 5 ნომრისთვის“, – აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.

მმართველი პარტიის გამგებლობის კანდიდატ ზაზა ურუშაძეზე საკრებულოს ფრაქცა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მაკა კვირკველიამ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოუცხადა უნდობლობა და „ნაციონალებთან" გარიგებაშიც კი დაადანაშაულა:

„მოახერხა, სასათბურე პირობები შეექმნა „ნაციონალებისთვის“ სამსახურებში, რადგან სწორედ მათთან ფარული გარიგებით მოხვდა ამ თანამდებობაზე თავიდან,“ – წერდა სოციალურ ქსელში მაკა კვირკველია.

კვირკველიას ბრალდებებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გასცა პასუხი:

„ჩემი მოსვლის დღიდან მიზანი იყო ის, რომ ის ჯგუფები, რომლებიც იყვნენ დაჩვეული „თაღლითობას", შემეჩერებინა. ბევრს ბიუჯეტში ხელის ფათური ავუკრძალეთ, დავუმოკლეთ ხელები, მაგრამ სულ ვერ დავანებებინეთ თავი, სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული პიროვნების გაღიზიანება. იმ ჯგუფს ისე არ აინტერესებს რაიონის და ქვეყნის ბედი, როგორც მე არ მაინტერესებს, რა ხდება მეორე კონტინენტზე. ვსაუბრობ ქალბატონ კვირკველიაზე, რომელიც რაიონზე თავგადაკლულ პატრიოტად აცხადებს თავს. ჩემი მოსვლის დღიდან კართან იყო ატუზული და ერთი მოთხოვნა ჰქონდა, მიგვეცა ტენდერები და პროგრამები. იცით, ალბათ, რომ თავდაპირველი მოთხოვნა იყო გამხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარე, რასაც ცხადია, მე ვერ გადავწყვეტდი. ამის გამო რამდენჯერმე დეპუტატიც კი შეაწუხა, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ფრაქციის ჩამოყალიბება მოინდომა, რომლის შექმნაშიც, ჩემდა სამწუხაროდ, მეც მიმიძღვის წვლილი. ამის შემდეგ წამოვიდა ახალი მოთხოვნები: მიყიდეთ ტელეფონი. მართალია, ტელეფონების შესყიდვაზე ბიუჯეტში თანხაც იყო გამოყოფილი, მაგრამ საკრებულოს ხელმძღვანელებიდან მოვიდა წერილი, სადაც წერია, რომ მაკა კვირკველიასთვის გვეყიდა 500 ლარიანი ტელეფონი (ჩვენ გადავამოწმეთ და გავარკვიეთ, რომ საკრებულოს არცერთ სხვა წევრს ხუთასლარიანი მობილური ბიუჯეტის ხარჯზე არ შეუძენია. ერთადერთი, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ შეიძინა 1400 ლარიანი „აიფონი“ საკუთარი ხარჯებით, ბიუჯეტით ამირან გიგინეიშვილმა 80 ლარიანი (!) მობილური იყიდა). მერე წამოვიდა ახალი მოთხოვნა ტყავის ავეჯზე, რაზეც ჩაერთო ყველა, რადგან ტყავის ავეჯი ცოტა ძვირი ღირს და ვერ შევუძინეთ, მერე სავარძელს ითხოვდა: „სატრუალა“ სკამი მინდაო", რომელიც დაახლოებით 500 ლარი ღირდა, არ ვიცი, რამდენი დაჯდა მისი „სატრუალა სკამი", მაგრამ ფაქტია, მის მოთხოვნებს საზღვარი არ ჰქონდა. რამდენჯერმე ჩამოიყვანა ბათუმელები, ტენდერები მიეცითო, ფაქტობრივად, ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთო, იმ დონეზე მივიდა მისი თავხედობა. ბოლოს მაინც მოახერხა ის, რომ სოფელ შუხუთში მეწარმეს ჩაუჯდა წილში და ჩამოატყავა ეს ადამიანი, რასაც არჩევნების შემდეგ დავაზუსტებთ კიდეც და შესაბამის ორგანოებს გადავცემ მოსაკვლევად. კვირკველიასთვის და მისი დაჯგუფებისთვის სულ ერთია, თუ გინდა, ჩინელი ჩამოვიდეს და გახდეს ხელმძღვანელი, მთავარია, პროექტებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ურუშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალებთან“ კავშირს, ურუშაძემ განაცხადა, რომ სწორედ კვირკველიაა გადახლართული მათთან:

„წინა წლებში „ნაციონალებმა“ რამდენიმე პროექტი მისცეს კიდეც. არ მინდა მისი ბრალდებების სხვა დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი სიტყვა, რასაც კვირკველია ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება", – თქვა ურუშაძემ.

ურუშაძემ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ბორის ჭყონიას მხარდამჭერებზე:

„ეს ხალხი დადის მოსახლეობაში და ამბობს, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნებაო“. ესენი არიან ტიპური პოლიტიკური შულერები, თაღლითები, რომლებიც ატყუებენ ადამიანებს იმიტომ, რომ რეიტინგი მოიპოვონ. „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან ისინი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ნომერი 41-ით. თუ არ მოსწონთ ჩემი კანდიდატურა, მაშინ კეთილი ინებონ და გადაბრძანდნენ სხვა პარტიაში. ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნების“ რომელიმე კანდიდატი, ნუ სარგებლობს ჩვენი პარტიის სახელით, კეთილი ინებონ და გადაბარგდნენ სხვა პარტიაში. ჭყონიას და მის მხარდამჭერებს მხოლოდ იმიტომ სურთ მოსვლა, რომ მუნიციპალიტეტს ტყავი გააძროს. ამ ჭყონიას უამრავი ვალი აქვს. თუკი დაგვთანხმდნენ, ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ იმათ სიას, ვისი ვალიც მართებს ჭყონიას“, – განაცხადა კანდიდატმა, რომლის თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბი ამზადებს საჩივარს საოლქო კომისიაში იმის თაობაზე, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელი მოსახლეობასთან შეხვედრებზე მათ სახელსა და რეკვიზიტებს იყენებს:

„მაქვს იმის ინფორმაციაც, რომ ჭყონიას უთქვამს ერთ შეხვედრაზე: თუ მე არ მოცემთ ხმას, ხუთი ნომერი, გვარჯალაძე შემოხაზეთო. ამ გზით უნდა მეორე ტურს მიაღწიოს. ჩვენთან მოდის ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში „ნაციონალები“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ერთმანეთს ხვდებიან კიდეც“, – აღნიშნა ურუშაძემ.

ზაზა ურუშაძის პრესკონფერენციას მეორე დღესვე გამოეხმაურა მაკა კვირკველია:

– სპეციალურად მოგიწვიეთ ოთახში, რათა თქვენი თვალით ნახოთ, თუ რა ტყავის ავეჯზე და „სატრუალა“ (როგორც თვითონ ამბობს) სკამზე საუბრობს ბატონი კანდიდატი. როგორც გავარკვიე, სკამი მართლა მოუთხოვია გამგეობის ერთ–ერთ თანამშრომელს (რწმუნებულს), შეგნებულად არ ვასახელებ მის ვინაობას. ამდენი ნერვიულობით, ეტყობა, ამნეზია დაემართა (ურუშაძეს). ტყავის ავეჯი ისეთივე აბსურდია, როგორც თავად (არადა, ურუშაძემ პრესკონფერეციაზე ასეთი რამ თქვა: ითხოვდა ტყავის ავეჯს, ძვირი ღირდა და ვერ ვუყიდეთ, მერე „სატრუალა სკამი“ მოითხოვა, 500 ლარიანი და იაფიანი შევუძინეთო. ეს ყბადაღებული სკამი კი კვირკველიას კაბინეტში ნამდვილად დგას). ხოლო რაც შეეხება ტელეფონს და დავამატებ, კომპიუტერს, ყველა ფრაქციას და კომისიას გააჩნია (უკვე აღვნიშნეთ, რომ 500 ლარიანი მობილური საკრებულოს არცერთ წევრს არ შეუძენია ბიუჯეტიდან) და გამგებელთან რა გვესაქმება, როცა საკრებულოს თავმჯდომარე განკარგავს საკრებულოს ხარჯებს, – აღნიშნა კვირკველიამ (აქაც გვინდა შევახსენოთ კვირკველიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, ზოგადად, საკრებულო ამტკიცებს ბიუჯეტს, მაგრამ სამაგიეროდ, ბიუჯეტის განმკარგველი არის გამგეობა).

მისივე თქმით, „წყლის 700 ათასიან ტენდერზე კომისიის 5 წევრს არ აქვს ხელი მოწერილი და თანხა მთლიანად გადაურიცხეთ“ – მიმართავს ურუშაძეს.

თუმცა კიდევ გვიწევს შეხსენება: ჩვენ ყველა საბუთი მოვიძიეთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და როგორც გაირკვა, ხელშეკრულებას ხელს ორივე მხარე აწერს, როგორც მიღება-ჩაბარების აქტს. რაკი გამგეობა იყო დამკვეთი, ბუნებრივია, ხელმძღვანელ პირს უნდა მოეწერა ხელი და არა სპეციალურად შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს, რომელსაც მხოლოდ სამუშაოების მიმდინარეობის შესწავლა ევალებოდა. რაც შეეხება დასკვნას, არსებობს როგორც ექსპერტიზის, ასევე – ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა, რომ პროექტი ხარისხიანია და უნდა გავიდეს რეალიზაციაში. ამ საბუთების მოკვლევა არც კვირკველიასთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

„რაც შეეხება იმას, რომ თურმე მე ვიყავი ატუზული მის კართან, – განაგრძობს კვირველია, – მე არა და, თვითონ კი იყო მთელი ორი თვე ჩემ ოფისში. დღეს კი, ჩვენ, ვინც ის ამ შენობაში შემოვიყვანეთ, თურმე უღირსები ვყოფილვართ. ლანჩხუთი პატარაა და ყველამ იცის, რა ვალებით დატენილები მოვიდნენ და საინტერესოა, წელიწადსა და ოთხ თვეში როგორ მოახერხა მათი გასტუმრება?“ – კითხულობს კვირკველია.

კვირკველიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ, მამათში სამუშაოების შემსრულებელ ფირმას ურუშაძის ოჯახის წევრი „წილში უჯდა“:

„მამათის სამუშოებზე თქვენი ოჯახის წევრი პირდაპირ ნახევარ წილში ჩაუჯდა მეწარმეებს“, – აღნიშნა მან, თუმცა, მიუხედავად მოთხოვნისა, დაეკონკრეტებინა, რომელ მეწარმეზე საუბრობდა ან რა სამუშაოები შეასრულა მან სოფელ მამათში, არ დაუკონკრეტებია.

კვირკველიას შემდეგი კითხვით მივმართეთ:

როცა ამბობთ, რომ შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან ამა და ამ საკითხს, თქვენ აპირებთ მიმართოთ ამ ორგანოებს?

– რასაც მე ვამბობ, ეს უკვე მიმართვაა.

მე ოფიციალურ მიმართვას ვგულისხმობ.

– ალბათ, მივმართავ.

კვირკველიას ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, გამგებლობის რომელ კანდიდატს უჭერდა მხარს არჩევნებში:

– რა თქმა უნდა, ბორის ჭყონიას, თუმცა ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

ანუ, თქვენ არ აძლევთ ხმას „პატრიოტთა ალიანსს“?

– არა, არ ვაძლევ მას ხმას.

რამდენად გამართებულად მიგაჩნიათ ამ კუთხით თქვენი საქციელი, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტსაბჭოს თქვენი გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და რჩებით „ქართლი ოცნების“ წევრად? მით უმეტეს მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის კანდიდატად ზაზა ურუშაძე დაასახელა და არა ვინმე სხვა?

– მე ვიტყოდი, რომ ბორის ჭყონია არის „ქართული ოცნების“ მესაჭე...

რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატია?

– სწორედ ისაა „ქართული ოცნების“ ნამდვილი წევრი.

მაშინ ასე გკითხავთ: თქვენი ფრაქციის წევრი, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ წევრი გულივერ ღლონტი თავის სოფელში მოსახლეობას ეუბნება, რომ შეხვედრებზე მოდის „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი, ამ დროს კი შეხვედრაზე ბორის ჭყონიაა მისული და მოსახლეობა დაბნეული და გაღიზიანებულიც კია. გამართლებულად მიგაჩნია ასეთი ქმედება ადამიანისაგან, რომელიც მმართველი პარტიისა და ამავე პარტიის ფრაქციის წევრია საკრებულოში?

– მე უკვე გითხარით, რომ ბორის ჭყონია არის „ქართული ოცნების“ მესაჭე.

თუმცა, მას 2012 წლის არჩევნების წინ „ოცნების“ შტაბში მხოლოდ ბოლო დღეებში ვხედავდით... და კიდევ, ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ ბორის ჭყონიას ბევრი მევალე ჰყავს და ამ მევალეების სიას მალე გამოაქყვენებს. საინტერესოა, რა გარანტია გაქვს იმის, რომ ჭყონია გამგებლად მოსვლის შემთხვევაში ამ ვალებს ბიუჯეტიდან არ გაისტუმრებს?

– ხვალ თუ ცოცხალი ვიქნები, იმის გარანტიაც არ მაქვს.

– ანუ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეცდეთ და სხვაც შეცდომაში შეიყვანოთ?

– შენ მოგწონს ზაზა ურუშაძე? (შემომიბრუნა კვირკველია და როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ის აწყობდა პრესკონფერენციას და არა მე).

მე ვინ მომწონს, ეს არაა მთავარი. მაინტერესებს, რა კონკრეტული მიზეზის გამო უჭერთ ჭყონიას მხარს და როდის ჩადექი ზაზა ურუშაძის ოპოზიციაში?

– ჭყონია ღირსეული ადამიანია და ამიტომ ვუჭერ მხარს. ურუშაძეს ოპოზიციაში მას შემდეგ ჩავუდექი, რაც მითხრა, რომ ტელეფონზე უსმენდა ყველას.