რჩილ გამზარდია: ,,ვასაძე სრულიად გაუგებარი საოცრებაა და არსებობს საშიშროება, ქართველ კადიროვად ჩამოყალიბდეს!’‘

რჩილ გამზარდია: ,,ვასაძე სრულიად გაუგებარი საოცრებაა და არსებობს საშიშროება, ქართველ კადიროვად ჩამოყალიბდეს!’‘

სოხუმში მიმდინარე მოვლენები, კონფლიქტი გარდაბანში, შიდაომი ოცნება-ნაციონალებს შორის და პრორუსული რეიტინგული ფიგურის გააქტიურება _ ამ მოვლენებს ერთი სცენარის შემადგენელ ნაწილებად თუ განვიხილავთ, მივხვდებით, რომ ქვეყანა გარდაუვალი დაპირისპირების ზღვარზეა. თუ ამას პატრიარქის გადაყენებასა და შემოდგომით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გავრცელებულ ხმასაც დავუმატებთ, ვითარება, პრაქტიკულად, იმისთვისაა მომზადებული, ერი ამ ძნელბედობის ჟამს ნამდვილ ახალ ქართველს, მართლმადიდებელსა და მდიდარ რაინდს გაჰყვეს. ვინ არის ეს რაინდი, ვინ მართავს ამ პროცესებს და რა საფრთხეის წინაშე დგას საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და ნატო-ს სამიტის წინ? _ ამ თემებზე ,,ვერსიას’‘ საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ სკანდალური ინტერვიუ მისცა.
- არჩილ, საუბარი სოხუმში მიმდინარე მოვლენების შეფასებით დავიწყოთ - ეს პროცესი მართულია?                  
- ამ მოვლენებს სტიქიურს ვუწოდებდი, რომ არა ეპიცენტრში მყოფი რაულ ხაჯიმბა, რომელიც მკვეთრად პრორუსია და ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობს. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, ყველა ქართველების წინააღმდეგაა შეთანხმებული, მაგრამ ბოლო დროს იქ ქართველები, მეტ-ნაკლებად, უკეთ ცხოვრობენ და შედარებით ნორმალური კომუნიკაციაც დაიწყეს. აფხაზეთიდან ეთნიკური ქართველები რომ გამოასახლონ, ამით პრობლემა აფხაზებს შეექმნებათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებში, რუსეთს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვა ძალიან გაუჭირდა _ ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზები ქართველების კუთვნილ სახლებსა და მიწას რუსებზე არ ასხვისებენ და ეს რუსეთისთვის გაუგებარი და მიუღებელია. რუსეთის მიმართ წინააღმდეგობაც იზრდება, რადგან ისინი აფხაზებს აგდებულად ექცევიან და არარაობად მიიჩნევენ. გარდა ამისა, აფხაზეთს, რუსული ,,კავეენის’‘ გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არავინ სცნობს და აღიარებს, თუმცა ფაქტია: აფხაზეთმა, ცხინვალისგან განსხვავებით, თავი დამოუკიდებელ მოთამაშედ უფრო დაიმკვიდრა, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედის, მით უმეტეს, როცა ხაჯიმბას სახით აქტიური დასაყრდენი ჰყავს, ამიტომ, ბუნებრივია, პროცესი რუსეთის მხრიდანაა მართული. უბრალოდ, პუტინს თავის დროზე ერთი ,,იაღლიში’‘ მოუვიდა _ ყირიმისგან განსხვავებით, აფხაზეთი პირდაპირ არ შეიერთა.                       
-ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და ნატო- ს უელსის სამიტის წინ ვითარების დაძაბვა არ გაეჭვებთ?                    
- დიახ, ეს ძალიან უცნაური დამთხვევაა და მოვლენათა გამწვავების მიზანი შეიძლება ისიც იყოს, რომ საქართველოში შიდააშლილობა დაიწყოს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ეთნიკური ქართველები სოხუმიდან რომც გამოყარონ, ამით საერთაშორისო დონეზე არაფერი შეიცვლება, სამაგიეროდ, საქართველოში შიდააშლილობა და დესტრუქციული პროცესები დაიწყება. ეს შეიძლება იყოს რაღაც გაუგებარი მოთხოვნები, მაგალითად, ახალი ხელისუფლების ჩამოგდება, პარლამენტის გადადგომა და ა.შ. მთელი პოლიტიკური ველი ისედაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის პლატფორმაა. რეალურად, ვინც ვითარებას მართავს, ის უკვე გადამდგარიცაა. პარლამენტში კი, მეტ-ნაკლებად, კვლავ იგივე ხალხი შევა, ოდნავ შეცვლილი პროპორციით.                       
- შიდაარეულობის შესაძლო კერად გარდაბანიც ხომ არ უნდა ჩავთვალოთ, სადაც ერთმანეთს სვანები და აზერბაიჯანელები დაუპირისპირდნენ?                       
- რამდენჯერაც რაღაც დაძაბულობას ეთნოკონფლიქტი ან რელიგიური დაპირისპირება დაერქვა, მერე ყველა ასეთი შემთხვევა პიროვნული ან პოლიტიკური დაპირისპირება აღმოჩნდა. იმედია, ახლაც ასეა. დაპირისპირება სვანებსა და იმერლებს შორის რომ მომხდარიყო, ამას ეთნოკონფლიქტს ხომ არ დავარქმევდით? იქ სვანური საძმო და აზერბაიჯანელების რაღაც ჯგუფი მხოლოდ არაფორმალურად შეიქმნა და ერთმანეთს პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ცხელი კერები სულ გვაქვს. კიდევ უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ირგვლივ მხოლოდ ისეთი პოლიტიკოსები გვყავს, ვინც მზადაა, ამ კერებით ისარგებლონ და ფულისა და რეიტინგისთვის ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებიც გააკეთონ. ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული პოლიტიკა, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით განსხვავებული ხალხის ინტეგრირებას. ვიდრე იმაზე გვექნება საუბარი, რომ მარტვილელი კაცი არ შეიძლება, თბილისის მერი გახდეს, ეს კერებიც იარსებებს და მსგავსი პრობლემებიც.                          
- ამჯერად, ვინაა ამ კერების გამოყენებით დაინტერესებული?                
- თითქოს პირდაპირ დაინტერესებული პირი არ ჩანს, მაგრამ ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ძალიან ცუდი სცენარი განვითარდეს _ დაშლილი, დაყოფილი და ერთმანეთთან წაჩხუბებული მხარეები, უფრო დიდი და ნამდვილი შიდაკონფლიქტებით. აი, ყველაფერ ამის ფონზე, არსებობს მოსაზრება, რომ ეს ვითარება ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის კარგი ასპარეზი შეიძლება გახდეს. გამოჩნდება ვიღაც ახალი ლიდერი, რომელიც იტყვის, ჩვენ ეს პრობლემები არ გვექნებოდა, რუსეთთან უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავითო. მაგალითად, ვისმენ ,,ევრაზიული არჩევანის’‘ ლიდერის, ვასილ ჭყოიძის განცხადებას, რომ ახმედ კადიროვმა ჩეჩნები განადგურებას გადაარჩინა, როცა რუსეთს შეუერთა. აქაც გავიგონებთ მსგავს ფრაზებს _ ხომ ხედავთ, დავჭამეთ ერთმანეთი და ჩვენც ჩეჩნებივით უნდა მოვიქცეთო. ამ პროცესით კი სწორედ ის პირები ისარგებლებენ, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასამარებს!                    
- ასეთებს, შიგადაშიგ, ჩვენვე ვირჩევთ... ისე, როგორ ხსნით, პოლიტიკურ რეიტინგებში უცვლელ პირველ ადგილს პატრიარქი რომ იკავებს, მეორე ადგილი კი რეალობის მიხედვით იცვლება. დღეს პოლიტიკურ რეიტინგებში მეორე უსტატუსო ლევან ვასაძეა. საერთოდ, ვასაძე რა ფენომენია?                      
- პატრიარქის მაღალი რეიტინგი იძულებითი მოვლენაა, მან შეცვალა ყველა დროებითი და ცრუ ლიდერი, ვინც ხალხს უმტყუნა. პატრიარქი კი მუდმივი სულიერი ლიდერია, რომლისგანაც ადამიანები გრძნობენ ძალასა და თანადგომას. მის რეიტინგში ჩვენ, ყველამ ერთად გავაერთიანეთ პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვათა იდეური რეიტინგები, რადგან ყველამ გაგვაწბილა, ამიტომ, ვინც ჩვენ მიმართ უფრო გულწრფელია და ვის პერსონაშიც ეჭვი არ შეგვაქვს, პოლიტიკურ ჩამონათვალშიც მას ვასახელებთ. თუკი საერო და პოლიტიკური სივრცე გაძლიერდება, მაშინ პატრიარქი რეიტინგების პოლიტიკურ ნაწილში ბუნებრივად აღარ მოხვდება. სხვათა შორის, ის მედიასაშუალებები, ვინც პატრიარქს დღემდე ეომება, იმ პოზიციისთვისაც აკრიტიკებენ, რასაც პატრიარქი პოლიტიკურ თუ სხვა საკითხზე აფიქსირებს და პოზიციის არქონისთვისაც. ესეც პარადოქსია! თვითონ ვითხოვთ მისგან, იყოს პოლიტიკოსი და ნებისმიერ საკითხში ჩაერიოს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი საოცრებაა. დღიდან ვასაძის გამოჩენისა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მისი ფუნქცია, სტატუსი, როლი და ადგილი ამ საზოგადოებაში. იგი საპატივსაცემოა ზუსტად ისე, როგორც თქვენი და ჩემი მეზობლები, საქართველოს თითოეული მოქალაქე. გარდა ამისა, საინტერესოა საზოგადოებრივი სტატუსის თემაც. ეს სტატუსი გაქვთ თქვენ, როგორც ჟურნალისტს, მე, როგორც ანალიტიკოსს, აქვთ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ა.შ. აი, საზოგადოებრივი სტატუსის კონტექსტში, ლევან ვასაძე არავის და არაფერს წარმოადგენს, იგი არავინ არის! რეალურად, მხოლოდ სოციალური სტატუსი გააჩნია, რაც ფინანსური შემოსავლის მოცულობით იზომება.                        
- ამ სტატუსის ნაწილია ჩოხა, ეროვნული ტრადიციების სადარაჯოზე დგომა, მართლმადიდებლობა?                   
- ქართველობა მხოლოდ ჩოხით არ ვლინდება. გარდა ამისა, ლევან ვასაძე დიდ ამპარტავნებას ავლენს, მართლმადიდებელი ამპარტავანი კი, როგორც ცნება, ბუნებაში არ არსებობს! არ შეიძლება, ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობდეს, რომ მთელი მოსახლეობისგან განსხვავებით, ზეამაღლებული ფიგურა, მეტიც, ზექართველია! ჩემს ბავშვობაში ძალიან მოდური იყო ოხუნჯობა მოლა ნასრედინის შესახებ. ერთ იგავში, მოლამ ცხვარი მოიპარა, ხორცი დაარიგა და ტყავი და ფეხები დაიტოვა. შემდეგ თქვა, სახელში ჩამეთვალა და მოგებაც დამრჩაო ანუ საკუთარი თავი იმდენად უნიკალურად წარმოაჩინა, ქურდი კი არა, მოწყალე კაცი გამოვიდა. არ ვიცი, მეცენატის სტატუსს ვინ რის ხარჯზე იღებს, მაგრამ ფაქტია, დღეს ყველაზე დიდი ბიზნესი მთელ მსოფლიოში სწორედ ქველმოქმედებაა.                 
- ყველა ქველმოქმედი პარლამენტის გადაყენების მოთხოვნითა და სხვადასხვა კანონისა თუ სექსუალურ უმცირესობებზე მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიციით არ გამოდის...                   
- ეს ძალიან ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდია. ჩვენ ამას წინარე კამპანიას ვეძახით: ეს ისეთი მოქმედებებია, რაც ჩვენი მიზნების შესრულებით უნდა დაგვირგვინდეს. არ ვთხოვ ლევან ვასაძეს, გულუხვი იყოს, არც მისი ბიზნესის წარმომავლობა მაინტერესებს, არც ის მინდა, მისი შემოსავლები უფრო გამჭვირვალე გახდეს, მაგრამ აქეთ, ჩემგან ითხოვს მოსმენასა და საჯარო ტრიბუნის დათმობას. ზოგადად, ასეთი ადამიანები იმით სარგებლობენ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა პათეტიკაზეა ორიენტირებული. დღემდე მოგვწონს ხმამაღალი ლოზუნგები, სადღეგრძელოები, მოგვწონს ჩოხა და ბევრი შვილი... ვფიქრობ, ლევან ვასაძე არის თავხედი ადამიანი. პატრიარქსაც კი არ აქვს მკაცრი ტონი და პირდაპირი დირექტივები, როგორ ვიცხოვროთ, მით უმეტეს, ეს უფლება თავად მივეცით, ლევან ვასაძისთვის კი ეს უფლება არავის მიუცია! ვასაძე ჩვეულებრივი დიქტატორის, უფრო სწორად, ვერშემდგარი ძალაუფალის ტიპაჟია. ის ან მისი მსგავსი ადამიანი ქვეყნის ლიდერი რომ გახდეს, მოსახლეობის ფანატიკოსი ნაწილის გარდა, ნებისმიერი მოაზროვნე ქვეყნიდან უნდა გაიქცეს, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისას აუცილებლად ჩაქოლავს.                    
- არსებობს ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძეს მხარს სინოდის მცირე ნაწილი უჭერს, რომლის კურთხევითაც, საშემოდგომოდ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. ხომ არ შეიძლება, იგი რუსეთის ახალ დასაყრდენად მოვიაზროთ, როგორც ეს, თავის დროზე, ზურაბ ნოღაიდელმა და ნინო ბურჯანაძემ სცადეს?               
- საერთოდ, ჯერ იყო ირინა სარიშვილი, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელიც უცებ გაამარგინალეს და გვერდზე გაწიეს. მერე რუსეთი უკვე იმ რეჟიმში იყო, ოღონდ ვინმეს ინტერესი გამოეჩინა და ნებისმიერს დააფინანსებდა. ასე გაჩნდნენ ნოღაიდელიცა და ბურჯანაძეც, თუმცა ჩვენი დეგრადაციის ხარისხი იქამდე გაიზარდა, ახლა პუტინს ,,ქასთინგი’‘ აქვს გამოცხადებული, ვინ დააფინანსოს, რადგან მსურველი და მახვეწარი ბევრია. ეს თანამედროვე ქართველობის კრიზისია. თეორიულად, გამორიცხული არაა, ვასაძე ბუნებრივად გამოირჩა ამ ,,ქასთინგში’‘. უბრალოდ, იგი მეტად შენიღბულია და ამიტომ საშუალება არ გვაქვს, კონკრეტული ბრალი წავუყენოთ. ჩვენ მაფიოზური მმართველობის რეჟიმში გადავდივართ, როცა რეალური მმართველები არ ჩანან, ხალხის წინაშე პირდაპირი ვალდებულებები არ აქვთ, მაგრამ ვითარებას აკონტროლებენ. ლევან ვასაძე სულელი უნდა იყოს, რომ პირდაპირი მმართველის სტატუსი მოითხოვოს. დიდი ალბათობით, ის შენიღბული იქნება, თუმცა არის მეორე ვარიანტიც _ იგი გახდება პირდაპირი მმართველი, თუ საქართველო იმაზე უარეს ქვეყნად გარდაიქმნება, ვიდრე ირანია. მაშინ ცხვრების ქვეყანას მივიღებთ, არქიფოთი სათავეში. ჩემი აზრით, ძალიან საგანგაშო ტენდენციაა იმ ლოზუნგების წინ წამოწევაც, რომლითაც ლევან ვასაძე გამოდის. ესენია _ ქართველობა, იდენტობა და მართლმადიდებლობა დამახინჯებული გაგებით. ვასაძე ამ ლოზუნგებს ძალიან ვიწრო ნაციონალურ ჭრილში ხედავს, ოღონდ ქვეყნის საწინააღმდეგო და ანტინაციონალური კუთხით. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად _ დავანგრიოთ მეჩეთი და სინაგოგა და მათ ადგილას სამი ეკლესია ავაშენოთ. ერთი სიტყვით, ღმერთი მაძლევს არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევს ლევან ვასაძე! ლევან ვასაძის მიერ შეთავაზებული ქართველის მოდელში, რეალურად, ქართველი კაცი დაიღუპება. ეს აბსოლუტურად ანტიქართული მოდელია. თუ იატაკის ჯოხს ჩოხას ან კოსტუმს ჩამოვაცვამთ, ამით არც ქართველი გახდება და არც ინტელიგენტი.                   
- როგორ ფიქრობთ, რა დასაყრდენი აქვს ლევან ვასაძეს და შეიძლება თუ არა, ამ მოვლენების ფონზე, შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, გაზრდილი ძალაუფლებითა და ამბიციებით მოგვევლინოს, პარტნიორებთან ერთად?                
- როგორც ჩანს, ლევან ვასაძემ დასაყრდენი იმაზე ადრე შექმნა, ვიდრე შევამჩნიეთ. როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა და ,,ლონდრედ’‘ მონათლეს, მაშინვე ვთქვი, დააცადეთ და ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის, ლევან ვასაძის ხაზით- მეთქი. ამ ფრაზამ ისეთი რეაქცია გამოიწვია, ვიფიქრე, შევცდი- თქო. დღეს სხვა რეალობაა. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ვასაძეს მართლაც აქვს პოლიტიკური ამბიციები, ან გიორგი მარგველაშვილი უნდა იყოს მისი პოლიტიკის გამტარებელი, ან მარგველაშვილმა ხელი უნდა შეუწყოს მის მოსვლას და ვასაძის ხელისუფლებაში საკუთარი როლი მოირგოს. ლევან ვასაძის რეიტინგი მაღალია, მაგრამ ამ ეტაპზე, ძალიან ამორფული ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილს შეუძლია პოლიტიკურ პროცესებში გარდატეხის შეტანა, მაგრამ ახლა ამას მოერიდება. ლევან ვასაძეს აქვს შანსი, საზოგადოების შეხედულებები ანტიდასავლური და ანტისახელწმიფოებრივი გზით წარმართოს. ერთადერთი, რაც მკაფიოდ ჩანს, ისაა, რომ საქართველოში ანტიდასავლური სივრცის შექმნა შეუძლია, რაც ჩვენი ქვეყნის დაღუპვასა და რუსეთზე დამონებას ნიშნავს. დღეს ხომ ახმედ კადიროვი ძალიან კმაყოფილია, შერონ სტოუნიც სტუმრობდა, დიდი ოქროებიც უკეთია, მილიარდერია _ კაცმა ფულსა და ძალაუფლებას მთელი ქვეყანა შეწირა და ჩვენ არც ეს მოდელი უნდა გამოვრიცხოთ საქართველოში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ არის საშიშროება, ლევამ ვასაძე ქართველ კადიროვად ჩამოყალიბდეს!