"მერკელის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა, რუსეთისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იყო"

"საეჭვოა, რუსეთი მშვიდად შეხვდეს და შეეგუოს უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს ევროინტეგრაციას, მით უფრო ნატოსთან დაახლოების პერსპექტივას. ამიტომ შეეცდება, ყველა გზა და მეთოდი გამოიყენოს, რათა მოახდინოს ამის ხელისშემშლელი პროცესების პროვოცირება. გარდაბნის რაიონში ასეთი პროცესების დროს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გათვალისწინებით, დესტაბილიზაციის ყველაზე ჰიპოთეზური ვერსიებიც კი უნდა განვიხილოთ", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მერკელის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა, რუსეთისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იყო".

"გარდაბანში მომხდარი არ იძლევა საშუალებას, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ იქ ვითარების არევას რუსეთი ცდილობს, მაგრამ ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. წინასაარჩევნო პერიოდია და ამგვარი დაპირისპირებები უჩვეულო მოვლენა არ არის, ამიტომაც მომხდარი შეიძლება ამ პროცესის ნაწილი იყოს; ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა იქ არსებულ ქართულ და აზერბაიჯანულ დაჯგუფებებს შორის გავლენისთვის მიდიოდეს. ცნობილია ისიც, რომ ყოფილ ხელისუფლებას ამ რეგიონში განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ წრეებთან, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, შესაბამისად, შესაძლოა ამ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთანაც გვქონდეს საქმე. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ამგვარი დაპირისპირება არც ერთს და არც მეორეს არ აძლევს ხელს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე. 

"თუ აქ პროცესების არევას მესამე ძალა ცდილობს, საქართველოსა და ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს გავლენა ჩვენს აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, ყველაფერი უნდა იღონონ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი არ გახდეს. აუცილებელია დადგინდეს, ვინ არიან ის პირები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ვინც ამ პროცესებს წარმართავენ. დღეს შეიძლება მესამე სახელმწიფოს კვალი არ ჩანდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მიზანი შეიძლება არც იყოს კონფლიქტის მაინცდამაინც დღეს გაჩაღება. შესაძლოა, ის ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობდეს. თუ გარდაბანში პროცესი გაჩერდება, მაგრამ დაპირისპირება დაპირისპირებად დარჩება, მესამე ძალამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ უფრო მასშტაბური კონფლიქტის მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა და უფრო დიდი პროვოკაცია დაგეგმოს. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაპირისპირების ყველა კერა ძირფესვიანად აღმოფხვრას", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტშია განსახილველი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრის დროს ნატოზეც იყო ლაპარაკი. არა მგონია, დღეს დასავლეთი მზად იყოს ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად. შეგახსენებთ, მას მერე, რაც რუსეთმა აღიარა უკრაინის არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, ევროკავშირმა ახალი სანქციები რუსეთის მიმართ შეაჩერა. თუ ამ დონეზე ფიქრობენ დასავლეთის სახელმწიფოები, რომ არ გაამწვავონ რუსეთთან ურთიერთობა, ნატოსთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებული იქნებიან. მერკელის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა, ვფიქრობ, იყო რუსეთისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ 27 ივნისს დაგეგმილ ხელმოწერას ხელი არ შეუშალოს," - მიიჩნევს ექსპერტი.

"უნდა ავუხსნათ დასავლეთს, რომ აფხაზეთი შეიძლება რეგიონში ახალი დესტაბილიზაციის დეტონატორად იქცეს, რაც დასავლეთსაც კარგს არაფერს მოუტანს. ეს უნდა გახდეს აქტუალური ნატოსთვისაც. ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით სერიოზული ლაპარაკი დასავლეთსა და საქართველოს შორის ამ ხელმოწერის შემდეგ დაიწყება, მაგრამ არა ნატოში გაწევრების, არამედ უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით. ამგვარი სისტემის მონაწილე ნატოც იქნება. უსაფრთხოების ერთიანი სისტემა დასავლეთისთვისაც ისევე აქტუალურია, როგორიც ჩვენთვის. უსაფრთხოების სისტემაში მაპ-ს ან რაიმე ამგვარს ვგულისხმობ, რაშიც შედის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უსაფრთხოების მთელი კომპლექტი. ნატომ, უკრაინამ, მოლდავეთმა და საქართველომ უსაფრთხოების სისტემა ერთობლივად უნდა გაიაზრონ. რა და როგორ იქნება, ზუსტად თქმა ძნელია", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვას - "რასმუსენის განცხადებით, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ შეესრულებინა ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები და ეს მიღწეული შედეგი რაღაც ფორმით აუცილებლად უნდა შეფასდეს მომავალ სამიტზე", პასუხობს:

"უკრაინაში მომხდარმა დასავლეთის და ნატოს დამოკიდებულება რუსეთისადმი მნიშვნელოვნად შეცვალა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ დაჩქარდა როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი, ასევე ღიად დაიწყო ნატოს წარმომადგენელთა მხრიდან ლაპარაკი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე. აქამდე თუ ჩვენ გვჭირდებოდა ნატო უსაფრთხოებისთვის, დღეს ვითარება ისეთია, რომ საქართველოს უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ნატოს უსაფრთხოებას. რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ნატოსთან დასაპირისპირებლად პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მზად არ არის".