“დასავლეთში ჩვენი ინტერესების დასაცავად ისე არავინ იბრძოდა, როგორც - მიხეილ სააკაშვილი... სააკაშვილი აშშ-ს შენობით ელაპარაკებოდა. აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდნენ ბელორუსთან მიმართებაში და რომ არ იყო საჭირო სანქციები. ამისთვის მისი მადლიერი ვარ. სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთში ეს არ მოეწონებოდათ... სააკაშვილი ხშირად მიწვევდა სტუმრად, მაგრამ ვეუბნებოდი, მიშა, საქართველოში ვერ ჩამოვალ, რადგან ზედმეტი პრობლემები არ მინდა. რუსეთის ხელმძღვანელობა ამას ნორმალურად ვერ აღიქვამს”, - ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ლუკაშენკოს ზემოხსენებული მადლობა, პრაქტიკულად, მესიჯია, რომ სააკაშვილი დამთავრდა. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი, რომელმაც “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობის დროს გაბედა და სამსახურიდან დათხოვნის გამო, ვანო მერაბიშვილს უჩივლა, “ქართულ სიტყვას” “რუსეთის პოლიტიკური სიახლეების სააგენტოსა” და “ნაციონალური სტრატეგიების ინსტიტუტის” ე.წ. კვლევას აწვდის. ამ სკანდალურ დოკუმენტში საქართველოს დაშლაზეა საუბარი... კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც კონსტანტინე ფირჩხიძე ამჯერად ყურადღებას ამახვილებს, ამერიკული დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრიუს ჯექსონია. შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ, უშიშროების პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერია დავალებებს სწორედ ჯექსონისგან იღებს... ახლახან, ბრიუს ჯექსონი ტელეკომპანია “ტაბულას” ეთერში, ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის გადაცემაში გამოჩნდა...
- ბატონო კონსტანტინე, ლუკაშენკოს მადლობა გარკვეული პოლიტიკური მესიჯია?
- ეს ბევრად მნიშვნელოვანი განცხადებაა. ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე შეიმანზე ვსაუბრობდით, რომელიც ბელორუსის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ და ირაღით უკანონო ვაჭრობაში თავიდან ფეხებამდეა გარეული.
- შეიმანი მახსოვს, მაგრამ ლუკაშენკოს მადლობა იარაღის უკანონო ვაჭრობასთან რა კავშირშია?
- როგორც კი საქართველოში საერთაშორისო ტრანსნაციონალურ ჯგუფზე მსჯელობა ხმამაღლა დაიწყო, ლუკაშენკომ შეიმანი თანამდებობას მაშინვე ჩამოაშორა. ვანო, თავის დროზე ისიც გითხარით, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, მინსკის გარეუბანში, შეიმანს მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია შეხვდნენ და ამ შეხვედრის მოწმეებიც არსებობენ...
ერთი სიტყვით, ლუკაშენკოს ერთი მიზანი აქვს - სიტუაციიდან როგორმე გამოძვრეს, ანუ ზემოხსენებული განცხადებით მიანიშნებს, მეც და მიშაც რუსეთთან დაახლოებულები ვართო.
- ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, ბატონო კოტე, სინამდვილეში კი, ლუკაშენკო ხაზს უსვამს, სააკაშვილს ყოველთვის ვეუბნებოდი, ჩემს მხარდასაჭერ განცხადებებს ნუ აკეთებ, თორემ რუსეთი გაღიზიანდებაო...
- რუსეთის გაღიზიანება ერთია, მაგრამ ეს განცხადება მესიჯი, პირველ რიგში, კრემლისთვისაა.
- ამას საიდან ასკვნით?
- ლუკაშენკოს განცხადებიდან ნათლად ჩანს, სააკაშვილი უკვე ისეთი ოდიოზური ფიგურაა, რომ აღარც აშშ-ს სჭირდება და აღარც - რუსეთს...
- ვთქვათ, ლუკაშენკო და სააკაშვილი, მართლაც, მეგობრები არიან, მაგრამ ეს, აპრიორი, იმას ხომ არ ნიშავს, რომ ორივე კრემლისგან იმართება?
- პოლიტიკაში ასეთი რამეები არ ხდება, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანასთან მიმართებაში, როგორიც ბელორუსიაა. სხვათა შორის, საქართველოდან გაქცეული ყველა ოდიოზური ფიგურა თავს ბელორუსს აფარებს - მინსკში ცხოვრობს.
- მაგალითად?
- იგორ გიორგაძე...
- საქართველოდან გაქცეული “ნაციონალებიც” ბელორუსში არიან?
- ამაზე რა გითხრათ, მაგრამ ზოგიერთ “ნაციონალს”, მაგალითად, გივი თარგამაძეს ბელორუსში ხშირი მიმოსვლა ჰქონდა...
- ბატონო კოტე, ასეა თუ ისე, მაინც ვერ გავიგე, ლუკაშენკოს განცხადება რა მესიჯია?
- ლუკაშენკო ამბობს, მიშა ჩემი მეგობარიაო, ესე იგი, მიშა რუსული პროექტია, ანუ ლუკაშენკომ რამდენიც უნდა ამტკიცოს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვარო, სინამდვილეში, ასე არაა და ბელორუსის პრეზიდენტი იმდენ ხანს იქნება, რამდენ ხანსაც საჭიროდ პუტინი ჩათვლის და სკამიდან მაშინ გადმოაგდებს, როცა მოინდომებს.
- მაშასადამე, ლუკაშენკომ ამერიკელებს რაღაც მიანიშნა, არა?
- ეს მინიშნება მხოლოდ ამერიკელებისთვის კი არა, შეიძლება, ქართველებისთვის - ჩვენი მთავრობისა და უშუალოდ “ნაცმოძრაობისთვისაც” იყო გამიზნული.
- ანუ?
- მიშას “ჩახსნის” დრო მოვიდა.
- საიდან “ჩახსნის”?
- თუნდაც “ნაცმოძრაობიდან”...
- ბატონო კოტე, წეღან თემურ ალასანია ახსენეთ. რამდენიმე თვის წინ, ექპსრეზიდენტის ბიძა იმუქრებოდა, ცილისმწამებლებს სასამართლოში ვუჩივლებო, თუმცა თემურ ალასანია აღარ ხმაურობს. ხომ არ იცით, რა ხდება?
- ჩემი ინფორმაციით, თემურ ალასანიამ გააცნობიერა, რომ საქმის სასამართლოში გადატანა მისთვის შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, მით უმეტეს, როგორც ვიცი, აშშ-ის სპეცსამსახურები დიდი ხანია, მას აკვირდებიან.
- რატომ?
- იმიტომ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაშია შემჩნეული.
- სპეცსამსახურის ენაზე “დაკვირვება” იმას ნიშნავს, რომ ალასანია შიდაპატიმრობაშია და გადაადგილება შეზღუდული აქვს?
- არა. თემურ ალასანიაზე ამერიკულ სპეცსამსახურებს, ჩემი ინფორმაციით, ოპერატიული მეთვალყურეობა აქვთ დაწესებული!
- ბატონო კონსტანტინე, ამას წინათ, განაცხადეთ, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მფარველი გავლენიანი ამერიკელი სპეცსამსახურელი ბრიუს ჯექსონია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “ტაბულას” ეთერში გამოჩნდა. ეს რას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშავს, რომ ახალი პროექტი დაიწყო.
- რას გულისხმობთ?
- “ტაბულამ” ჯექსონის გადაცემა ასე დაასათაურა - “განვითარებადი დემოკრატიის პროექტი”. აქამდე ბრიუს ჯექსონი პროექტს - “დიქტატურიდან დემოკრატიამდე” ხელმძღვანელობდა და ამ პროექტმა ავტორიტარული რეჟიმი მოიტანა. ბრიუს ჯექსონის “ტაბულას” ეთერში გამოჩენა იმის დასტურია, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატიული ფრთა გიგა ბოკერიას მხარს ღიად უჭერს, ანუ ის, რასაც აქამდე ვამბობდი, დადასტურდა. ისიც საინტერესოა, თუ რა განაცხადა ჯექსონმა “ტაბულას” ეთერში.
- რა განაცხადა?
- ჯექსონმა მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი არა, ობამას ადმინისტრაციაც გააკრიტიკა და გარკვეულწილად მიშას დამსახურებებსაც შეეხო, თუმცა ამ დამსახურებების გახსენებით მხარდაჭერა მიშას კი არა, “ნაცმოძრაობის” გიგა ბოკერიას ფრთას გამოუცხადა და ამოსავალი წერტილიც სწორედ ესაა. საერთოდ, ამერიკელი მაღალჩინოსნები, მით უმეტეს, სპეცსამსახურელები სატელევიზიო ეთერში შემთხვევით არ ჩნდებიან... მართალია, ჯექსონს ღიად არ უთქვამს, რომ გიგა ბოკერიას მხარს უჭერს, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენს პუბლიკაციებს ამერიკელებიც კითხულობენ და ბრიუს ჯექსონის ეთერში გამოჩენაც სწორედ ამის გამოძახილია... ამერიკელები ცდილობენ, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამერიკული მიმართულების პოლიტიკური ძალა შეინარჩუნონ.
- “ნაცმოძრაობის” შენარჩუნება თეთრ სახლს რისთვის სჭირდება, როცა ყოფილ მმართველ გუნდს ხალხში ავტორიტეტი, პრაქტიკულად, არ აქვს? ესეც რომ არა, რა, “ქართული ოცნება” დასავლურ-ამერიკულ რელსებზე არ დგას?
- “ქართული ოცნება” ძალიან ჭრელია. ცხადია, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ თვითონ პარტია, რომელსაც “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ჰქვია და რომლის სათავეშიც ირაკლი ღარიბაშვილია, ნამდვილად პროდასავლური პოლიტიკური ძალაა. ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” და, ბუნებრივია, “რესპუბლიკელებიც” ნამდვილად დასავლური ღირებულებების მატარებელნი არიან, თუმცა კოალიციაში არიან ძალები, მაგალითად, “მრეწველები”, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.
- ისე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ე.წ. თბილისის პარტიული სია “ოცნებამ” უმეტესად “მრეწველებით” დააკომპლექტა...
- ეს შეკითხვა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს უნდა დაუსვათ. საერთოდ, არ ვიცი, კოალიციაში რა კულუარული მოლაპარაკებები და ქვედა დინებებია...
- ბატონო კონსტანტინე, 17 მაისმა უმტკივნეულოდ ჩაიარა... არჩევნებსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამე ექსცესებს უნდა ველოდოთ?
- არჩევნები მშვიდად ჩატარდება... სხვათა შორის, 17 მაისთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად ადექვატური იყო და პრევენციული ღონისძიებები გაატარა. 17 მაისი სწორედ ამიტომაც არ შედგა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია...
- ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია გასაგებია, მაგრამ კრემლი 27 მაისს მშვიდად შეხვდება?
- რუსეთი პირდაპირ არ იმოქმედებს...
- ესე იგი, “სათადარიგო სცენარი” აქვს?
- ცხადია და ეს დროში გაწერილი სცენარია, რაზეც რუსულ სპეცსამსახურებთან ასოცირებული პოლიტიკური კვლევების სხვადასხვა ცენტრის არაერთი რეკომენდაცია და კვლევაც მოწმობს.
- ბატონო კონსტანტინე, საუბარი საითკენ მიგყავთ?
- მაგალითად, 2010 წლის 26 იანვარს, მოსკოვის “პოლიტიკური სიახლეების სააგენტომ” “ნაციონალური სტრატეგიების ინსტიტუტის” პროექტი გამოაქვეყნა, რომლის სათაურშივე იკითხება კრემლის გეგმა და რომელიც მიმართულია ეროვნული (ეთნიკური) რაიონებისთვის ისეთი პირობების შექმნისკენ, რაც საქართველოს დაშლას განაპირობებს.
- ამ გეგმის დეტალები როგორია?
- აღნიშნული “სტრატეგიული კვლევა” რუსული პოლიტიკური ელიტისთვის გარკვეული რეკომენდაციაა, თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველოს ეთნიკურ რეგიონებში.
ამ დოკუმენტით, საქართველოს მთელი ისტორია წარმოდგენილია, როგორც ქართველური ტომების მიერ მინი ქართული იმპერიისთვის ბრძოლა, როცა თითქოს ქართულად მოლაპარაკე ქართველური ტომი ცდილობდა სხვა არაქართული წარმოშობის ერების - ოსების, სომხების, აფხაზებისა და, რაც გასაკვირია, მეგრელების ძირძველი ისტორიული მიწების მითვისება-მიტაცებას და ამ “ერების” დაჩაგვრას.
ამ ტომების ისტორიულ წიაღსვლებსა და ფაქტების დამახინჯებას არ ჩავუღრმავდები, თუმცა ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილებ, მით უმეტეს, რომ ეს გარემოებები საქართველოს უსაფრთხოებისთვის საგანგაშოა. კერძოდ, ზემოხსენებული ე.წ. კვლევის მთავარი ადრესატებისთვის - მეგრელებისა და საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის რუსეთის იმპერიის მიერ განზრახულია შემდეგი ფაქტორების შექმნის აუცილებლობა:
რუსული დოკუმენტის მიხედვით, მეგრელებმა უნდა მიიღონ საგარეო მხარდაჭერა.
- როგორ?
- ამის გაკეთება ნებისმიერ ოპოზიციურ მოძრაობას შეუძლია, რომელიც ოფიციალური თბილისის პოლიტიკას დაუპირისპირდება და ამით საგარეო მხარდაჭერას მოიპოვებს. ამის მაგალითია სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში თავის დროზე სწორედ საგარეო მხარდაჭერით მოვიდა.
რეგიონალური თვითმმართველობის, ავტონომიზაციისა და სეპარატიზმის შემთხვევაში, საგარეო მხარდაჭერა ორმაგად მნიშვნელოვანია, თუმცა რუსებს დაავიწყდათ, რომ თუ აფხაზური და ოსური სეპარატიზმის უკან რუსეთი, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კი, სომხებისა და აზერბაიჯანელების უკან სომხეთი და აზერბაიჯანი დგას, მეგრელების უკან, ქართველების წინააღმდეგ, არავინ დგას. საერთოდ, რუსეთში მეგრელებს აღიქვამენ, როგორც ქართველებს, აფხაზეთში - დამარცხებულ ნახევარმტრებს, საქართველოში კი, - ასიმილაციის ობიექტს. ბევრ მიზეზთა გამო, ერთადერთი, ვინც მეგრელებს შესაძლოა, მხარი დაუჭიროს, რუსეთია.
- ეს თქვენი ვარაუდია, ბატონო კოტე, თუ ამაზე კრემლის საიდუმლო დოკუმენტშია ლაპარაკი?
- ამაზე რუსულ დოკუმენტშია ნათქვამი. ამავე დოკუმენტით, მხარდაჭერა ორი მიმართულებით უნდა ხორციელდებოდეს:
პირველი მიმართულება: საჭიროა მეგრელთა საკითხის ფართო ინტერნაციონალიზაცია. რუსეთი უნდა დადგეს მეგრელების მხარეს და საერთაშორისო ასპარეზზე მათი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყოს. ამ ბრძოლაში მთავარი აქცენტი საქართველოს მიერ მეგრელთა ასიმილიზაციაზე უნდა გაკეთდეს.
მეორე მიმართულება: რუსეთმა მხარი უნდა დაუჭიროს მეგრელ აქტივისტებს. ასეთი ხალხი არსებობს და ცოტაც არაა. ამ ადამიანების ძირითადი საქმიანობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა უნდა იყოს. ქართულ საზოგადოებაში, მეგრელთა ფაქტორის აქტივიზაციისთვის, უნდა გაჩნდეს ელიტა, რომელიც ნაციონალურ პოზიციებზე იდგება.
ამასთან, აუცილებელია, შეიქმნას მეგრული ანბანი და გამოიცეს ლიტერატურა.
უნდა წარმოებდეს ტელე-რადიო გადაცემები მეგრულ ენაზე და ამ გადაცემებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური მიმართულება.
საჭირო იქნება ინტერნეტ-საიტების შექმნა მეგრულ ენაზე, ასევე, ვიდეო-რგოლების დამზადება. მეგრულმა ენამ სრულფასოვანი სიცოცხლით უნდა იცხოვროს...
- ბატონო კოტე, მაპატიეთ, გაწყვეტინებთ, მაგრამ უნდა ჩაგეკითხოთ: ყველაფერი ეს რუსულ საიდუმლო დოკუმენტშია აღნიშნული?
- დიახ...
ამავე დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ რუსებმა და აფხაზებმა ქართველებისა და მეგრელების განსხვავება უნდა შეძლონ - ეს ორი სხვადასხვა ერია. მეგრელებმა აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში უნდა მიიღონ ავტონომია და გალის რაიონი მეგრელი ერის ჩამოყალიბების ცენტრად უნდა გადაიქცეს. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მეგრელები ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. ეფექტური იქნება, თუ ქართველებსა და მეგრელებს რუსეთთან განსხვავებული სავიზო რეჟიმი ექნებათ, რომელიც მეგრელებისთვის გამარტივებული იქნება.
მეგრული სიცოცხლის პულსი 20-30 წლის ახალგაზრდებში ფეთქავს, რომლებიც საუბრობენ რუსულად. საჭიროა მათთან სათანადო მუშაობა.
- რუსები “სათანადო მუშაობაში” რას გულისხმობენ?
- ეგ არ ვიცი, მაგრამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საკითხის ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში, თუკი ამ ახალგაზრდებს რუსეთიდან შესაბამისი მხარდაჭერა ექნებათ, სამეგრელო შეიძლება, “ააფეთქონ”.
დოკუმენტის მიხედვითვე, ამ ადამიანების მიზანი საქართველოდან გამოყოფა კი არა, სრულიად საქართველოს კონტროლი უნდა იყოს.
პირველ ეტაპზე, პირველი რიგის ამოცანად უნდა იქცეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურული ავტონომიის მიღწევა. “უნდა ამოქმედდეს მეგრული ნაციონალური იდეა - მეგრელები უნდა დარჩნენ საქართველოს შემადგენლობაში და მხოლოდ ასე, რამდენიმე წლის შემდეგ, შევძლებთ, საქართველოში რუსეთისადმი ლოიალური მმართველობა მივიღოთ,” - წერია დოკუმენტში.
- ბატონო კოტე, როგორც ამბობთ, რუსულ საიდუმლო დოკუმენტში ე.წ. ჯავახელ სომხებზეცაა ლაპარაკი, არა?
- დიახ, არის და აღნიშნულია, რომ ჯავახეთთან დაკავშირებით საჭიროა, სომხეთისა და სომხური დიასპორის პოზიციის შეცვლა. თუ დღეს ოფიციალური ერევანი მომხრეა ე.წ. სამმხრივი სიყვარულის - სომხეთი-ჯავახეთი-საქართველო, ამ პოზიციის შეცვლას სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადა მოჰყვება, რისი თავიდან აცილების ერთადერთი ასპროცენტიანი საშუალება კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და ამ კონფლიქტში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა. მარტივად რომ ითქვას, გაერო-ში სომხეთის წარმომადგენელმა უნდა მოითხოვოს უშიშროების საბჭოს მოწვევა და განაცხადოს, რომ ერევანი საქართველოს მხრიდან ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ძალდატანებით ასიმილაციასა და ამ რეგიონში საბაზო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევას აპროტესტებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისიც უნდა გაჟღერდეს, რომ ერევანი საქართველოს მხრიდან სომხეთის შესაძლო სატრანსპორტო ბლოკადით შეშფოთებულია. ასეთ ვითარებაში, სომხეთს მხარს გარანტირებულად რამდენიმე ქვეყანა დაუჭერს. მართალია, რამდენიმე ქვეყანა იტყვის, რომ ყველაფერი ეს გამოგონილია, მაგრამ მოგვიანებით, სწორედ ეს ქვეყნები მოსთხოვენ საქართველოს, რომ სომხეთის ბლოკადა არ განახორციელოს.
- თუკი საქართველოს წინააღმდეგ ამხელა შეთქმულება და ავანტიურა იგეგმება, ქართულმა სპეცსამსახურებმა არაფერი იციან?
- წესით, უნდა იცოდნენ, მაგრამ ქართული სპეცსამსახურები ცალკე საუბრის თემაა...
რუსულ დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ჯავახეთის ორგანიზაციათა არარსებობის გამო, სომხეთმა, ვულინტურისტული გზით, უნდა შეარჩიოს ერთი ორგანიზაცია, რომელსაც გააძლიერებს და საერთაშორისო ასპარეზზეც გაიყვანს. ამ ორგანიზაციის მოთხოვნა სეპარატიზმი კი არა, ძალდატანებითი ასიმილაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფართო ავტონომიის მოთხოვნა, სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება და ადმინისტრაციული დაყოფის 1995 წლამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნება უნდა იყოს, რაც მესხეთ-ჯავახეთის გაყოფას და ჯავახეთისთვის წალკის რაიონის მიერთებას გულისხმობს.
სომხებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოსგან რამის მოთხოვნა უშედეგოა. ამიტომ, მოთხოვნები უნდა დაისვას არა საქართველოს მთავრობასთან, არამედ, გაერო-ში, ევროსასამართლოში და ასე შემდეგ... ასეთი მოთხოვნების მცირე ნაწილმა დღემდე შედეგი იმის გამო არ გამოიღო, რომ რუსეთში არც სომხური დიასპორაა და არც სომხეთი დახმარებია ჯავახეთს. აღარაფერს ვამბობთ რუსეთზე. ასეთი არდახმარების პირობებში, ჯავახეთი “დაკარგული” იქნება...
საჭიროა არა საერთაშორისო ორგანიზაციებში წერილების წერა, არამედ, თამაშის მათ მოედანზე გადატანა. ჯავახეთის მოსახლეობის დელეგაციები უნდა ჩავიდნენ ამ ორგანიზაციებში კონსულტაციებზე, უნდა მონაწილეობდნენ სესიებში, სადაც ხაზი აუცილებლად უნდა გაესვას, რომ რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფაა.
ასეთი მოქმედებების მასიურობისა და აქტივიზაციის პირობებში, შედეგის მიღწევა გარანტირებულია - იმის შესაძლებლობა, რომ ჯავახეთი ავტონომიას მიიღებს, ასპროცენტიანია. ეს შეიძლება, უცებ არ მოხდეს და ამაზე გარკვეული დრო და ძალისხმევა დაიხარჯება, მაგრამ თუკი მოქმედების ეს სცენარი იქნება შენარჩუნებული, მაშინ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, - ნათქვამია რუსების მიერ მომზადებულ ე.წ. კვლევაში.
- ბატონო კოტე, ამ “კვლევის” ავტორი ვინაა?
- ეპიფანცევი. საერთოდ, რუსეთის “პოლიტიკური სიახლეების სააგენტო” რუსული სპეცსამსახურების “კრიშის” ქვეშ მუშაობს... ამ “დასკვნის” მიხედვით, რუსების მთავარი ამოცანა სეპარატიზმის გაღვივება კი არა, კულტურული ავტონომიაა, რომელიც ჯავახეთს ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანს, როგორშიც დღეს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არიან...
- ეს სცენარი როდის ამოქმედდება?
- საერთოდ, მსგავსი გეგმები დროშია გაწერილი. რუსეთი “მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკით მოქმედებს და ამას უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს - ჯერ აგრესიულად მოქმედებდა, მერე კი, თითქოს უკან დახევა დაიწყო, მაგრამ ეს ტაქტიკური უკან დახევაა, რადგან კრემლის საბოლოო მიზანი უკრაინის ფედერალიზაციაა. რუსეთი საქართველოშიც სწორედ ასე მოქმედებს - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჯერ აქტიური პერიოდი იყო, მერე, კონფლიქტების თითქოს კონსერვაცია მოხდა, 2008 წელს კი ისევ გააქტიურდა და, ბოლოს, ყველაფერი, სოხუმისა და ცხინვალის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებამდე მივიდა.
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხელ წერტილად შესაძლოა, სამეგრელოც იქცეს?
- დიახ, შეიძლება...
სხვათა შორის, არჩევნები ყველაზე დაძაბულად სამეგრელოში ჩაივლის.
- რატომ?
- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იქ “ნაცმოძრაობა” უფრო ძლიერია. მეორეც, კარგად გამიგეთ და, სამეგრელოდან რუსეთში უფრო ბევრია წასული.
- სხვათა შორის, ამას წინათ, სამეგრელოში ჩასულმა პრემიერმა ღარიბაშვილმა მოსახლეობას მეგრულად მიმართა...
- მეგრული ძალიან ძლიერი ქართული გენია...
- მე-20 საუკუნის დასაწყიში, ე.წ. მეგრული სეპარატიზმიც “საბჭოთა მამებმა” საქართველოს დასაშლელად შეთითხნეს?
- რა თქმა უნდა. მიზანი ძველია, უბრალოდ, ამ მიზნის მიღწევის ფორმები იცვლება ხოლმე... კრემლი 15-20 ადამიანის მონახვას შეძლებს, რომელსაც დააფინანსებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზემოხსენებული გეგმა ვერასოდეს ამუშავდება... რუსები სეპარატიზმს კი არ აღვივებენ, არამედ, სამეგრელოს მოუწოდებენ, რომ ლიდერის ფუნქცია შეითავსოს. ეს ეშმაკური გათვლაა...
- ერთი სიტყვით, საშიშ ფაზაში შევდივართ?
- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, რუსეთი საქართველოს ხელიდან ასე ადვილად არ გაუშვებს.