ნავარომ და თარხნიშვილმა მხოლოდ პატრიარქს ვერაფერი მოუხერხეს

ნავარომ და თარხნიშვილმა მხოლოდ პატრიარქს ვერაფერი მოუხერხეს

რატომ არ არის სანდო NDI- კვლევები და რა ინტერესები აქვს ამ ორგანიზაციას?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართველ ამომრჩეველს NDI-ის მიმართ ნდობა დაეკარგა. კვლევითმა ორგანიზაციამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ მათი კვლევის შედეგების მიხედვით, ,,ქართულ ოცნებას’‘ 12%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ხოლო მმართველი გუნდის რეიტინგი 40%-ს აჭარბებდა. რა მოხდა არჩევნებზე და როგორი შედეგი დაფიქსირდა, კარგად მოგეხსენებათ. ამის გამო წესითა და რიგით, ამ ამერიკულ ორგანიზაციას მინიმუმ ხელმძღვანელი უნდა შეცვლოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად - მას ისევ ლუის ნავარო ხელმძღვანელობს, ისევ კვლევებს ატარებს და ისევ ამტკიცებს, რომ ეს კვლევები რეალობასთან ახლოსაა. ამ ინსტიტუტის კვლევებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს ეჭვქვეშ და ერთ-ერთი მათგანი რკინის ქალამნების ჩაცმასა და სათავო ოფისამდე მისვლას გეგმავს. „ვერსია’‘ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების’‘ თავმჯდომარეს, გიორგი ჭულუხაძეს დაუკავშირდა.     

- ბატონო გიორგი, ნავაროს ინსტიტუტს არ ენდობით და მის მიერ ჩატარებულ კვლევებს კითხვისნიშნის ქვეშ აყენებთ?                     
- მართალია. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავარკვიოთ, რა უნდა ამ ინსტიტუტს, რისთვის იბრძვის და ვის ინტერესებს ემსახურება.  
               
- და რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ვინმეს ინტერესებს ემსახურება?                
- ეს ორგანიზაცია მხოლოდ ,,სი-არ-ესს’‘ უკვეთავს კვლევებს, აღნიშნული კომპანია კი ლევან თარხნიშვილმა ჩამოაყალიბა და მისი ხელმძღვანელიც იყო, სანამ წინა ხელისუფლებამ ცესკო- ს თავმჯდომარედ არ გადაიყვანა. ამის შემდეგაც, ნავარო და მისი გუნდი, მხოლოდ ,,სი-არ-ესს’‘ ეყრდნობოდნენ მაშინ, როცა 2012 წლის არჩევნებში ამ ორგანიზაციას 40%- იანი ცდომილება ჰქონდა. არადა, ანალოგიური ამერიკული თუ ევროპული კვლევითი ორგანიზაციები, 5%-იანი შეცდომის დაშვების შემდეგ, 4 საპრეზიდენტო ვადას, ანუ 20 წელს ანდომებენ ნდობის აღდგენასა და ბაზარზე დაბრუნებას. NDI კი ვითომც აქ არაფერი, არარეალურ კვლევებს აქვეყნებს და არ აინტერესებს, ვინ რას იტყვის.  
                
- ჩვენ ამ სფეროს ექსპერტებსაც ვესაუბრეთ და ისინი ამბობენ, რომ NDI რეალურად ერთადერთი მოთამაშეა ბაზარზე...                
- არ არის მართალი. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ანალოგიურ კვლევებს ატარებს. ჩვენც ჩავატარეთ კვლევა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 707 ადამიანი გამოვკითხეთ. გაირკვა, რომ 58.2% NDI-ს კვლევებს საერთოდ არ ენდობა, 24%-ს საერთოდ არ სმენია ამ კვლევების შესახებ, ხოლო 17.8% ენდობა. ეს ორგანიზაცია ყველა რეიტინგს საკუთარი შეხედულებებით წერს და ერთადერთი, პატრიარქს ვერ ეხება.     
                
- რატომ?             
- დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე ბევრი აქვთ ნაფიქრი, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს. პატრიარქის ავტორიტეტი იმდენად დიდი და ურყევია, რომ იძულებული არიან, ეს ყოველ კვლევაში აღიარონ. აქ საქმე მხოლოდ ნავაროსა და თარხნიშვილში არ არის, საქმეში სერიოზულად არიან ჩართული მეთიუ ბრაიზა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.     
       
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?              
- ის, რომ ბრაიზა დღემდე კბილებით იცავს სააკაშვილს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ის დასასჯელი იქნება, არავინ უნდა შეეხოს. ბილდტი კი იმ პიარკომპანიის დირექტორი იყო, რომელსაც წინა ხელისუფლებამ ათეულობით მილიონი გადაუხადა.      
              
- როგორ გგონიათ, NDI- სათავო ოფისის ხელმძღვანელებმა არსებული ვითარების შესახებ არაფერი იციან?               
- ვერ გეტყვით. მგონია, რომ სრული ინფორმაცია არ აქვს და ვაპირებთ, მათ ყველაფერი დეტალებში შევატყობინოთ. კიდევ ერთ კვლევას ვატარებთ და საზოგადოება მალე იხილავს ძალიან საინტერესო შედეგებს. რაც შეეხება სათაო ოფისს, მგონია, რომ ნავაროს მიერ დაშვებული უზარმაზარი შეცდომების შესახებ, იქ მართლა არაფერი იციან.   
                
- ცოტა უცნაური ხომ არ არის, დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, იქ რამე არ იცოდნენ?            
- დიახ, მაგრამ დეტალებია მთავარი. ,,სი-არ-ესისა’‘ და NDI-ის კვლევები ერთი ერთში რომ ემთხვეოდა ერთმანეთს და წლების განმავლობაში რეალობას მოწყვეტილი იყო, ამას ახსნა სჭირდება. გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს რა უნდა ნავაროს და რისიდამტკიცება სურს კვლევებით, რომელსაც რეალობასთან, პრაქტიკულად, არაფერი აქვს.