საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო. გირაოს თანხად 100 000 ევრო განისაზღვრა. გარდა ამისა, კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება კვირაში ერთხელ გამოცხადდეს შესაბამის პოლიციის ორგანოში, სანამ საბერძნეთის სასამართლო დავით ახალაიას ექსტრადიციის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. ახალაიას სასამართლო პროცესს მისი მეუღლე, მამა და სიმამრი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ნავთლუთის სპეცოპერაცია და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.
ახალაიას საქემესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ინფორმაცია მწირია. გიორგი ბადაშვილის უწყება ჟურნალისტებს ინფორმაციას არ აწვდის. For.ge-ს ინფორმაციით, ახალაიას ექსტრადირების საქმეზე უშუალოდ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე მუშაობს. გუშინ შოთაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დათა ახალაიას ექსტრადიციის საკითხზე საბერძნეთის სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.
„დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე პროცესები უკვე დაიწყო და სავარაუდოდ, ერთ კვირაში დამთავრდება“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
For.ge-ს მცდელობის მიუხედავად შოთაძე ჩვენთვის მიუწვდომელი გახდა. საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილიებას დღის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ განცხადებით უპასუხა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრას პროკურატურას დაევალა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ექსტრადიციის საკითხის განხილვა გაგრძელდება საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ დათა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოს შორის სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, ახალაიას საკამოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, რომელიც ადამიანის სოცოცხლის ხელყოფას უკავშირდება.
„როდესაც დადგება დათა ახალაის ექსტრადიციის საკითხი, სასამართლო იმუშავებს და, შესაბამისად, კანონის სრული დაცვით წარიმართება ყველაფერი. ეს არ არის ბოლო ეტაპი. პროცესი ისევ გრძელდება და ის საკმაოდ რთულია, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საპრალემტნო უმცირესობის წევრი, აკაკი მინაშვილი, რომელიც საბერძნეთში იმყოფება, აცხდებს, რომ ახალაიას ექსტრადირების საკითხის გადასაწყვეტად საბერძნეთის სასამართლოს სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება. დეპუტატის თქმით, ქალაქ პატრაში, სადაც პროცესი დაიწყო, საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით ბაქრაძე რამდენჯერმე იყო ჩასული და კომუნიკაციას ცდილობდა ადგილობრივ სასამართლო ხელისუფლებასთან და პროკურატურასთან.
„ელჩმა პროკურორის ფუნქციები შეითავსა, რაც ძალიან სამწუხაროა. ის ცდილობს, როგორმე ზემოქმედება მოახდინოს აქაურ ოფიციალურ პირებზე, რათა მოხდეს დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირება. საგარეო საქმეთა სამინისტრო იქცა ფარცხალაძის დანამატად. ამასთან, საბერძნეთში, სასამართლო სხდომას ესწრებოდა კონსული, რაც გასაკვირია, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ფაქტი არსებობს საბერძნეთში, როდესაც მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემა, მაგრამ საკონსულო არ ინტერესდება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერპოლის მასალებში არაერთი ტყუილი ინფორმაციაა ჩაწერილი, რათა ზეგავლენა მოახდინონ საბერძნეთზე.
„ჩვენ კი წარვადგენთ მასალას, რომელიც ძალიან დიდია და ადასტურებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არსებობს. ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველაფრის შესაჩერებლად ბრძოლაა საჭირო. ერთი ძმა სიმართლეს დაამტკიცებს ქვეყნის შიგნით, მეორე ძმა კი – ქვეყნის გარეთ. ქართულ მხარეს ბერძნულ სასამართლოში ოფიციალურ წარმომადგენლად, დაქირავებული ბერძენი ადვოკატი ჰყავს“, - აცხადებს აკო მინაშვილი.
კუდ-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი განმარტვას, რომ ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია, რომ დათა ახალაიას ექსტრადირება საქართველოში არ მოხდება.
„ქართული მხარე მის გადმოცემას ითხოვდა, თუმცა პატრასის სასამართლომ ახალაია პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამ საკითხზე საბოლოო გადაწვეტილება ორი თვის განმავლობაში იქნება მიღებული. მე სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრები, მაგრამ ჩემი შეფასებით, ეს საკითხი ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც იყო წარდგენილი, სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - ირწმუნება ირაკლი ზაქარეიშვილი.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გამამრთლებელი განაჩენები, სხვადასხვა პირების ექსტრადიციაზე უარის თქმა, და სხვა ფაქტები ექსპერტ კახი კახიშვილს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია ახალაიას ექსტრადირება ვერ მოხდეს საქართველოში.
„წესით, საქართველოს პროკურატურა მხარეს უგზავნის კონკრეტულ მასალებს, რის საფუძველზე იქნა პიროვნება დაკავებული და მასზე ძებნა გამოცხადებული. შემდგომში მხარე, სადაც იქნა დაკავებული ეს პირი, არკვევს ისჯება თუ არა ასეთი ტიპის დანაშაული იმ ქვეყანაში, ხომ არაა პირი პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკური ნიშნების გამო და შემდგომში იღებს გადაწყვეტილებას, პირის ექსტრადაციის ან უარის შესახებ.
იქნება თუ არა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული ახალაიას ექსტარდირების შესახებ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარ არაგუმენტს წარუდგენს საბერძნეთის სასამართლოს საქართველოს პროკურატურა. საბერძნეთის სასამართლოს არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მასალები ზუსტაია, მაგრამ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. ამიტომ, მასალების სიმყარეზეა დამოკიდებული მისი ექსტრადირება“, - აცხადებს კახი კახიშვილი.