4 სექტემბერს, პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მონაწილეებმა საზეიმოდ განაცხადეს უკრაინაში შემაკავებელი ძალების განლაგებისთვის მზადყოფნის შესახებ. 26 ქვეყანა შთამბეჭდავი ციფრია. ემანუელ მაკრონმა არ დაასახელა არც კონტიგენტის რაოდენობა და არც კონკრეტული ქვეყნები, რათა რუსეთისთვის არ გაემხილად კონკრეტული დეტალები. რუსეთიდან პასუხმაც არ დააყოვნა - ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა: „თუ იქ ჯარი გამოჩნდება, განსაკუთრებით ახლა, მაშინ ჩვენ ამ სამიზნეებს გავანადგურებთ“.
ღამე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
რუსეთმა, 7 სექტემბერს, ამ სამი წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი დარტყმა განახორციელა უკრაინაზე - უკრაინის ქალაქებში 818 დრონი და რაკეტა ჩამოაგდო. სამ დღეში კი, 19-მა რუსულმა დრონმა გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. ნატო-ს ისტორიაში პირველად, ალიანსის ძალები პირდაპირ კონფლიქტში შევიდნენ რუსულ საბრძოლო სისტემებთან. პოლონური F-16-ები და ჰოლანდიური F-35-ები შვიდი საათის განმავლობაში მოძრაობდნენ წრეზე და ოთხი დრონი ჩამოაგდეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამას ნატო-ზე პირველი პირდაპირი თავდასხმა უწოდა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ ალიანსის წესდების მე-4 მუხლი აამოქმედა, რომელიც კონსულტაციებს ითვალისწინებს. საქმე მე-5 მუხლამდე, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, არ მისულა.
დოლარი ყველაფერს წყვეტს
სანამ მაკრონი ევროპულ სოლიდარობაზე საუბრობდა, საზღვარგარეთ ახალი გეგმა მზადდებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების პროგრამების შემცირებას გეგმავს. საუბარია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის 333-ე მუხლსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების ინიციატივაზე - ასობით მილიონი დოლარი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების არმიების წვრთნებზე იხარჯებოდა, აღარ დაიხარჯება. „ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე“, - განმარტავს თეთრი სახლი.
წარუმატებლობის ფსიქოლოგია
ფრანგების 68% უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის წინააღმდეგია მაშინაც კი, თუ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. თუმცა, საქმე მხოლოდ საზოგადოებრივ აზრს არ ეხება. ევროპული ელიტა საკუთარი ლოგიკის ხაფანგშია გახვეული. სამწელიწადნახევარიანმა ომმა თანმიმდევრული ტენდენცია გამოავლინა: ხმამაღალი განცხადებები, რასაც მოჰყვება დეტალებზე ხანგრძლივი დებატები, შემდეგ კი დახმარების შემცირება, თვეების დაგვიანებით.
თამაშის ახალი წესები
პოლონეთის ცაში რუსული დრონები არ არის ნავიგაციის შეცდომა ან ტექნიკური გაუმართაობა, ისინი გზავნილია. მოსკოვი ნატო-ს მოთმინებისა და ალიანსის რეალური ომისთვის მზადყოფნის ზღვარს სცდის. პუტინი ხვდება, რომ დასავლელი ლიდერების სიტყვებსა და ქმედებებს შორის უფსკრული არსებობს. უზარმაზარი განსხვავებაა ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის დაპირებასა და პოლონეთის ან ესტონეთისთვის ბრძოლის მზაობას შორის. პოლონეთში მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, რომ ალიანსის ტერიტორიაზე პირდაპირი თავდასხმაც კი არ იძლევა ავტომატურ რეაგირების გარანტიას.
უკრაინა ჩიხშია
ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პარიზის სამიტი ბოლო წვეთი იყო. თუმცა, ეს წვეთი ილუზორული აღმოჩნდა. ევროპულ ძალებს დღეს რუსული დრონების შეჩერება არ შეუძლიათ. „სანქციების პაუზა ძალიან დიდი ხანია გრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რუსული დარტყმის შემდეგ. თუმცა, სანქციები წარსულს ჩაბარდა. დღეს რუსეთს ათასობით დრონის წარმოებისთვის დასავლური ტექნოლოგიები აღარ სჭირდება.
ჩინური ფაქტორი
პეკინი, უკრაინაში ომის გამო, ჩინეთზე განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლას „მტკიცედ ეწინააღმდეგება“. სი ძინპინი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, პუტინისა და კიმ ჩენ ინის გვერდით იდგა. სიმბოლიზმი ნათელია: დაბნეული დასავლეთის თვალწინ, ახალი ღერძი ყალიბდება. მოსკოვსა და პეკინს შორის „საზღვრების გარეშე მეგობრობა“, რომელიც უკრაინაში შეჭრის წინა დღეს გამოცხადდა, რეალობად იქცა. ევროპა კი, ამერიკის სახით, უფროსი ძმის გარეშე დარჩა.
ეპილოგი - უმეცრების ფასი
მსურველთა, მაგრამ მერყევი კოალიცია, სინამდვილეში, „სკეპტიკოსთა კოალიცია“ აღმოჩნდა. ისტორია გვიჩვენებს, რომ ძლიერი მხარე ყოველთვის სცდის მოწინააღმდეგის სიმტკიცეს - სუდეტის ოლქი, ყირიმი, ახლა კი პოლონეთის ცა. ლოგიკა ყოველ ჯერზე იგივეა, თუ მტერი არ არის მზად პატარა რამისთვის საბრძოლველად, ის არც დიდისთვის იბრძოლებს. ევროპა საკუთარი დაპირებების ხაფანგში გაეხვა - უკრანას ბევრ რამეს დაჰპირდა, მაგრამ ძალიან ცოტა გააკეთა მოსკოვის შესაკავებლად.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - წინ გრძელი და ცივი ზამთარია, რომელიც შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს...
წყარო: https://trt.global/russian/article/8dbe57839cb2