13 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია, თუმცა საპროტესტო აქციები არ გადადებულა და მაინც გაიმართება. ამის ფონზე, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი გარკვეულ დაპირისპირებას და ვითარების დაძაბვას არ გამორიცხავს, მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ 13 სექტემბრის აქცია ერთგვარი რეპეტიციაა 4 ოქტომბრისთვის, რისთვისაც ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ემზადება და „მშვიდობიან დამხობას“ პროგნოზირებს.
ლევან ხაბეიშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე. მისი თქმით, დანაშაული არის ის, როცა პოლიციელს, კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადასადგმელად, ქრთამს სთავაზობ.
„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ან ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განცხადება. ვიმეორებ, ქრთამის შეთავაზება ჩვეულებრივად არის დასჯადი. რა მნიშვნელობა აქვს, საჯაროდ შესთავაზა თუ არა. ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება, პირობითად, სამართალდამცავს ან სამართალდამცავებს და გაეკეთებინა შეთავაზება, დაპირებოდა ქრთამის მიცემას, რა განსხვავებაა ამ ყველაფერში? რა განსხვავებაა, ამას საჯაროდ ამბობ, თუ ფარულად?! რა იყო ხაბეიშვილის მიზანი, მე ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი. არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, თვითონ გააკეთებს განმარტებებს, როცა მიეცემა საშუალება. რაც შეეხება კითხვას, ჩვენს საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რა შუაშია საარჩევნო დაპირება? კაცმა დანაშაული ჩაიდინა და საარჩევნო დაპირება დანაშაულთან რა კავშირშია?! დანაშაული არის ის, როცა შენ ქრთამს სთავაზობ, ამ შემთხვევაში, პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კალაძემ.
გუშინ, 12 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭოს წევრების გარდა, სხდომას მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა.
„რადგან ლევანი დაიჭირეს, დღეს, უბრალოდ შედგა ეს შეხვედრა. მე გავაცანი ეს გეგმები „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რას აპირებს „რუსთაველის გამზირი“ 4 ოქტომბერს. ასევე, მექნება შეხვედრა სხვა პარტიებთან. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვიცით, რა აბსურდულ თემაზე არის დაჭერილი ლევანი. მე შევთავაზე და ვთხოვე, რომ რეგიონები, ახლა, ჩემი აზრით, არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ლევანის სასამართლოზე ვიყოთ გარეთ და თბილისი გამოვაღვიძოთ, თუკი ვინმეს სძინავს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში, 13 სექტემბრის აქციას აფასებს და ამბობს, რომ ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციისთვის, თუმცა იქვე დასძენს, რომ თავად რამე გრანდიოზულსა და სერიოზულს არ ელოდება.
„ეს აქციები არის „ნაცმოძრაობის“ და მას რომ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, ფაქტია. იმის იმედი აქვთ, რომ რევოლუციებს და გადატრიალებებს ყოველთვის უმცირესობები ახდენენ, რადგან უმრავლესობა, როგორც წესი, პასიურია, მაგრამ ისინი ჩარჩნენ 2003 წელში - მაშინ გამოუვიდათ ეს, რადგან სახელმწიფო იყო სუსტი. ყველაფერს სახელი დავარქვათ, ეს იყო შიდა გადატრიალება, შევარდნაძის რამდენიმე დაჯგუფებას შორის და გაუვიდათ ეს. შევარდნაძე ძველი ყაიდის ადამიანი იყო, რომელიც ფიქრობდა, თუ ვაშინგტონიდან, ან მოსკოვიდან ეტყოდნენ, რომ „მხარს არ გიჭერთ და წადი“, უნდა წასულიყო. მიიღო ზარი ვაშინგტონიდან, რომ მას არ ჰქონდა მხარდაჭერა და ეს იყო მისთვის გადამწყვეტი - შევარდნაძე წავიდა სახლში და სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. ამის შემდეგ, შეჭამა თავისივე მომხრეები, დარჩა მარტო და აი, ამ წარსულში არიან ჩარჩენილები, რომ 10 ათასი გამოვა თუ 100 ათასი, ამით მოახდენენ რევოლუციას, თუმცა აღარ ახდენენ მასები რევოლუციებს.
არ არის ძველი დრო და ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობაში მათ არ აქვთ მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან - ოპოზიციური ფრთა გამარგინალებულია, ამიტომ მე არაფერს ველოდები. რა თქმა უნდა, ექნებათ რადიკალიზაციის მცდელობები, სირბილი, მივარდნები, ყვირილი და ასე შემდეგ, მაგრამ ხელისუფლება დადგება თავის სიმაღლეზე. დღეს არაფერი იქნება, ეს რეპეტიციაა - გამოვლენ, გადათვლიან ერთმანეთს, გადაიღებენ ვიდეოებს და გადაუგზავნიან პატრონებს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.