ირაკლი მენაღარიშვილი: დასავლეთის, ნატოს ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ყველაზე უარესი სცენარების პრევენციის მიზანსაც ისახავს

ირაკლი მენაღარიშვილი: დასავლეთის, ნატოს ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ყველაზე უარესი სცენარების პრევენციის მიზანსაც ისახავს

როგორ შეიძლება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოვლენები განვითარდეს, მოსალოდნელია თუ არა სიტუაციის უკეთესობისკენ შემობრუნება და იქ არსებული ვითარება რა გავლენას იქნონიებს საქართველოზე, ამ და სხვა საკითხებზე “ვერსია” საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

 

ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ვაშინგტონში დაწერილი სცენარით მიმდინარეობს. თქვენ თუ ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას?

- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ჯერჯერობით, სერიოზული ანალიტიკური განხილვის საგანი არ გამხდარა, რადგან იგი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბევრი იწერება, მაგრამ ეს არის ე.წ. ნიუსები და მათზე კომენტარები. რატომ მოხდა, რომ იემენში დაწყებული პროცესები თითქმის მთელს არაბულ აღმოსავლეთს მოედო, ღრმა ანალიზი სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ამის თაობაზე მდიდარი ანალიტიკური მასალები გამოჩნდება. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ნაჩქარევი დასკვნები, ხშირ შემთხევაში, უბრალოდ, შეცდომაა.

 

რაც შეეხება ამერიკულ სცენარს, ასეთი განცხადების საფუძველს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, რადგან, გარდა იმისა, რომ დემოკრატია დასავლური ღირებულებების ღერძია, აშშ-მ დიდი ხანია, თავის საგარეო პრიორიტეტად დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა გამოაცხადა. ჯერჯერობით, არაბულ აღმოსავლეთთან არსებულ  მოვლენებში ამ ტიპის  ამერიკული დამოკიდებულება ვერანაირ სხვა არგუმენტს ვერ გვაძლევს.

 

მეტსაც გეტყვით. კარგადაა ცნობილი, როგორი დაბნეული დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკულ ისტებლიშმენტს, მაგალითად, იგივე მუბარაქთან, ან ბენ ალისთან დაკავშირებით. ეს ის ხალხია, ვინც არაბულ აღმოსავლეთში დასავლეთის პოლიტიკას მხარს უჭერდა და საეჭვოა, რომ რაღაც მოსაზრების გამო მათ დაპირისპირებოდა.

 

როგორ ფიქრობთ, ნატომ და ევროპამ ლიბიის საკითხებში ამერიკის პოზიციები, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუნდაც საჰაერო ბლოკადის საკითხებში, ბოლომდე რატომ არ გაიზიარა?

- ეს გასაკვირი არცაა, რადგან იქ ყველაფერი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. მასმედიაში გაჩენილი ჰედლაინები იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იქ სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად გარკვეულია. თუმცა, გარკვეული ჰუმანიტარული ინტერვენციისათვის პირობები იქ საკმარისად დიდი სისწრაფით მწიფდება.

 

მუამარ კადაფი, თავის დროზე, ტერორისტული აქტის ჩატარებაზე განკარგულებას არ მოერიდა. ეს არის პიროვნება, რომელიც ნებისმიერი გზის გამოყენებაზე უკან არ დაიხევს. რასაც ახლა აკეთებს, ანუ საჰაერო დარტყმებს და ა.შ., ეტყობა, ეს მხოლოდ მის ხელთ არსებული არსენალის ნაწილია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ლიბიის ტერიტორიაზე არიან. ისინი ცდილობენ ქიმიური იარაღის ის რეზერვები, რომლებიც მიუხედავად  მუამარ კადაფის ვალდებულებისა, გაენაგურებინა, ეს მასიური განადგურების ყველა ტიპის იარაღი მას ჯერ კიდევ საკმარისად აქვს, რათა წარმოუდგენელი უბედურება დაატრიალოს. საუბარია ტონობით ზარინსა და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებზე.

 

ასე რომ, გარდა თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციისა, დასავლეთის, ნატოს ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ყველაზე უარესი სცენარების პრევენციის მიზანსაც ისახავს. უადავოა, რომ მუამარ კადაფი იმ არაბული ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია და შარიათის კანონები მოქმედებს, უკიდურესი გამოვლინებაა, დაწყებული ჩადენილი საქმიანობით და დასრულებული იმ იდეოლოგიით (“მწვანე წიგნებით”), რითაც იგი ცნობილია. ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი, რომ იგი არაბულ სამყაროში საბჭოთა კავშირისთვის ერთ-ერთი უახლოესი პირი გახლდათ. სამწუხაროდ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთთან დაახლოებული პირიც იყო და პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო მეგობრად იგი ლუკაშენკოს (ბელორუსიის პრეზიდენტი, - ავტ.) ასახელებდა.

 

თუმცა, ლუკაშენკომ ეს უარყო, მაგრამ რას მივაწეროთ ის, რომ მოსკოვმაც ლიბიაზე ფაქტიურად უარი განაცხადა და მუამარ კადაფის სერგეი ლავროვმაპოლიტიკური ლეში”- კი უწოდა?

- ნებისმიერი ქვეყანა, რომლის საგარეო პოლიტიკა ე.წ. რეალური  პოლიტიკის პრინციპებზე აიგება, მეგობრობას ცნობს მანამ, სანამ ეს მეგობარი სიტუაციას რეალურად აკონტროლებს. იქაც კი დაინახეს, რომ ამ რეჟიმს პერსპექტივა არა აქვს და მისგან, როგორც ოდიოზური მოვლენისგან, რაც შეიძლება სწრაფად დისტანცირება სცადეს. თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, სიტუაცია შეტრიალდეს, თორემ, არავინ იცის, რა განცხადება გაკეთდება შემდგომში.

 

მინდა, ერთი მომენტი ხაზგასმით აღვნიშნო. ეს შეიძლება ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ ის რეალობაა, რომელიც ამ სიტუაციაზე მსჯელობისას აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამ ჩვენს საუბარს სიღრმისეული ანალიზის პრეტენზია, ჯერჯერობით ვერ ექნება, რადგანაც ჯერ კიდევ ბევრი დაკვირვების და რეალური გაანალიზების ობიექტი უნდა გახდეს. პროგნოზირებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ორ მომენტს გავუსვამდი ხაზს. პირველი, ეს გახლავთ ძალიან სპეციფიური კულტურული სივრცე. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარული რეჟიმის დამხობაზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ ლაპარაკია დასავლური ღირებულების სისტემის უდავო გამარჯვებაზე. ძნელი სათქმელია, იქ რა და როგორ იქნება. მეორე, განსაკუთრებით ამწვავებს სიტუაციას როგორც ანალიზისა და შეფასების პერსპექტივებს, ისე წმინდა პოლიტიკური გამოსავლის თვალსაზრისით. ეს გახლავთ ისლამის ფაქტორი, რომელიც უკანასკნელ ხანებში რადიკალური ექსტრემიზმის სახით გვევლინება და ამ რეჟიმების ჩამოშორების შემთვევაში მას გზა ეხსნება.

 

ტყუილად როდია, რომ ბატონი კადაფი ლიბიაში მიმდინარე მივლენებში დასავლეთს დებს ბრალს და თან “ალ-ქაიდასაც” ასახელებს, იმიტომ, რომ იცის, მსოფლიოსთვის “ალ-ქაიდა” არის არანაკლები ბოროტება, ვიდრე თვით კადაფის რეჟიმი. სხვათა შორის, არ ცდება პრიციპში. ამგვარ პირობებში ხელისუფლებაში ექსპტრემისტული ძალების მოსვლა გამორიცხული სულაც არ არის. ამიტომ, ეს კიდევ უფრო რთულს ხდის როგორც ზოგადად პოლიტიკურ ლანდშაფტს ანალიზისთვის, ისევე პროგნოზებისათვის და, რაც მთავარია, პოლიტიკურ ამოცანასაც ართულებს მსოფლიოში და დასავლეთისთვის. მიზანი არ არის მხოლოდ ერთი ტირანის ჩამოშორება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეცვლის მას. სამწუხაროდ, შესაძლოა, უარესმა შეცვალოს. ეს არის ის რეალობა, რაც დღეს არაბულ აღმოსავლეთში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

 

ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც, ასე ვთქვათ, ეს ცეცხლი გიზგიზებს, ფაქტიურად ოპოზიცია არ არსებობს, ეს რას მივაწეროთ?

- ოპოზიცია, დასავლური გაგებით, იქ არ არსებობს. ძირითადად, არიან დისიდენტური, ან მოდისიდენტო პოლიტიკური ფიგურები, რომელთა უმრავლესობა ამ სახელმწიფოებს გარეთ იმყოფება და იქიდან აკრიტიკებენ არსებულ რეჟიმს. ასეთი რამ სწორედ ავტორიტარული და დიქტატურული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.

 

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების არეალი იზრდება. რამდენადაა მოსალოდნელი კავკასიაში მისი გადმონაცვლება?

- კი, ფაქტიურად, ჩვენი სამეზობლო გახლავთ. ახლა რაც შეეხება კავკასიასა და სხვა რეგიონებს. რა აერთიანებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა გაეხვივნენ ამგვარი რევოლუციური ცვლილებების ალში? ეს გახლავთ პიროვნულ ავტორიტეტზე და პოლიტიკურ ძალაზე დაფუძნებული სტრუქტურა. აქ ე.წ. დემოკრატიულ, ანუ განვითარებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დამყარებულ ბალანსზე დაფუძნებული სტაბილურობა, მშვიდობის საფუძველი არ გახლავთ.

 

სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა სივრცე და, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაც საქართველოს ჩათვლით, იქ არსებულ სიტუაციას, გარკვეულწილად, ჰგავს. აქ ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლები დოზით სტაბილურობის გარანტს ძლიერი ნებისყოფის მქონე ლიდერის ძლიერი ხელი წარმოადგენს და არა დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ბუნებრივად დამყარებული ბალანსია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არაბულ ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცეს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიას შორის პარალელების გავლებას, ან ყოველგვარი პარალელის უარყოფას ცდილობს.

 

პირადად მე მიმაჩნია, რომ სწორედ აქ არის ის პარალელი, რაც უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს, როდესაც ჩვენი რეგიონი, მათ  შორის საქართველოც, პოლიტიკურ დინამიკაზე და პერსპექტივაზე მსჯელობს.

 

ჩრდილოეთ კავკასიაზე რას გვეტყოდით?

- იქ, ერთი მხვრივ, სარწმუნოებრივი ფაქტორია, რომელიც სულ უფრო და უფრო იღებს ხელში მსგავსი პროცესების სადავეებს. კარგადაა ცნობილი, რომ ეთნიკური სეპარატიზმიც კარგა ხანია, იქ ფუნდამენტურმა ისლამმა ჩაანაცვლა. მათ ვაჰაბიტებსაც ეძახიან. ეს არის რადიკალური ისლამი, რომელიც საფუძველს უქმნის ექსტრემისტულ გამოვლინებებს და დღეს იქ მიმდინარე ომი, ფაქტიურად, ამაზეა დაფუძნებული.

 

რადიკალური ისლამის ექსპორტი ხომ სწორედ არაბული ქვეყნებიდან მოხდა?

- იდეოლოგიურად გეთანხმებით, მაგრამ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის შეფასებას ცდილობენ, უკანასკნელ პერიოდში ექსპერტთა უმრავლესობა და ჩვენს ცენტრშიც გვაქვს გარკვეული გამოკვლევა ჩატარებული, აღიარებს იმას, რომ იქ ანთებულ ალს უცხოეთიდან მოწოდებული “საწვავი” უკვე არაფერში სჭირდება.

 

საკმარის “საწვავში”, ვგულისხმობ როგორც იდეოლოგიურს, ისე ადამიანურ, ეკონომიკურ და ფინანსურ რესურსებს, რასაც იგი უკვე შიგ რუსეთში პოულობს. ამას ემატება ისიც, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, სადაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, მუსიკას იგივე ავტორიტარული ხელმძღვანელობა უკვეთავს. მართალია, კონსტიტუცია არ დარღვეულა, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა კონსტიტუციის დაცვის ქვეშ ფაქტიურად ავტორიტარული მმართველობა ხორციელდება უზარმაზარი ქვეყნისა, რომელსაც უამრავი გამოწვევა და პრობლემა აქვს. მათ შორის, ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაში.

 

გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რაც კრემლს ჩრდილოეთ კავკასიაში აქვს, არის თუ არა შესაძლებელი, მოსკოვმა პოლიტიკა შეცვალოს და საქართველოსკენ შემობრუნდეს, რადგანაც ცნობილი ფაქტია, რომ ისტორიულად, ჩრდილოეთ კავკასია ყოველთვის საქართველოთი რეგულირდებოდა?

- ჩვენი ცენტრის გამოკვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებში ჩავწერეთ კიდეც, რომ სწორედ აქ, კავკასიაში სტაბილურობა შეიძლება იყოს ორი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის ძირითადი საკითხი. რაციონალური თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ეს რუსეთის პირდაპირ ინტერესებშია. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი რაციონალური მიდგომა რუსეთის საგარეო პოლიტიკას კარგა ხანია, შესუსტებული აქვს და წინ რამდენიმე სხვა მოტივია წამოწეული. ამიტომ თუ წმინდა პრაგმატულად მივუდგებით, უახლოეს მომავალში ასეთი თანამშრომლობის შეთავაზებისა და განხორციელების პერსპექტივა არ ჩანს, რაც ძალიან სამწუხაროა.     

 

თქვენი ცენტრი რა პროგნოზებს აკეთებს ახლო აღმოსავლეთსა და უშუალოდ ჩრდილეოთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როდის დასრულდება ეს ყველაფერი?

- ძნელი სათქმელია. ჩვენ პროგნოზებს იშვიათად ვაკეთებთ. არაბული აღმოსავლეთის პერსპექტივა, ჯერჯერობით, რთული და სრულიად ბუნდოვანია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ერთი ტირანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. იქ არსებულზე უარესი სტრუქტურა შეიძლება გაჩნდეს. ჯერჯერობით, ანალიტიკოსებისთვის არის მხოლოდ დაკვირვების და არა ანალიზის გაკეთების დრო. ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგალითად, გარკვეული პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს. იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც იქ ვითარდება და იმ პოლიტიკაზე დაკვირვება, რომელსაც ცენტრი ახორციელებს, სიტუაცია იქ  დამძიმებისკენ მიდის. ყოველ შემთხვევაში, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სიტუაციის გაჯანსაღებისა და სტაბილურობის არანაირი ნიშანი არ ჩანს.

 

საქართველოზე როგორ აისახება ეს ყველაფერი?

- ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებაზე, შიდა და საგარეო პოლიტიკურ სივრცეზე. სულაც არ მინდა, რომ ჩემი ნათქვამი რაღაც აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებად ჩაითვალოს, მაგრამ რაიმე ნიშანი იმისა, რომ ითქვას, თითქოს ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია უახლოეს მომავალში შეიძლება შემობრუნდეს და მეტი სტაბილურობისაკენ წავიდეს, უბრალოდ, პროვოკაციაა.