„გავძეხი“, ანუ სიცოცხლე შიმშილის ზღვარზე

„გავძეხი“, ანუ სიცოცხლე შიმშილის ზღვარზე

მარინე შეუდგა საკალანდე სამზადისს, მაგრამ რაღა სამზადისი, ღორი აღარ ჰყავდათ, ძარში არც ერთი ქათამი აღარ დაეტოვებინათ, ხაჭაპურებიც აღარსად იყოისიც წაეღოთ! თითქმის ვახშმობის დრო იყო, მარინემ, როგორც იყო, ორი ქათამი მოიგდო ხელშიქათმები გაბურტყლა, სამიოდ ხაჭაპური გამოაცხო, წმიდა თაფლის სანთელი ჩამოქნა, ერთი დოქი ადესის ღვინო ამოიღო ჭურიდან.“– აი, ასეთი სუფრით ეგებებოდა კალანდას გოგია უიშვილის „ეკუციის“ მიერ უკანასკნელ სარჩოწართმეული ოჯახი. ეს ტრაგედია მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის იმპერიის ქართული კოლონიის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

 

ექსპერტ პაატა კოღუაშვილის განმარტებით, ოცდამეერთე საუკუნეში დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტი გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2 100 კილოკალორიაზე – ნაკლებ საკვებს იღებს, ხოლო 25 პროცენტი კი, გაეროს მიერ დაწესებულ აბსოლუტურ მინიმუმზე – 1 800 კილოკალორიაზე – ნაკლებს და ეს ციფრია 1 600 კილოკალორია.

 

მშიერი დამქირავებლები და დანაყრებული დაქირავებულები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელმა 2010 წელს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 149,6 ლარი შეადგინა (თუ იანვარში ფასების მატებას გავითვალისწინებთ, ინფლაციასთან ერთად, სავარაუდოა, რომ 2011 წლის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია).

 

აქვე გეტყვით, რომ, იმავე სტატისტიკის სამსახური ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი  534 ,9 ლარით განისაზღვრა (თუმცა მინიმალურ ხელფასად, პრეზიდენტის ბრძანებულებით, 40 ლარია მიჩნეული). ოღონდ ეს, ჯერ ერთი, ეს საშუალო მაჩვენებელია და, რაც მთავარია, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კვარტლების მიხედვით, 600 000-დან 630 000-მდე მერყეობს (საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კი, 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 4 მილიონ 400 ათასია). მათგან პენსიონერი 850 000-ია, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 70-დან 100-ლარამდეა (ბუნებრივია, მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან ყოფილი დეპუტატი პენსიონერები, მათი რიცსვი მცირეა, რომელთა ყოველთვიური პენსია, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 560 ლარია), რაც ყოველგვარი ანალიზის გარეშეც ნიშნავს, რომ საქართველოს პენსიონერები სასურსათო მინიმუმითაც არ არიან უზრუნველყოფილი.

 

ამის პარალელურად, მართალია, საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 534,9 ლარია, მაგრამ, რაკი თანამდებობის პირებისთვის სავალდებულოა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შევსება, ვიგებთ, რომ ქვეყნის სახელისუფლო ელიტის ოფიციალური შემოსავლები ბევრად აღემატება არათუ დადგენილ საარსებო მინიმუმს, არამედ საშუალო ხელფასსაც. კერძოდ,  2009 წლის განმავლობაში (შეგახსენებთ, ეს ის წელია, როდესაც საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის, ანუ კლების მაჩვენებელი (-3,8 პროცენტი იყო) პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს წლიურ ხელფასად 83 000 ლარი აუღია (მის მეუღლეს კი, რომელიც თბილისის მერიაშია დასაქმებული – 16 336 ლარი. აქვე ვიტყვი, რომ მათი ოჯახი ოთსულიანია); გაცილებით მეტი სახელფასო შემოსავალი ჰქონია იმავე წელს თბილისის მერს, გიგი უგულავას (93 456 ლარი);  თითქმის იმავე ოდენობის წლიური ხელფასი აიღო იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა (95 550 ლარი), მეტიც - მისი მეუღლე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა და 2009 წელს ბურჯალიანის მეუღლის წლიურმა ხელფასმა 55 855 ლარი შეადგინა (იმ ხანად მათი ოჯახის ორსულიანი იყო). ფინანსთა მინისტმა კახა ბაინდურაშვილმა 106 136 ლარი მიიღო (და ეს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში).

 

მოტანილი ციფრები მოწმობს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სამოხელეო ელიტას სრულფასოვანი კვებისა და ღირსეულად ცხოვრების პრობლემა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ორმაგად საინტერესოა, რამდენად ადეკვატურია მათი ანაზღაურება იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უზრუნველყოფენ ხალხის მსახურები დამქირავებლების, ანუ ხალხის, თუ მთლად ღირსეული ცხოვრების არა, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი კვების პირობებს მაინც.

 

რა წესით დგინდება სასურსათო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში და რამდენად ადეკვატური და სამართლიანია ეს წესი? – ამ ერთი შეხედვით, რიტორიკული, სინამდვილეში კი, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის გარკვევას საქსტატის ოფიციალური მონაცემებისა და ექსპერტ იოსებ არჩვაძის დახმარებით შევეცდებით.

 

ორის ხორცი –  10 გრამი, ხახვი – 25 გრამი

საქსტატის ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა არის  კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის  ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსაზღვრავს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია ”საკვებ  ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წელს გამოცემული ბრძანების შესაბამისად).

 

ჩვენ არ შევჩერდებით მინიმალური სასურსათო კალათის გაანგარიშების მეთოდზე, მხოლოდ იმ ცხრილს მიმოვიხილავთ, რომელიც აღწერს, თუ რომელი და რა ოდენობის პროდუქტები უნდა მიიღოს შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღიურად, რომ შრომისა და არსებობის უნარი ჰქონდეს. საერთო ჯამში, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 2 300 კილოკალორიაა მიჩნეული. მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტია (ჩაის, ღვინისა და მარილის ჩათვლით). ყველაზე დიდი წილი საქართველოს შრომისუნარიანი მამაკაცის, სახელმწიფოს მიერ მინიმალურ ნორმად დათვლილ რაციონში, პურს უჭირავს (579,6 კილოკალორია, რაც დღიურად 250 გრამი პურის მოხმარებას ნიშნავს), მეორე ადგილზეა ხორბლის ფქვილი (227,6 კილოკალორია, დღიურად – 70 გრამი), მათ მოსდევს – სიმინდის ფქვილი და სხვა (123,8 კილოკალორია, დღიურად – 40 გრამი), შაქარი (199,6 კილოკალორია, დღიურად – 50 გრამი), თუმცა საკონდიტრო ნაწარმის დღიური მინიმალური ოდენობად 5 გრამია მიჩნეული (ენერგეტიკული ღირებულება – 20,7 კილოკალორია). მართალია, კარტოფილს დღიურ რაციონში მეექვსე ადგილი უჭირავს (80,4 კილოკალორია), სამაგიეროდ, მისი დღიური რაოდენობა 150 გრამია. ძროხისა და ხბოს ხორცის დღიურ ნორმად 40 გრამია დადგენილი (ენერგეტიკული ღირებულება – 65,3 კილოკალორია), ისევე, როგორც ნედლი და გაყინული თევზისა (სულ რაღაც, 15 კილოკალორია), შინაური ფრინველის დღიურ ნორმად – 20 გრამია დაწესებული (ენერგეტიკული ღირებულება 26,9 კილოკალორია),  ხოლო ღორის ხორცის – 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება – 32,7 კილოკალორია).

 

საკმაოდ საინტერესოა, რომ ხახვის დღიური ნორმა 25 გრამია (ენერგეტიკული ღირებულება –11,2 კილოკალორია), მაშინ, როდესაც ბადრიჯნის – 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება – 2,4 კილოკალორია).

 

საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0,7-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების  წილი 70-პროცენტით განისაზღვრება. მიღებული ციფრი კი მოცემულ თვეში საარსებო  მინიმუმის ღირებულებას წარმოადგენს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის, თუმცა ექსპერტ იოსებ არჩვაძის განმარტებით, 70 პროცენტი მაღალი მაჩვენებელია და ის 50-პროცენტამდე უნდა შემცირდეს, რადგან ბოლო წლებში, ერთი მხრივ, გაიზარდა არასასურსათო ხარჯების რაოდენობა, მეორე მხრივ კი, შემცირდა სურსათზე გაღებული თანხების ოდენობა. ამიტომაც, მისი აზრით, საარსებო მინიმუმი არა 148,9, არამედ 200 ლარია.

 

მეტიც - აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ფენის კვების რაციონი რადიკალურად განსხვავდება.

 

იოსებ არჩვაძე: „ჩემი ინიციატივით, ჩვენი მოსახლეობა 20 ფენად დავყავი და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბ ფენაში სურსათის ხარჯი საერთო ხარჯის 62-პროცენტს შეადგენდა, ყველაზე მდიდარში კი – 16 პროცენტს. ამასთან, იმ 16-პროცენტიან სურსათის ხარჯს 4-ჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულება ჰქონდა, ვიდრე 62-პროცენტს. ”სამწუხაროა, რომ საქსტატი აღარ აქვეყნებს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მაძღრებისა და ყველაზე მშივრების რაოდენობებს, თუმცა, თუ დასაქმებულთა ოდენობით ვიმსჯელებთ, მეორე ჯგუფი, ამ მაჩვენებლით, პირველს აშკარად აღემატება”.

 

ფასები  – ამერიკული, კალორიებიქართული

მართალია, დღიურ 2 300 კილოკალორიას ექსპერტები ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევენ, იმის გათვალისწინებითაც, რომ თითქმის ანალოგიური მაჩვენებლებია ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ოღონდ მათი თქმით, პრობლემა არა იმდენად კალორიების რაოდენობაა, რამდენადაც დაბალანსებული კვება (საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი საკმაოდ უხარისხო საკვებს მოიხმარს).

 

იოსებ არჩვაძე: „შესაძლოა, ადამიანმა კალორიების ეს რაოდენობა მიიღოს ერთ ჯერზე შაქრიანი წყლის მიღებით, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ არის სრულფასოვანი კვება და ადამიანს ნახშირწყლების გარდა, სხვა საკვები ელემენტებით გაჯერებული საკვებიც სჭირდება. ადრე ჩვენთან ეს მაჩვენებელი 2 500 კილოკალორია იყო, რომელიც ბოლო დროს შემცირდა, რაც მართებული ნაბიჯი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, მოხდა მისი ღირებულებითი შემცირებაც. ანუ ყუათიან პროდუქტებს ნაკლებ ფასეული პროდუქტები ჩაენაცვლა. ესე იგი, გაიზარდა პურის, კარტოფილისა და შაქრის წილი .“

 

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში  ოთხსულიანი ოჯახის წლიური საარსებო მინიმუმი 22 050 აშშ დოლარია. საქართველოში იგივე მაჩვენებელი ოთხსულიან ოჯახზე 2010 წლის დეკემბერში თვეში 265 (ესე იგი, წელიწადში, საშუალოდ, 3 180) ლარი იყო. მეორე მხრივ, ექსპერტი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოს ფასები ამერიკის ფასების 51-პროცენტია. უფრო მეტიც - დღეის მდგომარეობით, საქართველოში ბევრი პროდუქტი უფრო ძვირიც ღირს, ვიდრე ამერიკაში. მაგალითად - საწვავი, სატელეფონო მომსახურება, ქათამი, კვერცხი, „ბიგმაკიც“ კი „მაკდონალდსის“ სისტემაში.

 

იოსებ არჩვაძე: „ოფიციალურად გამოდის, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი ამერიკის დონის 7-პროცენტს შეადგენს, ფასები კი – 51-პროცენტს. “როგორც აღმოჩნდა, ამას ახსნაც მოუძებნეს: ამერიკის მინიმალური მოხმარების კალათაში, თურმე, ისეთი პროდუქტებიც შედის, რომლებიც ჩვენთან არ მოიხმარება, რაც, შესაძლოა, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამერიკული მინიმალური სასურსათო კალათა ყუათიანი საკვებითაა გაჯერებული და არ არის ორიენტირებული პურისა და ფქვილის ხარჯზე კილოკალორიების სასურველი რაოდენობის დაგროვებაზე.

 

მეორე მხრივ, საქართველოში დადგენილი საშუალო ხელფასის ოდენობა თითქოს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, მით უფრო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში არც მთლად ბოლო ადგილზე ვართ (ოღონდ, რეგიონში ორივე ჩვენი ზომის მეზობელს ჩამოვრჩებით, მეტიც - სომხეთი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლითაც გვისწრებს). იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, რუსეთში საშუალო ხელფასი 580 დოლარია, ბელორუსიაში – 450 დოლარი, ხოლო ჩვენთან – 330 დოლარის ექვივალენტი. ექსპერტი მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნებთან საშუალო ხელფასით შედარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ ქვეყნებში დასაქმებულთა რაოდენობაც.

 

იოსებ არჩვაძე: „დასაქმებულთა რაოდენობა ითვლება ყოველ ათას კაცზე დასაქმებულთა რიცხვით. ჩვენთან ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 145-ია, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 432-ია. ამიტომაც, მაგალითად, მართალია, რუსეთის ფედერაციასთან შედარებით ჩვენი საშუალო ხელფასი ორი მესამედია, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტით რუსეთს თითქმის სამჯერ ჩამოვრჩებით. ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ საშუალო ხელფასი გვქონდეს მაღალი, არამედ ხელფასის მიმღებთა რაოდენობაც გაიზარდოს.“

 

რაც შეეხება საქართველოში არსებულ არაადეკვატურ პენსიას: მისი საარსებო მინიმუმთან დაახლოება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაზეცაა დამოკიდებული. იოსებ არჩვაძის განმარტებით, ქვეყანაში ერთ პენსიონერზე სამი-სამ-ნახევარი დაქირავებით დასაქმებული უნდა მოდიოდეს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფა რეალობას (დასაქმებულთა სიმცირის გათვალისწინებით) ასახავს, ისევე, როგორც მინიმალურ სასურსათო კალათაში პურის ოდენობის გაზრდის ხარჯზე ყუათიანი საკვების შემცირება. თუმცა ამ კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილიდ ქართული სახელისუფლო ელიტის იფიციალური შემოსავლები. კვლავ ციფრები მოვიშველიოთ: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ორსულიანი ოჯახის წლიურმა დეკლარირებულმა ოფიციალურმა შემოსავალმა 2009 წელს 150 405 ლარი შეადგინა. იმავე წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ორსულიანი ოჯახის წლიურ მინიმუმად 2 544 ლარი დადგინდა, პირველი ციფრი მეორეს 59-ჯერ აღემატება.

 

ყოფნა – არყოფნა

საქსტატის საიტზე სიღარიბის მაჩვენებლები იმდენად ბუნდოვანი სქემითაა მოწოდებული, რომ მასში გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც მოვიშველიოთ ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებით და საკუთარი ძალებით შევეცადოთ რეალური სურათის დანახვას: თუკი დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელს, 610 000-სს, გავამრავლებთ საშუალო ხელფასის ოდენობაზე, 534,9 ლარზე, მივიღებთ 326 289 000 ლარს. თუკი ამ მაჩვენებელს გავყოფთ საქსტატის მიერ დადგენილ მინიმალურ ნორმაზე – 149,6 ლარზე, მივიღებთ 2 181 076 ადამიანს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების საერთო შემოსავალს შეუძლია მხოლოდ 2 181 076 ადამიანის მინიმალური სასურსათო კალათით უზრუნველყოფა. საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობას, 4 400 000-სს, გამოვაკლოთ  საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფილი 2 181 076 ადამიანი, მივიღებთ 2 218 924 ადამიანს, რომლებიც, თუ ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობით, მინიმალურადაც კი ვერ იკმაყოფილებენ საარსებო მოთხოვნილებებს.

 

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზედა ეშელონების ხელფასები 59-ჯერაც კი აღემატებოდეს საარსებო მინიმუმად დადგენილ მაჩვენებლებს, ისმის კითხვა: რით არსებობს საქართველოს ორი მილიონზე მეტი მოქალაქე?!