"ხელისუფლებას ჭამს კორუფცია, ეს ხელისუფლება ლპება და უბრალოდ დროის საკითხია, როდის აფეთქდება სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანი ქალაქშიც და რეგიონშიც დაგიდასტურებთ, რომ პრაქტიკულად ის პოზიტიური მოლოდინი, რომელიც არსებობდა 100%-ით არის იმედგაცრუებული. ერთი ამომრჩეველიც არ არისებობს, რომელიც მათ ხმას მისცემს იმის გამო, რომ კიდევ იმედი აქვს დღეს "ქართული ოცნების" დაპირებების შესრულებისა. თავიდან ბოლომდე "ოცნება" დღეს არის გადასული სხვა ელექტრორალურ ტექნოლოგიაზე - იგივეზე, რაც ჰქონდა მოქალაქეთა კავშირს და ნაციონალურ მოძრაობას. ანუ ადმინისტრაციული რესურსი, ამომრჩევლის მოსყიდვა, პლუს წითელი ინტელიგენცია. არც იმის სურვილს ვხედავთ ჩვენ ამ ხელისუფლებაში ან მის რომელიმე ჯგუფში, რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ, რაღაც რეფორმა გააკეთონ", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ახალი თაობისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კუკავა: "სასაცილოა, ღარიბაშვილს და კალაძეს ერქვათ მინისტრები და მთავრობის ხელმძღვანელები" / ხელისუფლება "ნაციონალებთან" მოლაპარაკებულია, ბურჯანაძესთან გარიგებულია.
"პრაქტიკულად ხელისუფლების შიგნით მიდის მხოლოდ შიდა კლანური დაპირისპირება. არის კალაძის კლანი, არის ღარიბაშვილის კლანი, რომელიც ცდილობს, რომ მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე და სახელმწიფო ბიზნეს-კომპანიებში თავიანთი გავლენა გააძლიერონ. გადრდა ამისა, არის შიდა პოლიტიკური დაჯგუფებები - უსუფაშვილი, ეროვნული ფორუმი, ალასანია, რომლებიც ემზადებიან უკვე ხელისუფლების გუნდის დასატოვებლად. ანუ არც ერთი ჯგუფი დღეს ხელისუფლებაში არ არის, რომელიც ემზადებოდეს იმისთვის, რომ სამართლიანობის აღდგენა უნდოდეს, ან ეკონომიკური რეფორმა იქნას ქვეყანაში გატარებული. ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით "ქართული ოცნება" არის უკვე ამოწურული, დასრულებული და ახლა უკვე არის მიმდინარე ვითარების ამბავი, როდესაც მოხდება მისი საბოლოო დემონტაჟი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"ესეც არის, რომ გამოუცდელები არიან ნამდვილად წინა ხელისუფლებასთან შედარებით. თუ სააკაშვილსა და შევარდნაძეს შევადარებთ, იმათ რაღაც გამოცდილება მაინც ჰქონდათ, ნეგატიური მაინც. ამ ხელისუფლებაში კი მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან ინფანტილურები. ახლა კახი ნკალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ერქვათ მინისტრები და მთავრობის ხელმძღვანელები - ეს სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ადამიანები არიან აბსოლუტურად ინფანტილურები და ჯერ გამოსულების არ არიან ბავშვობის ასაკიდან. რაც შეეხება იმედგაცრუების მთავარ მიზეზს, ვფიქრობ, მთავარი მიზეზი მაინც გახდა მაღალი რეიტინგი, რომელიც მათ ჰქონდათ პირველ ოქტომბერს. საქართველო გვაჩვენებს, რომ ჩვენი სამხრეთული ფსიქოლოგია მოწმობს იმას, რომ მაღალი რეიტინგები ღუპავს და რყვნის მტთავრობებს. ისინი მაღალი რეიტინგის პირობებში სჩადიან რარაც წარმოუდგენელ სისულელეებს. სააკაშვილმაც იმის გამო დაუშვა ბევრი შეცდომა, რომ საზოგადოება იყო ინფანტილური, მას ჰქონდა მარალი რეიტინგი და თავს აძლევდა ძალიან ბევრი შეცდომის დაშვების უფლებას", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "რა როლს თამაშობს ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი?" - პასუხობს:
"ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი ოლიგარქი. ახლა გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოება იყო ეიფორიაში და დარწმუნებული იყო, რომ ამ ადამიანს ფული საერთოდ არ აინტერესებდა, სააკაშვილი არ აძლევდა ამის საშუალებას, თორემ 8 მილიარდს მთლიანად სოფლის მეურნეობაში და ქვეყნის განვითარებაში ჩადებდა. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით - პირველ ოქტომბრამდე რა ქველმოქმედებას ახორციელებდა, ისიც კი შეწყვიტა, როგორც საჩხერეში, ისე თბილისში. დაიწყო "ქართუ ბანკის" გაყიდვა, დაიწყო ყველა საქველმოქმედო პროექტის გაყინვა. ეს არის ოლიგარქი და ცივი გონებით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მისი ერთადერთი ინტერესი არის, რომ საქართველოში იყოს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იქნება გარკვეული საფარი - იმიტომ, რომ მილიარდერებს და ოლიგარქებს ყველგან აქვთ პრობლემა, თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრონ, იმიტომ, რომ მთავრობები ოლიგარქებს ძირითადად ფცქვნიან. შესაბამისად ოლიგარქები ეძებენ დაცულ ტერიტორიას, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი მილიარდები განათავსონ და ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი".