ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა სომხური წარმოშობის ინტერნეტ რესურსებზე “ჯავახკის” ავტონომიაზე და მისი “ისტორიულ სამშობლოში” დაბრუნების თაობაზე საუბარი. “ვერსიამ” ერთ-ერთ ასეთ რესურსზე არბუგ.ამ “ჯავახკის” დროშა, გერბი და ჰიმნი აღმოაჩინა. სამივე “სახელმწიფო ატრიბუტი” ბოლო პერიოდშია შექმნილი. რესურსი სავსეა ნაციონალისტური ფრაზებით და გვამცნობს, თუ როგორ ტანჯავენ ქართველები ეთნიკურ სომხებს “თავიანთ ძირძველ მიწაზე”. ფაქტია, რომ მსგავსი “ხუმრობები” უკვე საგანგაშოა! რატომ გააქტიურდნენ ზოგიერთი სომხური რესურსები და ბლოგები, გვაქვს თუ არა საქმე სომხურ ნაციონალიზმთან, თუ რუსული სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ ახალ სცენართან, ამ საკითხზე “ვერსია” საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, ვან ბაიბურთს ესაუბრა.
საკმაოდ ხშირად იქმნება სომხური სახელწოდების ბლოგები ჯავახეთის ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქართველების გაღიზიანებას იწვევს. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება მსგავსი ბლოგების შექმნა?
- ყველა მსგავსი შინაარსის ბლოგი ემსახურება საქართველოსა და სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობას. ვიღაც მესამე პირს არ სიამოვნებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კი, უკვე სამი ათასი წელია, კარგი ურთიერთობაა დამყარებული. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო სომხური, არამედ ქართული ბლოგებიც საკმაოდ ხშირად იქმნება ინტერნეტ-სივრცეში, სადაც უამრავი სისულელე წერია.
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ მოქმედებს ჩვენი საერთო მტერი, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები ჰქვია. ხშირ შემთხვევაში, ბლოგებს არ ვკითხულობ, გიჟი უნდა იყო, რომ მსგავს სისულელეებს მიადევნი თვალი.
მინდა, ყველა ჩემს თანამემამულეებს ვუთხრა, ვინც ღიზიანდება რუსეთის მიერ შექმნილ ბლოგებზე, იმის მაგივრად, რომ ინტერნეტში მსგავს სისულელეებს კითხულობენ, წავიდნენ ბიბლიოთეკებში, წაიკითხონ დიდი სომეხი და დიდი ქართველი ისტორიკოსების წიგნები. მიხვდებით, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონია პრეტენზია ქართულ ტერიტორიებზე. საშუალოზე დაბალი დონის ინტელექტის მქონე ადამიანები შედიან მსგავს ბლოგებში, ინტელექტუალები კი ყურადღებასაც არ აქცევენ.
ბლოგერებს, სხვათა შორის, დიდი ძალა აქვთ. იცით, რომ არაბეთში აჯანყება სწორედ ინტერნეტ-სივრციდან დაიწყო. ჩვენ არაბებზე ბრძენნი უნდა ვიყოთ და არ უნდა ავყვეთ ამ პროვოკაციას.
ერთი ისტორიული მოვლენა მახსენდება - მაშინ, როცა ბიზანტიამ და სპარსეთმა დაიპყრო მის გარშემო თითქმის ყველა სახელმწიფო, ვერ შეძლო საქართველოსა და სომხეთის დამორჩილება. ეტყობა, მაშინაც არსებობდნენ სპეცსამსახურები, რომელბმაც ერთმანეთს დაუპირისპირეს ქართული და სომხური ეკლესიები. როგორც კი საქართველოსა და სომხეთს შორის შუღლი ჩამოვარდა, ბიზანტიამ და სპარსეთმა ორივე ძალიან მარტივად დაიპყრო. იგივე სიტუაციის გამეორებას ვიღაცა დღესაც ცდილობს, ამიტომ საჭიროა, ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ.
ალბათ, ვერ უარვყოფთ, რომ სომხურ პრესაშიც საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს. რა იწვევს მათ ნეგატიურ დამოკიდებულებას?
- ამ სომხებს ვითომცდა სურთ, თავიანთი უფლებები დაიცვან. თუმცა ხშირად ვეკითხები მათ: რატომ ითხოვთ საკუთარი უფლებების დაცვას მხოლოდ საქართველოში? რატომ იგივეს არ ითხოვთ სხვა სახელმწფოებისგან, მაგალითად, რუსეთისგან, სადაც ასზე მეტი სომეხი ახალგაზრდა მოკლეს რვა თვის მანძილზე? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, დამირეკა სომხეთიდან ჟურნალისტმა, მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან შეკრებილ სომეხ ახალგაზრდებთან დაკავშირებით. მეგონა, აქცია იმართებოდა ორი სომეხი სტუდენტების მკვლელობის გასაპროტესტებლად, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იპოვეს გარდაცვლილი მოსკოვში. მე ცოტა სულსწრაფი ადამიანი ვარ და ჟურნალისტს ვუთხარი: მიდით, სომეხო ბიჭებო, ბოლომდე მიაწექით-მეთქი. გავგიჟდი, როცა გავარკვიე, რომ ჯავახეთის გამო ახალგაზრდებს პროტესტი გამოუთქვამთ.
ხშირად ვსაყვედურობ სომხებს, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ რუსეთში, საფრანგეთში, ამერიკაში, კანადაში, რატომ არ იბრძვით იმისთვის, რომ საკუთარ ენაზე მაინც მიიღოთ განათლება-მეთქი. საქართველოს კი პატარა, ზოგიერთი სომხური გამოცემები იმის გამო უტევენ, რომ, თურმე სკოლებში 2 საათით შემცირდა სომხური ენის სასწავლო საათი. მე თვითონაც მიკვირს, რომ ეს “დამცველები” მხოლოდ საქართველოში ამჩნევენ უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი და აკრიტიკებენ მხოლოდ საქართველოს.
ასევე, მათ აწუხებთ, რომ საქართველოში, ჯერჯერობით, არ არის კანონი რელიგიის შესახებ. თუმცა, ვიცი, რომ ეს საკითხი უახლოესი მომავლისთვის განიხილება საქართველოს პარლამენტში.
სამცხე-ჯავახეთში ბოლო წლებში აშენდა 30-ზე მეტი სომხური ეკლესია. ამის დანახვა ბევრს არ სურს. 4 სადავო ეკლესია კი 30-იანი წლებიდან დახურულია და ეს ბევრს აწუხებს.
მინდა ავღნიშნო, რომ სომხეთში, ბოლო 2 წელთან შედარებით, შემცირდა კრიტიკული წერილების რიცხვი საქართველოს მისამართით. ახლა იქ ქართველები უყვართ და ამბობენ, ჩვენც გვინდა, საქართველოს მსგავს სახელმწიფოში ცხოვრებაო.
ამბობენ, რომ სომხეთში რამდენიმე კომპანიას “ჯავახეთის კოტაიკა” ჰქვია. ამ ფაქტმაც ქართველების გაღიზიანება გამოიწვია ინტერნეტ-სივრცეში.
- კოტაიკი ერევანთან ახლოს მდებარე გუბერნიაა. შეიძლება წარმოშობით ჯავახელმა სომხებმა გახსნეს ბიზნესი და ეს სახელწოდება ამიტომ დაარქვეს. ეს დასაძრახი, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს. რაც მთავარია, ოფიციალური ერევანი, სომხური პოლიტიკური პარტიების 95 პროცენტი გმობენ განცხადებებს, რომელსაც ზოგიერთი სომხური ორგანიზაციები აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ. სომხეთში ანტიქართული პროპაგანდისტები ვერ ქმნიან ისეთ ამინდს, როგორც ამას აკეთებდნენ 5-6 წლის წინ. ის, რაც დღეს ხდება ჯავახეთში - კეთდება გზები, შეიყვანეს გაზი, შენდება სკოლები, ახალი საწარმოები იხსნება, დასაქმებულია ხალხი, - მხოლოდ დადებით ემოციას იწვევს სომხებში. ჯავახეთში ვისაც ვიცნობ, ყველა ძალიან ბედნიერია და უყვარს დღევანდელი ხელისუფლება.
საზღვარგარეთ მყოფმა სომეხმა ლიდერებმა რამდენჯერმე სცადეს, ანტიქართული პროპაგანდის დაწყება, თუმცა თვითონ ჯავახელმა სომხებმა გააჩუმეს ისინი. ახლა ზოგიერთს პრეტენზია აქვს - ახლადგაკეთებულ, ჩქაროსნულ ახალქალაქი-ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზაზე ექვსი ავარია მოხდა, ორი ადამიანი დაიღუპა და ამ ყველაფერს “სომეხი ერის მოსასპობად” აკეთებენო. მთავარია, მსგავს სისულელეებს არ ავყვეთ. ასეთ ადამიანებს რა ლოგიკით უნდა ელაპარაკო? სომხეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს სერიოზული პრობლემა.
იმის გამო, რომ საქართველო ნოვატორი ქვეყანაა, ბევრი სხვა სახელმწიფო შურის თვალით უყურებს მას. იცით რა, დღეს სამცხე-ჯავახეთში გაღატაკებული ხალხი რომ ცხოვრობდეს, ძალიან ადვილი იქნებოდა იქაური სომხების აბუნტება. მერწმუნეთ, ისინი მართლაც მოაწყობდნენ ფართომასშტაბიან აქციებს. ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისეთი პირობები აქვთ შექმნილი, რომ აღარ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ სამცხე-ჯავახეთში ქართული არხები არ იჭერს. სახელმწიფო ენის სწავლება რამდენად აქტუალურია ამ რეგიონში?
- ენის პრობლემა ნამდვილად არის. სრულიად საქართველოში ქართული ენა არის სახელმწიფო ენა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე აიძულებს 60 წლის სომეხს ქართული ენის სწავლას. ხელისუფლებამ შეიმუშავა სტრატეგია, სურვილის შემთხვევაში, დაბალ კლასებში ასწავლოს ქართული სომეხი ეროვნების ბავშვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ სკოლაში იმის გამო არ დასჯის ბავშვს, რომ ქართულს არ სწავლობს.
სხვა ქვეყნებში, სადაც სომხები ცხოვრობენ, სახელმწიფო არ აფინანსებს სომხურ სკოლებს, საქართველოში კი, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული და რუსული სკოლებისათვის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი თანხა. ამ ყველაფერს დანახვა უნდა.
ასევე აქტუალური იყო ქართული პროდუქტების, სომხური დაპატენტებით ამერიკაში გაყიდვის საკითხი. გახსოვთ, ჩურჩხელა, ხვანჭკარა და სხვა ქართული წარმოშობის პროდუქტები საზღვარგარეთ სომხურმა კომპანიებმა რომ მიითვისეს?
- ამ ინფორმაციების პირველწყარო, როგორც ეს სომხეთის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, არის რუსეთი. ხომ გითხარით, არ უნდა ავყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ეს სიბინძურეა და, ჩემი აზრით, არ უნდა ხდებოდეს მედიის მხრიდან მსგავსი ფაქტების გაშუქება და სისულელეების და სიბინძურის ტირაჟირება. ეს არის გიჟების მიერ გავრცელებული ჭორი. სხვათა შორის, რუსეთი ძალიან ჭკვიანია და სწორადაც იქცევა. ცდილობს, ორი მეზობელი ერთმანეთს გადაჰკიდოს. თუმცა ჩვენ, როგორც ქართველები, ასევე სომხები, ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება. ამიტომ ჩვენი მტერი საწადელს ვერასდროს მიაღწევს.