დევნილებთან ხურვალეთში სტუმრად ჩასულ ნინო ბურჯანაძეს ქვებით გაუმასპინძლდნენ. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ირწმუნება, რომ პროვოკაცია ხელისუფლებამ მოუწყო. პარტიის ლიდერი თურმე წინა დღეს გააფრთხილეს, რომ მსგავსი რამ იგეგმებოდა, მაგრამ ბურჯანაძემ გეგმა მაინც არ შეცვალა. ამის შესახებ და აგრეთვე იმაზე, თუ რას აპირებს მომავალში, იგი „სარკესთან" საუბრობს.
ნინო ბურჯანაძე:
- ზუსტად ვიცოდი, რა მოხდებოდა, როცა ხურვალეთში ჩავიდოდი. წინა დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავდა გარკვეულ პროვოკაციებს და იყო რჩევები მეგობრების მხრიდან, ხომ არ გადაგვედო ჩასვლა. მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაინც წავსულიყავით. ობიექტური თვალი მაშინვე შეამჩნევდა, როგორ აწვებოდნენ კუნთმაგარი ბიჭები ძვირადღირებული მობილური ტელეფონებით ხელში ქალბატონებს, რომ შეექმნათ დაპირისპირების შთაბეჭდილება. თქვენ თქვენს მეზობელთან მისულ ადამიანს, რაც უნდა არ მოგწონდეთ ის, ეტყვით, აქ რატომ მოხვედიო? ჩვენ მივდიოდით კონკრეტულ ოჯახში, კონკრეტულ ადამიანებთან და ამ დროს ვითომ გამოვარდნენ სხვა დევნილები, აქ რატომ მოდიხართო. ეს აბსოლუტურად პროვოცირებული იყო, მით უმეტეს, ვხედავდით, როგორ იღებდა სამი ძვირადღირებული კამერა ამ ყველაფერს, როგორ იდგა მოშორებით რამდენიმე ძვირადღირებული ჯიპი, საიდანაც ინსტრუქციებს ტელეფონით იძლეოდნენ. კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, როცა „თრიალეთის" ჟურნალისტმა დადო ინტერნეტში მასალა, სადაც დევნილები ყვებიან, სინამდვილეში რა მოხდა, როგორ ჩავიდა წინა დღეს მაჟორიტარი დეპუტატი და შსს–ის რამდენიმე თანამშრომელი კვერცხებით და არყის ბოთლებით, რომლებიც დაურიგეს აქტივისტებს. ერთ ონკოლოგიურ ავადმყოფს წამალიც კი მიუტანეს, ოღონდ ბურჯანაძესთან ნუ მიხვალო. ეს იყო პროვოკაცია, რათა, პირველი - ხელი შეეშალათ, ხალხისთვის სიმართლე გვეთქვა, იმ საკონცენტრაციო ბანაკში ხალხმა სიმართლე მართლა არ იცის. მეორე - იმიტაციის შექმნა, რომ ბურჯანაძეს ხალხი არ ელაპარაკება და მესამე - იყო მცდელობა, დავეშინებინეთ.
მსგავსი ინციდენტები თქვენს გამოჩენას ხშირად ახლავს - მიტინგები გაიხსენეთ.
- მაშინ, როცა პირველად მიტინგზე გამოვედი, კარგად ვიცი, ვინ დაიწყო სტვენა. ეს იყვნენ ერთი პარტიის აქტივისტები და ვანო მერაბიშვილის ხალხი. რამდენი ვერცხლისფერი სასტვენი იყიდეს და ვინ დაარიგა კონკრეტულად, იმის გვარიც ვიცი. მიტინგზე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გულწრფელად აჰყვნენ. მე მესმის, ისინი ჩემ მიმართ ნაწყენები და გულდაწყვეტილები იყვნენ და მე მათ მოვუხადე ბოდიში. ამ ყველაფერმა გაიარა და საზოგადოებამ რეალურად დაინახა, ვინ ვინ არის. დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, მე თავისუფლად შემიძლია ქუჩაში გავიარო, ველაპარაკები ხალხს და მათი განწყობა კარგად ვიცი. ხელისუფლებამ რაც უნდა პროვოკაცია მომიწყოს, ვერ შემაშინებს და ვერც უკან დამახევინებს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩემი ეშინიათ. იციან, რომ ვერც მომისყიდიან, ვერც მომატყუებენ, უფრო სწორად, უკვე ვეღარ მომატყუებენ და ვერც შემაშინებენ. ჩემი ეშინიათ და პირდაპირ გეუბნებით, უნდა ეშინოდეთ! ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფ მინიმუმ 50 კაცს ნამდვილად უნდა ეშინოდეს.
რითი ემუქრებით?
- მხოლოდ სიმართლით და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ ხალხთან ერთად ამ ბრძოლაში. მათ კი დავსვამთ განსასჯელის სკამზე და გპირდებით, რომ ბევრ წელს მიუსჯიან. მკვლელობებიდან დაწყებული სამშობლოს ღალატით დამთავრებული, ბევრს აქვს ჩადენილი.
ამის გაკეთებას სახალხო კრებით აპირებთ, რომელიც თქვენს სახელთან ასოცირდება?
- ჩემს სახელთან რომ ასოცირდებოდეს, ხელისუფლების მცდელობაა. ორი გეგმა არსებობს. პირველი, სახალხო კრებას მიაწებონ ძველის, არქაულის, ჩამორჩენილის იმიჯი და თქვან, ძველი ტრადიციები ებრძვის ახალ საქართველოსო. კი, ბატონო, იყოს ასე. დიახ, ჭავჭავაძის, ამირეჯიბის და გაფრინდაშვილის საქართველო ებრძვის იმ ხელისუფლების საქართველოს, რომელიც ბუჩქებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდა თაობებს და ახლა გეიპარადს მართავს. ილიას საქართველოზე დაფუძნებული საქართველო ებრძვის იმ ახალს, რაც მახინჯი შემოდის. და მეორე - ლაპარაკი, რომ ამ კრების უკან ბურჯანაძე დგას. უკაცრავად, უკან რატომ?! მე კრების გვერდით ვარ და ამას არ ვმალავ. ხელისუფლებას უნდა, უკან ვიდგე, რომ ხალხს აფიქრებინოს, რაღაცას ვმალავ. არაფერს ვმალავ. კრებამ პირველსავე დღეებში და მერეც მოუწოდა პარტიებს, დადგომოდნენ გვერდით. გამოეხმაურა ეროვნული ფორუმი, „დაიცავი საქართველო" და ჩვენ... ვინც იაქტიურებს, ისინი, რა თქმა უნდა, უფრო გამოჩნდებიან.
დღეს პოლიტიკური სპექტრი არ ჩანს. ალბათ ისვენებენ, ალბათ სხვა საქმეს აკეთებენ. ჩვენ არ დაგვისვენია. არ გვინდა, რომ დრო დავკარგოთ და ვცდილობთ, მივეხმაროთ კრებას ყველა რესურსით. გვინდა, მისი დახმარებით მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა უბედურება გვჭირს და უბედურება რომ გვჭირს, ეს გამოჩნდა იმ ფეიერვერკით, რომელიც 8 აგვისტოს საღამოს ანაკლიაში გავმართეთ. ახლა ვინმე შემომეკამათოს და დამიმტკიცოს, რომ უნდა მოგვეწყო. რა აღვნიშნეთ? რა ვიზეიმეთ? რამე გვქონდა საზეიმო?! იქნებ პარტია ძალიან მიკერძოებული გახდა და, როგორც ხელისუფლება ამბობს, ვეღარ ვხედავთ იმ ბედნიერებას, რაშიც ვცხოვრობთ? იმავეს ყველას ვეკითხები, მაგრამ პასუხი არავის აქვს, სამაგიეროდ, სააკაშვილმა გაგვცა და ბოკერიამ "ვაშინგტონ პოსტში" ინტერვიუთი. სააკაშვილის ხელისუფლება რომ გადარჩა, ეს არის თურმე მთავარი და კოდორი და ახალგორი რომ დავკარგეთ, ეს უმნიშვნელოა.
რა სტრატეგიით აპირებს სახალხო კრება მოქმედებას?
- ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ორგანიზაციაა. მისი ამოცანაა, ხალხს გააგებინოს სიმართლე და მისცეს საშუალება, თავისი სიმართლე თქვას. დღეს არ აქვს საზოგადოებას შესაძლებლობა, თავისი დამოკიდებულება რეალურად გამოხატოს. ხალხი არის დაშინებული. თქვენ ნახეთ, როგორ გაუსწორდა ხელისუფლება გარემოვაჭრეების სრულიად უწყინარ აქციას, რომელიც რამდენიმე წუთში დამთავრდებოდა. სხვათა შორის, ასეთივე უწყინარი აქციის დარბევით დაიწყო ამ ხელისუფლების მძიმე პერიოდი და ასე იქნება ახლაც. ხელისუფლებას ეშინია ნებისმიერი სიმართლის გამონათების, ნებისმიერი თავშეყრის და სახალხო კრება გააკეთებს იმის უზრუნველყოფას, რომ სიმართლე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს.
ქუჩის აქციებით, მიტინგებით?
- ეს ყველაფერი იგულისხმება. წინასწარ ვერ გეტყვით, რა ფორმას მიიღებს, მაგრამ, რაც მიღებული ფორმაა ცივილიზებული საზოგადოებისთვის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველა იქნება გამოყენებული. რამდენიმე დღის წინ ამერიკულ „ნიუსვიკში" გამოქვეყნდა 100 მეტნაკლებად წარმატებული ქვეყნის ნუსხა. ძალიან რომ ვეჯიბრებით რუსეთს, გავასწარითო, არ აქვს საამაყო ადგილი, 51–ე ადგილზეა, მაგრამ საქართველო საერთოდ ვერ მოხვდა სიაში. ხელისუფლება თვალებს გვიბრმავებს და არ მეგონა, რომ საქართველოში აღმოჩნდებოდა ამდენი ადამიანი, ვინც ასე ადვილად დაბრმავდებოდა და ბედნიერი იქნებოდა იმით, რომ პრეზიდენტმა კომპლიმენტი უთხრა, ხელი ჩამოართვა, ორდენი ჩამოჰკიდა გულზე მაშინ, როცა წინა დღეს მოღალატე უძახა... იმათზე მაქვს ლაპარაკი, ვისაც გაცილებით მეტი მოეთხოვება თუნდაც იმათზე, ხურვალეთში რომ დამახვედრა ხელისუფლებამ. მათ მიმართ ნაკლები პრეტენზიები მაქვს. ზოგი შეაშინეს, ზოგი მოისყიდეს, ზოგმა წამლის ფული აიღო.
პოლიტიკოსთა თამაშებმა ხალხი ინდიფერენტული და პარტიების მიმართ აგრესიულიც კი გახადა. რატომ გაქვთ იმედი, რომ კიდევ ერთხელ გამოგყვებიან?
- მაშინ თვითონ გააკეთონ. გაცილებით პატივს ვცემ ნაციონალური მოძრაობის გულწრფელ მომხრეებს, ვიდრე მათ, ვინც დღეს თავიანთი შემგუებლური პოზიციით არც იქით არიან და არც - აქეთ. როცა ქვეყანას ასე უჭირს, არ შეიძლება პოზიცია არ გქონდეს. ან ერთ მხარეს უნდა იყო, ან - მეორე მხარეს. თუ არც ერთი მოგწონს, მაშინ შენ უნდა გააკეთო რამე. ვინც ამბობს, არ მომწონს პოლიტიკური პარტიებიო, აგერ არის სახალხო კრება, სადაც გადამწყვეტი სიტყვა აქვთ არა პარტიებს, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს. დასხდნენ ამ ხალხთან და თავიანთი იდეა შეიტანონ.
შემოდგომისთვის გარკვეულ პოლიტიკურ გადაჯგუფებებს ვარაუდობენ, მოლაპარაკებები თქვენც გქონდათ ოქრუაშვილთან, ბესელიასთან... ირაკლი ბათიაშვილს, გია ყარყარაშვილსაც თქვენთან ვხედავთ.
- ირაკლი სახალხო კრებაშია, გიას პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება კოალიციებს, აბსოლუტურად ხელოვნური საუბარი იყო. ჩვენი პარტია არ აპირებს არანაირ კოალიციებს და არანაირ პარტიულ გაერთიანებებს, მაგრამ აქტიურად ვართ ჩართული იმ პროცესში, რასაც სახალხო კრების მხარდაჭერა ჰქვია. ახლა არ არის კოალიციების და გაერთიანებების დრო, სახალხო კრება არის ძალიან საინტერესო წარმონაქმნი და პარტიები მას უნდა ამოვუდგეთ მხარში. ეს არის ყველაზე სწორი გზა. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ ჩვენი წმინდა პარტიული საქმიანობა და მთლიანად ვცდილობთ, სახალხო კრების იდეას დავეხმაროთ. 29 სექტემბერს ტარდება შუალედური კრება, რომელიც მიზნად ისახავს, გამოაცხადოს დიდი სახალხო კრების ჩატარების თარიღი. 29–ში კრება ჩატარდება დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც რეალურად შეიკრიბება სახალხო კრების ბირთვი, რომელიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. კრებაზე ვგეგმავთ, სერიოზული ანალიზი გავაკეთოთ და მივაწოდოთ ხალხს, რატომ ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, როგორ ხედავენ სახალხო კრების მხარდამჭერი ძალები ან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ან უბრალოდ საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, რა ტიპის ქვეყანა გვინდა და რა არის ამისთვის საჭირო.
გამოდის, რომ შემოდგომა ცხელი გველოდება.
- შემოდგომა იქნება აქტიური და საინტერესო. საქართველოს დღეს მართლა შველა სჭირდება. უკვე არანორმალური ქვეყნის შთაბეჭდილებას ვტოვებთ და ანაკლია ფინალი იყო. ავად ვართ, ქვეყანა ვართ ავად, თორემ პრეზიდენტი რომ ავადაა, ამაში ორი აზრი არ არის. როცა ვეგუებით იმას, რომ ქვეყნის 20 პროცენტი გვაქვს დაკარგული და ვცეკვავთ, ვმღერით, თან გვიხარია, რომ ამას დაინახავს სოხუმიდან ხალხი, არ შეიძლება ავად არ ვიყოთ. დღეს ჩვენ სრულიად მსოფლიო დაგვცინის. ამას უნდა ვუშველოთ. როცა ხალხი რეალურად გაიგებს, რა გვჭირს, ნამდვილად დადგება მთელი საქართველო ფეხზე.