რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ნონა გაფრინდაშვილს ფარული გარიგების ასოციაციას უქმნის.
როგორც „სახალხო კრების" თავმჯდომარემ მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდამჭერ აქციაზე „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კანონი, რომელიც პარლამენტმა 5 ივლისს მიიღო, დანაშაულებრივია და ქვეყნის ინტერესებს უგულვებელყოფს.
„ნებისმიერი ჩვენგანის მოვალეობაა, დავეხმაროთ ეკლესიას, რადგან ეკლესიას ძალიან დიდი როლი ენიჭება ქვეყნის განვითარებაში. პარლამენტმა ამ კანონის მიღებით და პრეზიდენტმა კი, მასზე ხელმოწერით, საკუთარი ხალხის შემდეგ პატრიარქსაც კი გადააბიჯა", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, მარხვის გამო ეკლესია თავს იკავებს საზოგადოების მისამართით რადიკალური მოწოდებების გაკეთებისგან. თუმცა, ნონა გაფრინდაშვილი ვარაუდობს, რომ პეტრე-პავლობის მარხვის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი პროტესტი უფრო ფართო ხასიათს შეიძენს.
სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად დღეს თბილისის ყველა ტაძრის მრევლი შეიკრიბა. მოძღვრები, სტიქაროსნები და მორწმუნეები აპროტესტებდნენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება შეუძლიათ. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, საპატრიარქომ და პირადად პატრიარქმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.