[ნინო ხარშილაძე, “ვერსია”]
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში, 30 000 აბორტი კეთდება. აქედან 15% - 14-დან 18 წლამდე მოზარდებზე მოდის. გასულ კვირას პოლიციამ არასრულწლოვან გოგონათა მკვლელობის 2 შემთხვევა გამოავლინა. მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობები იყო. უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში აბორტები გაახალგაზრდავდა და ქალთა კონსულტაციებში აბორტებს ლამის ბავშვები იკეთებენ. “ვერსიამ” ამ ინფორმაციის გასამყარებლად რამდენიმე ქალთა კონსულტაციას მიაკითხა.
18 წლამდე აბორტის გაკეთება კანონმდებლობით აკრძალულია, ამიტომ მედიკოსები ამაზე ღიად არ საუბრობენ. თუმცა, პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ აბორტების რაოდენობამ მოზარდებში ძალიან მოიმატა და მას, ძირითადად, 14-18 წლის გოგონები იკეთებენ. ნაწილი დედებს, ბებიებს ან ნათესავებს მოჰყავთ. ვისაც ფულიანი მამიკო ჰყავს და ფულის შოვნის პრობლემა არ აქვს, ის ან მარტო მოდის, ან დაქალთან ერთად, რათა ოჯახმა არ გაიგოს. იშვიათია შემთხვევები, ახალგაზრდა გოგონას აბორტის გასაკეთებლად პარტნიორი მამაკაცი მოჰყვეს.
მოზრდილებისგან განსხვავებით, ფეხმძიმე მოზარდების უმეტესობა, ქალთა კონსულტაციებში აბორტის გასაკეთებლად საშინელ მდგომარეობაში, განადგურებული ჯანმრთელობით მიდის, ან ნაყოფი დიდია და აბორტის გაკეთება უკვე რისკია. ზოგი ექიმბაშების რჩევებს იჯერებს, ხან რას სვამს მუცლის მოსაშლელად და ხან - რას. ლამის საწამლავები დალიონ, ოღონდ აბორტი არ უხსენოთ. ზოგიც, ვიღაც ექიმბაშთან დადის, რომელიც ქალებს ატყუებს, მუცელი მოგიშალეო, ისეთ წამალს აძლევს, ერთი-ორი დღე ციკლი აქვთ და ჰგონიათ, რომ მოეშალათ, მაგრამ მერე მუცელგაბერილი გოგოები ისევ ჩვენ გვაკითხავენო.
როგორც გავარკვიეთ, მოზარდები ექიმის რჩევას არ ითვალისწინებენ და თავდაცვით საშუალებებს, პრაქტიკულად, არ იყენებენ. მერე 4-5 თვეში ქალთა კონსულტაციას აბორტის გასაკეთებლად კვლავ აკითხავენ. 18 წლის ასაკში ზოგს უკვე 7-8 აბორტი აქვს გაკეთებული. 50-60%-თვის ის ერთი აბორტი ბოლოა და უშვილო რჩება. ისიც გაგვიმხილეს, რომ მოზარდების უმრავლესობა აბორტს ექთნებთან იკეთებს, რადგან ისინი, თურმე, ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ.
აბორტის გასაკეთებლად მოზარდები რაიონიდან დედაქალაქში ჩამოჰყავთ, რადგან იქ ყველა ყველას იცნობს და, შეიძლება, ეს ამბავი მთელმა რაიონმა გაიგოს.
ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ფაქტობრივად, 14-დან 19 წლამდე მოზარდები წელიწადში 4500 აბორტს იკეთებენ, რაც, დამეთანხმებით, არც თუ ისე ცოტაა. ისმის კითხვა, რატომ გაახალგაზრდავდა აბორტების რიცხვი საქართველოში? ხომ არ სჯობს, მოზარდ თაობას დელიკატური ფორმით მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ის ქუჩაში ანდა ინტერნეტში, ფარულად მაინც იღებს.
“ვერსია” ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგეს, აკადემიკოს არჩილ ხომასურიძეს ესაუბრა.
ბატონო არჩილ, ქალთა კონსულტაციებში აცხადებენ, რომ აბორტების 15% მოზარდებზე მოდის, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამას თავი აარიდონ?
- მთელს მსოფლიოში აბორტები გაახალგაზრდავდა. მიზეზი ბავშვთა აქსელერაცია და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყებაა. ჩვენი ქვეყანაც გამონაკლისი არ არის. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი წამალი მოსახლეობის სწორი, ობიექტური, ჯანმრთელი ინფორმირებულობაა. იმის მიწოდება, რას იწვევს სქესობრივი კავშირი, როგორ შეიძლება არასასურველ ორსულობას თავი აარიდონ.
27 წლის წინ, ჟორდანიას ინსტიტუტში რომ გადმოვედი, საქართველოში წელიწადში რეგისტრირებული 100 000 აბორტი კეთდებოდა, 200 000 - არალეგალური. კონტრაცეფციაზე რომ დავიწყეთ საუბარი, აბორტმახერების მაფია, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ”კუხნაშიც” კი აბორტს აკეთებდა, ერთი წელი მოსაკლავად დამდევდა. ამ ლაპარაკის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოში 300 000 აბორტის ნაცვლად, 30 000 აბორტი გვაქვს. კონტრაცეფციის გამოყენებამ საქართველოში 0%-დან 50 %-ს მიაღწია. 4,5-მილიონიან ქვეყანაში, წელიწადში 30 000-იც ბევრია მაშინ, როცა 15-მილიონიან ჰოლანდიაში 1000 აბორტი კეთდება.
მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა, ქართველი ქალები არაფრით ჩამოუვარდებიან ნორვეგიელებსა და რუსებს. ახალგაზრდა აბორტების პროცენტული შემადგენლობა დაახლოებით იგივეა. სამწუხაროდ, ეს აბორტები ქორწინებამდე ხდება, უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთივე მდგომარეობაში ვართ, როგორც რუსები.
ახალგაზრდა აბორტების კატეგორიაში, რა შედის?
- სქესობრივი მომწიფების პირველივე თვეებიდან 19 წლამდე. ამ ასაკის გოგონებში აბორტის შემთხვევები ძალიან არის მომატებული. ციფრი თანდათანობით იზრდება. ეს იმის შედეგია, რომ საქართველოში არ არსებობს სქესობრივი აღზრდის სისტემა, რომელიც სკოლებსა და ინსტიტუტებში, ფრთხილად და დელიკატურად აუხსნიდა ჩვენს მოზარდ თაობას, რა არის ორსულობა, რა იწვევს მას და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მის შეწყვეტას.
17 წლის წინ სქესობრივი აღზრდის გეგმა შევადგინეთ, მაგრამ არ განხორციელდა. მაშინ განათლების სამინისტროს წინადადება წარვუდგინე, რომლის თანახმადაც, თანადათანობით სკოლებში სქესობრივი აღზრდის სწავლება უნდა დანერგილიყო. ჩვენი გეგმის თანახმად, ეს საგანი, ჯერ სამედიცინო უნივერსიტეტის 5-6 კურსზე უნდა შეგვეტანა, მოგვესინჯა რა შედეგი გვექნებოდა, ნელ-ნელა, რამდენიმე წელში, დაბალ კურსებზე გადმოვსულიყავით, მერე სხვა უნივერსიტეტებში შეგვეტანა, რამდენიმე წელიწადში, ფრთხილად, მე-10-11 კლასებში. თანდათანობით ჩამოვიდოდით იმ დონემდე, როგორც არის დანიაში - მე-4 კლასიდან. მაშინვე ერთ-ერთი შენიშვნა იყო, რომ თქვენი პროგრამა 25 წელი გაგრძელდებაო. ნეტა, დაგვეწყო და დრო არ დაგვეკარგა. დანიელებმა, სქესობრივი აღზრდის სკოლის შექმნას 150 წელი მოანდომეს. მოეწონათ, მაგრამ მერე აღარ გააკეთეს და დღემდე ამ საცოდაობას ვუყურებთ.
მე არ მრცხვენია და კიდევ გავიმეორებ, საქართველოს მოსახლეობა სქესობრივი ინვალიდია. უნდა მოვუწოდოთ ჩვენს საზოგადოებასა და განათლების სამინისტროს, უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. დროა, ამ თემაზე საუბრები განვაახლოთ. ქრონიკული დაავადება უცებ არ იკურნება, მას ხანგრძლივი დრო სჭირდება. ჩვენი ერის სქესობრივი იმპოტენტობა, ქრონიკული დაავადებაა, მასთან ბრძოლა ქრონიკული და ხანგრძლივი უნდა იყოს. ჩვენს ბავშვებს სქესობრივი აღზრდა რომ ჰქონდეთ, სქესობრივად გადამდები დაავადებებისგანაც დავიცავდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.
“ვერსიასთან” საუბარში ექიმი სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ მარშანია აცხადებს:
- მოზარდთა სექსუალურ აღზრდაზე, უმჯობესი იქნებოდა, საუბარი ცოტა ადრე დაგვეწყო. ეს კომპლექსურად განსახილველი საკითხია და ამ დისკუსიაში საპატრიარქოც უნდა ჩაერთოს, არ შეიძლება, ძირითადი ზნეობრივი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყოს. თვალშისაცემია მოზარდთა გაუთვითცნობიერებლობა. სქესობრივ აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სოციოლოგიური გამოკვლევები, მათ შორის სამეცნიერო სექსოლოგიაში, მიანიშნებს, რომ უაღრესად დელიკატურად და სწორად უნდა მივაწოდოთ მოზარდს ინფორმაცია.
კვლევები აჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მოზარდები ამ ინფორმაციას თანატოლებისგან და ქუჩიდან დამახინჯებული, ვულგარული ფორმით იღებენ. გაუთვითცნობიერებლობა და მცდარი ინფორმაციების მიღება, ხშირად ძალიან მძიმე სექსუალური მოშლილობების მიზეზი ხდება. სჯობდა, ამაზე საუბარი ადრე დაგვეწყო. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ზნეობრივად სრულფასოვანი ადამიანიც ჩამოვაყალიბოთ და ჯანმრთელიც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებულია, თუ რა არის სექსუალური ჯანმრთელობა, რომელშიც არაფერი მიუღებელი არ არის. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ტრადიციული ინსტიტუციის პარტნიორები გამოვალთ, როგორიცაა განათლების სამინისტრო და ეკლესია. ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა სჯობს. პრობლემა რომ არსებობს, ეს უდავოა. ამ პრობლემის მიჩუმათება და ტაბუირება არ შეიძლება. მოზარდებს ჯანმრთელი ცხოვრების წესი უნდა ვასწავლოთ.
წესით, რა ასაკიდან უნდა იწყებდეს მოზარდი სქესობრივ ცხოვრებას?
- დასავლეთის ქვეყნებში მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას 14-დან-16 წლამდე ასაკში იწყებენ. არც საქართველოა გამონაკლისი. სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება, ადამიანის მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ჩამოყალიბების პერიოდს უნდა დაემთხვეს. ჩვენი წინაპრები სქესობრივ ცხოვრებას გაცილებით ადრე იწყებდნენ, ვიდრე ჩვენ. მაშინ სქესობრივი მომწიფების და ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების ასაკი უფრო ადრე ხდებოდა. დღეს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება, როგორც ინდივიდის, ცოტა უფრო გვიან ხდება, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჩვენი აღზრდის მოდუსი ინფანტილიზმს ახალისებს და ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ჩვენთან დაწესებულია ქორწინების ასაკი 16 წელი. აქსელერაციის დაჩქარება სამეცნიერო ტექნიკურმა რევოლუციამ მოიტანა.
მაშინ, როცა სპეციალისტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უკვე დროა, მოზარდების სქესობრივ აღზრდაზე დავიწყოთ საუბარი, “ვერსია” დაინტერესდა რა პოზიცია უჭირავს ამ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამის გასარკვევად ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, მამა თეოდორე გიგნაძეს ვესაუბრეთ:
დღეს, როცა საქართველოში წელიწადში 30 000 აბორტი კეთდება. აქედან 15% მოზარდებზე მოდის. რა ზომებს უნდა მიმართოს საზოგადოებამ, რომ ამას თავი ავარიდოთ?
- ცხოველები ასე ცუდად რატომ არ იქცევიან?! ამ შემთხვევაში, ჩვენ ცხოველზე უარესად ვიქცევით. ადამიანი რომ ცხოველს აღემატება, ესეც გასაგებია. ცხოველი ინსტიქტის დონეზე არის დასული. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, პიროვნული არსებაა. ამ პიროვნულ არსებას და პიროვნულ საწყისს, მისივე ბუნება ეკუთვნის. ადამიანის ხორცი და სული პიროვნების, სუბიექტის საკუთრებაა. თუ ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მარტო ხორცთან ახდენს, მისი ცნობიერება დამახინჯებულია.
სიყვარულს, გატაცებასა და ხორციელ ვნებას არქმევენ. არც ერთი არსება თავის ნაშიერს არ კლავს. ეს კაცობრიობის კიდევ ერთი სიმახინჯეა. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ის პიროვნებაა, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი სიცოცხლისა და სიყვარულის სასარგებლოდ. თუ ცხოვრების მიზნად დავისახავთ, რაც შეიძლება ცოტა აბორტი გაკეთდეს, ამიტომ ტრადიციები უარვყოთ და დავუშვათ ყველა ის უზნეობა, რომელიც ამ ტრადიციების უარყოფას მოყვება, ეს არ შეიძლება. სამყაროს მიზანი მარადიული სიცოცხლეა და არა ის, რაც შეიძლება ნაკლები აბორტი გაკეთდეს.
ეკლესია არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც სოციალურ პრობლემებს აგვარებს. ეკლესია არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი და მას აქვს ერთი უმთავრესი ვალდებულება - ახაროს ადამიანებს, რომ ღმერთი არსებობს. როგორ ვიცხოვროთ, რომ ბედნიერნი ვიყოთ. ჩვენ ყველა ადამიანს არჩევანის წინაშე ვაყენებთ, როგორ იცხოვროს. ყოველი ადამიანი თავისი სინდისით ღვთისა და საზოგადოებრივი კანონმდებლობის წინაშეEპასუხს აგებს. ადამიანი თავისუფალია არჩევანის წინაშე. ეკლესიას თავისი გასაკეთებელი აქვს. როგორც მღვდელს, არ შემიძლია, რეკომენდაციები მივცე, რა კანონმდებლობა უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ აბორტი საერთოდ დაშვებულიც კი არ უნდა იყოს.
დაისვა საკითხი, სკოლებში, ხომ არ შეგვეთავაზებინა მოზარდებისთვის სქესობრივი აღზრდის სწავლება?
- თუ მაგას შევთავაზებთ, უფრო ნაკლებად დაფეხმძიმდებიან, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება მრუშობა დაიწყონ. ადამიანი ხომ ცხოველი არ არის, რომ მხოლოდ სიამოვნებისთვის იცხოვროს?! ადამიანი, რომელიც მრუშობით ცხოვრობს, შესაძლოა, ის ცხოვრებაში ვეღარასოდეს გახდეს ღირსი ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის. არ გავაკეთოთ აბორტი, მაგრამ ვიმრუშოთ, ეს გამოსავალი არ არის. ეს იგივეა, ხანჯალი გულში არ გავიყაროთ, მაგრამ გავიყაროთ ტვინში.