ორგანიზაცია „კმარა“ და თეა თუთბერიძე აღშფოთებას გამოთქვამს თერჯოლაში გუშინწინ მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ადგილობრივმა პოლიციამ ე. წ. კანონიერი ქურდის ზაზა ამბროლაძის მხარდამჭერები დაარბია და სასტიკად სცემა.
როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „კმარას“ აქტივისტმა თეა თუთბერიძემ განაცხადა, იგი დამნაშავეობასთან ბრძოლას მიესალმება, მაგრამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქურდული სამყაროს წარმომადგენლის მხარდამჭერები არიან, დაუშვებელია.
„ჩვენ იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება მომხდარიყო, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სისტემური ცვლილებების განხორციელება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ამგვარი მეთოდებით კი სამოქალაქო საზოგადოებას ვერ ავაშენებთ“, - განაცხადა თუთბერიძემ.
მისი თქმით, კვირას ზაზა ამბროლაძის მხარდამჭერების დარბევაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ავთო ბესელია, რომელსაც არაერთხელ აქვს დარბეული სხვადასხვა, მათ შორის „კმარას“ აქტივისტების აქციები.