საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრით დაასრულა.
მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს და სამომავლო გეგმებს. მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ნატოს უელსის სამიტისთვის მზადების საკითხები. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინაში განვითარებული მოვლენები და გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე. აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ერიკ რუბინი და თომას მელია.