იშვიათია ნახო ჩანაწერი, რომელსაც ყველა უსმენს, ყველას ერთნაირად უყვარს, მართალია სხვადასხვაგვარად აფასებს, მაგრამ თანხმობაშია, რომ კარგია და გააჩნია რაღაც ისეთი, რითაც განსხვავებულია თუნდაც ამავე შემსრულებლის ნებისმიერი სხვა ნამუშევრისაგან.
შეგვიძლია, რომ გავაიგივოთ The Dark Side Of The Moon ჯგუფ Pink Floyd-ის სახელთან? არის თუ არა საკმარისი ამ ერთადერთი ალბომის მოსმენა, ვთქვათ, ჯაზის მოყვარულისათვის, რომ მისით სრული შთაბეჭდილება შეექმნას ამ კოლექტივზე?
რა თქმა უნდა არა, მაგრამ როგორც ჯგუფის სავიზიტო ბარათი, ალბათ ყველაზე მეტად მისაღებია სწორედ The Dark Side Of The Moon თავისი იდუმალებით, რადგან აღქმადია ნებისმიერი ყაიდის - თუნდაც დისკოს მსმენელისათვის...
საერთოდ Pink Floyd-მა ერთგვარი სნობიზმი ხომ შვა კიდეც, მსგავსი იმისა, რომ მას „უსმენენ“ მაიკლ ჯექსონის, ჯორჯ მაიკლის, მადონას და თვით ბრიტნი სპირსის მსმენელებიც კი და აუგის თქმა, თითქოს უხერხულიც კია მათ შესახებ.
მიუხედავადა იმისა, რომ ჯგუფს მომავალში The Wall უნდა შეექმნა, აზრთა უმრავლესობით, Pink Floyd-მა მწვერვალს მაინც The Dark Side Of The Moon-ით მიაღწია.
მწვერვალისკენ ჯგუფი 5 წლის განმავლობაში მიიწევდა და სწორედ The Dark Side Of The Moon-ში მოხდა ოთხივე წევრის ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბება, იქამდე კი იყო ექსპერიმენტები, გაუთავებელი მუშაობა და დახვეწა სიდ ბარეტის შექმნილი განუმეორებელი „ფლოიდური“ ჟღერადობისა, რომელიც საბოლოოდ კიდევ უფრო უნდა სრულქმნილიყო...
თუმცა ძირძველი „ბარეტისეული“ ფლოიდის მომხრენი უპირატესობას ჯგუფის საწყისი პერიოდის მოღვაწეობას ანიჭებენ, რადგან თვლიან, რომ ფსიქოდელიის შესუსტება სწორედ The Dark Side Of The Moon-ს უკავშირდება და „კომერციული ნოტებიც“ ბევრია ალბომში.
ეს ფრიად საგულისხმო მომენტია, რადგან The Dark Side Of The Moon-მა (აუცილებლად რამდენიმე სხვა პროგრესივ როკ ალბომთან ერთად) ხელი შეუწყო ღრმააზროვანი მუსიკის გარკვეული პერიოდით კიდევ შენარჩუნებას ჩარტებში და აქედან გამომდინარე გაახანგრძლივა მისი მოდურობა.
ალბომის განუმეორებელი ჟღერადობა ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა უზრუნველყო. ძირითადად როჯერ უოტერსთან შეთანხმებით მიღწეული ბგერა არაერთ შეკითხვას ბადებს.
The Dark Side Of The Moon 1973 წელს ჩაწერილი სხვა წამყვანი როკ ალბომებისაგან განსხვავებით, რომლებიც იმ პერიოდის ეტალონურ ჟღერადობას წარმოაჩენენ, (მაგ. Led Zeppelin-ის Houses Of The Holy ან Uriah Heep-ის Sweet Freedom) ერთგვარი მოგუდული ჟღერადობიდან გამომდინარე, თითქოს რაღაც უკმარისობის გრძნობას ტოვებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ბგერასთან ჯერ შეგუებაა საჭირო, ხოლო შემდეგ კი ხელახალი დაჩვევა ამ ალბომთან გარკვეული პერიოდით განშორების შემთხვევაში.
მეტიც, ალან პარსონსის ჟღერადობამ დროს საოცრად გაუძლო და მაშინ, როდესაც 90-იანი წლების შუახანს Pink Floyd -ის აპარატურამ 200 ტონას გადააჭარბა და ბგერამ თითქოს ტექნიკური თვალსაზრისით სრულყოფილებას მიაღწია, 1995 წლის საკონცერტო ალბომ Pulse-ში The Dark Side Of The Moon-ის სიმღერების ჟღერადობა ზედმეტად „ნათელ ფერებშია“ მოხატული და ისინი სწორედ იმ იდუმალებას კარგავენ, რასაც მთვარის უხილავი მხარე უნდა წარმოაჩენდეს სივრცითი შეგრძნების უკიდეგანობის ფონზე და რასაც თურმე პირიქით - მოგუდული ბგერა უნდა ჰქმნიდეს.
თითქოს აბსურდია, მაგრამ ჩვენი ყურები სწორედ მოგუდული ბგერით აღიქვამენ კოსმოსურ (ვაკუუმ) სივრცეს და თანაც უფრო მეტად ვინილის ანალოგური და არა კომპაქტ დისკის ციფრული ჟღერადობით!
Led Zeppelin-ისა თუ Uriah Heep-ის ზემოთქმულ ალბომებთან დაკავშირებით, სრულიად გასაგებია ანალოგური ბგერის უპირატესობა, მაგრამ ისეთი „პროგრესივ“ ალბომი, როგორიც The Dark Side Of The Moon გახლავთ, რომელიც თითქოს დროსაც კი წინ უსწრებს, მომავალში ჟღერადობას თითქოს ჟამთა სვლას ვერ უსადაგებს და Time-ში ზარების რეკვაც კი ბევრად ეფექტურად (გნებავთ ტექნიკურად სრულყოფილად) ჟღერს 1973 წლის ანალოგურ ჩანაწერში, ვიდრე 30-40 წლის შემდგომ მის ციფრულ გადამღერებებში.
ახლა კი მოდით ალბომს კიდევ ერთხელ გავეცნოთ. The Dark Side Of The Moon სამყაროს ვარამის ამსახველი მაჯისცემით გვიწვევს მოსასმენად. ნიკ მეისონის Speak To Me, ლაპარაკის ხმაზე დართული საუნდ ეფექტებითაა აღსანიშნავი. „საუბრებში“ მონაწილეობა თურმე პოლ და ლინდა მაკარტნისაც მიუღიათ, მაგრამ მათ ხმებს სხვებისა არჩიეს.
მეორე კომპოზიცია Breathe In The Air, უკვე ნაწარმოების ძირითად იდეაზე - ადამიანის ცხოვრებისეული მისწრაფებების, კარიერის შექმნის ამაოებაზე მიგვანიშნებს, რასაც უკვე ალბომის მეორე გვერდის გამხსნელი Money ტექსტით „ბევრი ფული ფეხბურთის გუნდსაც კი გაყიდინებს“ ეხმიანება...
On The Run-ს თავდაპირველად The Travel Sequence ერქვა. სწორედ იგი წარმოადგენს ალან პარსონსის ათეული წლებით ნახტომს ხმის ინჟინერიაში. იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურის გაცოცხლებას ხელი შეუწყო ინსტრუმენტული პიესის იდეამ, თვითმფრინავით ფრენისადმი პარანოიკულ შიშს და რეისის ფატალურ დასარულს რომ ემყარება...
Time ჯგუფის ოთხივე წევრის შექმნილი ალბომის საკვანძო ჰარდ როკული შედევრია დასაწყისში ზარებით და გილმორის შთამბეჭდავი ვოკალითა და გიტარ სოლოთი; ულამაზესია რიჩარდ რაიტის მისამღერიც. Time დევიდ გილმორის Breathe-ს რეპრიზაში გადადის. მისი ტექსტი ძალზედ თბილია - ჯერ აღგვიწერს სიცივიდან შინ დაბრუნებული ადამიანის შეგრძნებებს, შემდეგ კი საეკლესიო ზარებზე მოგვითხრობს, მორწმუნეთ ლოცვისკენ რომ მოუწოდებენ...
პირველი გვერდის დამაბოლოვებელი The Great Gig In The Sky რიჩარდ რაიტის კალამს ეკუთვნის. ალან პარსონსის რჩევით ინსტრუმენტულ-ვოკალურ პარტიას აქ სტუდია ები როუდის საშტატო ვოკალისტი კლერ ტორი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მან ეს პარტია პირველივე ცდით ჩაწერა!
ალბომის მეორე გვერდზე როჯერ უოტერსის მოჯაზო ჰიტ Money-ს, რიჩარდ რაიტის კიდევ ერთი ნაწარმოები Us And Them მოსდევს. სწორედ ეს კომპოზიციაა ალბომის მთელი იდუმალი ძალის შემკრები და გადამყვანი ფინალურ ნაწილზე, რომელიც ნაწარმოების პირველი გვერდის დამაბოლოვებელი The Great Gig In The Sky -ის მსგავსად ფსიქოდელიური, ოღონდ მეტად ნაღვლიანია საქსოფონის სოლოთი.
ინსტრუმენტული პიესა Any Colour You Like უოტერსის გარეშეა შექმნილი და მთვარის უხილავი მხარის ინსტრუმენტული წარმოსახვა აქვს მიზნად, იმ უხილავი მხარისა, რომელსაც უკვე როჯერ უოტერსის დამაბოლოვებელი Brain Damage და Eclipse ტექსტობრივად წარმოგვიდგენენ.
აქ ნაწარმოების იდეა - წუთისოფელი, სიკვდილის შიში, ცხოვრების ამაოება, ადამიანების ბრძოლა დამკვიდრებისთვის - კიდევ ერთხელ არის წარმოჩენილი. თავის დაღწევა ამისაგან კი მხოლოდ მთვარის უხილავ მხარეზეა შესაძლებელი, თუმც ბოლო სიტყვები ალბომისა გვაუწყებს, რომ იგი არ არსებობს...
აი ასე... კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ ალბომს და დავრწმუნდით, რომ არსებობს ხელოვნების სწორუპოვარი შედევრები და რომ გემოვნებაზე დაობენ...