ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. ეს შენობა არის 50-იანი წლების, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, თავის დროზე არის დეკორაციისთვის გამოყენებული ელემენტი.

შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ.

სამწუხაროდ, ასეთი შენობები თბილისის მერიას მემკვიდრეობით გადმოეცა. ასეულობით ასეთი შენობაა ქალაქში“, - აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.