„კვირის პალიტრის

„კვირის პალიტრის" ჟურნალისტი დანით დაჭრეს

თითქმის ერთი თვე იწურება და ჩვენს სამართალდამცველებს პასუხი დამნაშავისთვის არ მოუკითხავთ. არადა, ვაჟა გავაშელს გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო მიაყენეს ორი ჭრილობა - კისრისა და მუცლის არეში.

საბედნიეროდ, ჭრილობები მძიმე არ აღმოჩნდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კისრის არეში მიყენებული ჭრილობა საძილე არტერიას ბეწვზე ასცდა. ამაში თვით ჟურნალისტსაც მიუძღვის წვლილი, რომელმაც რედაქციაში მომხდურის მოგერიება შეძლო.

თითქოს გაურკვეველიც არაფერია, მაგრამ დღემდე გამოძიებას არ დაუკითხავს დამნაშავე და, შესაბამისად, არც ბრალი წარუდგენია.

ერთადერთი, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურამ გააკეთა, ის არის, რომ საქმე ბოროტი ხულიგნობის ფაქტზე აღიძრა. საქმე ახლა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა და ამჟამად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი ვაჟა არობელიძე იძიებს, რომელიც ძიების თავიდან დაწყებას აპირებს.

მისი თქმით, დაკითხვები ცუდად არის ჩატარებული(!) და მან ჟურნალისტი ხელახლა უნდა დაჰკითხოს. ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ მოუთმენლად ველოდებით საქმის ობიექტურ გამოძიებას.