ცნობილი ისტორიკოსი - რუსუდან დაუშვილი სულ მალე წიგნს გამოსცემს, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მიეძღვნება. წიგნის გამოსვლამდე რუსუდან დაუშვილი ერთ-ერთ მათგანზე - გივი გაბლიანზე გვესაუბრა:
- იშვიათად რგებია ადამიანს იმდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება, რამდენიც გივი გაბლიანს. ზოგისთვის ის მოღალატეა, ზოგისთვის - გმირი და პატრიოტი. მართლაც, ძნელია ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცე - ვინ იყვნენ ის ქართველები, რომლებიც გერმანულ ჯარში ჩაწერილნი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
გივი გაბლიანის „ჩემი მოგონებანი (მეორე მსოფლიო ომი)" გამოქვეყნება მართლაც რომ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, რადგან მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობა ამ ბოლო დრომდე მხოლოდ ერთი - საბჭოური პოზიციებიდან შუქდებოდა და გერმანიის მხარეზე მებრძოლი ქართველები მოღალატეებად იყვნენ გამოცხადებულნი. არადა, ორივე მხარეს მებრძოლი ქართველებისათვის ეს დიდი ეროვნული ტრაგედია იყო. ომს მრავალი ქართველი შეეწირა. მრავალი ტყვედ ჩაუვარდა გერმანულ ან საბჭოთა მხარეს და ტყვეთა ბანაკებში დაასრულა სიცოცხლე.
მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ანტისაბჭოთა განწყობის ან თავის გადარჩენის მიზნით, მებრძოლი მხარეების არმიებში ჩაწერილნი, ბარიკადების სხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ვიცით, რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ ე.წ. „სამამულო ომში", მაგრამ ყველა ქართველისათვის ომი 1941 წლის 22 ივნისს არ დაწყებულა - ემიგრანტებისათვის ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და მათ სავსებით გაინაწილეს მასპინძელი ერების ხვედრი. ომამდე ქართველები მსახურობდნენ პოლონურ და ფრანგულ ჯარში. პოლონეთში ქართველებს მობილიზაცია არ შეხებიათ, საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ ბრძოლაში, რათა ამგვარად გამოეხატათ თავიანთი სიყვარული ახალი სამშობლოსადმი. 80-მდე ქართველი ოფიცერი პოლონეთის არმიასთან ერთად თავგამოდებით ებრძოდა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საფუძველზე პოლონეთში შესეულ, ერთი მხრივ, რუსეთს და მეორე მხრივ - გერმანიას.
არც გერმანიას გაუწვევია უცხოელები. საფრანგეთმა კი, მობილიზაციის წესით გაიწვია სამოქალაქო პირები, მათ შორის, ქართველი ემიგრანტებიც. გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს ქართველი ემიგრანტები ფრანგების გვერდიგვერდ იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად უცხოურ ლეგიონში, დე გოლის არმიასა თუ ფრანგული წინააღმდეგობის (რეზისტანსის) მოძრაობაში. ემიგრანტთა მონაწილეობა ანტიფაშისტურ ბრძოლაში ცალკე თემაა. გერმანიის მხარეზე მებრძოლ ქართველთა თავგადასავალზე კი თავიანთ მოგონებებსა თუ მრავალრიცხოვან ნაწერებში გივი გაბლიანის გარდა, საინტერესოდ მოგვითხრობენ შალვა მაღლაკელიძე, დავით ვაჩნაძე, მიხეილ ქავთარაძე, ლადო არველაძე, ილია კუჭუხიძე და სხვები.
მათ შორის გივი გაბლიანი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კოლორიტული ფიგურაა, ადამიანი-ლეგენდა, რომლის სახელსაც ტაბუ ჰქონდა დადებული. თუ ვინმე ახსენებდა, მხოლოდ როგორც მოღალატესა და ფაშისტს.
როგორ აღმოჩდნენ ქართველი ემიგრანტეები და ტყვეები გერმანულ ჯარში?
- რატომ, რა მიზნით და როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ემიგრანტები და ტყვეები გერმანულ ჯარში - ამ საკითხს მიუძღვნა გივი გაბლიანმა ქართულ ენაზე 1970-80-იან წლებში დაწერილი წერილები: „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო" ჟურნალ „ივერიაში", „ფიქრები საქართველოს დამოუკიდებლობის სამოცდამეერთე წლისთავზე", „საქართველოში გამოცემული ზოგიერთი წიგნის გამო" - გაზეთ „ქართულ აზრში" და ინგლისურად დაწერილი მოგონებათა წიგნი.
მეორე მსოფლიო ომი კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა კავშირს ხელი არ ჰქონდა მოწერილი ტყვეთა დაცვის 1929 წლის ჟენევის კონვენციაზე, ამიტომაც ომის პირველსავე თვეებში ასიათასობით ტყვედჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან დაუცველი და უუფლებო აღმოჩნდა. ამას დაემატა სტალინის ბრძანება #270, რომლის მიხედვითაც ტყვე სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა. ამით საჭოთა კავშირმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის მოქალაქეებზე. გერმანია სწრაფად მიიწევდა წინ და იზრდებოდა ტყვეთა რიცხვიც. ბანაკებში მოხვედრილი ტყვეები შიმშილითა და სიცივით იხოცებოდნენ. ასეთ ვითარებაში ბევრი ქართველი შევიდა გერმანულ ჯარში ე.წ. „მოხალისედ". მათ შორის ახალგაზრდა ექიმი გივი გაბლიანიც. გაბლიანი გერმანულ ჯარში თავის გადასარჩენად არ შესულა, ამის მიზეზი მისი ანტისაბჭოთა განწყობა გახდა.
ვინ იყო გივი გაბლიანი, რა ვიცით მისი ბიოგრაფიიდან?
- გივი ეგნატეს ძე გაბლიანი დაიბადა 1915 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. დედა - ვერა გაბლიანი ცნობილი პედაგოგი იყო.
1939 წელს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა. ფრონტზე ტყვედ შეგნებულად ჩავარდა. ბერლინში არსებული „ქართული სამეკავშირეო შტაბის" და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ კედიას ძალისხმევით ტყვეობიდან გათავისუფლდა და შტაბის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
მას უნდა აღენუსხა ტყვეთა ბანაკებში გაფანტული ქართველები და გაეთავისუფლებინა. წესრიგში მოეყვანა გერმანელების ინიციატივით უკვე ბანაკებიდან გამოყვანილი, სამხედრო ერთეულებად ქცეული 40 ათასამდე ქართველი და განესაზღვრა მათი იურიდიულ-ლეგალური მდგომარეობა. გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ ობერლეიტენტის წოდება მიიღო და შტაბის დავალებით გამოჰყავდა ტყვედჩავარდნილი ქართველები და ეხმარებოდა ქართულ სამხედრო დანაყოფებში გაწევრიანებაში. ეს დანაყოფები გერმანულ ჯარებს უნდა შეჰყოლოდა საქართველოში და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეცვა ქვეყანა. გერმანიის დამარცხებამ ქართველთა გეგმები ჩაშალა. ომის შემდეგ გაბლიანი, გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, საბჭოთა მხარეს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ამერიკაში გადასახლდა. ნიუჯერსის შტატში დასახლდა, სადაც ექიმად მუშაობდა 1987 წლამდე. იმავდროულად სტატიებს წერდა ქართულ პრესაში. პენსიაში გასვლის შემდეგ კი თავისი ჩანაწერების მოწესრიგებას და წიგნის წერას შეუდგა.
გაბლიანი წიგნში ყურადღებას საგანგებოდ ამახვილებს გერმანიის ღვაწლზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე და გაბლიანთა ოჯახის თავგადასავალზე, რომელიც ტიპურია საბჭოთა სინამდვილისათვის. მის წინაშეც დგება ორ დამპყრობელს შორის მოხვედრილი ქართველის მრავალსაუკუნოვანი პრობლემა - როგორ უნდა მოიქცეს, რომელი დამპყრობელის მხარეს დადგეს, რომ გადარჩენის ნაცვლად ქვეყანა არ განადგურდეს? რომელია ნაკლები ბოროტება? კითხვები ბევრია, სწორი გადაწყვეტილება - ერთი. მაგრამ რომელია ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება? ამ პრობლემის წინაშე მდგართათვის კი ამოსავალი პრინციპი მაინც ის გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომი სამამულო ომი არ ყოფილა საქართველოსათვის. გერმანია შეეჯახა იმ რუსეთს, რომელმაც ორჯერ ღალატით დაიპყრო საქართველო, სისხლში ჩაახშო სამშობლოს დამცველთა წინააღმდეგობა, ქვეყნიდან ათასობით განდევნა ან სიცოცხლეს გამოასალმა და ახლა ახალგაზრდები „საბჭოთა სამოთხის" დასაცავად გაგზავნა „სამამულო ომში".
საქართველოში კი გივი გაბლიანზე ლეგენდები დადიოდა: როგორ გადმოლახა ჩუმად საზღვარი, როგორ მოინახულა დედა და როგორ დაუსხლტა საბჭოთა საიდუმლო სამსახურებს ხელიდან.
2001 წლის მარტში, როცა გაზეთ „ჩვენი მწერლობაში" გივი გაბლიანის „ჩემი მოგონებანის" ქართული თარგმანის II ტომის გამოცემაზე რეცენზიას ვბეჭდავდით, უკვე ვიცოდით, რომ გივი გაბლიანი მძიმე მდგომარეობაში იყო, მაისში კი მისი გარდაცვალების ამბავიც შეგვატყობინა ამერიკიდან პეტრე ხვედელიძემ. მას დარჩა მეუღლე, ემიგრანტ გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919-2006), რომელზეც 1947 წელს დაქორწინდა გერმანიაში და სამი შვილი - გრიგოლი, ვერა და ეთერი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.